Accessibility links

logo-print
ხშირად დარჩენილხართ მოტყუებული? მე ძალიან. ფაქტობრივად, მთელი ცხოვრება მატყუებდნენ. ბავშვობიდან. პირველი ტყუილი ალბათ თოვლის პაპა იყო, რომელიც სიბერეში სანტა კლაუსი აღმოჩნდა.

როცა კითხვა ვისწავლე, უკვე რეკლამა მატყუებდა, რომლის თანახმადაც, ქართული ჩაი სასიამოვნო და არომატული სასმელი იყო. ზოგადად, რეკლამას რომ უნდა მოვეტყუებინე, მაშინ არ ვიცოდი.

მერე მატყუებდა სკოლასთან მდგარი ფოტოების გამყიდველი, რომელიც 10 კაპიკად ყიდდა ხუთი თმამოშვებული ბიჭის ფოტოს რუსული წარწერით: Квартет Битлз. უმოწყალოდ მატყუებდნენ სკოლის სახელმძღვანელოები. არა მარტო ისტორიის, არამედ ფიზიკისაც, სადაც ეწერა, რომ პოლზუნოვმა გამოიგონა ვატის ორთქლის მანქანა, ხოლო პოპოვმა - რადიო.

იმ ხანებში არ მაღელვებდა, მაგრამ ძალიან მატყუებდა ამინდის პროგნოზი. მატყუებდა „ლედ ზეპელინი“, რომელიც სხვების დაწერილ ბლუზებს ისე უკრავდა, თითქოს მისი ყოფილიყოს. მატყუებდა მაღაზიის გამყიდველი, როცა წონა და ხურდა ყოველთვის თავის სასარგებლოდ ეშლებოდა. მატყუებდა მათხოვარი, რომელიც ათას ლეგენდას თხზავდა თავის წარსულზე. მატყუებდა გეოგრაფიული რუკა. მოკლედ, მატყუებდა ყველა, ვისაც არ ეზარებოდა.

მარტო სულხან-საბა არ მატყუებდა, პირიქით, ის ერთადერთი იყო, რომელიც მასწავლიდა, როგორ არ უნდა მოვტყუებულიყავი. ეტყობა, ცუდი მოსწავლე ვიყავი, რადგან მაინც ვტყუვდებოდი.

მატყუებდა ეროვნული მოძრაობა, ტყუილებს ბოლო მოეღება, როცა ტოტალურ სიცრუეზე აგებული საბჭოთა კავშირი დაინგრევა და საქართველო დამოუკიდებლობას მოიპოვებსო. ტყუილები დამოუკიდებლობის მოპოვების მერე უნდა გენახათ!

კომუნისტების დროს ვიცოდით, რომ ტყუილი კანონით გვქონდა გარანტირებული და ამიტომ არ განვიცდიდით, როცა გვატყუებდნენ. აბა როგორ უნდა გავბრაზებულიყავით, როცა, კონსტიტუციის თანახმად, 1980 წელს კომუნიზმში შევიდოდით.

ეროვნული ტყუილები ბევრად უფრო მტკივნეული აღმოჩნდა, რადგანაც მოიტანა სისხლი, ნგრევა, სიღარიბე, ენერგოკრიზისი, ტერიტორიების დაკარგვა, იმედგაცრუება...

მალე დადგა მითოლოგიური ტყუილების ეპოქა. მაგალითად, არსებობდა მითი, სახელად მეცხრე ბლოკი. მითი საზღვარგარეთელი მეგობრების შესახებ. და ყველაზე მთავარი - ნავთობსადენის მითი. ამ მითების თანახმად, საქართველო მალე სამოთხედ გადაიქცეოდა. თავისთავად სამოთხეც რომ დიდი ტყუილი იყო, აღარავის გახსენებია.

21-ე საუკუნის დასაწყისში დაიწყო ახალი - ნაციონალური ტყუილების ფაზა. დიდი არაფერი, მაგრამ მაინც ბევრი ბრიყვდებოდა. თქვენი არ ვიცი, მე კი ჩვენი პოლიტიკური ლიდერები ჩრდილოეთ კორეის მატყუარებს მაგონებდნენ, ოღონდ გემოვნება ჰქონდათ არაბული. კორეაში იმას ვგულისხმობ, თავიანთ მოქალაქეებს რომ ატყუებენ, ყველაზე მაგარ ქვეყანაში ცხოვრობთო, ჩვენმა ფეხბურთელებმა ბრაზილიელებს მოუგესო, ჩვენ უკეთ ვიცით, თქვენ რაც გინდათო და ა.შ. არაბულ ასოციაციებს ალბათ ხრიოკ და უდაბნო ადგილებში პალმებით გაწყობილი ინფრასტრუქტურების შექმნა და მათი არქიტექტურა იწვევდა. ეს ძირითადი ხაზი იყო, თორემ წვრილ-წვრილი და მხიარული ტყუილები ყოველდღე გარანტირებული გვქონდა.

ასეთ ფონზე ბევრმა გადაწყვიტა, რომ ტყუილებისგან თავის დაცვის საუკეთესო საშუალება ხელისუფლების შეცვლა იქნებოდა. შეცდნენ. კიდევ ერთხელ. ტრადიციულად. დაავიწყდათ, რომ ჩვენნაირი შეუმდგარი ქვეყნის ხელისუფლებისათვის ტყუილი ხშირად დროებითი გამოსავალია. გამოსავალი ახალ ტყუილამდე. ამიტომაც ტყუილები ტყუილების საფუძველი გახდა. მაგალითად, იტყუებიან, რომ რუსეთის ოკუპანტობა ტყუილია; იტყუებიან, სოჭის ოლიმპიურ თამაშებზე არწასვლით შეიძლება მოტყუებულები დავრჩეთო; იტყუებიან, რომ თავად უფრო ნაკლებს იტყუებიან, ვიდრე ოპოზიცია. სინამდვილეში ტყუილებში ერთმანეთს ტოლს არ უდებენ.

რაც მთავარია, დამოუკიდებელი საქართველოს ყველა ხელისუფლებას ერთი საერთო ტყუილი აქვს: თითქოს ძალიან უყვართ მთავარი კონკურენტი ძალაუფლებასა და ტყუილებში - ეკლესია.

ერთი სიტყვით, უნდა შეეგუოთ აზრს, რომ სამყარო ტყუილებზეა აგებული და ყოველთვის შეეცდებიან თქვენს მოტყუებას. მეც ისე შევეჩვიე ტყუილებს, რომ როცა მარტო ვარ და არავინ მატყუებს, მე თვითონ ვიტყუებ თავს, რომ ყველა მე მატყუებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG