Accessibility links

logo-print

სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტის სამეცნიერო ჯგუფი სამგანზომილებიანი პრინტერის საშუალებით ცდილობს ორგანიზმის ცოცხალი ქსოვილის შექმნას.

სამხრეთ კაროლინის სამედიცინო უნივერსიტეტში მეცნიერები 2003 წლიდან მუშაობენ ცოცხალი ქსოვილის ხელოვნურად შექმნაზე. გამოგონებას ბიოფაბრიკაციას უწოდებენ. მკვლევარი სარა გრეის დენისი ამბობს, რომ ახალმა ტექნიკურმა საშუალებებმა, როგორიცაა, მაგალითად, პალმეტოს სამგანზომილებიანი ბიოპრინტერი, ხელი შეუწყო პროექტის წარმატებას. „ერთი წლის წინ, აქ რომ მოვედი, ჯერ კიდევ გაურკვეველი იყო, შეიძლებოდა თუ არა ქსოვილის შექმნა. ახლა ჩვენ სამგანზომილებიანი პრინტერით ვბეჭდავთ ძვლოვანი კუნთის ანალოგის იმპლანტს და მას თაგვებს ვუნერგავთ“ - ამბობს მეცნიერი.

მკვლევარები ამზადებენ რთული შემადგენლობის ხსნარს, რომელსაც ბიომელანს უწოდებენ. ის შეიცავს გლუკოზას, ცილებს და იმავე თაგვის ორგანიზმის ცოცხალ უჯრედებს, რომლებსაც ახალ ქსოვილს უნერგავენ. სარა გრეის დენისის თქმით, „ქსოვილში დაახლოებით მილიონნახევარი უჯრედი იქნება“.

ბიომელანს პრინტერის თავზე მოთავსებულ სამივე გამანაწილებელში ასხამენ. მის საბეჭდ სიბრტყეზე სწორ განლაგებას ლაზერებით აკონტროლებენ. კვლევის ქირურგიული ნაწილის ერთ-ერთი ხელმძღვანელი, ექიმი მაიკლ იოსტი ამბობს, რომ ბეჭდვის პროცესი მთლიანად ავტომატიზებულია.

„სამგანზომილებიანი ბიოპრინტერის წყალობით ისეთი ქსოვილი შევქმენით, რომელსაც ახალი ქსოვლის წარმოქმნა მომავალში ისეთ მნიშვნელოვან ორგანოებში შეეძლება, როგორიცაა პანკრეასი, ღვიძლი და თირკმელი“ - განმარტავს მაიკლ იოსტი.

მკვლევრები ამბობენ, რომ ცოცხალი ქსოვილის შექმნის ტექნოლოგია ჯერ საწყის ეტაპზეა. მათ იმედი აქვთ, რომ რამდენიმე წელიწადში შეძლებენ ადამიანის დაზიანებული ორგანოების ქსოვილის ჩანაცვლებას.

„ქსოვილის ბიოფაბრიკაცია რეალობაა და ამაში დარწმუნების შესაძლებლობა მსურველებს ჩვენს ლაბორატორიაში უკვე აქვთ. შეუძლიათ მოვიდნენ და ვაჩვენებთ. მართალია, მას ვერ შეეხები, მაგრამ შეხედვა შეიძლება და დარწმუნდებით, რომ ეს რეალობას შეესაბამება“ - აღნიშნავს მაიკლ იოსტი.

ამასთან ერთად, მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ საბოლოო წარმატების მისაღწევად მათ ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევის დაძლევა მოუწევთ, რაც ქსოვილისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობის მქონე სისხლით მომარაგებით უზრუნველყოფაში მდგომარეობს.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG