Accessibility links

logo-print
კოალიცია ”ქართული ოცნების” მიწვევით, საქართველოში „ლიბერალური ინტერნაციონალის“ წარმომადგენლობითი დელეგაცია იმყოფება. კოალიციის ლიდერებმა დელეგაციის წევრებს საქართველოში არსებული პოლიტიკური ვითარება და ”ქართული ოცნების” ირგვლივ განვითარებული მოვლენები გააცნეს. თავის მხრივ, ევროპელმა პოლიტიკოსებმა შენიშვნები გამოთქვეს საქართველოში დემოკრატიის არასათანადო ხარისხის გამო.

”ლიბერალური ინტერნაციონალის” 17 კაციან დელეგაციასთან შეხვედრაზე კოალიცია ”ქართული ოცნების“ ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, საქართველოში არსებული ვითარება ძირითადად კონსტიტუციის, სასამართლოს, ადამიანის უფლებებისა და ბიზნესის მიხედვით შეაფასა:

კონსტიტუცია აბსოლუტურად შეურაცხყოფილია და ერთი კაცის ინტერესებს ემსახურება. სასამართლო ქვეყანაში არ ფუნქციონირებს, ყოველდღიურად და ყველა დარგში ირღვევა ადამიანის უფლებები, სამართლიანობის განცდა აღარ არსებობს მოსახლეობაში, კონტროლირებადია ბიზნესი, თავისუფალი ბიზნესი პრაქტიკულად არ არსებობს, მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა არის უმუშევარი; ეკონომიკა და მისი უდიდესი ნაწილი, რაც საქართველოში იყო, სოფლის მეურნეობა, აბსოლუტურად გაკოტრებულია და მიწაზე დევს, ასე ვთქვათ, და ბანკროტია ქართველი გლეხიც კი. მოკლედ, ასეთია დღევანდელი სიტუაცია.“

არჩევნები მარტო ბიულეტენების ჩაყრა არ არის, მთავარია წინასაარჩევნო პროცესი, ანუ ის, ეძლევათ თუ არა პოლიტიკურ აქტორებს თანაბარი პირობები ...
ამ სურათის შესაბამისი იყო ის შეფასება, რომელიც მისცეს მოგვიანებით, საგანგებო პრესკონფერენციაზე, ქვეყანაში არსებულ ვითარებას დელეგაციის წევრებმა. შვედეთის პარლამენტის წევრის, აბირ ალ საჰლანის აზრით, საქართველოს მოსახლეობა დემოკრატიულ სისტემაში ცხოვრებას იმსახურებს და შეუძლია კიდეც, რომ ამ სისტემის ჩამოყალიბება უზრუნველყოს. მისი შეფასებით, ამისათვის აუცილებელია სამართლიანი არჩევნებისათვის პირობების შექმნა, რათა მოქალაქეებს არჩევანის გაკეთება მუქარისა და დაშინების გარეშე შეეძლოთ. აბირ ალ საჰლანის თანახმად, „ლიბერალური ინტერნაციონალი“ საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის პროცესში ჩართვასაც გეგმავს:

” რათა ჩვენ საკუთარი თვალით ვნახოთ და საკუთარი ყურით გავიგონოთ როგორ ვითარდება საარჩევნო პროცესები და არსებობს თუ არა პოლიტიკური კონკურენციის პირობები. არჩევნები მარტო ბიულეტენების ჩაყრა არ არის, მთავარია წინასაარჩევნო პროცესი, ანუ ის, ეძლევათ თუ არა პოლიტიკურ აქტორებს თანაბარი პირობები.”

ნებისმიერ დემოკრატიაში ერთ-ერთი მთავარია მედიის ხელმისაწვდომობის საკითხი. ხალხმა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მესიჯები უნდა იცოდეს ...
„ლიბერალურმა ინტერნაციონალმა“ საქართველოს საარჩევნო კოდექსის შესახებ თავისი აზრი 2012 წლის 30 მარტს მიღებულ სპეციალურ რეზოლუციაში ასახა. ამ რეზოლუციის თანახმად, საქართველოს ხელისუფლებამ საარჩევნო კოდექსის ცვლილებების დროს ევროსაბჭოსა და ვენეციის კომისიის მოთხოვნები არ შეასრულა. საარჩევნო კოდექსის ზოგიერთი პუნქტის ვენეციის კომისიის სტანდარტებთან შეუსაბამობა აღნიშნა 10 მაისსაც „ლიბერალური ინტერნაციონალის“ ბიუროს წევრმა დიდი ბრიტანეთიდან რობერტ ვუდზორფ ბრაუნმა. მისი რეკომენდაციაა ოპოზიციამ და ხელისუფლებამ არჩევნების სამართლიან და კანონიერ გარემოში ჩატარებაზე იზრუნონ და დიალოგი გააგრძელონ, მათ შორის, კანონის შესწორების მიმართულებით. მანვე აღნიშნა, რომ საქართველოში მედიის მდგომარეობა დემოკრატიის სისუსტეზე მიუთითებს:

”ნებისმიერ დემოკრატიაში ერთ-ერთი მთავარია მედიის ხელმისაწვდომობის საკითხი. ხალხმა ყველა პოლიტიკური ჯგუფის მესიჯები უნდა იცოდეს. თუ გაქვს იდეები, რომელთა განხორციელებაშიც ხელს ხელისუფლება გიშლის, ეს არ არის დემოკრატია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეს ყველას მოსაზრების გაცნობის საშუალება მიეცეს.”

საქართველო რობერტ ვუდზორფ ბრაუნმა მოგვიანებით, ევროკავშირისა და ნატოს წევრ ქვეყნებთან შედარებით, გამონაკლისად მოიხსენია კონტროლის პალატის ცნობილი აქტივობების მიმართულებითაც. კონტროლის პალატის მიერ კოალიცია ”ქართული ოცნების” მხარდამჭერების დაბარების შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ მან მასმედიას განუცხადა, რომ საქართველო გამონაკლისია, ფაქტი კი - გამაოგნებელი.
სექტემბერში ჩამოვიყვანთ გაცილებით უფრო დიდ დელეგაციას უკვე ორი ევროპული პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლობით ...

„ლიბერალური ინტერნაციონალი“ მსოფლიოში მოქმედი ლიბერალური პარტიების გაერთიანებაა. მისი მიზანი ლიბერალური ფასეულობების გავრცელება და ლიბერალური პარტიების საქმიანობის ხელშეწყობაა. 2006 წლიდან „ლიბერალური ინტერნაციონალის“ ასოცირებული წევრია საქართველოს რესპუბლიკური პარტია. მისი ერთ-ერთი ლიდერის, თინა ხიდაშელის განმარტებით, „ლიბერალური ინტერნაციონალის“ თბილისში ჩამოსულ დელეგაციაში შედიან პარლამენტარები და პოლიტიკოსები დიდი ბრიტანეთიდან, შვედეთიდან, გერმანიიდან და მაკედონიიდან:

”ჩვენ ვფიქრობთ, რომ სექტემბერში ჩამოვიყვანთ გაცილებით უფრო დიდ დელეგაციას უკვე ორი ევროპული პოლიტიკური ოჯახის წარმომადგენლობით. ესენი, როგორც სახელიდანაც ჩანს, არიან ლიბერალები. ჩვენ ძალიან აქტიური ურთიერთობა გვაქვს ევროპელ „მწვანეებთან“, ასევე სოციალ-დემოკრატებთან და პირობა არსებითად გვაქვს, რომ სექტემბერში საქართველოში შერეული ინტერფრაქციული ჯგუფი ჩამოვა.”

თინა ხიდაშელმა გვითხრა ისიც, რომ „ლიბერალური ინტერნაციონალის“ დელეგაცია 10 მაისს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს დავით ბაქრაძესაც უნდა შეხვედროდა, რაც არ დადასტურდა. საქართველოში ვიზიტის შემდეგ კი, 11 მაისს, დელეგაცია მიემგზავრება ერევანში, სადაც სპეციალურ კონგრესში მიიღებს მონაწილეობას.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG