Accessibility links

logo-print
28 თებ. , “არსენალი” - “ტოტენჰემი” 5:2
3 მარტი, “ლივერპული” - არსენალი” 1:2
6 მარტი, “არსენალი” - “მილანი” 3:0

ლონდონის “არსენალმა” 10 დღეში ზედიზედ სამი დიდი გუნდი დაამარცხა. და მართალია, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში ვერ გააღწია, მე მაიძულა ეს პოსტი დამედო ბლოგზე.

საზღვარგარეთ ყოფნისას პირველად მივდიოდი სტადიონზე ფეხბურთის სანახავად. საზღვარგარეთი ინგლისი იყო, სტადიონი - “ჰაიბერი”. შესაბამისად, “არსენალი” თამაშობდა. მისი მეტოქე ლიგის თასის მეოთხედფინალში კი “ლივერპული” იყო.

ამ თამაშზე მე თვითონ ბილეთს ვერ ვიშოვიდი, დაპატიჟებული ვიყავი. დამპატიჟებელსაც არ უშოვია, თამაშის დღემდე დიდი ხნით ადრე იყიდა. დამპატიჟებელს კოლინი ერქვა. მის სახელს ამ შემთხვევაში არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, უბრალოდ ბევრად უკეთ ჟღერს, ვიდრე დამპატიჟებელი.

კოლინი ჩემი ამხანაგის ამხანაგი იყო და თამაშის დღემდე არ ვიცნობდი. ერთი კვირით ადრე დამირეკა და მითხრა, ამ დღეს არაფერი დაგეგმო, ჩვენი საერთო მეგობრის თხოვნით, “ლივერპულის” თამაშზე წაგიყვანო.

თამაშის დაწყებამდე საკმაოდ ადრე მომაკითხა და მითხრა, ყველაფერს ისე გავაკეთებთ, როგორც ნაღდი ინგლისელი გულშემატკივრებიო. ლონდონთან ახლოს, რედინგში ვცხოვრობდი. მანქანით იყო და ვიფიქრე, ლონდონში იმით წავიდოდით, მაგრამ მანქანა სადგურთან დავტოვეთ და ჩვენ საგარეუბნო მატარებელში ჩავჯექით. ნახევარ საათში ლონდონში ვიყავით. პადინგტონის სადგურზე მეტროს ხაზზე გადავჯექით და დაიწყო...

ყოველ გაჩერებაზე ვაგონში ხალხის რაოდენობა მნიშვნელოვნად იზრდებოდა. მეც ვგრძნობდი, რომ ნელ-ნელა გაურკვეველი მღელვარება მეუფლებოდა. მეტროს დიქტორიც გააქტიურდა. ჯერ გამოაცხადა - იმის გამო რომ სტადიონის მისადგომები გადატვირთულია, მატარებელი “ჰაიბერისთან” არ გააჩერებსო. კოლინს გადავხედე და შევატყე, რომ მსუბუქად ღელავდა. ეტყობა მიმიხვდა, რადგან უკითხავად მიპასუხა იქიდანაც ახლოა, არ დაგვაგვიანდებაო. ცოტა ხანში დიქტორმა ისევ ამოიღო ხმა - “ჰაიბერის-წინა” სადგურზე მხოლოდ იმათ ავუშვებთ, ვისაც ფეხბურთის ბილეთი აქვსო. დიდი ხანია სტადიონზე არ ვყოფილვარო, ისე ამოიხვნეშა კოლინმა, რომ მივხვდი - ჩვენ საერთო მეგობარს რომ არ ეთხოვა თბილისიდან, ის კიდევ დიდხანს არ მოხვდებოდა ფეხბურთზე.

ამასობაში დიქტორმა ახალი ცნობით “გაგვახარა”: იმ მიზეზით, რომ სტადიონის მისასვლელებთან მოსალოდნელზე მეტი ხალხი მიაწყდა, თამაშის დაწყება 45 წუთით გადაიტანესო. თამაშამდე პაბში შესვლას მოვასწრებთო, ისევ ჩვენ სასარგებლოდ შემომიბრუნა კოლინმა.

ამასობაში, დანიშნულების ადგილს მივადეგით. ჩემი მაგნიტურსაფარიანი ბილეთი წესისამებრ ჩავუშვი ავტომატში, მეტროდან რომ გამოვსულიყავი, მაგრამ ავტომატი ბილეთს არ ღებულობდა. აღმოჩნდა, რომ ხალხის დიდი ნაკადის შეუფერხებლად გასატარებლად, ავტომატები გაეთიშათ.

ჩემი მოლოდინის საწინააღმდეგოდ პაბში ქალებიც იყვნენ, თუმცა იქაური ატმოსფერო მაინც საფეხბურთო მასკულინური მუხტით იყო გაჟღენთილი. გემრიელმა ლუდმა ოდნავ დამამშვიდა, მაგრამ ცოტა ხნით: რაც უფრო ვუახლოვდებოდით სტადიონს, მით უფრო იზრდებოდა აღგზნებული ადამიანების რიცხვი ჩვენს ირგვლივ. რაიონს პოლიციის შვეულმფრენები აკონტროლებდნენ. სტადიონის მისადგომებთან ცხენოსანი პოლიცია დაგვხვდა. ამხელა ცხენებს პირველად ვხედავდი, თუმცა, უფრო მცირე ზომისანი ვერ გაუძლებდნენ მათზე ამხედრებული გოლიათების სიმძიმეს. უკანასკნელი ბარიერი კონტროლიორი იყო. მან ბეტონისკედლებიან ვიწრო გასასვლელში შემიშვა, რომელშიც მხოლოდ ერთი კაცი გაეტეოდა და ჩემ ზოგად ნერვიულობას კლაუსტროფობიის ორიოდე წამიც დაემატა, მაგრამ მე უკვე “ჰაიბერიზე” ვიყავი.

სტადიონი გუგუნებდა, ათასფრად აჭრელებულ ტრიბუნებზე ჭარბობდა წითელი (გუნდების ფერები), არაბუნებრივად (ჩემი ჭკუით) ძლიერ განათების ფონზე “არაბუნებრივად” მწვანედ ხასხასებდა მოედანი.

სანამ ჩვენი ადგილებისკენ დავიძრებოდით, კოლინმა ყურში ჩამჩურჩულა მუდარით - ბილეთები “არსენალის” ტრიბუნაზე გვაქვს და რაც არ უნდა მოხდეს, არ გამოხატო “ლივერპულისადმი” შენი სიმპატიებიო. მისი გაფრთხილება არ მჭირდებოდა: ეს ის პერიოდი იყო, როცა ინგლისელი ფანების უსაქციელობის გამო ინგლისურ კლუბებს აკრძალული ჰქონდათ ევროპაში თამაში.

მაშინ ჯერ კიდევ არ იყო გაუქმებული ფეხზე დასადგომი ადგილები და ჩვენც სწორედ იქით მივემართებოდით “არსენალის” გავეშებულ ფანებთან ერთად, ისინი სიარულის დროს ტრიბუნის თუნუქით დაფარულ კედელს რიტმულად ურტყამდნენ ხელს და მთელი ხმით ბღაოდნენ იმას, რაც ჩემი ყურებისთვის ჟღერდა, როგორც „ოსენალ“ !!!

ჩემი პასიურობით გაღიზიანებულმა ჩემს უკან მყოფმა ჯეელმა საკმაოდ უხეშად მიბიძგა მხარში და მომიწოდა ფანებს ავყოლოდი. სხვა რა გზა მქონდა?! ჩემ მხრივ, წინ მდგომი კოლინი გავაფრთხილე და ჩვენც ყალბი ენთუზიაზმით მუშტების ბრაგუნი და ბღავილი ავტეხეთ. მაშინ ამის თავი არ მქონდა, ახლა კი ვხვდები, რომ ორივენი ძალიან ვგავდით ფაშისტების ქეიფზე მოხვედრილ და ყასიდად დალხენილ ლუი დე ფიუნესის დ ბურვილის ძებნილ გმირებს ფილმიდან “დიდი გასეირნება”.

ჩვენს ადგილებზე მისული, კიდევ ერთი რამით დავრჩი გაოცებული - ძალიან ბევრი გულშემატკივარი ყურსასმენებით უსმენდა ვოქმენს. აღმოჩნდა, რომ ისინი მუსიკას კი არა, სხვა მატჩების რეპორტაჟებს უსმენდნენ. გავოცდებოდი აბა რა - რადიო-ვოქმენები თუ არსებობდა, მაშინ ჩვენთან არც კი ვიცოდით.

თვითონ თამაშზე რა უნდა გითხრათ - “ლივერპული” და “არსენალი” იბრძოდნენ. იმ დღეს “არსენალს” გაუმართლა, 1 - 0 მოიგო.

ეს ძველი ამბავი მაშინ გამახსენდა, როცა ჩემმა მეგობარმა მომიყვა, თუ როგორ წაიყვანა გერმანელი დიპლომატი “დინამოს” სტადიონზე, თბილისში, საქართველოს ჩემპიონატის ცენტრალურ თამაშზე. “გადაჭედილი” ტრიბუნების დანახვაზე გერმანელს უკითხავს, სტადიონი რატომ არის დაჯარიმებულიო.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG