Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპს სურს აშშ-ის ბირთვული არსენალი „საუკეთესო“ იყოს


დონალდ ტრამპი
დონალდ ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი, აცხადებს, რომ სურს გააძლიეროს თავისი ქვეყნის ბირთვული არსენალი, რათა ის იყოს „საუკეთესო“ ბირთვული იარაღის მქონე ქვეყნებს შორის.

სააგენტო „როიტერთან“ ინტერვიუში ტრამპმა განაცხადა, ატომური შესაძლებლობებით აშშ ჩამორჩაო.

„ძალიან კარგი, საოცნებო მსოფლიო იქნებოდა ის, რომელშიც არც ერთ ქვეყანას არ ექნებოდა ატომური იარაღი, მაგრამ თუ ქვეყნებს ეს შეიარაღება ექნებათ, ჩვენ ამაში საუკეთესოები ვიქნებითო“, განაცხადა ტრამპმა.

გადმოწერა

ტრამპმა ასევე განაცხადა, აშშ-სა და რუსეთს შორის 2010 წლის ახალი შეთანხმება სტრატეგიული შეტევითი შეიარაღების შეზღუდვის შესახებ (ანუ New START-ი) „ცალმხრივიაო“. შეთანხმება ორივე მხარისგან მოითხოვს მომავალი წლის თებერვლამდე თანაბარ დონემდე შეამცირონ სტრატეგიული ბირთვული იარაღის არსენალი და ეს დონე 10 წლის განმავლობაში შეინარჩუნონ. ამასთან, შეთანხმება ორივე მხარეს ბირთვული ქობინების მაქსიმალურ რაოდენობად 1550-ს უწესებს.

„მორიგი ცუდი შეთანხმება, რომელიც ამ ქვეყანამ გააფორმა, იქნება ეს „სტარტი“ თუ ირანთან ბირთვული შეთანხმება“, - განაცხადა ტრამპმა და დასძინა, ამიერიდან აშშ კარგ შეთანხმებებს გააფორმებსო.

ტრამპს ბევრჯერ აქვს გაკრიტიკებული შეთანხმება, რომელიც 2015 წლის ივლისში გაფორმდა მსოფლიოს წამყვან ქვეყნებსა და ირანს შორის და რომელმაც ირანის ბირთვული პროგრამა შეზღუდა ეკონომიკური სანქციების ნაწილის მოხსნის სანაცვლოდ.

„როიტერისთვის“ მიცემულ ინტერვიუში ტრამპს არ დაუკონკრეტებია, აპირებს თუ არა START-თან მიმართებით ნაბიჯების გადადგმას - მაგალითად, შეთანხმებიდან გამოსვლას ან მისი შეცვლის მცდელობას.

რუსეთში კრემლის მომხრე გავლენიანმა დეპუტატმა ალექსეი პუშკოვმა ტრამპის პასუხად „ტვიტერით“ დაწერა, აშშ-ის ბირთვული პოტენციალის გაფართოების შესახებ ტრამპის განცხადება კითხვის ქვეშ აყენებს სტრატეგიული შეიარაღების შემცირების შესახებ შეთანხმებებს და მსოფლიოს მეოცე საუკუნეში აბრუნებსო.

კიდევ ერთმა დეპუტატმა, ასევე კრემლის მომხრე ვიაჩესლავ ნიკონოვმა, სააგენტო „ინტერფაქსს“ უთხრა, ტრამპს უნდა ესმოდეს, რომ აშშ-ის მხრიდან ბირთვული რაკეტების პოტენციალის გაზრდისკენ მიმართული ნებისმიერი ნაბიჯი მოიტანს ჩვენი მხრიდან სიმეტრიულ და ასიმეტრიულ პასუხს - როგორც სარაკეტო თავდაცვითი სისტემის შექმნის, ისე, თუ საჭიროდ ჩავთვლით, ბირთვული პოტენციალის გაზრდის თვალსაზრისით, იმ ზღვრის მიღმაც, რომელიც შეთანხმება სტარტმა დაგვიწესაო.

„როიტერის“ ინფორმაციით, ინტერვიუს დროს ატომური იარაღის შესახებ ტრამპმა ისაუბრა „ტვიტერით“ გავრცელებული იმ შეტყობინების პასუხად, რომელიც დეკემბერში, ინაუგურაციამდე დაწერა და რომელშიც ამბობდა, აშშ-მა უნდა „დიდად გააძლიეროს და გააფართოოს თავისი ბირთვული შესაძლებლობებიო“.

თუმცა ტრამპს ინტერვიუში კონკრეტულად არ უსაუბრია აშშ-ის არსენალის გაზრდის გზებზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG