Accessibility links

logo-print

28 მარტს საკუთარი სახლის დასარბაზოსთან ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული ბიზნესმენის, ბესიკ ხარძიანის, ადვოკატის თქმით, საქმეზე გამოძიება ინტენსიურად მიმდინარეობს და ბიზნესმენის ოჯახის წევრები საქმის გახსნას უახლოეს მომავალში ელოდებიან. რატომ გაისმა ბიზნესმენის მკვლელობის დღეს ყოფილი მაღალჩინოსნების გვარ-სახელები? და რას შიშობენ უფლებადამცველები?

29 მარტს, საღამოს, მთავრობის ადმინისტრაციამ გაავრცელა განცხადება ბესიკ ხარძიანის მკვლელობისა და მას მოყოლილი ბრალდებების შესახებ. განცხადების თანახმად,მთავრობის ადმინისტრაცია დაუსაბუთებელ ბრალდებებს მთავრობის ყოფილი და მოქმედი წევრების ამ საქმესთან შესაძლო კავშირის შესახებ მთავრობისა და პრემიერის მიზანმიმართულ დისკრედიტაციად აფასებს და მიუღებლად მიიჩნევს ბრალდებებს იმ მთავრობის მიმართ, რომლისთვისაც მთავარი პრიორიტეტი სწორედ სამართლიანობის აღდგენაა. სამართლიანობის აღდგენის აუცილებლობაზე ლაპარაკობდა სიკვდილამდე ორი კვირით ადრე სატელევიზიო ეთერში თავად ბიზნესმენიც.

„მე ვიძლევი ცუდ გაფრთხილებას: თუ არ აღდგება სამართალი, 70-იანი წლების სიცილია მონაგონი გახდება საქართველოში. არავის არ ვაშინებ. პირიქით, ფრთხილად ვიყოთ საზოგადოება, წასული ხელისუფლებაც და ახალიც“, - თქვა ბესიკ ხარძიანმა მარტის დასაწყისში ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში.

’უოლმილ სერვისი’ გახლავთ საზღვარგარეთ, პანამაში რეგისტრირებული ფირმა. მისი წარმომადგენლები იყვნენ ადვოკატები. ჩვენ მოდავე მხარეს არ შევხვედრივართ. ჩვენ ამ კომპანიას მოვუგეთ ეს პროცესი.’უოლმილ სერვისი’ გახლავთ საზღვარგარეთ, პანამაში რეგისტრირებული ფირმა...

49 წლის ბიზნესმენი ბესიკ ხარძიანი კუს ტბის აქციების ერთ-ერთი მფლობელი იყო. ის 2011 წელს ნარკოტიკების მოხმარებისა და რეალიზაციის ბრალდებით დააკავეს, თუმცა მის წინააღმდეგ წაყენებულ ბრალდებებს ბიზნესმენი მტკიცედ უარყოფდა. ორწლიანი პატიმრობის შემდეგ, ბესიკ ხარძიანი ჟურნალისტებთან ინტერვიუებში ამბობდა, რომ კუს ტბის აქციები მას ციხეში ყოფნის დროს იძულებით დაათმობინეს. ბიზნესმენის განმარტებით, მას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა და სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის ყოფილმა მოადგილემ გიორგი უდესიანმა "კუს ტბის" წილი მოსთხოვა, უარის მიღების შემდეგ კი ის დააკავეს. ბესიკ ხარძიანმა კუს ტბის ტერიტორიის უკან დაბრუნების მოთხოვნით ახალი ხელისუფლების პირობებში პროკურატურას მიმართა. გამოძიების შემდეგ მას კუს ტბის აქციები დაუბრუნდა, თუმცა კუს ტბის წილთან დაკავშირებით სამართლებრივი დავა ამ დრომდე მიმდინარეობს. პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება მოწინააღმდეგე მხარემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. როგორც ბესიკ ხარძიანის ადვოკატი მალხაზ სალაყაია რადიო თავისუფლებას განუმარტავს, სასამართლო დავაში მოწინააღმდეგე მხარეს სააქციო საზოგადოება „უოლმილ სერვისი“ წარმოადგენს. რაც შეეხება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ აღნიშნული კომპანიის უკან გიორგი უდესიანი დგას, მალხაზ სალაყაია ამ ინფორმაციას ასე უპასუხებს:

„’უოლმილ სერვისი’ გახლავთ საზღვარგარეთ, პანამაში რეგისტრირებული ფირმა. მისი წარმომადგენლები იყვნენ ადვოკატები. ჩვენ მოდავე მხარეს არ შევხვედრივართ. ჩვენ ამ კომპანიას მოვუგეთ ეს პროცესი. კომპანიის უკან კიდევ ვინ დგას, ეს ჩვენთვის უცნობია. ჩვენ არასდროს დაგვისახელებია გიორგი უდესიანის სახელი“.

ქვეყანაში დაირღვა ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია - დაირღვა ძალიან უხეშად ზოგიერთი ადამიანის მხრიდან უაპელაციოდ გამოთქმული ბრალდებების შედეგად. მე ვიმედოვნებ, რომ მიმდინარეობს გამოძიება...

28 მარტს საკუთარი სახლის სადარბაზოსთან ოთხი ტყვიით მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები და მეგობრები ამბობენ, რომ მკვლელობის კვალი სწორედ გიორგი უდესიანამდე მიდის, რომელიც 2012 წლიდან საზღვარგარეთ ცხოვრობს. ისევე როგორც თავად გიორგი უდესიანი, მისი და ნატო უდესიანიც ჟურნალისტებთან საუბრისას მისი ძმის მიმართ უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას ედავება მოკლული ბიზნესმენის ახლობლებს:

„ქვეყანაში დაირღვა ადამიანის უდანაშაულობის პრეზუმფცია - დაირღვა ძალიან უხეშად ზოგიერთი ადამიანის მხრიდან უაპელაციოდ გამოთქმული ბრალდებების შედეგად. მე ვიმედოვნებ, რომ მიმდინარეობს გამოძიება. ეს გამოძიება წარიმართება სწრაფი ტემპით და, პირველ რიგში, ობიექტურად და ამით შეწყდება ჩვენი ოჯახის მიმართ ცილისმწამებლური კამპანია“.

გიორგი უდესიანი არ არის ერთადერთი ადამიანი და ყოფილი მაღალჩინოსანი, რომლის გვარ-სახელიც გაისმა ბესიკ ხარძიანის მკვლელობის შემდეგ. ბიზნესმენის მეგობარი ირაკლი კორძაია ხარძიანის კუთვნილი ქონების დაბრუნების ხელოვნურად შეყოვნების პროცესს მთავარი პროკურორის ყოფილ მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილსა და პარტია „ქართული ოცნების“ ყოფილ აღმასრულებელ მდივანსა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექციის ყოფილ უფროსს ზვიად ჯანყარაშვილს უკავშირებს. ზვიად ჯანყარაშვილის ადვოკატი დიმიტრი გაბუნია რადიო თავისუფლებასთან საუბარში გამოთქმულ ბრალდებებს უარყოფს. მისი მტკიცებით, გიორგი უდესიანსა და ზვიად ჯანყარაშვილს არანაირი ბიზნესურთიერთობა არ ჰქონიათ. ადვოკატის თქმით, თუკი ირაკლი კორძაია რამდენიმე დღეში ბრალდების შესაბამის მტკიცებულებებს არ წარმოადგენს, მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს მიმართავს:

ერთი მხრივ, დაზარალებულმა ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ ლინჩის სამართლის წესით მოქმედება და შურისძიება, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ელოდებიან მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას, შეიძლება დაიწყონ ანგარიშსწორება და კვალის წაშლა თავისი დანაშაულებისა...

„ინფორმაცია, რომელიც ამ დღეების განმავლობაში ვრცელდება, არის სრული სიცრუე და ცილისწამება. ან წარმოადგინონ მტკიცებულებები, ან, კანონით დადგენილი წესით, სასამართლოს მეშვეობით მოუწევთ ამ ცნობების უარყოფა“, - ამბობს დიმიტრი გაბუნია.

ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი ალეკო ცქიტიშვილი რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ ბესიკ ხარძიანის მკვლელობამ საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენა, რომ დროდადრო შესაძლოა თავი იჩინოს მსგავსმა რეციდივებმა და განსაკუთრებით იმ ვითარებაში, როდესაც არ არის შესწავლილი და გამოძიებული ახლო წარსულის მძიმე მემკვიდრეობა. ალეკო ცქიტიშვილის თქმით, თუკი სახელმწიფო უარს იტყვის წინა ხელისუფლების პირობებში დაზარალებული ადამიანების უფლებების აღდგენაზე, არ შეისწავლის იმ ათასობით საჩივარს, რაც პროკურატურაშია შეტანილი და არ დასჯის დამნაშავეებს, რომლებიც წინა წლებში ეწეოდნენ ბიზნესის რეკეტს, ახორციელებდნენ პოლიტიკურ დევნას და ჩადიოდნენ სხვა დანაშაულებებს, მისი ვარაუდით, საზოგადოება მსგავსი ტიპის რეციდივებს უნდა ელოდოს:

„ერთი მხრივ, დაზარალებულმა ადამიანებმა შეიძლება დაიწყონ ლინჩის სამართლის წესით მოქმედება და შურისძიება, ხოლო, მეორე მხრივ, იმ ადამიანებმა, რომლებიც ელოდებიან მართლმსაჯულების წინაშე წარდგენას, შეიძლება დაიწყონ ანგარიშსწორება და კვალის წაშლა თავისი დანაშაულებისა. და მე ვფიქრობ, რომ ამის მაგალითია, სავარაუდოდ, იური ვაზაგაშვილისა და ბესიკ ხარძიანის სასტიკი მკვლელობა“.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით საქმე განზრახ მკვლელობის მუხლით არის აღძრული. ბიზნესმენის ადვოკატი მალხაზ სალაყაია რადიო თავისუფლებასთან საუბარში ამბობს, რომ მიმდინარეობს ინტენსიური გამოძიება, შექმნილია მაღალკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტებული საგამოძიებო ჯგუფი და, შედეგად, მოკლული ბიზნესმენის ოჯახის წევრები უახლოეს მომავალში ელოდებიან საქმის გახსნას.

XS
SM
MD
LG