Accessibility links

მსოფლიო ბანკის მიერ მომზადებული „ბიზნესის წარმოების“ წლევანდელ რეიტინგში საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ქვეყნებს შორის წამყვან პოზიციებს ინარჩუნებს, მსოფლიოს 189 სახელმწიფოს შორის კი, შარშანდლის მსგავსად, კვლავ 24-ე ადგილზეა. მსოფლიო ბანკის განმარტებით, წლევანდელი რეიტინგის შედგენისას ექსპერტებმა ახალი მეთოდოლოგიით ისარგებლეს და სწორედ ამან განაპირობა ის ფაქტი, რომ საქართველოს შარშანდელი პოზიცია არ შეცვლილა.

მსოფლიო ბანკის „ბიზნესის წარმოების“ რეიტინგი ბიზნესის წარმოების სიმარტივეს ოთხი მთავარი მიმართულების მიხედვით აფასებს: ქონების რეგისტრაცია, მშენებლობის ნებართვის გაცემა, ელექტროენერგიის წყაროს საიმედოობისა და ტარიფების გამჭვირვალობის ინდექსი. მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ საქართველომ შარშან ორი ახალი რეფორმა განახორციელა, კერძოდ, გაამარტივა კონტრაქტების აღსრულება სასამართლოს მომხმარებლებისთვის ელექტრონული წარდგენის სისტემის დანერგვით და შეამცირა მშენებლობის ნებართვის გასაცემად საჭირო დრო. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, მსოფლიო ბანკის რეიტინგი პროგრესის მაჩვენებელია, რადგან ქვეყნის საერთო ქულა 76,84-დან 77,45-მდე გაუმჯობესდა. სამინისტროს ინფორმაციით, შარშან გამოქვეყნებულ მონაცემებთან შედარებით, საქართველოს პოზიცია გაუმჯობესდა 13 ინდიკატორით, არც ერთი ინდიკატორით არ გაუარესებულა, 6 ინდიკატორი კი ახალია. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებით, საქართველო უსწრებს 165 ქვეყანას, მათ შორის, შვეიცარიას, საფრანგეთს, ნიდერლანდებს, ესპანეთს, იაპონიას, ბელგიას, იტალიასა და ლუქსემბურგს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, რეგიონში არსებული ქულა ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების დამსახურებაა:

დიმიტრი ქუმსიშვილი

დიმიტრი ქუმსიშვილი

„ჩვენი ქვეყნის პოზიცია 189 ქვეყანას შორის იმავე ადგილზეა, ჩვენ გვაქვს 24-ე პოზიცია. მსოფლიო ბანკმა შემოიტანა ახალი კატეგორიები და ამ ახალი კატეგორიების მიხედვით მოხდა რეიტინგის გადათვლა. გვაქვს საკმაოდ კარგი პოზიციები აღმოსავლეთ ევროპის მიმართულებით და ჩვენ ვართ მე-4 ადგილზე და 5 პოზიციაში გვაქვს გაუმჯობესებული კრიტერიუმები“.

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის სიტყვებით, ქვეყანაში ბიზნესს მაქსიმალურად კომფორტული გარემო აქვს შექმნილი და ის თავისუფალია გავლენისგან. შესაბამისად, ეს აისახა მსოფლიო ბანკის რეიტინგშიც:

„ამ სამი წლის განმავლობაში ჩვენ ბიზნესს მაქსიმალურად კომფორტული გარემო შევუქმენით, ბიზნესი დღეს არის აბსოლუტურად თავისუფალი. ჩვენ მაქსიმალურად გავაძლიერეთ ბიზნესომბუდსმენის აპარატი, რომელიც უშუალოდ პრემიერ-მინისტრს ექვემდებარება და ყველა ბიზნესდავა წყდება აბსოლუტურად სამართლიან გარემოში - იქნება ეს სასამართლო თუ ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭო“.

„ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პროგრამების მენეჯერი ირინა გურული რადიო თავისუფლებასთან საუბარში განმარტავს. რომ მსოფლიო ბანკის ბიზნესწარმოების რეიტინგის მეთოდოლოგია შეიცვალა, რაც ნიშნავს იმას, რომ ახალი ინდიკატორები დაემატა, რომლითაც ბიზნესის არსებული მდგომარეობა ფასდება.

თუ აქამდე საუბარი იყო რეგულაციების რაოდენობასა და იმ ფასზე, რაც ბიზნესს უნდა გადაეხადა, ახლა ამას ემატება რეგულაციების ხარისხიც და საქართველოს მდგომარეობა სწორედ უფრო დამატებით ინდიკატორებშია გაუარესებული, ვიდრე არსებულ ინდიკატორებში.

ძველ ინდიკატორებს რაც შეეხება, 2 პუნქტით არის გაუარესებული ბიზნესის დაწყების მიმართულება და კრედიტის მიღების სიმარტივეც 1 პუნქტითაა გაუარესებული. ყველაზე ცუდი მდგომარეობაა ელექტროენერგიის ბიზნესამდე მიყვანის თვალსაზრისით, რასაც საშუალოდ 71 დღე სჭირდება.

ამ რეიტინგის მიღმა, რა თქმა უნდა, არის მთელი რიგი ფაქტორები, რაც არსებობს, უმთავრესად, რეგიონში არსებული არასტაბილურობიდან გამომდინარე, რაც ხელს გვიშლის მეტი ინვესტორის მოზიდვაში...

ირინა გურულის თქმით, მნიშვნელოვანია, მთავრობამ ამ დამატებითი ინდიკატორების გაუმჯობესებაზე იმუშაოს. მისივე თქმით, კრიტიკოსები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბიზნესის წარმოების რეიტინგი სინამდვილეში ასახავს ბიზნესის დაწყების სიმარტივეს და არა რეალურად ბიზნესის განვითარების საკითხებს:

„ამ რეიტინგის მიღმა, რა თქმა უნდა, არის მთელი რიგი ფაქტორები, რაც არსებობს, უმთავრესად, რეგიონში არსებული არასტაბილურობიდან გამომდინარე, რაც ხელს გვიშლის მეტი ინვესტორის მოზიდვაში. რაც შეეხება იმ ფაქტორებს, რომლის გაუმჯობესებაც კარგი იქნებოდა, ეს არის გადასახადების გადახდის კუთხით - არა იმდენად განაკვეთები, არამედ ის დრო, რაც ბიზნესმენს სჭირდება იმისთვის, რომ გადასახადების საქმე მოაწესრიგოს და აწარმოოს აღრიცხვა. ამ მხრივ მე-40 ადგილზე ვართ, ასევე საზღვრებშორისი ვაჭრობის მხრივ არცთუ ისე მოწინავე ადგილზე ვართ, 78-ე ადგილზე ვართ, - რაც გულისხმობს, რომ საექსპორტო პროცედურები ან ნაკლებად გამჭვირვალეა, ან ხელმისაწვდომი არ არის და მცირე და საშუალო ბიზნესს ექმნება სირთულე, რომ აწარმოოს ვაჭრობა საზღვარგარეთ“.

ირინა გურულის თქმით, ანგარიშში აღნიშნულია, რომ საქართველო უკანასკნელი 12 წლის განმავლობაში არის მნიშვნელოვანი რეფორმატორი ქვეყანა როგორც მსოფლიოში, ასევე რეგიონში და მნიშვნელოვანია, რომ ეს თამასა ქვეყანამ არ დასწიოს და კვლავაც ინვესტორებისთვის მიმზიდველ ქვეყნად მოიაზრებოდეს. მსოფლიო ბანკის ბიზნესწარმოების რეიტინგი კი ის რეიტინგია, რომელსაც ინვესტორები დიდ ყურადღებას აქცევენ.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG