Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მეწარმეებს გარემოს დაცვის საკითხები არ ანაღვლებთ?


ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანა
ბოლო დროს ქართულ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობისა და ცხარე კამათის საგნად იქცა გარემოსადმი ბიზნესმენების დამოკიდებულების საკითხი. გასული წლის განმავლობაში თბილისში არაერთი საპროტესტო აქცია გაიმართა ამა თუ იმ მშენებლობის შეჩერების მოთხოვნით, რის მიზეზადაც მწვანე ნარგავების მოჭრა ან გადარგვის მცდელობა სახელდებოდა. ბიზნესწრეების წარმომადგენელთა განცხადებით, მკვიდრდება აზრი, თითქოს მეწარმეებს გარემოს დაცვის საკითხები არ ანაღვლებთ.

სოციოლოგიური კვლევის შედეგად, რომელიც ”ახალი ეკონომიკური სკოლა - საქართველომ” ჩაატარა, გაირკვა, რომ საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობაა გარემოსა და ბიზნესმენების ურთიერთობის შესახებ. გამოკითხულთა მხოლოდ 7 პროცენტი მიიჩნევს, რომ გარემოზე ზრუნვა მეწარმეების ინტერესებშია. თითქმის 30 პროცენტი ფიქრობს, რომ ბიზნესმენს ეს საკითხები უფრო ანაღვლებს, ვიდრე არა. დაახლოებით ამდენივე საწინააღმდეგო აზრისაა, ხოლო 16 პროცენტია ისეთი, ვისაც მიაჩნია, რომ მეწარმეებს გარემოს მდგომარეობა არ აინტერესებთ.

ამ გამოკვლევის შედეგებს ეხმიანება პრობლემა, რომელიც დაკავშირებულია კუს ტბის მიმდებარე ფერდობზე რესტორნის მშენებლობის პროცესთან. თბილისის პარკებსა და სკვერებში სხვადახვა დანიშნულების ნაგებობათა მშენებლობის პერიპეტიები თითქმის ყოველდღიურობად იქცა, მაგრამ ე.წ. ”ციყვებში” კომპანია ”ემ-ჯგუფის” მიერ შეძენილ ტერიტორიაზე მშენებლობის დაწყებისა და მცენარეების გადარგვის მცდელობას თან ახლდა რამდენიმე გახმაურებული საპროტესტო აქცია.

გამოიარა, მოეწონა ადგილი და იქ უნდა მაინცდამაინც ჩაეკვეხოს. ეს ჩაკვეხება როდემდე უნდა გაგრძელდეს? როდის უნდა გადავიქცეთ კულტურულ ქვეყანად? ...
აქციის მონაწილე
შედეგად, მშენებლობის პროცესი დროებით შეჩერდა და დაიწყო იმის განხილვა, რამდენად კანონიერად შეიცვალა მიწის ნაკვეთის სტატუსი და რამდენად კანონიერად მოხდა შემდეგ მისი პრივატიზება. თუმცა საზოგადოების ერთი ნაწილისთვის ყველაფერი იმთავითვე ცხადი იყო. კუს ტბის ფერდობზე, ”ციყვებში”, სხვადასხვა დროს საპროტესტო აქციებზე გამოსული ზოგიერთი მოქალაქე ასე აფასებდა მიმდინარე პროცესს:

”გამოიარა, მოეწონა ადგილი და იქ უნდა მაინცდამაინც ჩაეკვეხოს. ეს ჩაკვეხება როდემდე უნდა გაგრძელდეს? როდის უნდა გადავიქცეთ კულტურულ ქვეყანად?”

”ეს არის კაპიტალიზმის უხეში ჩარევა ბუნებაში, კაპიტალიზმი არის პირველი მტერი ბუნების და გარემოსი”.

კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 30 ივლისი 2013წ.
კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობის წინააღმდეგ მიმართული საპროტესტო აქცია. 30 ივლისი 2013წ.
ამგვარი პოზიციიდან გამომდინარე, მცენარეების გადარგვისა და რესტორნის მშენებლობის მოწინააღმდეგენი კერძო მესაკუთრის ინტერესების სრულ უგულებელყოფაზეც საუბრობდნენ:

”აქ ვინც ვართ, არავის არ გვაინტერესებს კერძო მესაკუთრის ინტერესები”.

კუს ტბის ფერდობზე ”ციყვების” სახელით ცნობილი ტერიტორიის ნაწილი 2011 წელს აუქციონის წესით მას შემდეგ გაიყიდა, რაც მას კანონმდებლობით დაცული ტერიტორიის სტატუსი შეეცვალა. მიწის ნაკვეთის მესაკუთრე კომპანიის დამფუძნებელთა შორისაა წინა ხელისუფლების ერთ-ერთი წარმომადგენელი, არჩილ გეგენავა, და მისი ძმა. მათი უფლებების დაცვას საპროტესტო აქციის მონაწილეების წინაშე ხელისუფლების შეცვლის შემდეგ პოლიტპატიმრის სტატუსით განთავისუფლებული მელორ ვაჩნაძე ცდილობდა:

თუ რამესთან გვაქვს სადავო, ვინც მათ ნებართვები მისცა, მასთან აღმოჩნდეს სადავო, თორემ ბიზნესს რაც მიჰყიდეს, ის იყიდა, ლოგიკურია...
ირაკლი შიხიაშვილი
”თქვენ ედავებით, რატომ შეუცვალეს სტატუსი, ანუ არ ედავებით მესაკუთრეს, თუ რატომ აშენებს. ამ კუთხით თქვენ რა არგუმენტს მოიყვანთ?”

საქმის დეტალებში გარკვევას თბილისის საკრებულოც შეეცადა. მერიის მიმართ ოპოზიციურად განწყობილმა საკრებულოს თავმჯდომარემ ირაკლი შიხიაშვილმა ყველა მხარეს მოუსმინა და განაცხადა, რომ კერძო მესაკუთრესთან სადავო არაფერია:

”თუ რამესთან გვაქვს სადავო, ვინც მათ ნებართვები მისცა, მასთან აღმოჩნდეს სადავო, თორემ ბიზნესს რაც მიჰყიდეს, ის იყიდა, ლოგიკურია”.

კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობის პროექტი. 30 ივლისი 2013წ.
კუს ტბის ფერდობზე რესტორნის მშენებლობის პროექტი. 30 ივლისი 2013წ.
კუს ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე ინვესტორმა კომპანიამ, რესტორნის აშენების გარდა, პარკის მოწესრიგების ვალდებულებაც აიღო და ნარგავების გადატანაც უზრუნველყო. ბიზნესგეგმის მიხედვით, მილიონნახევრიანი პროექტის განხორციელების შედეგად, კუს ტბის ფერდობზე ვიზიტორების რაოდენობა საგრძნობლად გაიზრდება.

თუმცა არის სხვა შემთხვევებიც, როდესაც ბიზნესსაქმიანობით გარემო საგრძნობლად ზიანდება და საზოგადოებაში მკვიდრდება აზრი, რომ მეწარმეს გარემოს დაცვა სრულიადაც არ ანაღვლებს. ხშირად კი ასეთი აზრის გავრცელებას კონკურენტების საინფორმაციო კამპანია უწყობს ხელს, - ფიქრობს ჟურნალ ”ბიზნესი და მენეჯმენტის” რედაქტორი, ეკონომისტი თემურ იობაშვილი:

ჩვენთან, როგორც უბრალო მცხოვრები, ხშირად ბიზნესმენიც, არ დაგიდევს არც გარემოს და არც არქიტექტურის ხელყოფას. აქედან გამომდინარე, შეიძლება საქართველოში მენტალიტეტის პრობლემა არსებობს...
თემურ იობაშვილი
”გამოდიოდა ხოლმე ხალხი, აჟიტირებული, რომელიც ფიქრობდა, რომ თუ ფიჭური კავშირგაბმულობის კომპანია მათი სოფლის ახლოს დადგამდა გადამცემ ანძას, ამით გამოიწვევდა მოსახლეობის უეჭველ დაავადებას. სინამდვილეში კი, ერთ-ერთი კომპანია მეორე კომპანიას ანძის დადგმის საშუალებას არ აძლევდა”.

თემურ იობაშვილი სხვა შემთხვევასაც იხსენებს, როდესაც ერთ-ერთი კერძო საწარმოს გამონაბოლქვი გარემოს აბინძურებდა და მესაკუთრემ გამწმენდი ფილტრების დამონტაჟება მხოლოდ საზოგადოების ზეწოლის შედეგად გადაწყვიტა:

”როგორც ბუნებასთან დამოკიდებულება, ისე გარემოსთან დამოკიდებულება ჩვენთან უფრო განსხვავებულია ხოლმე უცხოეთის ქვეყნებთან შედარებით. იქ მიშენებულ-მოშენებულ ლოჯიებს, ალბათ, ვერსად ვერ ვნახავთ. შეიძლება ყველას აწუხებს ფართის ნაკლებობა, მაგრამ შინაგანი კულტურაა სხვაგვარი. ჩვენთან, როგორც უბრალო მცხოვრები, ხშირად ბიზნესმენიც, არ დაგიდევს არც გარემოს და არც არქიტექტურის ხელყოფას. აქედან გამომდინარე, შეიძლება საქართველოში მენტალიტეტის პრობლემა არსებობს”.

ეკონომისტი თემურ იობაშვილი, ისევე როგორც ბევრი სხვა ექსპერტი, გამოსავალს მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებაში ხედავს, რისი მიღწევაც საზოგადოების აქტიური ინფორმირების გზითაა შესაძლებელი.
XS
SM
MD
LG