Accessibility links

logo-print

პრემიერის ულტიმატუმი თუ მოქმედება დასწრებაზე?


მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

მიხეილ სააკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს წერილობით მიმართავს, უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადოს, ამბობს თუ არა უარს კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერს თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. პრემიერის მიმართვას ულტიმატუმად მიიჩნევს საპარლამენტო უმცირესობა, უმრავლესობა კი პრეზიდენტისგან კონკრეტული პასუხის მოლოდინშია. როგორ აფასებენ მიმომხილველები პრემიერ-მინისტრის მიმართვის შინაარსს და რა მნიშვნელობას აძლევენ მას?

პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი ასე მიმართავს პრეზიდენტს:

”ჩვენ მიერ ინიცირებული კონსტიტუციური ცვლილება პარლამენტში მარტის ბოლომდე დადგება კენჭისყრაზე. ეს კენჭისყრა კი უკვე ნამდვილად იქნება წყალგამყოფი. გნებავთ, ულტიმატუმად მონათლეთ ჩემი სიტყვები და გნებავთ, პოლიტიკურ დიდსულოვნებად, მაგრამ სრულიად ცალსახად ვაცხადებ: ვინც ეთანხმება ამ ცვლილებას, იგი აგრძელებს ქვეყნისთვის სამსახურს დაეძლევა შეცდომების გამოსწორებისა და უკეთესი პოლიტიკური მომავლის შანსი; ვინც უარს ამბობს ამ ცვლილებაზე, იგი იღებს სრულ პოლიტიკურ პასუხისმგებლობას ყველაფერზე, რაც 9 წლის განმავლობაში ნებისმიერ თქვენს თანაგუნდელს ჩაუდენია, და ამ ტვირთით აგრძელებს ცხოვრებას”,- ნათქვამია პრემიერ-მინისტრის მიმართვაში, რომელიც შემდეგი შინაარსის აბზაცით სრულდება:

”პირადად თქვენც გთავაზობთ ბოლო წინადადებას: უახლოეს 2-3 დღეში მკაფიოდ და ცალსახად განაცხადეთ, უარს ამბობთ თუ არა კონსტიტუციურ დიქტატურაზე და უჭერთ თუ არა მხარს პარლამენტის თანხმობის გარეშე მთავრობის შეცვლის აკრძალვას. თქვენი წინმსწრები მკაფიო პასუხი კი იმიტომ არის საჭირო, რომ პოსტფაქტუმ არ დაიწყოთ ლაპარაკი იმაზე, რომ თქვენც მხარს უჭერდით ამ ცვლილებას, ისევე, როგორც დღეს ამტკიცებთ, თითქოს პრემიერის სავარძელში გადაჯდომაზე არც არასოდეს გიოცნებიათ".

პრემიერის ეს მიმართვა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა დავით დარჩიაშვილმა შეაფასა როგორც ბოლშევიკური შინაარსის საუბარი ულტიმატუმის ენით:
თქვას საბოლოოდ, უჭერს ის ამ დიქტატორულ ნორმას მხარს, მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებას და პრემიერის ერთპიროვნულად დანიშვნას ყოველგვარი საპარლამენტო თანხმობისა და ხალხის ნების გარეშე, თუ ის თანახმაა შევიდეს ასეთი ცვლილება...

”ხდება ხალხის სახელით ლაპარაკი და ხალხის სახელით ოპოზიციის დაჩოქების მცდელობა. შეიძლება კონსტიტუციის ცვლილებების ცალკეულ ნაწილებზე ვიკამათოთ, ვიდაოთ და გადავწყვიტოთ საკუთარი სინდისის მიხედვით, მაგრამ ამ უმრავლესობასთან რომ ცივილიზებული დიალოგი შეუძლებელია, ამაში დავრწმუნდი”.

პრემიერ-მინისტრის მიმართვის აუცილებლობას „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები პრეზიდენტისადმი უნდობლობით ხსნიან. მანანა კობახიძე მიიჩნევს, რომ პრეზიდენტმა მკაფიო პასუხი უნდა გასცეს, აპირებს თუ არა მხარი დაუჭიროს საკონსტიტუციო ცვლილებებს:

”თქვას საბოლოოდ, უჭერს ის ამ დიქტატორულ ნორმას მხარს, მთავრობის ერთპიროვნულად ფორმირებას და პრემიერის ერთპიროვნულად დანიშვნას ყოველგვარი საპარლამენტო თანხმობისა და ხალხის ნების გარეშე, თუ ის თანახმაა შევიდეს ასეთი ცვლილება, რომელიც კიდევ ერთხელ მისცემს შანსს „ნაცმოძრაობას“, რომ თქვას, არის ეს ძალა მართლაც დემოკრატიულ პრინციპებზე ორიენტირებული, თუ ერთი კაცის, მიხეილ სააკაშვილის, ახირებებზეა დამოკიდებული და ხელისუფლების როგორღაც შენარჩუნების სურვილით არის შეპყრობილი”.

პრეზიდენტისადმი პრემიერ-მინისტრის მიმართვის კომენტირებისას „საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევის ცენტრის“ ხელმძღვანელი კახა კახიშვილი ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილის ეს წერილი 25 თებერვალს სასამართლოს მიერ თბილისის მერისადმი გამოტანილი გადაწყვეტილების საპასუხოდ გამოქვეყნდა. შეგახსენებთ, რომ სასამართლომ გიგი უგულავას პროკურატურის მიერ მოთხოვნილი არც ერთი აღმკვეთი ღონისძიება არ შეუფარდა. კახა კახიშვილის სიტყვებით, სასამართლომ, ფაქტობრივად, განაცხადა, რომ ქვეყანაში ყველაფერი ისე იქნება, როგორც სურს „ნაციონალურ მოძრაობას“, ეს კი ბიძინა ივანიშვილისთვის ამ წერილის გამოქვეყნების საფუძველი გახდა:

კახა კახიშვილი

კახა კახიშვილი

”კატასტროფულად იმოქმედა გუშინდელმა გადაწყვეტილებამ უკვე „ოცნების“ მხარდამჭერებზე. ამიტომ, ჩემი აზრით, ალბათ, საჭირო იყო ამის გადაფარვა და ამის გადაფარვა შესაძლებელი იყო მხოლოდ ”ქართული ოცნების” ლიდერის ამგვარი განცხადებით”.

ამასთან, კახა კახიშვილი ბიძინა ივანიშვილის მიმართვას იმ საკითხთა კონტექსტში განიხილავს, როგორიცაა 19 აპრილს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ დაანონსებული მიტინგი პარლამენტის ყოფილ შენობასთან, „ნაციონალური მოძრაობის“ რიტორიკა, რომ ისინი დაბრუნდებიან ხელისუფლებაში... ეს ყველაფერი ძალის დემონსტრირებისა და „ნაციონალური მოძრაობის“ გუნდში არსებული მერყევი წევრების შენარჩუნების საერთო კონტექსტია, ამბობს კახიშვილი, თუმცა, მისი აზრით, პრეზიდენტი აპრილამდე ვერ გაბედავს ვერც პარლამენტის და ვერც მთავრობის დათხოვნას, რადგან ეს საზოგადოების დიდ პროტესტს გამოიწვევს.
როდესაც კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, მე ასე მგონია, რომ ეს ნიშნავს ორმხივ თანამშრომლობას და ორმხივ პატივისცემას. აქედან გამომდინარე, როდესაც თანამშრომლობაზეა საუბარი, შესაძლებელია ეს ყველაფერი მოგვარდეს კონსენსუსის გზით და არა ეგეთი ულტიმატუმების წარდგენით...

ამავე აზრისაა პოლიტოლოგი ხათუნა ლაგაზიძე, რომელსაც მიაჩნია, რომ პოლიტიკური ტემპერატურის აწევით „ნაციონალური მოძრაობა“ მთავრობისა და საპარლამენტო უმრავლესობისგან მეტი დათმობის მიღებას ცდილობს, რისი არდაშვების მცდელობაა პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის ეს გზავნილი. პრემიერმა, ასე ვთქვათ, წინმსწრებად გააკეთა განცხადება, ამბობს ხათუნა ლაგაზიძე:

”აქ ამოსავალი არის ხალხის და საზოგადოების ინტერესი, რომ საზოგადოებაში არ დაიწყოს ნაციონალების მიმართ უმართავი პროცესები, რომლის პროვოცირებასაც ისინი აკეთებენ. ამიტომ ის ტონიც, რომელიც ბიძინა ივანიშვილის განცხადებაში იყო, ჩემთვის არის აბსოლუტურად მისაღები, ანუ ხელისუფლებამ ქმედითი ნაბიჯების გადადგმა უნდა დაიწყოს”.
პრემიერ-მინისტრი გაღიზიანებულია 25 თებერვლის სასამართლო გადაწყვეტილებითა და პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე უმრავლესობასა და უმცირესობას შორის მოლაპარაკებების გაჭიანურებით, ამბობს პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძე, თუმცა მისთვის ”პრემიერის მიერ არჩეული ულტიმატუმის ენა კატეგორიულად მიუღებელია”:

”როდესაც კოჰაბიტაციაზე ვსაუბრობთ, მე ასე მგონია, რომ ეს ნიშნავს ორმხივ თანამშრომლობას და ორმხივ პატივისცემას. აქედან გამომდინარე, როდესაც თანამშრომლობაზეა საუბარი, შესაძლებელია ეს ყველაფერი მოგვარდეს კონსენსუსის გზით და არა ეგეთი ულტიმატუმების წარდგენით, მით უმეტეს, სახელმწიფოს მეთაურის წინაშე, რაც ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, არღვევს სუბორდინაციის პრინციპს”.

ნიკა ჩიტაძეს ეჭვი ეპარება, რომ პრეზიდენტი აპრილამდე, ანუ მოქმედი კონსტიტუციის ვადის ამოწურვამდე, პარლამენტისა და მთავრობის დათხოვნას გეგმავდეს. ამდენად, პრემიერის მიმართვას მხოლოდ გაღიზინებით ხსნის.

პრეზიდენტის პასუხი პრემიერის მიმართვაზე ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG