Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიძინა ივანიშვილის შეკითხვა და დავალება ბიზნესმენებს


თბილისში 24 სექტემბერს, არასამთავრობო ორგანიზაცია „მოქალაქის“ ინიციატივით, გაიმართა მორიგი ეკონომიკური ფორუმი, რომელშიც ბიზნესმენებთან ერთად პოლიტიკოსები და დარგის ექსპერტებიც მონაწილეობდნენ. „ეკონომიკური განვითარება, მიღწევები და პერსპექტივები“ - ამ დასახელებით მომუშავე ფორუმის მთავარი დანიშნულება, ორგანიზაციის დამფუძნებელ ბიძინა ივანიშვილის თანახმად, იყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარების კურსის სწორად გაანალიზება, რეფორმების მიმართულებით მთავრობის საქმიანობის შეფასება და ამ მხრივ ბიზნესის წახალისებისა და ხელშეწყობის კუთხით არსებული ვითარების წარმოჩენა. თუმცა ფორუმის საქმიანობა მხოლოდ ეკონომიკურ პარამეტრებზე მსჯელობით არ შემოფარგლულა: ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს უთხრა, რომ მათი ერთ-ერთი მთავარი ფუნქციაა საზოგადოებას ქვეყნის ეკონომიკაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელებული გარდაქმნების შესახებ ინფორმაცია აქტიურად მიაწოდონ.

გადმოწერა

როგორც საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებული ეკონომიკური ფორუმის სხდომის დახურვამდე თავის ღია მიმართვაში განაცხადა, მას არ აქვს ილუზია, რომ ეკონომიკაში ამ წლების განმავლობაში ყველაფერი იდეალურად იყო, თუმცა არც პრინციპული მნიშვნელობის უხეში შეცდომები ყოფილა. ამავე ფორუმზე, ასევე ბიძინა ივანიშვილის თქმით, ყველა შეთანხმდა, რომ საქართველოს ეკონომიკა სწორი მიმართულებით ვითარდება და რომ არა რეგიონში არსებული შოკები, კერძოდ, ნავთობის ფასების ვარდნა, საქართველოს ეკონომიკა გაცილებით სწრაფი ტემპით გაიზრდებოდა. ამ, მისი შეფასებით, სახარბიელო შედეგების საზოგადოებამდე მიტანის ვალდებულება კი ბიძინა ივანიშვილმა არაერთხელ დააკისრა ფორუმზე თავად ბიზნესმენებს:

„ბევრს ჩემზე მეტი განათლება აქვს მიღებული, ძალიან კარგად იცით ეკონომიკაც და ძალიან კარგად შეგიძლიათ გააკეთოთ შეფასებები. ამ მხრივ შესაძლებლობები გაქვთ, მაგრამ რამდენად ახერხებთ? მე მაქვს კითხვა. აი, პირველად გისვამთ. რამდენად აქტიურობთ თქვენ? რომ ახერხებთ ანალიზის გაკეთებას, ფაქტია, რომ შეგიძლიათ, მაგრამ რამდენად, ვთქვათ, ეხმარებით საზოგადოებას? რამდენად აქტიურები ხართ ამ მიმართულებით? რამდენად ცდილობთ, რომ თქვენც განუმარტოთ და თქვენც თქვენი წვლილი მიიღოთ არჩევნებში. მე მაქვს ეს შეკითვა. შეკითხვა არ დამისვამს არასდროს. 2012 წელს, როდესაც არჩევნები ჩატარდა, ერთი წლით ადრე, 2011-ში, როდესაც მოვედი პოლიტიკაში და განცხადებები გავაკეთე, არასდროს არ მომიკითხავს განსაკუთრებით ბიზნესი და არასდროს არ დამისვამს მსგავსი შეკითხვა - რას აკეთებს ბიზნესი? მაგრამ, აი, დღეს მინდა ეს კითხვა დავსვა. რამდენად აქტიურები ხართ თქვენ დღეს? რამდენად ცდილობთ, რომ განუმარტოთ ის გარდაქმნები, რაც მოხდა და რაც შეიცვალა ჩვენს ქვეყანაში?“

მე არა მგონია, რომ სწორი იყოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესთან ასეთი შეხვედრა. მესმის, რომ ფორმალურად მას ამის ყველანაირი უფლება აქვს, მესმის, რომ ამით არანაირი კანონი არ ირღვევა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რა გავლენებსაც ფლობს ეგ ადამიანი ამ ქვეყანაში, ერთი მხრივ...
ზურაბ ჯაფარიძე

ასე მიმართა ბიძინა ივანიშვილმა ბიზნესმენებს, დახურულ კარს მიღმა საუბარი კი ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა. როგორც ამ სხდომის დასრულების შემდეგ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ, განუცხადა მედიას, შეხვედრა პოზიტიური იყო და არაფერია დასაწუნი იმ ტონშიც, რომლითაც ბიძინა ივანიშვილმა მიმართა ბიზნესმენებს:

“მე მახსოვს ძალიან კარგად, ადრე როგორი ტონით იყო ხოლმე საუბარი და პირადად მიწვნევია ეს და საკმაოდ არასასიამოვნო იყო, - 2012 წლამდე ვგულისხმობ, რა თქმა უნდა. აუცილებელია ღია მმართველობა, საუბარი ბიზნესთან“.

თუმცა, კახა კუჭავასგან განსხვავებით, არჩევნებამდე ორი კვირით ადრე ბიზნესმენებთან შეხვედრას ღია მმართველობის გამოხატულებად არ მიიჩნევენ ფორუმში მონაწილე ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, მათ შორის, პოლიტიკური ცენტრის, „გირჩის“, ერთ-ერთი ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე:

“მე არა მგონია, რომ სწორი იყოს არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ბიზნესთან ასეთი შეხვედრა. მესმის, რომ ფორმალურად მას ამის ყველანაირი უფლება აქვს, მესმის, რომ ამით არანაირი კანონი არ ირღვევა, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რა გავლენებსაც ფლობს ეგ ადამიანი ამ ქვეყანაში, ერთი მხრივ, და, მეორე მხრივ, გამომდინარე იქიდან, რა მდგომარეობაშიც იყო და რა ტრადიციაც არსებობს სახელმწიფოს მხრიდან ბიზნესთან დამოკიდებულებისა ამ ქვეყანაში, არ მგონია, რომ სწორი იყოს ასეთი ტიპის შეხვედრები და ესეც საჯაროდ ვთქვი, რომ მე მინდა ქვეყანა, სადაც ბიზნესს ექნება გაცილებით მეტი თავისუფლება, როცა მას არ მოუწევს ასეთ შეხვედრებზე სიარული და, მათ შორის, საჯაროდ და ნახევრად საჯაროდ საკუთარი პოლიტიკური პოზიციის დაფიქსირება“.

თავის მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გიორგი ტუღუშმა აღნიშნა, ბიძინა ივანიშვილის მიმართვა ბიზნესმენებისადმი სხვა არაფერია, თუ არა პირდაპირი დავალება, რომ მათ აიძულონ თანამშრომლები, 8 ოქტომბრის არჩევნებში ხმა „ქართულ ოცნებას“ მისცენ.

თავად ბიზნესმენებმა კი, რომლებიც ფორუმს ესწრებოდნენ, მედიასთან აღნიშნეს, რომ ბიზნესგარემო საქართველოში თავისუფალია და მათთვის მისაღებია ეკონომიკის განვითარების ის კურსი, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. „ვისოლის“ ჯგუფის ხელმძღვანელმა სოსო ფხაკაძემ განაცხადა:

“მე ძალიან მომწონს ის, რაც ხდება ამ ქვეყანაში. ამიტომ მე გულახდილად ვუთხარი, რომ ის კურსი, რომელსაც ეს პოლიტიკური პარტია და ხელისუფლება ატარებს, ჩვენთვის მისაღებია. მე ვარ ამ ქვეყნის შვილი, პირველ რიგში, ვარ საზოგადოების წევრი და მერე ვარ ბიზნესმენი. მე ამ ქვეყანაში ხუთი შვილი მეზრდება და მინდა, რომ ძალიან წარმატებული ქვეყანა გვქონდეს და მე ვფიქრობ, რომ დღეს ისე, როგორც ვითარდება ქვეყანა, ეს არის სწორი გზა“.

ეკონომიკის ექსპერტი პაატა შეშელიძე კი მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ ოთხწლიანი მუშაობის დადებითად შეფასება გადაჭარბებულია და მთავრობა მობილიზებული კი არა, ყოველთვის დაბნეულად გამოიყურებოდა. მანვე აღნიშნა, რომ „მოქალაქის“ მიერ ორგანიზებულ ეკონომიკურ ფორუმზე 24 სექტემბერს მას კრიტიკა პრაქტიკულად არ მოუსმენია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG