Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრემიერ-მინისტრს ეკონომიკური სტაგნაცია არ აშინებს


ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია
ბიძინა ივანიშვილის პრესკონფერენცია
საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ეკონომიკური ხასიათის წინასაარჩევნო დაპირებებს ახალი მთავრობა წარმატებით ასრულებს და, ოპონენტების მწვავე კრიტიკის მიუხედავად, ძალაში რჩება ეკონომიკის განვითარებასთან დაკავშირებული ოპტიმისტური პროგნოზი. 3 ივლისს სასტუმრო ”შერატონ მეტეხი-პალასში” გამართულ პრესკონფერენციაზე მსჯელობა ასევე შეეხო რუსეთთან ურთიერთობის დალაგების პერსპექტივებს, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას ისრაელის მიმართ, საერთაშორისო თანამეგობრობის ეჭვებს საქართველოში სამართლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და რელიგიური ექსტრემიზმის გაძლიერებას.

ბიძინა ივანიშვილმა 3 ივლისს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ძალაში რჩება პროგნოზი, რომლის მიხედვითაც, ახალი ხელისუფლების პირობებში, საქართველოს ეკონომიკისთვის მესამე წელიწადი - ”კარგი”, ხოლო მეოთხე წელიწადი ”ძალიან კარგი” იქნება. მართალია, პრემიერ-მინისტრს ოთხშაბათის პრესკონფერენციაზე არ დაუკონკრეტებია, თუ რა იგულისხმება ”ძალიან კარგ” მდგომარეობაში და ამ თვალსაზრისით, მაგალითად, რომელ ქვეყანას დაემსგავსება 2016 წლისთვის საქართველო, მაგრამ მან განაცხადა, რომ პროცესი მიმდინარეობს და რომ, მაგალითად, მომავალ 6 თვეში ქვეყანაში დაპირებულზე ბევრად მეტი საწარმო დაფინანსდება:

”წლის ბოლომდე, მე ვფიქრობ, რომ 60-ის ნაცვლად, 100-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსება მოხერხდება. ოპონენტებს კითხვები აქვთ ხშირად, რომ სად არის ეს საწარმოები და რატომ არ მუშაობს... მე მგონი, ეს სპეკულაციაა, უბრალოდ. თუ გავითვალისწინებთ რა სჭირდება საწარმოს შერჩევას, მერე იმის დაფინანსებას, ჩამოტანას და მის გაშვებას, ამას დრო სჭირდება, მაგრამ წლის ბოლომდე ჩვენ მოვახერხებთ, ჩემი აზრით, არათუ 60-ის, არამედ 100-ზე მეტი ახალი საწარმოს დაფინანსებას”.
სხვათა შორის, არაფერი პრინციპული არ გაგვიკეთებია, რომ გადავხედოთ, გარდა იმისა, რომ დიპლომატიურად ვიქცევით და ძალიან ვფრთხილობთ ჩვენს გამონათქვამებში. არაფერი გადასახედი არ არის, ყველაფერი კარგად იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ და დავალაგებთ...
ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი საგანგაშოდ არ მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ ბოლო თვეების ეკონომიკური ზრდის პროცენტული მაჩვენებლები მეტად არასახარბიელოა. პრემიერ-მინისტრი ამ მხრივ არ იზიარებს „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკასა და რჩევებს, რადგანაც, მისი აზრით, გასული 9 წლის მანძილზე საქართველოს ეკონომიკის ზრდა ხელისუფლების ხელოვნური ჩარევით იყო განპირობებული, ხოლო ამჟამად მუშაობა მიმდინარეობს განვითარების სათანადო პირობების შესაქმნელად კერძო ბიზნესისთვის, რომელმაც, თავის მხრივ, რეალურად უნდა განავითაროს ეკონომიკა.

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 226.2 მილიონ დოლარს შეადგენდა და ყველაზე მსხვილ ინვესტორებს შორის იყო იაპონია, აზერბაიჯანი და ჰოლანდია. ბიძინა ივანიშვილი მასშტაბური ინვესტიციების შემოდინებას ელოდება ისრაელიდანაც, საიდანაც ის რამდენიმე დღის წინ დაბრუნდა. პრემიერი განმარტავს, რომ ის განსაკუთრებულ პატივს სცემს ებრაელ ხალხს და შემთხვევითი არ არის, რომ, უშუალო მეზობელი ქვეყნების შემდეგ, მისი ვიზიტი, პირველ რიგში, სწორედ ისრაელში შედგა.

რაც შეეხება ურთიერთობებს რუსეთთან, მათ დალაგებას პრემიერ-მინისტრი სავსებით შესაძლებლად მიიჩნევს, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ძველებურად მიზანმიმართულად მიიწევს ნატოსკენ. მისი თქმით, ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს დრო ვერ შეცვლის, რადგანაც ეს არა რომელიმე მთავრობის, არამედ ქართველი ხალხის არჩევანია. ბიძინა ივანიშვილის თქმით, მართალია, ცხინვალის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრივ რუსეთის მიერ მავთულხლართების გავლება მეტად შემაშფოთებელია, მაგრამ პანიკას არ უნდა ავყვეთ და პრობლემა დიპლომატიური, მშვიდობიანი გზებით უნდა გადავჭრათ. შეკითხვაზე, ხომ არ გადაიხედება ურთიერთობების გეგმები რუსეთთან, ბიძინა ივანიშვილს უარყოფითი პასუხი აქვს:

”სხვათა შორის, არაფერი პრინციპული არ გაგვიკეთებია, რომ გადავხედოთ, გარდა იმისა, რომ დიპლომატიურად ვიქცევით და ძალიან ვფრთხილობთ ჩვენს გამონათქვამებში. არაფერი გადასახედი არ არის, ყველაფერი კარგად იქნება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მოვახერხებთ და დავალაგებთ.”

პრემიერ-მინისტრის ინფორმაციით, ივნისში რუსეთში საქართველოდან 5 კომპანიის მიერ წარმოებული 538 600 ბოთლი ღვინო და 21 600 ბოთლი ბრენდი გავიდა. უახლოეს 2-3 კვირაში კი რუსეთის მხარე გააუქმებს 2006 წელს ”რუსსელხოზნადზორის” მიერ გამოცემულ ბრძანებას ქართული სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის რუსეთში შეტანის აკრძალვასთან დაკავშირებით.
ჩვენ ვცდილობთ, რომ მოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ და ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ დავარწმუნოთ ორივე მხარე, რომ მშვიდობიანად მისცენ საშუალება უმცირესობას, აღასრულონ თავიანთი რელიგიური მრწამსი. და თუ ეს არ მოხერხდება მოლაპარაკების გზით, ჩვენ გამოვიყენებთ კანონს მთელი სიმკაცრით...
ბიძინა ივანიშვილი

3 ივლისის პრესკონფერენციაზე შეკითხვა დაისვა საერთაშორისო თანამეგობრობის გარკვეული ნაწილის მიერ გამოთქმულ ეჭვებზეც, რაც საქართველოში ყოფილი თანამდებობის პირთა დაკავებას უკავშირდება. ამ მხრივ განსაკუთრებული აქცენტი ყოფილი პრემიერ-მინისტრისა და ”ნაციონალური მოძრაობის” გენერალური მდივნის ვანო მერაბიშვილის დაკავებაზე კეთდება. ბიძინა ივანიშვილს ასეთი ეჭვების არსებობა არ უკვირს და მიაჩნია, რომ, შესაბამისი განმარტებების შედეგად, ასეთი ეჭვები თანდათან გაქრება.

პრესკონფერენციაზე დასმულ სხვა კიდევ არაერთ მეტად მნიშვნელოვან აქცენტს შორის იყო რელიგიური ექსტრემიზმის თემაც. ამ საფრთხის წინააღმდეგ ასამოქმედებელ ერთადერთ ქმედით იარაღად პრემიერ-მინისტრი კანონის უზენაესობას მიიჩნევს და განმარტავს, რომ თუკი, მაგალითად, სამთაწყაროს მოსახლეობა ადგილობრივ მუსლიმანებს ლოცვას ისევ აუკრძალავს, მათ კანონი დაუპირისპირდება:

”მე მინდა დავარწმუნო საზოგადოება და, პირველ რიგში, მე მივმართავ დედოფლისწყაროს რეგიონის სამთაწყაროს მოსახლეობას, რომ კეთილი ინებონ და დაიცვან კანონიერება. ჩვენ ვცდილობთ, რომ მოლაპარაკების გზით მოვაგვაროთ და ეს არის საუკეთესო საშუალება, რომ დავარწმუნოთ ორივე მხარე, რომ მშვიდობიანად მისცენ საშუალება უმცირესობას, აღასრულონ თავიანთი რელიგიური მრწამსი. და თუ ეს არ მოხერხდება მოლაპარაკების გზით, ჩვენ გამოვიყენებთ კანონს მთელი სიმკაცრით”.

დაბოლოს, ბიძინა ივანიშვილის მიერ პოსტის შესაძლო დატოვება-არდატოვების საკითხზეც ვთქვათ. პრემიერ-მინისტრი საზოგადოებას სთხოვს, ამ თემაზე საუბრისგან თავი შეიკავონ და განმარტავს, რომ უცბად და მოულოდნელად ის არსად წავა და პოსტს არ დატოვებს მანამდე, ვიდრე წინასწარი დისკუსიების დროს საზოგადოების ყველა შეკითხვას არ უპასუხებს. და თუკი დაარწმუნებენ, რომ ის პრემიერ-მინისტრად უნდა დარჩეს, მაშინ დარჩება კიდეც.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG