Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიუჯეტის პროექტის ცხარე განხილვა


საქართველოს პარლამენტში 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა გრძელდება. მის მიმართ შენიშვნებს გამოთქვამენ როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები, ისე საპარლამენტო უმრავლესობისა და მთავრობის წარმომადგენლებიც კი. თუ ოპოზიცია ბიუჯეტის პროექტში მთავრობის გაზრდილი ხარჯების შემცირებას მოითხოვს, მმართველი პოლიტიკური ძალის ზოგიერთი წარმომადგენელი სამინისტროების დაფინანსების გაზრდას ემხრობა.

16 ოქტომბერს საპარლამენტო უმცირესობას 2015 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა წარუდგინა. მან კიდევ ერთხელ განაცხადა, რაც სხვა გამოსვლებშიც აღუნიშნავს, რომ მომავალი წლის ბიუჯეტის პროექტი კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო პროგრამას ეფუძნება:

”2013 წლიდან დაიწყო და მიმდინარე წელს კიდევ უფრო გაფართოვდა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სამედიცინო მომსახურების მიღება შესაძლებელია საქართველოს ყველა მცხოვრებისათვის. სოციალური და ჯანდაცვის პროგრამების ზრდის პარალელურად მნიშვნელოვნად გაიზარდა ინფრასტრუქტურული პროექტებისა და სოფლის მეურნეობის დაფინანსება”.

ხელფასებზე, პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე 2015 წელს დაგეგმილია 323 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ეს იხარჯებოდა 2012 წელს სააკაშვილის მთავრობის შენახვაზე. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია...
ზურაბ ჯაფარიძე

ფინანსთა მინისტრის ამ და სხვა განცხადებებმა „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების კრიტიკა გამოიწვია, რომელიც მოსმენის დროს რამდენჯერმე გადაიზარდა ცხარე კამათში.

ხათუნა გოგორიშვილი: ”თქვენ ლაპარაკობთ, ბატონო ფინანსთა მინისტრო, ახლა ტყუილს ”.

ნოდარ ხადური: ”არა, არ ვლაპარაკობ ტყუილს”.

ოპოზიციამ ფინანსთა მინისტრს მმართველი პოლიტიკური ძალის, ”ქართული ოცნების”, დაპირებების შეუსრულებლობა შეახსენა და სახელმწიფო ვალის გაზრდასთან ერთად სამინისტროებისა და სხვა სამთავრობო უწყებების სახელფასო ხარჯების გაზრდის გამო უსაყვედურა. საპარლამენტო უმცირესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ, თქვა:

”ხელფასებზე, პრემიებზე და სახელფასო დანამატებზე 2015 წელს დაგეგმილია 323 მილიონი ლარით მეტი, ვიდრე ეს იხარჯებოდა 2012 წელს სააკაშვილის მთავრობის შენახვაზე. ეს ხდება იმ პირობებში, როდესაც ეკონომიკაში სერიოზული პრობლემებია, როდესაც 2 წელია, ზედიზედ, „ოცნების“ ხელისუფლება ვერ ასრულებს ბიუჯეტს. კვლავ 2015 წლის ბიუჯეტში არ არის ჩადებული პენსიების ზრდა და ეს არის უკვე მეორე წელი, ზედიზედ, როდესაც „ოცნების“ მთავრობა ვერ ახერხებს პენსიების გაზრდას. თუ მაინც გადაწყვეტენ პენსიის გაზრდას, ამის სახსრები ბიუჯეტში არ არის და ეს მოხდება ვალის ხარჯზე”.

ტენდენცია ყველგან აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არის ზრდისკენ, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაშიც რეგიონი აღმოჩნდა რუსეთის აგრესიის შემდეგ...
ირაკლი ალასანია

ეს არ არის ოპოზიციის ერთადერთი შენიშვნა ბიუჯეტის პროექტის მიმართ. „ნაციონალური მოძრაობა“ აკრიტიკებს ბიუჯეტის პროექტით დაგეგმილი ერთ მილიარდ ლარზე მეტი ვალის აღებას და მთელ რიგ საბიუჯეტო ხარჯებს, რომლებიც ნაკლებ ეკონომიკურ ეფექტს იძლევა.

განსხვავებული შენიშვნები გამოითქვა საპარლამენტო უმრავლესობასთან ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურის შეხვედრისას. უმრავლესობის წევრები თითქმის ყველა სფეროს დაფინანსების გაზრდას ითხოვდნენ. მათ შორის იყო ხობის მაჟორიტარი დეპუტატის, გოდერძი ბუკიას, მოთხოვნაც:

”ჩვენ რაიონი ვართ, რომელიც ჩვენი შემოსავლებით ვცოცხლობდით აქამდე და ვართ, მაგრამ უკვე შეუძლებელია, ბატონო ნოდარ. თქვენებმა გვითხრეს, რომ ნაწილი დაფინანსდება ტრანსფერიდან და ნაწილზე დაგეხმარებით ამოღებაშიო და თუ შეიძლება, რა, მთლიანად ტრანსფერზე გადაგვიყვანეთ, რა, ცოდვები ვართ”.

დეპუტატების ამ და სხვა მოთხოვნებს - მათ შორის, უმრავლესობის მხრიდან - ბუნებრივ პროცესად მიიჩნევს საბიუჯეტო სფეროს სპეციალისტთა ნაწილი. ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, ახლა კი ”საქართველოს ეკონომიკური განვითარების ცენტრის“ ხელმძღვანელი რომან გოცირიძე გაკვირვებას გამოთქვამს იმ ფაქტის გამო, რომ დეპუტატებთან ერთად ბიუჯეტის პროექტის მიმართ პრეტენზიებს გამოთქვამენ მთავრობის წევრებიც:

რომან გოცირიძე
რომან გოცირიძე

”უკვე იწყება მთავრობის მტრობა ფინანსთა სამინისტროსადმი, ანუ მთავრობაში მიღებული ბიუჯეტი, როგორც კოლეგიალურ ორგანოს დამტკიცებული აქვს ერთხმად, ხდება ამ ბიუჯეტის რევიზია და ეს პროცესი დავინახეთ ახლა. როგორც კი შევიდა ბიუჯეტი პარლამენტში, უკვე გაკეთდა განცხადება, რომ თავდაცვას თანხები არ ჰყოფნის”.

რომან გოცირიძის აზრით, მინისტრებს შორის კონკურენცია და აზრთა ჭიდილი პარლამენტში ბიუჯეტის პროექტის წარდგენამდე უნდა გამართულიყო, თუმცა, მაგალითად, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ალასანიამ დაფინანსების გაზრდა საკანონმდებლო ორგანოში ბიუჯეტის განხილვის დაწყების შემდეგ მოითხოვა. ერთი კვირის წინ ირაკლი ალასანიამ თავის ლიტველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა:

”ტენდენცია აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში არის [თავდაცვის დაფინანსების] ზრდისკენ, იმ საფრთხეების გათვალისწინებით, რაშიც რეგიონი აღმოჩნდა რუსეთის აგრესიის შემდეგ. მე გამიზიარა თავისი მოსაზრებები ბატონმა მინისტრმა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში დაფინანსების დაახლოებით 20-პროცენტიანი ზრდა ექნება ლიტვას და შემდეგ კიდევ უფრო გაიზრდება. რაც შეეხება საქართველოს, ეს კიდევ ერთი არგუმენტია თავდაცვის სამინისტროს და ჩვენი შეიარაღებული ძალების სასარგებლოდ იმისთვის, თუ რა აუცილებლობას წარმოადგენს, რომ მეტი ჩადოს ქვეყნის თავდაცვაში ჩვენმა სახელმწიფომ”.

თავდაცვის მინისტრის გარდა, უფრო მეტი თანხები მოითხოვა რიგმა სამთავრობო სტრუქტურამ. მათ შორის არ ყოფილა ენერგეტიკის უწყება, რომლის დაფინანსების 20 მილიონი ლარით გაზრდა უკვე ჩადებულია პარლამენტში წარდგენილ დოკუმენტში. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის პრეზიდენტი ნოდარ ჭიჭინაძე გაკვირვებას გამოთქვამს ამგვარი ცვლილების გამო:

ნოდარ ჭიჭინაძე
ნოდარ ჭიჭინაძე

”ენერგეტიკა პრიორიტეტულია, მაგრამ პრიორიტეტულია საინვესტიციო თვალსაზრისით და კერძო აქტივობის კუთხით. ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსების გაზრდა უნდა ნიშნავდეს მის გაზრდილ როლს. ვერ ვხედავ აუცილებლობას, რატომ შეიძლება გაზრდილიყო ამ სამინისტროს დაფინანსება, იმიტომ რომ ენერგეტიკული პოლიტიკა იგივე რჩება”.

ენერგეტიკის სამინისტროს გარდა, 2015 წლის ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, დაფინანსება გაეზარდა კულტურის, განათლების, ინფრასტრუქტურის, სოფლის მეურნეობისა და ჯანდაცვის სამინისტროებს, თუმცა საპარლამენტო განხილვისას ფინანსთა მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადებების მიხედვით, მოსალოდნელია სხვა უწყებების ბიუჯეტების გაზრდაც. რის ხარჯზე და როგორ, ეს ცნობილი გახდება ბიუჯეტის პროექტის მთავრობაში დაბრუნების შემდეგ.

XS
SM
MD
LG