Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესმენები პრეზიდენტს საპოლიციო გამოსახლების გაუქმებაზე ვეტოს დადებას სთხოვენ


საქართველოში საპოლიციო გამოსახლება გაუქმდა. პარლამენტმა შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი მესამე მოსმენით 11 დეკემბრის პლენარულ სხდომაზე დაამტკიცა. ცვლილებები პოლიციისა და სააღსრულებლო წარმოების შესახებ კანონებში, ასევე, სამოქალაქო და საპროცესო კოდექსებში შევიდა. ცვლილებების მიხედვით, პირის საცხოვრებელი ფართიდან გამოსახლება მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ხდება შესაძლებელი. გაუქმდა ნორმები, რომელთა მიხედვითაც, პირის გამოსახლება-გამოყვანა იძულებით, პოლიციის მეშვეობით არის შესაძლებელი. ამით კანონმდებლები შეეცადნენ უსახლკაროდ დარჩენისგან დაეცვათ საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რაც მისაღებ სოციალურ შედეგად იქნა შეფასებული და, შესაბამისად, საპარლამენტო მხარდაჭერაც მოიპოვა.

თუმცა კანონპროექტს მიღებამდე და მას შემდეგაც არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავს. ჯერ კიდევ მისი საწყისი განხილვების ეტაპზე მას ეწინააღმდეგებოდა აღსრულების ეროვნული ბიურო. როგორც ბიუროს თავმჯდომარე განმარტავდა, ეს პრობლემებს შექმნის საკუთრების უფლების რეალიზაციის ფარგლებში, სწრაფად და ეფექტურად ვერ იქნება დაცული მესაკუთრის უფლება, რაც გარკვეულ პრობლემებს შეუქმნის სახელმწიფოს და მესაკუთრეს. საკუთრების შეზღუდვის საფრთხეს ხედავდა ამ ინიციატივაში „საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოც“. ორგანიზაციის განცხადებით, კანონპროექტის მიღებას უარყოფითი შედეგები მოჰყვება საქართველოში მოქმედი კომერციული ბანკების, მიკროსაფინანსო ორგანიზაციების, საკრედიტო კავშირების, სალიზინგო და დეველოპერული კომპანიებისა და უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული მოქალაქეებისათვის. კანონი იქონიებს გავლენას ეკონომიკის ამ სექტორების განვითარებაზე და გააუარესებს საქართველოს პოზიციებს შესაბამის საერთაშორისო რეიტინგებში.

საპოლიციო გამოსახლების გაუქმებასთან დაკავშირებით პროტესტი გამოთქვა საქართველოს ბიზნესასოციაციამაც. გასულ კვირას ბიზნესმენებმა საქართველოს პრეზიდენტს კანონპროექტზე ვეტოს დადება სთხოვეს. არგუმენტები ასეთია: პირველ რიგში, როდესაც ქონებაზე სრულდება საკუთრების რეალიზება, ეს ავტომატურად უძრავი ქონების ბიზნესში ჩართული ადამიანების პრაქტიკის გადახედვას, საფასო პოლიტიკის შეცვლას და, ზოგადად, გაძვირებას იწვევს. საბანკო სექტორი, რომელიც აფინანსებს უძრავი ქონების ბაზარს, იხილავს ახალი რისკების შეფასების სისტემას, რაც, საბოლოო ჯამში, აისახება საპროცენტო განაკვეთების ზრდაში, რადგან მომატებული რისკის პირობებში ავტომატურად შეიცვლება საპროცენტო განაკვეთები და რისკების შეფასების სისტემა. იგი ვარაუდობს, რომ კანონპროექტი იურიდიული კომპანიებისთვის, რომლებიც დაკავებულნი არიან კომერციული საოფისე ფართების გაქირავებით, შეცვლის გაქირავების სტანდარტებს და მომხმარებელს გაძვირებული პირობით შესთავაზებენ აღნიშნული ფართების ხელმეორედ გაქირავებას. ეს გამოიწვევს მოთხოვნის შემცირებას, ამ ბიზნესში დასაქმებული ადამიანებისთვის პოტენციურად შემოსავლის ზრდას და გლობალურად ინვესტორების ქცევის შეცვლას. საქართველოს ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით კი, თუ აღნიშნული კანონპროექტი მაინც იქცა კანონად, ბიზნესმენები მას შემდეგ საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.

ამ არგუმენტებს არ იზიარებენ პარლამენტში. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარის განმარტებით, აღსრულების საპოლიციო გამოსახლება სულაც არ გახლავთ სწრაფი და ეფექტური საშუალება საკუთრების უფლების დაცვისთვის. სტატისტიკა ასეთია: 2014 წელს შესული გამოსახლების განცხადებებიდან აღსრულდა მხოლოდ 31%, 2015 წლის 9 თვეში მოთხოვნათა მხოლოდ 28 % შესრულდა. აღსრულების ბიუროს სტატისტიკა კი იმავე პერიოდში ასეთია: 2014 წლის აღსრულების მაჩვენებელი არის 79 %, 2015 წლის 9 თვეში - 82 %, რაც ნიშნავს, რომ აღსრულების ბიურო უკეთ ართმევს თავს ამ ფუნქციას, ვიდრე პოლიცია. პრეზიდენტის საბოლოო პოზიცია კანონთან დაკავშირებით ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG