Accessibility links

logo-print

ბიძინა ივანიშვილი: მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად


ბიძინა ივანიშვილი

ბიძინა ივანიშვილი

მესამე პოლიტიკური ძალის გააქტიურების აუცილებლობა, საკონსტიტუციო ცვლილებებით გამოწვეული სტაბილურობის განცდა, სასამართლოს დამოუკიდებლობის როლი სამართლიანობის აღდგენის პროცესში, ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ დაგეგმილი 19 აპრილის მიტინგი, ინვესტიციების მოზიდვისა და ეკონომიკის განვითარების პერსპექტივები და ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება - ასეთია ძირითადი თემები, რომლებზეც 10 აპრილს, მედიასაშუალებების ხელმძღვანელებთან შეხვედრისას, ილაპარაკა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა. შეხვედრა ბიზნესცენტრში 2,5 საათს გრძელდებოდა.

პრესკონფერენცია პრემიერ-მინისტრმა ალკოჰოლისა და თამბაქოს მავნე ზემოქმედებაზე ლაპარაკით დაიწყო და მედიასაშუალებათა ხელმძღვანელებს დეტალების დაკონკრეტების გარეშე ამცნო, რომ ამ მავნე ჩვევების წინააღმდეგ ბრძოლა აპრილის ბოლოდან გამკაცრდება. პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ უკვე დადგა ცხოვრების ჯანსაღ წესზე ფიქრის დრო, რადგანაც მარტის მიწურულს დამტკიცებულმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა ქვეყანაში პოლიტიკური კრიზისის საფრთხე გააქრო და სტაბილურობის განცდა გააჩინა. ლაპარაკია პრეზიდენტისთვის იმ უფლებამოსილების ჩამორთმევაზე, რომ მან
ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სასამართლო გავათავისუფლოთ ყოველგვარი ზეგავლენისაგან წინა ხელისუფლების და, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ახალ ხელისუფლებას ჰქონდეს სურვილი მაინც, რომ ჩაერიოს სასამართლოს საქმეებში...
პარლამენტის გვერდის ავლით დააკომპლექტოს ახალი მთავრობა. მართალია, პრეზიდენტს დარჩა მთავრობისა და პარლამენტის დათხოვნის უფლება, მაგრამ, პრემიერ-მინისტრის თქმით, თუკი ეს მექანიზმი ამოქმედდება, ხელახალი არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა ”ნაციონალური მოძრაობა” საერთოდ ვეღარ მოხვდეს პარლამენტში:

”ჩვენ მივესალმებით, თუ პრეზიდენტი ამას გამოიყენებს, თუ მართლაც არ მოსწონს დღევანდელი ხელისუფლება, და შევეკითხოთ საზოგადოებას, შევეკითხოთ ხალხს”.

პრემიერ-მინისტრის აზრით, თუკი აგვისტოს ომის გამოძიების პროცესში პრეზიდენტსაც დაკითხავენ, ამაში არაფერი იქნება მიუღებელი და უკანონო. უამრავი შეკითხვის არსებობის პირობებში, 2008 წლის მოვლენების გამოძიებას ბიძინა ივანიშვილი თავადაც აუცილებლად მიიჩნევს და არ ფიქრობს, რომ ეს პროცესი ქვეყნის იმიჯს დააზარალებს. პრეზიდენტის შესაძლო დასჯაზე პრემიერ-მინისტრს არაფერი უთქვამს, თუმცა ზოგადად აღნიშნა, რომ სამართლიანობის აღდგენის პროცესში, რასაც ხალხი ასე მოელის, დამნაშავეები აუცილებლად დაისჯებიან. თავისთავად იმას, რომ საზოგადოება შიშით აღარ ცხოვრობს და წნეხი მოეხსნა, ბიძინა ივანიშვილი სამართლიანობის აღდგენის პირველი ეტაპის წარმატებად მიიჩნევს, ხოლო რაც შეეხება მეორე ეტაპს, რაც ”ძალადობის სისტემის არქიტექტორების” დასჯას გულისხმობს, ის სასამართლოს დამოუკიდებლობის ფაქტორს უკავშირდება. პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ეს ეტაპი სულ უფრო ახლოვდება ”საერთო სასამართლოების შესახებ” კანონში შეტანილი ცვლილებების კვალდაკვალ:

”ჩვენ უნდა მოვახერხოთ და სასამართლო გავათავისუფლოთ ყოველგვარი ზეგავლენისაგან წინა ხელისუფლების და, ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ახალ ხელისუფლებას ჰქონდეს სურვილი მაინც, რომ ჩაერიოს სასამართლოს საქმეებში. აი ეს პროცესი მიმდინარეობს და უახლოეს დროს, მე დიდი იმედი მაქვს, რომ სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და თავისუფალი და ჩვენ მოვახერხებთ, გავაგრძელოთ პროცესი სამართლიანობის აღდგენის”.

თუმცა სამართლიანობის აღდგენა ყველა დამნაშავის დასჯას არ ნიშნავს. როგორც პრემიერ-მინისტრი აღნიშნავს, პროცესმა უსასრულო სახე რომ არ მიიღოს და თან საზოგადოებაში არსებული შურისძიების სურვილიც რომ ჩაცხრეს, ”აუცილებელი მინიმუმი” უნდა გაკეთდეს. ამასთან, საზოგადოება მოთმინებით უნდა შეხვდეს საკადრო ცვლილებების ნელ ტემპებს პროკურატურის სისტემაში, რადგანაც, პოლიციისგან განსხვავებით, პროკურატურისთვის შესაფერისი თანამშრომლების მოძიება საკმაოდ ძნელია, რადგანაც ამ შემთხვევაში სპეციფიკური კვალიფიკაციაა საჭირო.
მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად, მე ვთვლი თავს ქვეყნის შვილად და არც მომავალში არ ვაპირებ დიდ პოლიტიკურ ბრძოლასა და ომს. მე მინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე საზოგადოებაში და საზოგადოებასთან ერთად დავეხმარო ჩვენს ქვეყანას განვითარებაში...

პრემიერ-მინისტრს სურვილი აქვს, რომ გააქტიურდეს მესამე პოლიტიკური ძალა, რომელიც ძლიერ ოპონირებას გაუწევს სახელისუფლებო ძალას, რასაც ვერ ახერხებს „ნაციონალური მოძრაობა“. ამ მიზნით ის უკვე შეხვდა რამდენიმე პოლიტიკური ძალის ლიდერს, მაგალითად - სალომე ზურაბიშვილს და ირმა ინაშვილს. პრემიერი ასევე აღნიშნავს, რომ პარტიის გააქტიურებისკენ მან ნინო ბურჯანაძესაც მოუწოდა. არის თუ არა ამგვარი ხელოვნური ჩარევა მისაღები? პრემიერ-მინისტრი თავადაც თვლის, რომ ხელოვნურად ამ პროცესის დაჩქარება გარკვეულ უხერხულობას ქმნის, მაგრამ ყველაფერს თავის არაპოლიტიკურ მიდგომებს მიაწერს:

”მე არ ვთვლი თავს პოლიტიკოსად, მე ვთვლი თავს ქვეყნის შვილად და არც მომავალში არ ვაპირებ დიდ პოლიტიკურ ბრძოლასა და ომს. მე მინდა, რომ რაც შეიძლება სწრაფად დავბრუნდე საზოგადოებაში და საზოგადოებასთან ერთად დავეხმარო ჩვენს ქვეყანას განვითარებაში. აი ეს არის პოზიცია და შეიძლება ცოტა უცნაურია ამ მხრივ... მე არ ვთვლი, რომ მოვედი, როგორც პოლიტიკური იდეოლოგიის მატარებელი და პოლიტიკური პარტიის შემქმნელი”.

მესამე პოლიტიკური ძალის განვითარება, პრემიერ-მინისტრის აზრით, კოალიცია ”ქართული ოცნების” მომავალზეც აისახება. თუკი იარსებებს რეალური ოპოზიცია, ანუ ძლიერი გარე ძალა, მაშინ კოალიციის სიმტკიცე არ დაირღვევა, ხოლო თუ ეს ფაქტორი არ იარსებებს, კოალიციის დაშლა გარდაუვალი იქნება. მეტიც, ბიძინა ივანიშვილი შესაძლებლად და ”სასურველადაც” კი მიიჩნევს, რომ კოალიციის შიგნით წარმოიშვას ოპონენტი ძალა, ოღონდ ეს სუბორდინაციის დაცვით უნდა მოხდეს, რომ ოპონენტმა ძალამ საკუთარი თავი არ დაიზარალოს.

მიუხედავად იმისა, რომ ”კოალიციის დაშლას” ბიძინა ივანიშვილი აბსოლუტურად ნორმალურ პროცესად მიიჩნევს, მისი განმარტებით, ასეთი ალბათობა ამ ეტაპზე არ არსებობს და რომ შეკრული გუნდიდან არავინ ფიქრობს, რომ განსხვავებული პოზიციით წარდგეს საპრეზიდენტო არჩევნებზე. ერთიან კანდიდატს კოალიცია, სავარაუდოდ, მაისში გამოაცხადებს. პრემიერ-მინისტრის თქმით, გარკვეული შეკითხვების არსებობის მიუხედავად, არ იგეგმება საკადრო ცვლილებები მინისტრთა კაბინეტში.

10 აპრილის პრესკონფერენციაზე პრემიერ-მინისტრმა გამოაცხადა, რომ მისი პარტია ”ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” ევროპის სოციალ-დემოკრატიულ პარტიასთან აპირებს გაერთიანებას. ეს ინფორმაცია მედიის წარმომადგენლებს ბიძინა ივანიშვილმა იმ დროს მიაწოდა, როდესაც ის აჭარაში მომხდარ ტრაგედიაზე, 1 წლის ბავშვის შიმშილის გამო დაღუპვაზე ლაპარაკობდა. პრემიერ-მინისტრი თვლის, რომ ეს ფაქტი მაინც უფრო ”ახლობლების დაუდევრობამ” გამოიწვია, რადგანაც საქართველოში არ არის ისეთი პირობები, რომ ბავშვები შიმშილით იღუპებოდნენ. ხოლო რაც შეეხება
როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ უნდა მოვეფეროთ ჩვენს ეკლესიას, ჩვენ კარგად ვიცით, რომ იქაც არის პრობლემები და ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას...
უკეთესი სოციალური სისტემის შექმნას, პრემიერ-მინისტრის თქმით, ეს საკითხი ეკონომიკის განვითარების პერსპექტივებზეა მიბმული. ამ მხრივ კი საქართველოში ჯერ გარღვევა არ გამოვლენილა, რადგანაც ბიზნესი თავისი ბუნებით ”ინერტულია” და, ბიძინა ივანიშვილის თქმით, რამდენიმე თვეში შედეგის მიღება შეუძლებელია, მაგრამ არსებობს სამთავრობო იმედი, რომ მესამე წელიწადი ”კარგი” იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის.

პრემიერ-მინისტრი მიიჩნევს, რომ ეკლესია დამოუკიდებელი უნდა იყოს, სახელმწიფო არ უნდა ერეოდეს მის საქმეებში და თანხა ბიუჯეტიდან ერთჯერადი სახით უნდა გადაირიცხოს ეკლესიის დასახმარებლად. ამასთან, სავსებით მისაღებია, რომ საზოგადოებამ სასულიერო პირებთან დაკავშირებულ პრობლემებზე თავისუფლად იმსჯელოს:

”როგორც არ უნდა ვმალოთ და როგორც არ უნდა მოვეფეროთ ჩვენს ეკლესიას, ჩვენ კარგად ვიცით, რომ იქაც არის პრობლემები და ზოგიერთ შემთხვევაში საზოგადოების წარმომადგენელი ამაზე აკეთებს რეაქციას. მე ვფიქრობ, რომ ნორმალურია და ყველაზე ყველაფრის გამოხატვის საშუალება უნდა გვქონდეს და ტაბუდადებული თემები არ უნდა არსებობდეს. საზოგადოების წევრს შეურაცხყოფა არა, მაგრამ კითხვის დასმა უნდა შეეძლოს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელზე”.

პრესკონფერენციაზე წამოიჭრა ”ნაციონალური მოძრაობის” მიერ 19 აპრილს დანიშნული მიტინგის თემაც. ბიძინა ივანიშვილი ამ აქციას ყოვლად უსაფუძვლოდ მიიჩნევს, რადგანაც ევროპული ღირებულებები ყველასათვის მისაღებია საქართველოში და ამ იდეებისთვის ბრძოლა, მისი აზრით, სულაც არ არის საჭირო, მით უმეტეს იმ პოლიტიკური ძალის მხრიდან, რომელიც წლების მანძილზე თავად უპირისპირდებოდა დემოკრატიულ ღირებულებებს. პრემიერ-მინისტრი მოუწოდებს საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც არ იზიარებს ”ნაციონალური მოძრაობის” პოზიციებს, ნუ გამოვა 19 აპრილს ქუჩაში, რათა თავიდან იქნეს აშორებული სავარაუდო პროვოკაციები და ვითარების გამწვავება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG