Accessibility links

logo-print

30 მაისს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა ღია წერილი გამოაქვეყნა, სადაც ის აჯამებს ოთხწლიან ციკლს, ამასთან, იხსენებს საქართველოს ყოფას „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში მოსვლამდე და თავის პირად მიზანზეც ლაპარაკობს. ყოფილი პრემიერის თქმით, ის აღარ აპირებს ხელისუფლებაში დაბრუნებას, თუმცა, იქვე იმასაც ამბობს, რომ წინასაარჩევნო კამპანიაში აქტიურად ჩაებმება და „ქართულ ოცნებასა“ და პარტიის თავმდჯდომარეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილს, სრულ მხარდაჭერას უცხადებს.

5 477-სიტყვიანი წერილი დაწერა ბიზნესმენმა და ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა იმისათვის, რომ ხალხისთვის ეთქვა, სად ვიყავით 2012 წლამდე, ანუ ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლამდე, ახლა სად ვართ, საით მივდივართ, როგორ სახელმწიფოს ვაშენებთ და რა მიზანი აქვს პირადად მას. ოდნავ მცირე იყო მისი პირველი წერილი, გამოქვეყნებული 2011 წლის ოქტომბერში, როდესაც საზოგადოებას პოლიტიკაში თავისი მოსვლის შესახებ ამცნო, კიდევ უფრო მოკლე წერილში განმარტა მან პოლიტიკიდან წასვლის მიზეზები 2013 წლის სექტემბერში. ანუ იყო პირველი წერილი პოლიტიკაში მოსვლისა, მეორე წერილი პოლიტიკიდან წასვლისა და ახლა უკვე მესამე წერილი, რომელშიც ის, მართალია, წერს, რომ არც ხელისუფლებაში მოსვლისთვის იბრძვის, არც რაიმე თანამდებობა იზიდავს, მაგრამ ამ სიტყვებს მოსდევს კიდევ ერთი და უკანასკნელი აბზაცი, სადაც ის წერს, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გეგმავს ყველა რეგიონში ჩასვლას და ტელევიზიით გამოსვლებს, ანუ ის წინასაარჩევნო კამპანიაში ერთვება.

„შევხვდები საზოგადოებას, ვისაუბრებ ქვეყნის წინაშე არსებულ კონკრეტულ ამოცანებზე, ვუპასუხებ ჟურნალისტების და ფეისბუქმომხმარებლთა დასმულ კითხვებს მთავრობის საქმიანობის, ეკონომიკის მდგომარეობის, პოლიტიკური პარტიების, მედიის და ყველა იმ მთავარი საკითხის შესახებ, რისი გათვალისწინებითაც უნდა გავაკეთოთ პოლიტიკური არჩევანი“, - წერს 30 მაისს გამოქვეყნებულ წერილში ბიძინა ივანიშვილი.

ის, რომ ყოფილი პრემიერი წერილის გამოქვეყნებას, ოთხწლიანი ციკლის შეჯამებასა და სამომავლო გეგმებზე საუბარს აპირებდა, მან 14 მაისს „ქართული ოცნების“ ყრილობაზე უთხრა ჟურნალისტებს. 20-გვერდიან წერილში ბიძინა ივანიშვილი ვრცლად მიმოიხილავს ხელისუფლების შეცვლამდე არსებულ სიტუაციას, ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მართვის სტილს ანტიევროპულს უწოდებს და წერს, რომ ქვეყანა ერთ დიდი ციხედ იყო გადაქცეული.

ახლა, რაც შეეხება იმას, თუ სად ვართ. წერილის მიხედვით, ამ ოთხ წელიწადში სასამართლო გათავისუფლდა სახელისუფლებო წნეხისგან, მოხდა პოლიციის დეპოლიტიზება, მედია და ბიზნესი სრულიად გათავისუფლდა ხელისუფლების კონტროლისგან, ქვეყანა ვალების ეკონომიკიდან გადავიდა ინვესტიციების ეკონომიკაზე, კერძო სექტორში გაიზარდა დასაქმებულთა რაოდენობა და მთავრობამ რეალურად გადადგა ნაბიჯები ევროპასთან ინტეგრაციისკენ.

ყოფილი პრემიერი წერს ქვეყნის საგარეო კურსზეც და ამბობს, რომ საქართველოს საგარეო კურსი და ორიენტირი ერთმნიშვნელოვნად არის ევროატლანტიკური მიმართულება, თუმცა, მისივე სიტყვებით, „დასავლური კურსი არ ნიშნავს, რომ პატივისცემით არ მოვექცევით მეზობლებს და არ გავითვალისწინებთ მათ ინტერესებს“. რაც შეეხება კონკრეტულად რუსეთთან ურთიერთობას, ბიძინა ივანიშვილი ამბობს, რომ ყველაფერს გააკეთებენ, რათა საქართველოს ინტერესების შეულახავად შეძლონ მისი ნორმალიზება.

’ქართული ოცნების’ აქილევსის ქუსლი ყოველთვის იყო საგარეო პოლიტიკა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან სწორედ მისი საგარეო ორიენტაცია იყო ხოლმე განხილვის საგანი. ამიტომ ბუნებრივია, რომ მას ამისთვის ხაზი უნდა გაესვა და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ამ კურსს...

წერილის ქვეთავი „საით მივდივართ“ პირველი პირის მრავლობით რიცხვშია დაწერილი. ანუ, მიუხედავად ბიძინა ივანიშვილის მტკიცებისა, რომ ის ხელისუფლებაში მოსვლას აღარ აპირებს, წერილის შინაარსისა და პათოსის მიხედვით, თავის თავს სწორედ ხელისუფლების გეგმებს უკავშირებს.

ის, რომ ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიაში ჩაბმას გეგმავს, არ ყოფილა მოულოდნელი კონსტიტუციონალისტ ვახტანგ ძაბირაძისთვის. მისი სიტყვებით, ფაქტია, რომ ბიძინა ივანიშვილი დღემდე „ქართული ოცნების“ ლიდერად მოიაზრება. რაც შეეხება წერილის იმ ნაწილს, სადაც ის ქვეყნის საგარეო, დასავლურ კურსზე საუბრობს, ვახტანგ ძაბირაძე ამბობს, რომ წერილის არც ამ ნაწილში ამოუკითხავს მას ახალი რამ:

„’ქართული ოცნების’ აქილევსის ქუსლი ყოველთვის იყო საგარეო პოლიტიკა და ოპოზიციური პარტიების მხრიდან სწორედ მისი საგარეო ორიენტაცია იყო ხოლმე განხილვის საგანი. ამიტომ ბუნებრივია, რომ მას ამისთვის ხაზი უნდა გაესვა და კიდევ ერთხელ დაედასტურებინა, რომ „ქართული ოცნება“ ინარჩუნებს ამ კურსს, თუმცა ცდილობს ნორმალური და კარგი ურთიერთობა დაამყაროს რუსეთთან“.

თავი რომ დავანებოთ იმას, რომ პოლიტიკურად არ არის მომგებიანი, როდესაც ასე ესაუბრები. ადამიანები კეთილდღეობას ზომავენ არა ქაღალდზე დაწერილი ციფრებით, არამედ საკუთარი მაცივრით...

ყოფილი პრემიერის წერილის შინაარსს, მასში მოყვანილ რიცხვებს ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიმართულებითა და, ზოგადად, ქვეყნის წინსვლის თვალსაზრისით, სავსებით იზიარებენ მმართველი გუნდისა და მთავრობის წევრები, მათ შორის, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური:

„დღეს გაცილებით ნაკლები ადამიანია უმუშევარი, ვიდრე, თუნდაც, ოთხი წლის წინ. ეს არ არის საკმარისი და ჯერ კიდევ ძალიან ბევრია გასაკეთებელი. რაც შეეხება ინვესტიციებს, რომლის შესახებაც სტატისტიკური მონაცემები ბიძინა ივანიშვილმა მოიყვანა, ხედავთ, რომ ინვესტიციების რაოდენობა გაზრდილია და თუნდაც ის, რომ აპრილში 4,3 % იყო ეკონომიკური ზრდა, აჩვენებს იმას, რომ საქართველო დგას სწორ გზაზე და იმ რთულ ტურბულენტურ რეგიონში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, არათუ შევძელით შეგვენარჩუნებინა ეკონომიკური ზრდა, არამედ ვაღწევთ საკმაოდ კარგ მაჩვენებელს“.

„დამაჯერებლობას მოკლებული სტატისტიკით დახატული ვირტუალური კეთილდღეობა“, - ასე აფასებს ბიძინა ივანიშვილის წერილის ეკონომიკურ ნაწილს პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი. რაც შეეხება ყოფილი პრემიერის ოპტიმისტურ პროგნოზსს იმის თაობაზე, რომ 2030 წლისთვის მთლიანი შიდა პროდუქტი გაოთხმაგდება და მიუახლოვდება ევროპის წარმატებული ქვეყნების დღევანდელ მონაცემებს, გია ხუხაშვილი ფიქრობს, რომ დღევანდელი ეკონომიკური ზრდის ტემპი ამის შანსს არ იძლევა:

„დინამიკა ამ მხრივ არის ისეთი, რომელიც ამ დონემდე ჩვენ მიგვიყვანს არაერთი ათწლეულის შემდეგ. ასე რომ, აქ სტატისტიკურ მიდგომაშიც კი არის არითმეტიკული და ლოგიკური ხარვეზები, თავი რომ დავანებოთ იმას, რომ პოლიტიკურად არ არის მომგებიანი, როდესაც ასე ესაუბრები. ადამიანები კეთილდღეობას ზომავენ არა ქაღალდზე დაწერილი ციფრებით, არამედ საკუთარი მაცივრით“.

წერილის ერთ-ერთი ქვესათაურია „წარსულში დაბრუნების საფრთხე“. ამ ქვეთავში ბიძინა ივანიშვილი საუბრობს იმის შესახებ, რომ, მართალია, ქვეყანაში ფიზიკური ძალადობა დასრულდა, მაგრამ გრძელდება პროპაგანდით და სიცრუით ძალადობა და ამის ერთ-ერთი წყარო ყოფილი მმართველი გუნდი, „ნაციონალური მოძრაობაა“. ბიძინა ივანიშვილი გეგმავს გამოიყენოს მთელი თავისი რესურსი, რათა „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დროის უკან შემობრუნება ვერ შეძლოს. ყოფილი პრემიერის წერილს„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ეხმაურებიან. ირმა ნადირაშვილის თქმით, ბიძინა ივანიშვილი ქვეყნის მთავარი დაბრკოლებაა და საპარლამენტო არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობა“ ამ დაბრკოლებას გადალახავს:

„ივანიშვილი ამბობს, რომ მედია თავისუფალია და მე პირდაპირ ეთერში ვუყურებ „რუსთავი 2“-ის სასამართლო პროცესს. ამბობს, რომ არ აქვს ბიზნესინტერესები და ვხედავ „პანორამა თბილისს“ და გლდანში წამოჭიმულ ბიტკოენების ქარხანას. ამბობს, რომ ადამიანებს არჩევანის გაკეთება შეუძლიათ თავისუფლად და აღარ არის ძალადობა, არადა, კორცხელში მოჭიდავეები უსწორდებიან დაუცველ მოქალაქეებს“...

დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილი წერს, რომ სექტემბერში ის კიდევ ერთი და უფრო დეტალური წერილის გამოქვეყნებას აპირებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG