Accessibility links

logo-print

2016 წლის ბიუჯეტის პროექტის გამოწვევები


საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

საქართველოს ფინანსთა სამინისტრო

2015 წლის 1 ოქტომბრისთვის საქართველოს პარლამენტს უკვე წარდგენილი ჰქონდა 2016 წლის ბიუჯეტი. მიმდინარე დღეებში პარლამენტარები პროექტს საპარლამენტო კომიტეტების ფარგლებში განიხილავენ და საკუთარი დასკვნებით უკან დუბრუნებენ ხელისუფლებას. ჩვენ პროექტის შემოსვლის მომენტისთვის უკვე ვისაუბრეთ საბიუჯეტო პარამეტრებსა და ძირითად მონაცემებზე. გუშინ ბიუჯეტთან დაკავშირებით საკუთარი დასკვნა გამოაქვეყნა არასამთავრობო ორგანიზაციამ „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“. ამჯერად ცოტა უფრო დეტალურად შევჩერდებით იმ პრობლემებზე, რომელთაც ორგანიზაცია განსაკუთრებით საყურადღებოდ მიიჩნევს.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს“ ექსპერტები აღნიშნავენ, რომ საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 3 %-იან ზრდაზეა გათვლილი, მაშინ როცა 2016 წელს სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯები 356.6 მილიონი ლარით იზრდება, რაც 4.45 %-ით მეტია 2015 წლის ხარჯებზე. ასევე დაგეგმილია სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების 404 მილიონი ლარით გაზრდა, რაც 5.08 %-ით აღემატება 2015 წლის მაჩვენებელს. იმის გათვალისწინებით, რომ 2015 წელს სახელმწიფო შეეცადა ხარჯები შეემცირებინა ლარის გაუფასურებითბიუჯეტისთვის მიყენებული ზიანის გამო, გაუგებარია რატომ ხდება დამატებით ხარჯების გაზრდა.

2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, მხოლოდ ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება 57.2 მილიონი ლარით იზრდება, მაშინ როცა 2015 წელს, 2014 წელთან შედარებით, ცენტრალური მთავრობის სახელმწიფო აპარატის შრომის ანაზღაურება უკვე 85.1 მილიონი ლარით გაიზარდა, ხოლო, 2012 წელთან შედარებით, 389.2 მილიონი ლარით.

უნდა აღინიშნოს, რომ, ისევე როგორც გასული წლების განმავლობაში, ბიუჯეტი სოციალურ ხარჯებზეა ორიენტირებული და არ ხდება თანხების მაქსიმალურად მობილიზება ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რაც, თავის მხრივ სამუშაო ადგილების შექმნასა და ეკონომიკის ზრდას უწყობს ხელს. 2016 წელს, წინა წელთან შედარებით, 285 მილიონი ლარით (10.23%) იზრდება შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაფინანსება როგორც ჯანდაცვის, ისე სოციალური დაცვის მიმართულებით, კერძოდ:
სოციალური დაცვის გაზრდილი ხარჯები, ძირითადად, მოსახლეობის სოციალურ დაცვაზე (6.96 %-იანი ზრდა, 142 მილიონი ლარი), საპენსიო უზრუნველყოფაზე (90 მილიონი ლარი, 6.47 %) მოდის. 2016 წელს, 2015 წელთან შედარებით, სოციალური დაცვის ხარჯები, ჯამში, 232 მილიონი ლარით იზრდება. ჯანდაცვის გაზრდილი ხარჯები საყოველთაო ჯანმრთელობის დაცვისთვის (100 მილიონი ლარი, 21.28% ზრდა) (2) C ჰეპატიტის მართვისთვისაა (22 მილიონი ლარი) გათვალისწინებული. აღსანიშნავია, რომ 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტში ეს პროგრამა არ იყო მოცემული. ამასთან, შესაძლებელია ბიუჯეტში სოციალური დანახარჯების გაზრდა იმითაც იყოს გამოწვეული, რომ 2016 წელი სქართველოში საარჩევნო წელია.

ორგანიზაციის მიერ გაკეთებული აქცენტები, მართლაც, საინტერესოა. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ გადაჭარბებული მოლოდინები და დამატებითი სოციალური ხარჯები არა მხოლოდ ბიუჯეტს უქმნის პრობლემას, არამედ თვისებრივად არასწორი მიმართულებით მიჰყავს ქვეყნის ეკონომიკა, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტს არ ასრულებინებს ეკონომიკური ზრდის მასტიმულირებლის როლს. ეს მაშინ, როცა ქვეყნის ექსპორტი 30 პროცენტზე მეტადაა შემცრებული, ასევე ანალოგიური მაჩვენებლით არის შემცირებული გზავნილები, რომლებიც წლების მანძილზე საქართველოს ეკონომიკის თითქმის 6 პროცენტს შეადგენდა.

ახლა, როგორც ვთქვით, ბიუჯეტის პროექტს პარლამენტარები განიხილავენ. მნიშვნელოვანია, რომ ცვლილებები რაციონალური გათვლით გაკეთდეს და არა პოპულისტური მისწრაფებების სასარგებლოდ, რამაც ბიუჯეტი შესაძლოა კიდევ უფრო არაეფექტური გახადოს.​

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG