Accessibility links

logo-print

ბიზნესისთვის სესხის აღება ხშირად გაკოტრებით მთავრდება


რამდენად გააზრებულად იღებენ სესხს საქართველოში? კარგად აქვთ თუ არა გაცნობიერებული ყველა ის საფრთხე, რაც იმ გეგმებსა თუ ბიზნესს შეიძლება დაემუქროს, რომელშიც ისინი ამ თანხის დაბანდებას აპირებენ? ექსპერტები გადაჭრით ამბობენ, რომ მოსახლეობას ფულის გამოყენებასთან დაკავშირებით განათლება აკლია და ეს ხშირად სავალალო შედეგებამდე მიდის. ლარის კურსის დაცემამ და თან დართულმა ეკონომიკურმა კატაკლიზმებმა ეს საკითხი კიდევ ერთხელ წამოსწია.

არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკების“ თავმჯდომარე გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ ძალიან ბევრი ბიზნესს სრულიად მოუმზადებლად იწყებს და მიაჩნია, რომ ამისთვის არც სათანადო განათლებაა საჭირო და არც ნიჭი. მისივე თქმით, დამწყები ბიზნესმენები ხშირად ჩივიან, რომ ბანკები მათ საწყის კაპიტალს არ აძლევენ. თავის მხრივ, ბანკების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კარგა ხანია არ უნახავთ ისეთი ბიზნესგეგმა, რომლის დაფინანსებასაც გადაწყვეტდნენ:

„ერთ-ერთი კვლევის მიხედვით, ქუთაისში სესხის ამღებთა (ძირითადად, სესხს იღებდნენ მიკროსაფინანსო ორგანიზაციებიდან) 80 პროცენტი აცხადებდა, რომ ფული ბიზნესის დასაწყებად სჭირდებოდა. რა ციფრია, ხომ წარმოგიდგენიათ?! 80 პროცენტი ფიქრობს, რომ ბიზნესი შეუძლია. ძალიან ცივი გონებით უნდა შევხედოთ. ჩვენთან ჰგონიათ, რომ ფულს რაღაცაში ჩადებენ და ის აუცილებლად მოგებას მოგიტანს. ფინანსური ანგარიშგების შედგენა, რაღაცების გათვლა ძალიან რთულია... ჩვენთან ხშირად ბიზნესს იწყებენ ისე, რომ ეკონომიკური განათლება კი არა, მათემატიკასთანაც პრობლემები აქვთ“.

ბანკის პირველი ინტერესია გასცეს სესხი. თუ ის მსესხებელს ფულს არ აძლევს, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ის ამ თანხას ვერ გადაიხდის. შესაბამისად, თუ ბანკი ადამიანს არ აძლევს სესხს, ჯობია საერთოდ არ აიღოს...

შარშან ორგანიზაციამ გამოიკვლია, თუ რომელი საფინანსო ინსტიტუტების ემართათ იმ პირებს, რომელთა ქონება აუქციონზე გაიყიდა. აღმოჩნდა, რომ 62 პროცენტი იყვნენ მევახშეები, 17 პროცენტი - მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, 21 პროცენტი კი - ბანკები. გიორგი კეპულაძის თქმით, სქემა, ძირითადად, ასეთია: ადამიანი მიდის ერთ ბანკში, მერე - მეორეში, მესამეში და როდესაც ფულს არ აძლევენ, მიმართავს მევახშეს:

„ბანკის პირველი ინტერესია გასცეს სესხი. თუ ის მსესხებელს ფულს არ აძლევს, ძალიან დიდი ალბათობაა, რომ ის ამ თანხას ვერ გადაიხდის. შესაბამისად, თუ ბანკი ადამიანს არ აძლევს სესხს, ჯობია საერთოდ არ აიღოს. ეს ერთგვარი რჩევა იქნება, რადგან, სავარაუდოდ, ეს საქმე კრახით დასრულდება. ხშირად მევახშის ინტერესი უძრავი ქონების დაპატრონებაა, ის ძალიან მაღალი ღირებულების უძრავი ქონების სანაცვლოდ გაძლევს მის მესამედ ან მეხუთედ თანხას სესხად, რომლის პროცენტი სამჯერ და ხუთჯერ უფრო მაღალია, ვიდრე ბანკის წლიური პროცენტი“.

ასოციაცია „მომავლის ფერმერის“ თავმჯდომარე რუსუდან გიგაშვილი ამბობს, რომ დამწყები ბიზნესმენები განსაკუთრებით ზედაპირულად სოფლის მეურნეობას ეკიდებიან - არ ფიქრობენ, რომ ამ სფეროში რამე გადამზადება სჭირდებათ:

„ფერმერები, რომლებმაც სტიქიურად დაიწყეს საქმე, სტიქიურადაც დაამთავრეს. მათი საქმიანობა კი, ვინც ცოდნით მოეკიდა და ცდილობს ეს ცოდნა ყოველდღიურად გაიღრმაოს, რა თქმა უნდა, გაცილებით შედეგიანია“.

ფერმერები ერთმანეთის ფერმებს იყენებენ, რომ ბანკს აჩვენონ და სესხი აიღონ. მაგალითად, შეიძლება სულ არ ჰყავდეს ცხვარი და მეზობლის ცხვარი აჩვენოს...

მისივე თქმით, ხშირად ხდება, რომ ფერმერები ერთმანეთში თანხმდებიან და მსესხებელი ბანკის წარმომადგენელს სხვის ფერმასა და საქონელს აჩვენებს, როგორც საკუთარს. ხშირად ამის გადამოწმება შეუძლებელია. შესაბამისად, ადამიანი სესხს იღებს და მას, უმეტესად, არა მეურნეობაში, არამედ სულ სხვა რამეში ხარჯავს:

„ფერმერები ერთმანეთის ფერმებს იყენებენ, რომ ბანკს აჩვენონ და სესხი აიღონ. მაგალითად, შეიძლება სულ არ ჰყავდეს ცხვარი და მეზობლის ცხვარი აჩვენოს. მისცემენ სესხს და შეიძლება „მერსედესი“ იყიდოს ამ ფულით“.

ორგანიზაცია „საზოგადოება და ბანკებს“ აქვს საკონსულტაციო ცენტრი, სადაც მსურველები უფასო რჩევის მისაღებად რეკავენ. გიორგი კეპულაძე ამბობს, რომ როდესაც მათ ეკითხებიან, თუ რაში დასჭირდათ სესხის აღება, ირკვევა, რომ ბევრი სესხს მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში როდი იღებს:

„მხოლოდ ერთხელ წავიდა სამოგზაუროდ, დახარჯა 5 ათასი ლარი, ჩამოვიდა და დარჩა ეს ვალი. ქორწილისთვის... „რესტორნიდან არ გამოვსულვართ მეგობრები“ - ასეთი შემთხვევაც ყოფილა, მართლა გეუბნებით“.

საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს აქვს სპეციალური გეგმები მოსახლეობაში ცნობიერების ასამაღლებლად.

როდესაც იპოთეკური სესხი გამოვიტანე, მაქსიმალურად მაღალი თანხა ავირჩიე გადასახდელად. ლარის კურსი დავარდა და აღმოჩნდა, რომ ჩემს შესაძლებლობებზე მეტი უნდა გადავიხადო. ხუთასი ლარით მეტი მიწევს...

„თანხები, რომელიც მობილიზებულია კონკრეტულ მუნიციპალიტეტებში, ამ მიმართულებით დაიხარჯება და მსესხებლის ცნობიერების ამაღლებას შეუწყობს ხელს“.

ლარის კურსის ვარდნის გამო ბევრი, ვისაც იპოთეკური, სამომხმარებლო თუ სხვა სახის სესხი აქვს აღებული, კრიტიკულ მდგომარეობაში ჩავარდა. მაგალითად, ოთოს ამჯერად 500 ლარით მეტის გადახდა უწევს, მაშინ როცა ამ ხუთასი ლარით თვიდან თვემდე თავი უნდა გაეტანა:

„როდესაც იპოთეკური სესხი გამოვიტანე, მაქსიმალურად მაღალი თანხა ავირჩიე გადასახდელად. ლარის კურსი დავარდა და აღმოჩნდა, რომ ჩემს შესაძლებლობებზე მეტი უნდა გადავიხადო. ხუთასი ლარით მეტი მიწევს. ხელფასი ლარში მაქვს და ეს ხუთასი ლარი საიდან უნდა მოვიტანო, უკვე აღარ ვიცი“.

ერთ-ერთი გამოსავალი ამ შემთხვევაში სესხის რესტრუქტურიზაციაა, ანუ სესხის უფრო დიდ პერიოდზე გადანაწილება. საკონსულტაციო კომპანია PMCG-ს კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი თაკო ჯუღელი განმარტავს, რა შემთხვევაშია ამ შემოთავაზებაზე დათანხმება გამართლებული:

„ეს შეუმსუბუქებს ბანკის კლიენტებს ყოველთვიურ გადასახადს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში ბანკის გადასახადს გაუზრდის. მე თუ სხვა გამოსავალი არ მექნებოდა, დავთანხმდებოდი ამ პირობას“.

გარდა ამისა, გიორგი კეპულაძე ამბობს იმასაც, რომ თუ მომხმარებელს რამდენიმე სესხი აქვს სხვადასხვა ვალუტაში, ჯობია სესხები იმ ვალუტაში გააერთიანოს, რომელშიც შემოსავალს იღებს. შედარებით გაუმართლა მას, ვისაც სესხი ლარში აქვს დამტკიცებული, ხელფასს კი დოლარის კურსის მიხედვით აძლევენ. კიდევ ერთი რჩევა, რამდენიმე სესხიდან ყველაზე მეტად იმ სესხის გასტუმრებას უნდა ეცადო, რომლის საპროცენტო განაკვეთიც ყველაზე მაღალია.

XS
SM
MD
LG