Accessibility links

logo-print
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გორის საკრებულოს თავმჯდომარემ ზვიად ხმალაძემ და ახალმა გამგებელმა პაპუნა კობერიძემ საზოგადოებას 2013 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის პროექტი წარუდგინეს. დამტკიცებამდე ბიუჯეტის საჯარო განხილვამ დიდი ინტერესი გამოიწვია და ცხარე დისკუსიაც გაიმართა. მომავალი წლის ბიუჯეტში სოციალურ და ინფრასტრუქტურულ პროექტებში მატებაა, ასევე იზრდება სოფლის მეურნეობის ხელშეწყობის პროგრამის დაფინანსება. ეკონომისტმა თამარ ედიშერაშვილმა ახალ გამგეობას მოუწოდა, ბიუჯეტში ცვლილებები არა მხოლოდ ფორმის, შინაარსის თვალსაზრისითაც შეიტანონ. მისი აზრით, ადგილობრივ მთავრობას განვითარების 5-წლიანი პროგრამაც კი წინასწარ უნდა ჰქონდეს შემუშავებული.

დისკუსია მოჰყვა ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალური გამოცემების დაფინანსებას. საზოგადოების ერთი ნაწილის აზრით, ხელისუფლება მედიას არ უნდა აფინანსებდეს.

საკრებულოს თავმჯდომარე ზვიად ხმალაძე აცხადებს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში საზოგადოების შენიშვნები მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული.

გორის მცხოვრების არინა თავაქარაშვილის აზრით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, უპირველეს ყოვლისა, განათლებისა და სოციალური მიმართულებები უნდა დაფინანსდეს.

გორის გამგებლის მოადგილე ნინო წეწვაძე აცხადებს, რომ ახალ ხელისუფლებას მეტად მცირე დრო ჰქონდა ბიუჯეტის პროექტის დეტალურად განსახილველად, მაგრამ ახალი გამგეობა ყველაფერს გააკეთებს იმისათვის, რომ საზოგადოების ინტერესი მაქსიმალურად იყოს გათვალისწინებული.

პარასკევს საკრებულო გორის ახალ ბიუჯეტს დაამტკიცებს, რომელიც 17 მილიონ 466 ათასი ლარით განისაზღვრა.
XS
SM
MD
LG