Accessibility links

logo-print

საქართველოს პარლამენტში "2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ" კანონის პროექტის განხილვა საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტიდან დაიწყო. როგორც ცნობილია, ახალი ბიუჯეტის მიხედვით, ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ასევე განათლებისა და მეცნიერების და ინფრასტრუქტურისა და რეგიონალური განვითარების სამინისტროებს გამოეყოფა. მომავალი წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 3 %-იანი ზრდის მაჩვენებელზე, ბიუჯეტის დეფიციტი მთლიანი შიდა პროდუქტის 3 %-ის ფარგლებში იქნება, ხოლო ინფლაციის მაჩვენებელი გამოყენებულია ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლების ფარგლებში და ის, დაახლოებით, 4-4,5 პროცენტი იქნება.

ბიუჯეტის ახალი, 2016 წლის, პროქტის მიხედვით, მთავრობა ძირითად პრიორიტეტებად კვლავაც სოციალური სფეროსა და ინფრასტრუქტურული პროექტების დაფინანსებას ტოვებს. ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენელი 8 მილიარდ 225 მილიონი ლარით განისაზღვრა. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებები 9 მილიარდ 920 მილიონი ლარი იქნება, მათ შორის, საბიუჯეტო სახსრები 9 მილიარდ 110 მილიონ ლარს, გრანტები 130 მილიონ ლარს, ხოლო კრედიტები 680 მილიონ ლარს შეადგენს.

„ბიუჯეტი დაგეგმილია ეკონომიკის 3 %-იანი ზრდის მაჩვენებლის მიხედვით, ინფლაციის მაჩვენებელი კი გამოყენებული იქნება ეროვნული ბანკის პოლიტიკით განსაზღვრული მაჩვენებლის ფარგლებში და, დაახლოებით, 4,5 % იქნება. ეკონომიკა ნომინალურ გამოხატულებაში სამ მილიარდ ლარზე მეტად გაიზრდება და 33,8 მილიარდ ლარს მიაღწევს“, - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჯერ კიდევ 23 სექტემბერს მთავრობის სხდომაზე გააკეთა, როდესაც ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ბიუჯეტთან დაკავშირებულ დეტალებზე ილაპარაკა. 5 ოქტომბერს კი ბიუჯეტის პროექტის განხილვა საქართველოს პარლამენტში, საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე დაიწყო. კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის ნოდარ ებანოიძის განცხადებით, მომავალი წლის ფისკალური და მაკროეკონომიკური მაჩვენებელი კონსერვატიული მიდგომით არის დაგეგმილი და 2016 წლისთვის მშპ-ს რეალური ზრდის პროგნოზი 3.0 %-ს, ხოლო მშპ-ს დეფლატორი 4.5 %-ს შეადგენს:

„მაკროპარამეტრებით ბიუჯეტი უფრო მეტი უნდა იყოს, მაგრამ იმ გლობალური გამოწვევების ფონზე, რაც დღეს მსოფლიოში და ჩვენს გარშემო არსებობს, ვფიქრობ, ამ პარამეტრებში უნდა დავრჩეთ. ჩვენ სხვა გამოსავალი ამ ეტაპზე არ გვაქვს“.

მომავალი წლისთვის ყველაზე მეტი დაფინანსება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს გამოეყოფა. 2015 წელთან (2 მილიარდ 785 მილიონი ლარი) შედარებით, ჯანდაცვის უწყების ბიუჯეტი გაზრდილია და, 2016 წლის პროექტის მიხედვით, 3 მილიარდ 70 მილიონ ლარს შეადგენს (ბიუჯეტის მთლიანი გადასახდელების 30.9 %). აქ იგულისხმება ისეთი პროგრამების განხორციელება, როგორიცაასოციალური დაცვა და საპენსიო უზრუნველყოფა, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამები, სამედიცინო დაწესებულებათა რეაბილიტაცია და აღჭურვა.
2015 წელთან (840 მილიონ 800 ათასი) შედარებით, გაზრდილია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტი და, 2016 წლის პროექტის მიხედვით, 975,2 მლნ ლარს შეადგენს. მათ შორის, ზოგადი განათლების დასაფინანსებლად - 572,9 მილიონი ლარი, რომელიც განმარტებითი ბარათის თანახმად, ითვალისწინებს სკოლის პედაგოგების ხელფასების მატებას (2015 წლის სექტემბრიდან საბაზო ხელფასი გაიზარდა 305 ლარიდან 355 ლარამდე, ხოლო 2016 წლის აპრილიდან 405 ლარამდე გაზრდაა დაგეგმილი) და, ასევე,მაღალმთიან რეგიონებში მომუშავე პედაგოგებისთვის დანამატების დასაფინანსებლად საჭირო ხარჯებს.

3 %-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენებს, რომ ჩვენ რეალურად გაჩერებულები ვართ, ეკონომიკა არ იზრდება. ამ ბიუჯეტის მთავარი პრობლემაა ისიც, რომ მთავრობა შემოდის ისეთი ბიუჯეტით, თითქოს ეკონომიკაში პრობლემები არ იყოს...

2015 წელთან (945 მილიონ 501 ათასი ლარი) შედარებით,გაზრდილია ასევე რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ბიუჯეტი და, 2016 წლის პროექტის მიხედვით, 950 მლნ ლარს შეადგენს, რომლის ფარგლებში გათვალისწინებულია: საგზაო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისთვის - 526.6 მილიონი ლარი, რეგიონალური და მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციისთვის - 246,2 მილიონი ლარი, წყალმომარაგების ინფრასტრუქტურის აღდგენა-რეაბილიტაციისთვის - 170, 6 მილიონი ლარი.

ბიუჯეტის პროექტის თანახმად, გაზრდილია თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სოფლის მეურნეობის, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის, ენერგეტიკის, საგარეო საქმეთა, კულტურის, იუსტიციის, სპორტის სამინისტროების ბიუჯეტები. 2015 წელთან შედარებით, შემცირებულია ფინანსთა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროების ბიუჯეტები.

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, 2015 წელთან (70 მლნ ლარი) შედარებით, მთავრობის სარეზერვო ფონდი შემცირდა და მომავალ წელს 50 მლნ ლარით განისაზღვრა, ხოლო პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი უცვლელი რჩება და მისთვის კვლავ 5 მლნ ლარის გამოყოფა იგეგმება. გარდა ამისა, პროექტის მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულებისთვის გადასაცემი ტრანსფერის მოცულობა 620 მლნ ლარს შეადგენს.

საპარლამენტო უმცირესობაში ბიუჯეტს აკრიტიკებენ. „ახალი პოლიტიკური ცენტრის“ წარმომადგენლის ზურაბ ჯაფარიძის შეფასებით, წარმოდგენილი ბიუჯეტი იმის დასტურია, რომ მთავრობასაც კი არა აქვს იმის მოლოდინი, რომ საქართველოს ეკონომიკა წინ წავა:

„3 %-იანი ეკონომიკური ზრდა აჩვენებს, რომ ჩვენ რეალურად გაჩერებულები ვართ, ეკონომიკა არ იზრდება. ამ ბიუჯეტის მთავარი პრობლემაა ისიც, რომ მთავრობა შემოდის ისეთი ბიუჯეტით, თითქოს ეკონომიკაში პრობლემები არ იყოს. ფულს კიისევ ისე ხარჯავს, როგორც აქამდე ხარჯავდა“.

პრობლემაა ისევ ის, რომ სოციალური ხარჯები არის ისევ გაზრდილი, მაგალითად, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ბიუჯეტები. მთავრობა კვლავაც განაგრძობს ისეთი პასუხისმგებლობების აღებას, რომლებზეც ხარჯი ყოველწლიურად ძალიან მზარდია და, შესაბამისად, დეფიციტური ხარჯის შანსებიც იზრდება...

საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი „ნაციონალური მოძრაობიდან“ ლევან თარხნიშვილი აცხადებს, რომ წარმოდგენილ ბიუჯეტში ასახული არ არის ის პრობლემები, რაც დღეს აქვს ეროვნულ ვალუტას და არსებობს ქვეყნის ეკონომიკაში:

„ეს ბიუჯეტი, უბრალოდ, არ ასახავს იმ რეალობას, კრიზისს, რომელშიც ქვეყანა დღეს იმყოფება და მასში საერთოდ არ არის ასახული ის პრობლემები, რაც ლარს აქვს ანდა საგადასახადო სისტემას და ა.შ.“.

ეკონომისტი, „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ლექტორი ზვიად ხორგუაშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში შენიშნავს, რომ კარგი იქნებოდა ბიუჯეტი შემცირებულიყო, რაც, თავის მხრივ, ლარის კურსის გამყარებას შეუწყობდა ხელს. დღეს ეს სოციალურად ორიენტირებული ბიუჯეტი, მისი თქმით, მოუქნელია და მისი შემცირება იქნება ძალიან რთული, თუმცა ახლო მომავალში გარდაუვალი პროცესი:

„პრობლემაა ისევ ის, რომ სოციალური ხარჯები არის ისევ გაზრდილი, მაგალითად, ჯანდაცვისა და განათლების სამინისტროების ბიუჯეტები. მთავრობა კვლავაც განაგრძობს ისეთი პასუხისმგებლობების აღებას, რომლებზეც ხარჯი ყოველწლიურად ძალიან მზარდია და, შესაბამისად, დეფიციტური ხარჯის შანსებიც იზრდება. ანუ დეფიციტი არ შემცირებულა ბიუჯეტში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია ფინანსური სტაბილურობისათვის. კვლავ ვალით ხდება დაფინანსება, რაც ლარის მასას კიდევ უფრო ზრდის. ეს ყველაფერი კი არა მხოლოდ ინფლაციურ პროცესებს უწყობს ხელს, არამედ ვალუტის კურსთან მიმართებითაც უარყოფითი ფაქტორია“.

ზვიად ხორგუაშვილი ასევე აცხადებს, რომ ეკონომისტების კრიტიკა შეეხება არა იმას, თუ რატომ გაკეთდა მომავალი წლის ბიუჯეტი სამპროცენტიან ზრდაზე, არამედ იმას, თუ რატომ მივედით საერთოდ აქამდე. რა არის გამოსავალი? - ვკითხეთ ეკონომისტს:

„პირველ რიგში, მთავრობამ ქვეყანაში მაკროეკონომიკური სტაბილურობა უნდა აღადგინოს. ეს კი, პირველ რიგში, დეფიციტის შემცირებით უნდა გააკეთოს, რაც გარკვეულწილად ლარის სტაბილურობას გამოიწვევს. მთავრობამ უნდა მიმართოს როგორც ბიზნესს, ისე მოსახლეობას, რომ გადასახადების შემცირებას განაგრძობს, მაგალითად, რაც შეეხება დღგ-სა და აქციზის გაზრდილ გადასახადებს და ა.შ. ცხადია, ეს არ არის მოკლევადიანი პროცესი, შეუძლებელია ამის რამდენიმე დღეში დალაგება და 10 %-იანი ეკონომიკური ზრდის ქონა, მაგრამ პრობლემაც ესაა, რომ ჯერჯერობით ვერ ვხედავთ ვერც გზავნილებს, ვერც სურვილს მთავრობისგან, რომ რეფორმებისკენ მკვეთრი ნაბიჯები გადაიდგას“.

ბიუჯეტის განხილვა საპარლამენტო კომიტეტებსა და ფრაქციებში გრძელდება, პარლამენტი კი შეჯერებულ ვარიანტს, სავარუდოდ, დეკემბრის შუა რიცხვებში დაამტკიცებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG