Accessibility links

logo-print

მსოფლიო ბანკის 2015 წლის ანგარიშში Doing Business საქართველოს პოზიციამ მერვე ადგილიდან მე-15 ადგილზე გადაინაცვლა, თუმცა, რეიტინგის გამოანგარიშების მეთოდოლოგიის შეცვლის გამო, შარშანდელი მერვე ადგილი წელს მეთოთხმეტეს გაუტოლდა. შესაბამისად, საქართველოს რეიტინგი ერთი პოზიციით გაუარესდა.

საქართველოში განხორციელებული რეფორმების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგი სწორედ ქვეყნის რეიტინგების გაუმჯობესება იყო. რეფორმების დაწყების მომენტიდან, კერძოდ, 2004 წლიდან, ქვეყნის რეიტინგი მნიშვნელოვნად არის გაუმჯობესებული, რასაც ხელი შეუწყო ბიუროკრატიული ბერკეტების, ლიცენზიებისა და ნებართვების რაოდენობის შემცირებამ. 2014 წლის მდგომარეობით, საქართველო მერვე ადგილს იკავებდა.

2015 წლის მდგომარეობით, ბიზნესის დაწყების სიადვილით საქართველო 189 ქვეყანას შორის მეხუთე ადგილზეა. ბიზნესის დასაწყებად საჭიროა 2 პროცედურა, 2 დღე. ბიზნესის დაწყების ღირებულება ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 3,4 პროცენტია. მშენებლობის ნებართვების მიღების კუთხით, საქართველო ამჟამად მსოფლიო მასშტაბით მესამე ადგილზეა. დღეის მდგომარეობით, საჭიროა 8 პროცედურის გავლა და დაახლოებით 68,5 დღე. კომუნიკაციების მიყვანის, უფრო კონკრეტულად, ელექტროენერგიის ახალი აბონენტის დასარეგისტრირებლად საქართველო 37-ე ადგილზეა. მონაცემების მიხედვით, ელექტროენერგიის მისაღებად საჭიროა 4 პროცედურა და 71 დღე. მომსახურება საკმაოდ ძვირია - ერთ სულ მოსახლეზე შემოსავლის 503.8 პროცენტი.

საქართველო, მსოფლიო მასშტაბით, პირველ ადგილზეა ქონების რეგისტრაციის კუთხით. ეს პროცესი სულ ერთ პროცედურას მოითხოვს და ერთ დღეში სრულდება, მისი ღირებულება დასარეგისტრირებელი ქონების 0.1 პროცენტია. საქართველოს პოზიციები არცთუ ისე მოწინავეა გადასახადების გადახდის კუთხით - ქვეყანა 38-ე ადგილზეა. კომპანიები წელიწადში საშუალოდ ხუთჯერ იხდიან გადასახადს, 362 საათს ხარჯავენ დოკუმენტაციის შესავსებად და გადასახადების გადასახდელად. გადასახადების სახით კომპანიები მოგების 16,4 პროცენტს იხდიან.

2015 წლის რეინტინგში პოზიციების გაუარესების ერთ-ერთი ფაქტორი ახალი შრომის კოდექსია, რომელმაც ბიზნესისთვის თანამშრომელთა დაქირავება და გათავისუფლება გააძვირა. კერძოდ, შემოღებულ იქნა შრომითი ხელშეკრულების დადების ახალი რეგულაციები: შემოვიდა ხელშეკრულების წერილობითი ფორმით დადების ვალდებულება, თუ შრომითი ურთიერთობა გრძელდება სამ თვეზე მეტხანს; ასევე, გარკვეულ შემთხვევებში, - შრომითი ხელშეკრულების მაქსიმალური ვადით დადების ვალდებულება.

დამატებით, დამსაქმებელს დაევალა დასაქმებულისთვის ერთი თვის შრომის ანაზღაურების გაცემა კომპენსაციის სახით, თუ გათავისუფლება მოხდა ეკონომიკური გარემოებების, პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობის, ხანგრძლივი შრომისუუნარობის ან სხვა ობიექტური გარემოების გამო.

საერთაშორისო რეიტინგებში პოზიციების შენარჩუნება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ინვესტორების მოზიდვის თვალსაზრისით. აღნიშნული ანგარიში ერთ-ერთია, რომელზე დაყრდნობითაც პოტენციური ინვესტორები ქვეყნის შესახებ ინფორმაციას იღებენ. რეიტინგის მცირედი გაუარესების მიუხედავად, საქართველო ბიზნესის წარმოების სიმარტივის მხრივ რეგიონში პირველ ადგილს ინარჩუნებს.

XS
SM
MD
LG