Accessibility links

logo-print

ზეპ ბლატერი უკან დახევას არ აპირებს


ზეპ ბლატერი ფიფას კონგრესზე, ციურიხში (29.05.2015)

ზეპ ბლატერი ფიფას კონგრესზე, ციურიხში (29.05.2015)

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში კორუფციის გამოძიებას, რომელსაც უკვე მოჰყვა ფიფას შვიდი მაღალჩინოსნის დაკავება, კიდევ ერთი ახალი გამოძიება დაემატა: შვეიცარიის პოლიცია ცდილობს დაადგინოს, ვინ და რატომ დაემუქრა დღეს აფეთქებით ფიფას კონგრესს. პოლიციელებს შენობის შემოწმება მოუხდათ, რის შემდეგაც კონგრესმა მუშაობა განაახლა.

ფიფას პრეზიდენტი იოზეფ ბლატერი ერთიანობისაკენ მოუწოდებს ციურიხში მიმდინარე კონგრესის დელეგატებს, რომლებიც, კორუფციის ბრალდებებთან დაკავშირებული სკანდალის ფონზე, პრეზიდენტის ასარჩევად ემზადებიან. მას შემდეგ, რაც ოთხშაბათს პოლიციამ ფიფას შვიდი მაღალჩინოსანი დააკავა, ბევრი გადადგომისკენ მოუწოდებს ბლატერს, რომელიც უკვე 17 წელია, სათავეში უდგას ფიფას და მანამდე ამდენივე წელი იყო ამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანოს გენერალური მდივანი.

რამდენად ფართო განხილვის საგანია ფიფაში კორუფციის პრობლემა და ფიფას პრეზიდენტის ბედი, გამოჩნდა დღეს ბერლინშიც, როცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ დევიდ კამერონს გერმანელ კოლეგასთან, ანგელა მერკელთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე დაუსვეს შეკითხვა ფიფაში კორუფციის სკანდალთან დაკავშირებით. კამერონის პასუხი ასეთი იყო: „ჩემი აზრით, ფიფას პრეზიდენტი უნდა წავიდეს. შეუძლებელია, ამ ორგანიზაციაში ასეთ დონეზე და ასეთი მასშტაბით კორუფციის ბრალდებები არსებობდეს და თქვა, რომ ადამიანს, რომელიც ორგანიზაციას ამჟამად ხელმძღვანელობს, მისი წინ წაწევა ხელეწიფება. ასე არ უნდა მოხდეს. სიმართლე ითქვას, ის, რაც ჩვენ ვიხილეთ, ამ მშვენიერი თამაშის მახინჯი მხარეა და ბლატერი უნდა გადადგეს. და, რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უკეთესი“.

მაგრამ დევიდ კამერონისა და სხვების, მათ შორის უეფას პრეზიდენტ მიშელ პლატინის მოწოდებების მიუხედავად, ზეპ ბლატერი უკან დახევას არ აპირებს და, სავარაუდოდ, მიაღწევს კიდეც მიზანს: მოსალოდნელია, რომ ფიფას კონგრესზე შეკრებილი დელეგატები პრეზიდენტად სწორედ ბლატერს აირჩევენ მორიგი, მეხუთე ვადით და არა მის ერთადერთ კონკურენტს დღევანდელ კენჭისყრაში, იორდანიის სამეფო ოჯახის წარმომადგენელს, პრინც ალი ბინ ჰუსეინს.

ბლატერის შეფასებით, მიზეზი იმისა, რომ, აშშ-ში მომზადებული ბრალდებების საფუძველზე, შვეიცარიის პოლიციამ 27 მაისს ფიფას მაღალჩინოსნები დააკავა, არის მსოფლიო ჩემპიონატების ფინალური ტურნირის მასპინძლებად რუსეთისა და კატარის არჩევა: სხვა ქვეყნები რომ ყოფილიყვნენ არჩეული 2018 და 2022 წლების ჩემპიონატების მასპინძლებად, დღეს ეს პრობლემები არ გვექნებოდაო, გამოაცხადა ბლატერმა ფიფას კონგრესზე გამოსვლისას. მისი სიტყვები ცხადყოფს, რომ კორუფციის ბრალდებაში და მაღალჩინოსნების დაკავებაში (რაც ფიფას კონგრესის დაწყებამდე ორი დღით ადრე მოხდა), ის პოლიტიკურ მოტივებს ხედავს.

თუ როგორ აფასებენ კრიზისს ფიფას კონგრესის დელეგატები, სულ მალე გამოჩნდება, როცა შევიტყობთ, ვის აირჩევენ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტად.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG