Accessibility links

logo-print

ბილდტი და მიჩელი "ისლამური სახელმწიფოს" საფრთხეებზე საუბრობენ


საქართველოს ხელისუფლება უარყოფს ცნობას იმის შესახებ, რომ მან სირიის ზომიერი მეამბოხეებისთვის აშშ-ს წვრთნების ჩატარება საქართველოში შესთავაზა. ინფორმაცია ამ შეთავაზების შესახებ გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ - "ფორინ პოლისიმ" გამოაქვეყნა. სტატიაში გამოქვეყნებულ ციტირებას უარყოფს საქართველოს ელჩი ამერიკაში, არჩილ გეგეშიძე, გამოცემა კი აცხადებს, რომ მასალის უკან დგას და მის შესწორებას არ აპირებს.

ამერიკულ მედიაში გამოქვეყნებული მასალების შემდეგ საქართველოს მთავრობამ სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ქვეყანაში არ იგეგმება საწვრთნელი ცენტრის გახსნა და არც სამხედრო კონტინგენტის გაგზავნა კოალიციის ფარგლებში.

ლინკოლნ მიჩელი

ლინკოლნ მიჩელი

რა შედეგი შეიძლება მოუტანოს ქვეყანას წვრთნების ჩატარებამ და იზრდება თუ არა ამით უსაფრთხოების რისკები, ამ კითხვით „ამერიკის ხმამ“ კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორს, ლინკოლნ მიჩელს მიმართა. მისი თქმით, საწვრთნელი ცენტრის ქვეყანაში შექმნა მას დიდ სამიზნედ აქცევს:

„მე ვფიქრობ ეს მძიმე გადაწყვეტილებაა საქართველოსთვის, ერთის მხრივ მას აქვს ინტერესები გლობალურ პოლიტიკაში, მას სურს მხარი დაუჭიროს დასავლეთს ისლამურ სახელმწიფოსთან ბრძოლაში. თუმცა საწვრთნელი ბანაკები საქართველოს დიდ სამიზნედ აქცევს. საქართველოსთვის წინა თვეს მაპი რომ მიეცათ, ამ იდეას საქართველოში დიდი მხარდაჭერა ექნებოდა, ახლა კი შეიძლება ადამიანებმა იკითხონ - რატომ ვშვებით ამას, კიდევ რა უნდა გავაკეთოთ იმისთვის რომ ნატოში მიგვიღონ. არ მინდა ეს საკითხი საქართველოში მოსახლეობის პოლიტიკურად დაყოფის მიზეზი გახდეს“, ამბობს მიჩელი.

"ამერიკის ხმასთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი აღნიშნავს, რომ საქართველოს გადასაწყვეტია თუ რა წვლილს შეიტანს ტერორიზმთან ბრძოლაში, რომელიც საყოველთაო საფრთხეა, მით უფრო რომ "ისლამური სახელმწიფოს" ზოგიერთ ლიდერს კავკასიასთან წარსულში კავშირები ჰქონდა.

კარლ ბილდტი

კარლ ბილდტი

„ამ ვითარებაში ისინი აკვირდებიან ყველას, იმისდა მიხედვით ვინ რას აკეთებს. არა მხოლოდ "ისლამური სახელმწიფო", არამედ ტერორისტული ჯგუფები, ზოგადად გრძელვადიანი საფრთხეა ყველა საზოგადოებისთვის, მიმაჩნია, რომ საქართველო შვედეთზე მეტად მერყევ რეგიონშია.“

ეგრეთწოდებული "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ გადაწყვეტილება ამერიკის პრეზიდენტმა ორი კვირის წინ მიიღო. კოალიციამ, რომელშიც დასავლელ პარტნორებთან ერთად ხუთი არაბული სახელმწიფო შედის, რამდენიმე საჰაერო იერიში უკვე მიიტანა ერაყზე და სირიაზე.

დღეს გაეროში სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ობამამ ცივილიზებულ სამყაროს შეთანხმებისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ ტერორისტების სამოთხის შეწყნარებას არ აპირებს.

XS
SM
MD
LG