Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბიზნესსექტორი 2016 წლის მეორე კვარტალში


ავტორი: ირინა გურული

ოფიციალური სტატისტიკა გვამცნობს, რომ ქვეყანაში ბიზნესსექტორის ბრუნვა იზრდება: სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2016 წლის მეორე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ის 10,8 %-ით გაიზარდა და 14,2 მილიარდი ლარი შეადგინა. ზრდის ტენდენციით ხასიათდება ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვების მაჩვენებელიც. 2016 წლის მეორე კვარტალში მისი მოცულობა 7,5 მილიარდი ლარით განისაზღვრა, რაც 7,5 %-ით აღემატება გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს.

ბიზნესსექტორი 2016 წლის მეორე კვარტალში
please wait

No media source currently available

0:00 0:03:52 0:00
გადმოწერა

შენარჩუნებულია ტენდენცია, როცა ბრუნვის ძირითადი წილი მსხვილ ბიზნესზე მოდის, კერძოდ: 2016 წლის მეორე კვარტალში მთლიანი ბრუნვის 79,1 % მოდის მსხვილ ბიზნესზე, 9,6 % - საშუალო, ხოლო 11,3 % - მცირე ბიზნესზე ნაწილდება. ოდნავ განსხვავებული მდგომარეობაა პროდუქციის მთლიანი გამოშვების შემთხვევაში: მსხვილ ბიზნესზე მოდის პროდუქციის გამოშვების 78,7 %, საშუალოზე - 10,5 %, ხოლო მცირე ბიზნესზე - 10,8 %.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, დასაქმებულთა საშუალო რაოდენობამ 601,0 ათასი კაცი შეადგინა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელს 5,7 %-ით აღემატება. დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობიდან 40,6 % ქალია, ხოლო 59,4 % - კაცი.

დასაქმებულთა მთლიანი რაოდენობის 60,9 % მსხვილ ბიზნესზე მოდის, 14,4 % - საშუალო, ხოლო დარჩენილი 24,7 % - მცირე ბიზნესზე. ეს ნიშნავს, რომ, მცირე ბრუნვების მიუხედავად, მცირე და საშუალო ბიზნესი უფრო მეტი წვლილის შეტანას ახერხებს დასაქმების საკითხში, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს სწორედ მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის აუცილებლობას, სოციალური ფონის გაუმჯობესების მიზნით.

კერძო ბიზნესის მიერ დაქირავებულთა მთლიანმა რაოდენობამ 564,5 ათასი კაცი შეადგინა (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 3,1 %-ით მეტი), საწარმოთა მთლიანმა დანახარჯებმა პერსონალზე - 1მილიარდ 668 მლნ. ლარი (გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 7,0 %-ით მეტი ). 2016 წლის მეორე კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნესსექტორში 978,1 ლარს გაუტოლდა (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაზრდილია 35.9 ლარით), მათ შორის, ქალების ხელფასმა შეადგინა 727,5 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, გაიზარდა 37,4 ლარით). საწარმოთა ზომის მიხედვით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 148,0 ლარი, საშუალო ბიზნესი – 783,0 ლარი, მცირე ბიზნესი – 582,0 ლარი.

რაც შეეხება ბიზნესის დარგობრივ გადანაწილებას, 2016 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვის სტრუქტურაში 47,1 % მოდის ვაჭრობის დარგზე (ავტომობილების, საყოფაცხოვრებო ნაწარმისა და პირადი მოხმარების საგნების რემონტის ჩათვლით). მეორე ადგილს იკავებს დამამუშავებელი მრეწველობა - 12,3 %-იანი წილით. შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 9,5 %-იანი წილით და მშენებლობა - 9,5 %-იანი წილით, ხოლო დარჩენილი 21,6 % სხვა დარგებზე ნაწილდება. 2016 წლის მეორე კვარტალში ბიზნესსექტორის პროდუქციის გამოშვებაში უდიდესი წილი (22,1 %) დამამუშავებელი მრეწველობის დარგს ეკავა. მეორე და მესამე ადგილებს იკავებდა მშენებლობა (19,2 %) და ვაჭრობა (17,0 %). შემდეგ მოდის ტრანსპორტი და კავშირგაბმულობა - 12,7 %-იანი წილით, ოპერაციები უძრავი ქონებით, იჯარა და მომხმარებლისათვის მომსახურების გაწევა - 8,3 %-იანი წილით, ხოლო დანარჩენ დარგებს სტრუქტურაში 20,7 %-იანი წილი უჭირავს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG