Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

„ბინძური ფულისა და ბინძური პოლიტიკის“ ალიანსი უკრაინაში


ვიქტორია ნულანდ
ვიქტორია ნულანდ

16 მარტს შესრულდა ორი წელი მას შემდეგ, რაც ყირიმში ჩატარდა რეფერენდუმი, რომელსაც მოჰყვა რუსეთის მიერ უკრაინის კუთვნილი ნახევარკუნძულის ანექსია. ამ თარიღამდე ერთი დღით ადრე კი, 15 მარტს, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილე ვიქტორია ნულანდმა ამერიკელ სენატორებს გააცნო ვითარება უკრაინაში კორუფციასთან ბრძოლის მხრივ. მისი თქმით, ოლიგარქები და კლეპტოკრატები, რომლებიც მრავალი წელი აკონტროლებდნენ უკრაინას, ყველანაირად ცდილობენ რეფორმების შეჩერებას.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ვიქტორია ნულანდმა სამშაბათს ისაუბრა უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე - კერძოდ, რეფორმების გატარების, პირველ რიგში, კორუფციასთან ბრძოლის სირთულეებზე.

“ოლიგარქებმა და კლეპტოკრატებმა, რომლებიც ათწლეულების განმავლობაში აკონტროლებდნენ უკრაინას, იციან, რომ მათი ბიზნესმოდელი ჩაიშლება, თუ „მაიდნის“ რეფორმები 2016 წელს წარმატებული იქნება. ამიტომ იბრძვიან ანგარიშის გასასწორებლად, ძველი სისტემის ყველა ბერკეტის გამოყენებით: მედიაზე, სახელმწიფო საწარმოებზე, პარლამენტის დეპუტატებზე, სასამართლოებსა და პოლიტიკურ სისტემაზე კონტროლის მეშვეობით“, - აღნიშნა ნულანდმა ვაშინგტონში, აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში გამართულ სხდომაზე. ის შიშობს, რომ თუ წარმატება არ მოჰყვება ეკონომიკის ლიბერალიზაციისა და მექრთამეობის დასამარცხებლად მიმართულ ძალისხმევას, უკრაინას რეგრესი ემუქრება - დაბრუნება ეტაპზე, როცა ის კორუფციაში ჩაფლული ვასალი სახელმწიფო იყო.

ნულანდისა და ზოგი სხვა ამერიკელი ოფიციალური პირის, მათ შორის, ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ბოლოდროინდელი განცხადებები ცხადყოფს შეშფოთებას ვითარებით, როცა, მათი შეფასებით, უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო და პრემიერ-მინისტრი არსენი იაცენიუკი საკმარისად არ აქტიურობენ მრეწველობის წამყვან დარგებში, სამინისტროებში, სახელმწიფო უწყებებში ცვლილებების მოსახდენად.

2014 წელს, უკრაინაში ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლებისა და მათ შედეგად პრეზიდენტ ვიქტორ იანუკოვიჩის მმართველობის დამხობის შემდეგ, ახალმა პრეზიდენტმა პოროშენკომ (თავადაც შეძლებულმა ბიზნესმენმა) ოლიგარქებს მოუწოდა დახმარებოდნენ კიევს რეგიონების სტაბილიზაციაში. ეს ეხება აღმოსავლეთ უკრაინასაც, სადაც რუსეთის მხარდაჭერით მოქმედ სეპარატისტებთან დაპირისპირება ნამდვილ სამოქალაქო ომში გადაიზარდა. მაგრამ, რეფორმებისაკენ მოწოდებისა და პოროშენკოზე უცხოელი დონორების ზეწოლის მიუხედავად, ბევრი ოლიგარქი უპირატესობას კვლავაც ანიჭებს, უწინარეს ყოვლისა, საკუთარ ბიზნესინტერესებზე ზრუნვას.

ბოლო კვირებში უკრაინაში რეფორმების მომხრედ მიჩნეული რამდენიმე მინისტრი გადადგა, მათ შორის, ეკონომიკის მინისტრი აივარას აბრომავიჩიუსი, რომელმაც პოროშენკოს გავლენიანი მოკავშირე დაადანაშაულა შემოსავლიან პოსტებზე თავისთვის სასურველი კადრების შერჩევაში. ამას გარდა, დასავლელი ოფიციალური პირები თვეების განმავლობაში მოითხოვდნენ უკრაინის გენერალური პროკურორის, ვიქტორ შოკინის, გადადგომას, რახან მან თავი ვერ გაართვა რეფორმას საკუთარ უწყებაში. გენპროკურატურა უკრაინაში ერთ-ერთ ყველაზე კორუმპირებულ უწყებად ითვლება. შოკინი თებერვალში გადადგა - იმავე დღეს, როცა იაცენიუკის მთავრობა ბეწვზე გადაურჩა პარლამენტში მისთვის უნდობლობის გამოცხადებას.

ამასობაში, საერთაშორისო სავალუტო ფონდმა გააფრთხილა კიევი, რომ არ მიაწვდის დახმარების პაკეტის - 40 მილიარდი დოლარის - მორიგ ტრანშს ცვლილებების განხორციელებამდე.

„ყოველი კვირა, როცა უკრაინა წინ არ მიიწევს, როცა რეფორმები ყოვნდება, მას არ მიეწოდება საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და საერთაშორისო დახმარება და ისინი, ვინც ქვეყანასა თუ უცხოეთში ძველ უკრაინას ანიჭებს უპირატესობას, უფრო თავდაჯერებული ხდებიან“, - აღნიშნა ვიქტორია ნულანდმა სენატორებთან შეხვედრისას.

თუმცა, ამ საკმაოდ პირქუში სურათის დახატვის მიუხედავად, მან გამოსვლა ოპტიმისტური პროგნოზით დაასრულა: „კვლავაც გვჯერა, რომ 2016 შეიძლება და უნდა იყოს წელი, როცა უკრაინა თავს დააღწევს ბინძური ფულისა და ბინძური პოლიტიკის არაწმინდა ალიანსს, რომელიც მეტისმეტად დიდხანს ძარცვავდა უკრაინელებს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG