Accessibility links

logo-print
საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდმა, რომლის მიზანიც საქართველოს მოსახლეობის დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაა, 16 ივლისს სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობა დაასახელა. სამეთვალყურეო საბჭოს სათავეში ჩაუდგება ბიზნესმენი, სააქციო საზოგადოება „ბაგრატიონი 1882“-ის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ლევან ვასაძე, საბჭოს წევრები კი იქნებიან: სააქციო საზოგადოება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე, კომპანია „რედიქსის“ გენერალური დირექტორი ლაშა პაპაშვილი, „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე, მედია პალიტრის დამფუძნებელი და გაზეთ „კვირის პალიტრის“ მთავარი რედაქტორი გოგა თევდორაშვილი და სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი მეუფე შიო. სახელმწიფოსგან მხარდაჭერილი ეს ფონდი შემოწირულებებითა და საქველმოქმედო ღონისძიებებიდან შემოსული თანხით დაფინანსდება.

დემოგრაფიული აღორძინების ფონდის სტრატეგიის მთავარი მიზანი დღეს იმ მიზეზების პოვნაა, რამაც საქართველო მძიმე დემოგრაფიულ მდგომარეობამდე მიიყვანა. ვითარება რომ რთულია, ამის დასტურად ფონდის წარმომადგენლები გაეროს მონაცემებს იმოწმებენ, რომლის მიხედვითაც, 2050 წლისათვის საქართველოს მოსახლეობა (ძირითადად, ეთნიკური ქართველების რიცხვი) დაახლოებით მილიონ ორასი ათასი ადამიანით უნდა შემცირდეს. ფონდის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ლევან ვასაძისათვისაც ამოსავალი წერტილი და მთავარი მოტივაციაც, თუ რატომ ჩაება ფონდის საქმიანობაში, გაეროს სტატისტიკაა. ფონდის ყველა საქმიანობის შეფასება, მისივე თქმით, სწორედ 2050 წელს იქნება შესაძლებელი:

„თუ ჩვენ ჩვენს თავსაც და გაეროსაც დავუმტკიცებთ, რომ ეს ასე არ მოხდა, საქართველოს მოსახლეობა არ შემცირდა ერთი მესამედით, მაშინ შეგვეძლება ვთქვათ, რომ რაღაც სწორად გვიკეთებია“.

რა იგულისხმება საქმის „სწორად კეთებაში“? ლევან ვასაძე მიიჩნევს, რომ პრობლემის გადაჭრის გასაღები ადამიანურ ღირებულებებშია. მისი თქმით, განსაკუთრებით საჭიროა მარადიული ტრადიციული ფასეულობების პროპაგანდა ახალგაზრდებში, უფრო კონკრეტულად კი - „ოჯახის სიწმინდის დაცვა“:

შობადობის მატება რეგიონების მიხედვით შეინიშნება ზემო აჭარაში და საჩხერის რაიონში. რაჭა-ლეჩხუმში, მაგალითად, კატასტროფული ვითარებაა. ასე თუ გაგრძელდა, 15 წელში რაჭა შეიძლება საერთოდ დაცარიელდეს...
„თუკი ჩვენ გავხდებით ქვეყანა, რომელიც მხოლოდ სამომხმარებლო ნივთებზე ოცნებობს და უარყოფს ოჯახს, როგორც სიწმინდეს, ჩვენ შეიძლება მართლა დაგვემართოს ეს. საინტერესოა, რომ მდიდარ, განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეს დემოგრაფიული პრობლემა მწვავედ დგება, მაგალითად, გერმანიაში, ინგლისში, თვისებრივად განსხვავებული ეკონომიკური მდგომარეობაა, ჩვენნაირ ღარიბ ქვეყნებში კი მოსახლეობა მრავლდება. ჩვენ კი რაღაცნაირად მოვახერხეთ, რომ ვიყოთ ღარიბებიც და თან ვმცირდებოდეთ კიდეც“.

სამეთვალყურეო საბჭოს კიდევ ერთი წევრიც, „მეიდან ჯგუფის“ დამფუძნებელი ზაზა ნიშნიანიძე, ფიქრობს, რომ ფინანსური დახმარების გარდა არანაკლებ მნიშვნელოვანია იდეოლოგიური მუშაობა, განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობის მენტალიტეტის შეცვლის თვალსაზრისით:
„ჩვენც ჩვენი მაგალითით უნდა დავანახვოთ მათ, რომ მრავალშვილიანობა, ბევრი შვილი არის სიცოცხლის სათავე“.

ვგეგმავთ აბორტების საწინააღმდეგო ცენტრის გაკეთებას, უშვილოთა პრობლემების შესწავლასა და მკურნალობას, გვექნება ორსულთა ცენტრები...
საქართველოს დემოგრაფიული აღორძინების ფონდის დამფუძნებლები აცხადებენ, რომ მათი საქმიანობა მრავალწლიანი იქნება, საქმე კი საკმაოდ კომპლექსური. ფონდის ერთ-ერთი ხელმძღვანელი და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ფონდის საქმიანობის ერთ-ერთი მიმართულება რეგიონებში არსებული მდგომარეობის შესწავლა იქნება. წინასწარი ინფორმაცია არც ისე დამაიმედებელია:

„შობადობის მატება რეგიონების მიხედვით შეინიშნება ზემო აჭარაში და საჩხერის რაიონში. რაჭა-ლეჩხუმში, მაგალითად, კატასტროფული ვითარებაა. ასე თუ გაგრძელდა, 15 წელში რაჭა შეიძლება საერთოდ დაცარიელდეს. 162 სოფელი 2002 წლის შემდეგ საერთოდ დაიცალა, ხოლო 152 სოფელში მცხოვრები ადამიანების მაქსიმუმი არის 8 -10 ადამიანი“.

პირველი რეგიონი, რომელსაც ფონდის წარმომადგენლები ეწვევიან, რაჭა-ლეჩხუმი იქნება, აცხადებს ფონდის ხელმძღვანელი თამარ ჩიბურდანიძე. რეგიონებში დემოგრაფიული პროცესების, მიგრაციის საკითხების შესწავლის გარდა, ფონდს კიდევ რამდენიმე კონკრეტული პროექტი აქვს:

„ვგეგმავთ აბორტების საწინააღმდეგო ცენტრის გაკეთებას, უშვილოთა პრობლემების შესწავლასა და მკურნალობას, გვექნება ორსულთა ცენტრები...“

დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით კი, 2014 წლიდან უნდა დაფინანსდეს ყოველი მესამე ბავშვი. რა თანხის დახმარებას მიიღებს კონკრეტული ოჯახი, ჯერ უცნობია, თუმცა, ხუნდაძის თქმით, პირველ წელს, ჯამში, ფონდს ამისათვის 14 მილიონი ლარი დასჭირდება. რაც შეეხება ფონდის ფინანსებს, დიმიტრი ხუნდაძე ამბობს, რომ ფონდი არასამთავრობო ორგანიზაციაა და სახელმწიფო ბიუჯეტის ფინანსებთან კავშირი არ აქვს - მისი ძირითადი შემოსავალი შემოწირულებები და საქველმოქმედო საღამოებიდან შემოსული თანხა იქნება.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG