Accessibility links

logo-print
ბიძინა ივანიშვილის პირველი პრესკონფერენციის შემდეგ ქართულ პოლიტიკურ წრეებში არა მხოლოდ ივანიშვილის ცალკეულ მოსაზრებებს აფასებენ, არამედ იმას, თუ როგორი ახალი მოთამაშე გამოჩნდა ქართულ პოლიტიკაში. ხელისუფლებაში ფიქრობენ, რომ სრულყოფილ პოლიტიკოსად ჩამოყალიბებამდე ივანიშვილს გრძელი გზა აქვს გასავლელი. ოპოზიციის აზრი კი ორად იყოფა - ნაწილი მხოლოდ პოზიტივს ხედავს და მიიჩნევს, რომ ბიზნესმენი ივანიშვილი, ახლა უკვე პოლიტიკოსის რანგში, ღირსეულად წარდგა საზოგადოების წინაშე, მეორე ნაწილს კი უფრო ნეიტრალური შეფასებები აქვს.

ბიძინა ივანიშვილის ცალკეული შეხედულებები საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის კურსის შესახებ, მედიასთან მისი დამოკიდებულების საკითხი, ივანიშვილის, როგორც ბიზნესმენის წარსული - ქართულ პოლიტიკურ წრეებში, განსაკუთრებით მისი პირველი პრესკონფერენეციის შემდეგ, არაერთხელ შეფასდა. მაგრამ საინტერესოა, როგორი პოლიტიკური მოთამაშე დაინახეს ბიძინა ივანიშვილის სახით ქართველმა პოლიტიკოსებმა.
”ახალი მემარჯვენეების” წევრი ფიქრია ჩიხრაძე მიიჩნევს, რომ ივანიშვილის გზავნილებს, რომელსაც მთელი საქართველო უსმენდა, აკლდა პოლიტიკური კონტექსტი. ხელისუფლების შეცვლის ამბიციის მქონე პოლიტიკურ ფიგურას ამ მხრივ მეტი მოეთხოვება, ფიქრობს ჩიხრაძე. თუმცა მისი მთავარი პრეტენზია ივანიშვილის მიმართ სხვაა:

”ეს არის მისი სურვილი, აბსოლუტური უმრავლესობით მოვიდეს ხელისუფლებაში. კარგ და ცუდ პოლიტიკოსზე, კარგ და ცუდ პიროვნებაზე არ არის ხოლმე დამოკიდებული დემოკრატიული სისტემის ჩამოყალიბება. დემოკრატიულ სისტემას გარკვეული რეალობა ქმნის და როდესაც აბსოლუტური უმრავლესობით მოდიან ადამიანები პოლიტიკაში, ისინი ძალიან ხშირად თავს ვეღარ ართმევენ სისტემურ ცვლილებებს.”

ფიქრია ჩიხრაძე ამბობს, რომ ბიძინა ივანიშვილს, როგორც წლების განმავლობაში ჩაკეტილ ფიგურას, დღესაც ეტყობა გარკვეული შეზღუდულობა, მაგრამ, მისი აზრით, პრობლემა უფრო ისაა, რომ ივანიშვილი პოლიტიკურად მწირ ინფორმაციას გასცემს:

”ერთია პოლიტიკური გამოცდილება, თუნდაც მედიასთან, მაგრამ მეორეა დამოკიდებულებები, რომლებიც ადამიანს ჩამოყალიბებული უნდა ჰქონდეს, როდესაც ამხელა პრეტენზიით მოდის. მე მომწონს, როდესაც ის ამბობს, რომ ყველაფერი არ იცის და უნდა გაერკვეს, მაგრამ როდესაც ფუნდამენტურ საკითხებზეც ამბობს, რომ მათ შესახებ მერე მოიფიქრებს და ექსპერტებთან ერთად გაივლის ძალიან მნიშვნელოვან პოლიტიკურ საკითხებს, ეს უკვე არ მომწონს. გამოდის, რომ მას მოფიქრებული მხოლოდ ის აქვს, რომ უმრავლესობით უნდა მოვიდეს და ყველაფერ სხვას მერე მოიფიქრებს”...

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გიგი წერეთელი გამოყოფს რამდენიმე დეტალს ივანიშვილის პრესკონფერენციიდან, რომელიც ეხებოდა მისი მთავრობაში მოსვლის შემთხვევაში კორუმპირებული წევრების დასჯას, სამართლიანობის აღდგენას. ამ გზავნილებს წერეთელი პიარის ქრესტომათიულ მაგალითს უწოდებს და ამას ბიზნესმენის იმიჯმეიკერების დამსახურებას მიაწერს. რაც შეეხება ივანიშვილს, როგორც ახალ პოლიტიკურ ფიგურას:

”ვერ ვიტყვი, შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის არის ხედვით ჩამოყალიბებული პოლიტიკოსი, რომელმაც ზუსტად იცის რა უნდა, რადგან ძალიან ბევრ საკითხზე მისი პასუხები ზოგადი და ზედაპირულია. ”ჩვენ მოვალთ, გავიმარჯვებთ, დავამარცხებთ სააკაშვილს” - ამის მსგავსი განცხადებები ხშირად მოგვისმენია. აქ ახალი არაფერია და საზოგადოებისთვისაც გაცილებით მნიშვნელოვანი იყო მეტი კონკრეტიკა. თუმცა, მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ის მიბმულია რუსეთთან თავისი რამდენიმე მილიარდიანი ქონებით და მისი შეხედულებები ემთხვევა რუსი მაღალჩინოსნების პოზიციას 2008 წლის ომთან, ემბარგოსა თუ ბევრ სხვა საკითხთან დაკავშირებით.”

პოზიტიურ მხარედ ქრისტიან-დემოკრატი ლევან ვეფხვაძე ბიძინა ივანიშვილის, ბოლოს და ბოლოს, საჯარო გამოჩენას ასახელებს, თუმცა ამბობს, რომ მას აქვს სუსტი მენეჯმენტის პრობლემა:

”ბევრი ადამიანი მირეკავდა გუშინ და მეუბნებოდა, რომ ივანიშვილს მილიონები კი აქვს ნაშოვნი, მაგრამ ერთი პრესკონფერენციის მართვა გაუჭირდა და მთელ ქვეყანას როგორ დაალაგებსო”..

”თავისუფალი დემოკრატების” პოლიტიკური მდივანი ალექსი პეტრიაშვილი კი, პირიქით, ფიქრობს, რომ, ექსტრემალურ პირობებში ჩატარებული პრესკონფერენციის მიუხედავად, რომლის სცენარიც, მისი სიტყვებით, სახელისუფლო კაბინეტებში დაიდგა, ბიძინა ივანიშვილმა მოახერხა საკუთარი თავის, როგორც ძლიერი პოლიტიკური ფიგურის, წარმოჩენა:

”მან ძალიან მნიშვნელოვან კითხვებს გასცა კონკრეტული პასუხი. იყო ძალიან გახსნილი და გულწრფელი, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება მისთვის, როგორც პოლიტიკური ლიდერისთვის, მშვენივრად წარმოაჩინა თავისი პოლიტიკური ხედვა როგორც საგარეო, ისე საშინაო პოლიტიკის თვალსაზრისით, და აშკარაა, რომ ის იმკვიდრებს ქართულ პოლიტიკურ სივრცეში თავს, როგორც ძლიერი პოლიტიკოსი.”

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG