Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ფინანსთა სამინისტრო: 2013 წლის ბიუჯეტი შესრულდება


ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, საგადასახადო შემოსავლების კუთხით საპროგნოზო მაჩვენებლები კვლავაც გადაჭარბებით სრულდება და ბიუჯეტი სულ უფრო იზრდება, რაც, ახალი ხელისუფლების გათვლით, წინასაარჩევნო დაპირებების შესრულების უტყუარ საფუძველს იძლევა. თუმცა საპარლამენტო უმცირესობა კვლავაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარების ტემპის კლებაზე ლაპარაკობს და მთავრობას სასწრაფო ზომების მიღებას ურჩევს.

”2013 წლის პირველი კვარტალის ნაერთი ბიუჯეტის საგადასახადო შემოსავლებმა 63,5 მლნ ლარით გადააჭარბა 2012 წლის ანალოგიურ მაჩვენებელს”, - აღნიშნა 3 აპრილს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა და დასძინა, რომ წინა წლებთან შედარება საჭიროა წინსვლის კონტრასტის გამოსაკვეთად - პესიმისტური პროგნოზების ფონზე:

”ყოფილი ხელისუფლება ცდილობს მოსახლეობაში გარკვეული ნიჰილიზმი დანერგოს, თუმცა მაჩვენებლები - მათ შორის, არამხოლოდ ბიუჯეტის შესრულების - სრულიად საწინააღმდეგოს მეტყველებს და მეტყველებს იმას, რომ ეკონომიკაში გაჯანსაღების პროცესი მიმდინარეობს, მიმდინარეობს მცირე და საშუალო ბიზნესის გააქტიურება, იზრდება ექსპორტი და ასე შემდეგ”.

შედარების მეთოდს არ იწონებს ”ნაციონალური მოძრაობა” და, როგორც, მაგალითად, საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა 3 აპრილის პლენარულ სხდომაზე, ყურადღება საპროგნოზო მაჩვენებლების შეუსრულებლობაზე უნდა გამახვილდეს. დეპუტატს ამ კუთხით გარღვევა ეგულება:

”შედარება გასული წლის მონაცემებთან ამ შემთხვევაში არის არარელევანტური. გასული წლის რაღაც მონაცემებთან შედარებით, შეიძლება მართლაც იყოს რაღაც მცირედი ზრდა, მაგრამ დაგეგმილ საპროგნოზო მაჩვენებელთან მიმართებაში 83 მილიონი იყო გარღვევა, თუკი ჩვენ ვენდობით ფინანსთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდს”.

ზურაბ ჯაფარიძეს პარლამენტის სხდომაზე დავით ონოფრიშვილმა უპასუხა. საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, უმრავლესობის წარმომადგენელი დეპუტატი მიიჩნევს, რომ ”საპანიკო არაფერია” და ბიუჯეტის შეუსრულებლობაზე არ შეიძლება იყოს ლაპარაკი, რადგანაც წელს ბევრად მეტი საბიუჯეტო შემოსავლის მობილიზება ხდება. კომიტეტის თავმჯდომარეს, კორექტირების საჭიროების ალბათობის მიუხედავად, საერთო სურათი აკმაყოფილებს:

”იცით, რომ პირველი კვარტალი ზოგადად ყველაზე უფრო რთულია, რადგანაც იანვარ-თებერვალი ამ მხრივ ნაკლებად არის დაძაბული. და მომავალში, ასე ვთქვათ, სრული განრიგის მიხედვით მიმდინარეობს. რაც შეეხება გეგმებს, კვარტალურია თუ ყოველთვიური გეგმები, მისი კორექტირება ყოველთვის ხდებოდა...”

დავით ონოფრიშვილმა თავის გამოსვლაში ეკონომიკური ზრდის ტენდენციაზე, ექსპორტის ზრდისა და სავაჭრო სალდოს გაუმჯობესების ბოლო წლებისთვის უპრეცედენტო ფაქტზე გაამახვილა ყურადღება. ფინანსთა მინისტრის მიერ გამოქვეყნებული მაჩვენებლების მიხედვით, ექსპორტის მოცულობამ პირველ კვარტალში შეადგინა 398 მლნი დოლარის ეკვივალენტი ლარებში, რაც 16 მლნ დოლარით აღემატება 2012 წლის პირველი კვარტალის მონაცემებს. თუკი ისევ უშუალოდ ბიუჯეტის შევსების მაჩვენებლებს დავუბრუნდებით, შემოსავლებისა და ხარჯების შეფარდება ფინანსთა მინისტრისთვის ფრიად დამაკმაყოფილებელ სურათს იძლევა:

”2013 წლის პირველ კვარტალში შემოსავლების გადამეტება ხარჯებზე, ანუ პროფიციტი, შეადგენდა 168 800 000 ლარს. დღეისათვის საქართველოს ხაზინის ანგარიშზე 1 100 000 000 ლარია მობილიზებული. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მაჩვენებელია. ეს თანხა მოხმარდება გაწერილი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილის შესრულებას”.

მთავრობას საზოგადოება შეცდომაში შეჰყავს, როდესაც ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაზე ლაპარაკობს, - ასე ფიქრობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელი დეპუტატი ზურაბ ჯაფარიძე. მისი თქმით, უკვე მე-6 თვეა, რაც საქართველოში ეკონომიკური აქტივობა მცირდება და პროცესის შესაჩერებლად მთავრობამ ”პრობლემის არსი უნდა გაითავისოს”.

ამ კონტექსტში ზურაბ ჯაფარიძე შეცდომად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ მისი ინიციატივები სამშაბათს პარლამენტში კომიტეტების დონეზე ჩავარდა. საუბარია საგადასახადო ამნისტიაზე, 2013 წლის 1 იანვრის მდგომარეობით, და ასევე ეკონომიკური დანაშაულის დეკრიმინალიზაციაზე.

”მე ვფიქრობ, რომ ეს ინიციატივები იყო მნიშვნელოვანი, რომ ეკონომიკას მისცემოდა ახალი სტიმული, ახალი სუნთქვა და ქართულ ბიზნესს ან უცხოელ ინვესტორებს საქართველოში მისცემოდათ მეტი დაცულობა”, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ 3 აპრილის სხდომაზე.

მკვეთრად განსხვავებულია ფინანსთა სამინისტროს პოზიცია. ”ბიუჯეტის შესრულებისა და მაკროეკონომიკური პარამეტრების პოზიტიური მაჩვენებლები ადასტურებს, რომ ქვეყანაში გაუმჯობესებულია ეკონომიკური გარემო, გაზრდილია ბიზნესაქტივობა, მათ შორის, მცირე და საშუალო საწარმოთა ბრუნვა. პირველი კვარტალის მონაცემები მიუთითებს, რომ 2013 წლის ბიუჯეტის შესრულებას არანაირი პრობლემა არ შეექმნება და მთავრობა შეასრულებს აღებულ ვალდებულებებს”, - ნათქვამია სამინისტროს ვებსაიტზე 3 აპრილს გავრცელებულ განცხადებაში.
  • 16x9 Image

    ლელა კუნჭულია

    რადიო თავისუფლების ჟურნალისტი. ძირითადად მუშაობს შიდა და საგარეო პოლიტიკის საკითხებზე, ასევე აშუქებს ეკონომიკისა და ადამიანის უფლებების თემებს. მუშაობდა პრაღაში, რადიო თავისუფლების სათავო ოფისში. სხვადასხვა დროს მიჰყავდა გადაცემები. მიღებული აქვს ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში დოკუმენტური ფილმისთვის "პანკისის სტიგმა".  რადიო თავისუფლებაში მუშაობს 2000 წლიდან.

XS
SM
MD
LG