Accessibility links

logo-print
ამას წინათ, თბილისში, ერთი გერმანელი მეგობარი შემხვდა, რომელიც დიდი ხანია საქართველოში ცხოვრობს და ქვეყანასაც მშვენივრად იცნობს. უკვირდა, რატომ არ მსჯელობენ საქართველოში ფასეულობების შესახებო. ერთხელ კი სცადეს, გადაცემა „დიდი ასეული“ როცა გადიოდა ტელევიზიით, მერე კი თავი დაანებესო. მე კი მგონია, რომ ფასეულობებზე კამათი მიმდინარეობს, ოღონდ მას ყოველთვის მსჯელობის ფორმა არ აქვს. უკეთეს შემთხვევაში, ეს სხვადასხვა მონოლოგებია, უარესში კი სათქმელსაც და არგუმენტსაც მუშტი ანაცვლებს.

ფასეულობებზე საუბარი სულაც არ არის განყენებული რამ. იმაზე, თუ რა ფასეულობებზე მოვახერხებთ, ან ვერ მოვახერხებთ შეთანხმებას, პირდაპირ არის დამოკიდებული ის, თუ როგორ ქვეყანაში ვიცხოვრებთ და ისიც, იარსებებს თუ არა ის ქვეყანა, რომელშიც ვცხოვრობთ.

ეს შეთანხმება რომ მიღწეული არ არის, სულ ახლახან ორმა სიმპტომურმა შემთხვევამ დაგვანახა.

გურიაში, ლანჩხუთის რაიონში, არის ერთი პატარა სოფელი, რომელსაც გემრიელი სახელი - ნიგვზიანი - ჰქვია. ცხრა წლის წინ აქაც და ახლო-მახლო სოფლებშიც მთიანი აჭარიდან ჩამოასახლეს რამდენიმე ათასი ადამიანი, ძირითადად მუსულმანი ქართველები. ნახევარი წლის წინ, მუსულმანურმა თემმა ნიგვზიანში სახლი შეიძინა და იქ სამლოცველო გახსნა. რადგანაც ეს სამლოცველო აქაური მუსულმანებისათვის ერთადერთია, აქ მორწმუნეები სხვა სოფლებიდანაც ჩამოდიან. ადგილობრივ ქრისტიანებს მუსულმანების ლოცვა თვალში არ მოუვიდათ, ამიტომაც გადაწყვიტეს, მათთვის მუქარითა და შეურაცხყოფით შეეშალათ ხელი: „გველებივით თავებს დაგიჭეჭყავთ, თქვე თათრებო, თქვე ჩამოთრეულებო, გურიაში მეჩეთს არ გაგახსნევინებთ, აქ არ გალოცებთო“, - გვატყობინებს ყოველთვიური ჟურნალი “ტაბულა”.

მოდი, ძვირფასო მკითხველო, თავი შევიკავოთ მკვიდრი ნიგვზიანელების შეფასებისაგან. უბრალოდ, შევეცადოთ გავერკვეთ მათ ფასეულობებში. ამ ღვთისმოსავ ხალხს, როგორც ჩანს, ჰგონია, რომ ქრისტიანულ მიწაზე, როგორადაც წარმოუდგენიათ თავიანთი მშობლიური ნიგვზიანი, ლოცვის უფლება მხოლოდ ქრისტიანებს აქვთ, ხოლო სხვების ლოცვა მათ რელიგიურ გრძნობებს შეურაცხყოფს და ქრისტიანულ მიწას წარწყმედს. ისიც ეგონებათ, რომ ქართულ მიწაზე მართლმადიდებელ ქართველებს უფრო მეტი უფლება აქვთ, ვიდრე, მაგალითად, არამართლმადიდებელ ქართველებს, არაქართველებზე რომ არაფერი ვთქვათ. მაგალითად უფლება იმის დადგენისა, თუ ვინ სად, როდის და როგორ უნდა ილოცოს ან, საერთოდ, უნდა ილოცოს თუ არა. ეს ის შემთხვევაა, როდესაც ჩვენი კონსტიტუცია წინააღმდეგობაში მოდის იმ წარმოდგენებთან, რომლებსაც ადგილობრივები „სოფლის კანონმდებლობას“ ეძახიან. პოლიტიკური მეცნიერების ენაზე ასეთ მოდელს დისკრიმინაციულს უწოდებდნენ. ფასეულობითი არჩევანი, რომელიც აქედან გამომდინარეობს, ასეთია: რომელი წესი ვაღიაროთ: ის, რომელიც ყველა მოქალაქეს, აღმსარებლობის (ტომის, სქესის, პოლიტიკური შეხედულების, სექსუალური ორიენტაციის და ა.შ.) მიუხედავად თანასწორად მიიჩნევს და, მაგალითად, საკუთარი რელიგიური რიტუალების შესრულების საშუალებას თანაბრად აძლევს, თუ ის, რომელიც მოქალაქეებს რამდენიმე კატეგორიად ჰყოფს და ერთ-ერთს (რიცხოვნობით უპირატესს) უპირატეს უფლებას მიანიჭებს?

ისე თუ მოხდა, რომ საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა პირველ შეხედულებას დაეთანხმა და მათმა წარმომადგენლებმა პარლამენტში საკონსტიტუციო უმრავლესობაც შექმნეს, მაშინ ნიგვზიანის „სოფლის კანონმდებლობა“ საქართველოს კონსტიტუციად გადაიქცევა. ესეც არჩევანია, ოღონდ არჩევანი, გაკეთებული საქართველოს იზოლაციის სასარგებლოდ და ევროპული ცივილიზაციის წინააღმდეგ. თავი დავანებოთ იმას, რომ „სოფლის კანონმდებლობის“ გაკონსტიტუციურება საქართველოს გამოიყვანს იმ ქვეყნების რიგიდან, რომლებიც აღიარებენ ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებსა და თავისუფლებებს, ხაზს გადაუსვამს მის პერსპექტივას, როდისმე გახდეს ევროკავშირისა და ნატოს წევრი. თავი დავანებოთ იმასაც, რომ ეს არჩევანი ერის გაგებაში XVIII საუკუნეში დაგვაბრუნებს. ჯერ კიდევ ილია ჭავჭავაძეს ჰქონდა გაცნობიერებული, რომ ერი არ არის ერთი ტომის ერთმორწმუნეთა გაერთიანება: „ჩვენის ფიქრით“, - წერდა ილია საქართველოს შემადგენლობაში აჭარის დაბრუნებისადმი მიძღვნილ წერილში - „არც ერთობა ენისა, არც ერთობა სარწმუნოებისა და გვარ-ტომობისა ისე არ შეამსჭვალებს ხოლმე ადამიანს ერთმანეთთან, როგორც ერთობა ისტორიისა. ერი, ერთის ღვაწლის დამდები, ერთს ისტორიულს უღელში ბმული, ერთად მებრძოლი, ერთსა და იმავე ჭირსა და ლხინში გამოტარებული - ერთსულობით, ერთგულობით, ძლიერია.“

და პირიქით, რელიგიური და ეთნიკური ჯგუფების დისკრიმინაცია გახდება პერმანენტული კონფლიქტის წყარო, რომელიც იოლად გამოუთხრის ძირს ნებისმიერ სახელმწიფოს (იუგოსლავიის დაშლა ამისი სამწუხარო მაგალითია). ყველას, ვისაც ჰგონია, რომ ქართველობა მართლმადიდებლობას ნიშნავს, ხოლო მართლმადიდებელი ქართველობა - არამართლმადიდებელი ქართველების ჩაგვრას, კარგად უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარი ფასეულობრივი არჩევნის შედეგები.

სიმპტომური ეს შემთხვევა იმიტომაა, რომ ნიგვზიანის ინციდენტი გვიჩვენებს ახალი მთავრობისა და ეკლესიის დამოკიდებულებასაც. შემაშფოთებელია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრი, თეა წულუკიანი ენობრივი თამაშებით ცდილობს გაექცეს პოზიციის მკაფიოდ დაფიქსირებას: ნიგვზიანელების საქციელში ის ხედავს არა ფასეულობით კონფლიქტს, ან სისხლის სამართლის დანაშაულს (რელიგიური თავისუფლებისათვის ხელის შეშლას), არამედ „ზედმეტ ემოციურობას“. განსხვავებით სტიქარგანხუნ(ებ)ული წინამორბედებისაგან ის მიიჩნევს, რომ ისიცა და სახელმწიფოც ინციდენტის შემთხვევაში ვალდებული არიან, „ჯერ ეკლესიას“ მისცენ „ინციდენტის ამოწურვის საშუალება“ - ანუ, პრინციპში, მას სწორედ მართლმადიდებელი ეკლესია მიაჩნია პრივილეგირებულ პარტნიორად (რელიგიური) ინციდენტების „ამოწურვაში“ (რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულიც შეიძლება იყოს). ამით იუსტიციის მინისტრი ნიგვზიანის ინციდენტში ერთი მხრივ ეკლესიის ბრალსაც აღიარებს. მეორე მხრივ კი ამ „ბრალისაგან“ სახელმწიფოს დისტანცირებას ცდილობს: „უკეთესად ვინ დაამშვიდებს საკუთარ მრევლს, თუ არა ეკლესია“ - გვეუბნება წულუკიანი და ამას საკუთარ (ანუ მთავრობის) სტრატეგიადაც გვიცხადებს. არ ვიცი, რამდენად არის ეს ფორმა ან სტრატეგია „ახალი“ ან „ცივილიზებული“ ან რა კრიტერიუმებით შეიძლება მივიჩნიოთ ასეთად: მორწმუნეების შესაბამისი ეკლესიების იურისდიქციაში მოქცევა, მაგალითად, ოსმალეთის იმპერიის იურიდიული პრაქტიკა იყო. ნებისმიერ შემთხვევაში ეს არის პატარა, მაგრამ არა უმნიშვნელო ნაბიჯი ნიგვზიანის „სოფლის კანონმდებლობის“ აღიარებისაკენ.

ეკლესიამ, შესაძლოა, „დაამშვიდოს“ თავისი მრევლი, მაგრამ ამ დამშვიდებას ორი შედეგი მოჰყვება:

ა) სახელმწიფო რელიგიური კონფლიქტებიდან გამომდინარე სისხლის სამართლის საქმეებზე თვალებს ხუჭავს, მათ ასაღებს „აღელვებად“, რომელსაც კანონით დევნა ან არგუმენტებით დაპირისპირება კი არა, „დამშვიდება“ სჭირდება და მართლმადიდებელ ქრისტიანებს საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას (ირიბად) იურიდიულადაც უქვემდებარებს;

ბ) ეკლესიას, რომელიც „ამშვიდებს“ მრევლს, თვითონ უნდა ჰქონდეს გაცნობიერებული საკუთარ როლი დემოკრატიულ ქვეყანაში. ამ მხრივ კი სახარბიელო ბევრი არაფერია: თავად ეკლესიის იერარქებს არაერთხელ უქადაგიათ რელიგიური შეუწყნარებლობა და ფიზიკურადაც კი გასწორებიან იმათ, ვისზეც ხელი მისწვდენიათ. არ ვიცი, ექნება თუ არა თეა წულუკიანს პასუხი იმაზე, მიიჩნევს თუ არა ახალი კაბინეტის წევრი, რომ, მაგალითად, დეკანოზ დავით ისაკაძეს სახელმწიფომ მრევლის „დამშვიდება“ შეიძლება გადააბაროს. არც ის ვიცი, მიაჩნია თუ არა იუსტიციის მინისტრს სოფელ მუხუთის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ საბა ჟღენტის ულტიმატუმი „დამშვიდებად“. დეკანოზი ამბობს: „ჩვენ მათ ერთკვირიანი ინტერვალი მივეცით. უნდა გადაწყვიტონ, რას იზამენ. ჩვენ ვთხოვეთ, რომ მოსახლეობა დაპირისპირებულია ამ ხალხთან და უკან თუ არ დაიხიეს, ადგილობრივები არ დაუშვებენ, აქ მეჩეთი აშენდეს, მინარეთი იყოს და მასობრივი ლოცვა წარიმართოს ამ სოფელში. […] თუ ეს ასე არ მოხდება, ამ ხალხის (მრევლის - ზ.ა.) გაკონტროლება ძალიან ძნელი იქნება.“

ნებისმიერ შემთხვევაში, სასურველი იქნებოდა, ახალმა მთავრობამაც და მართლმადიდებელმა ეკლესიამაც მკაფიოდ ჩამოაყალიბონ თავიანთი პოზიცია იმასთან დაკავშირებით, როგორ ქვეყნად წარმოუდგენიათ საქართველო: ისეთად, სადაც, ვთქვათ, მართლმადიდებელ ქართველებს გარკვეული უპირატესობები აქვთ, თუ ისეთად, სადაც საქართველოს მოქალაქეებს არავინ განასხვავებს აღმსარებლობის, კანის ფერის, ეთნიკური წარმომავლობის, სქესის, სექსუალური ორიენტაციის, პოლიტიკური შეხედულებებისა და ა.შ. მიხედვით.

ის ენობრივი თამაშები, რომელსაც თეა წულუკიანი მიმართავს, ისევე როგორც საპატრიარქოს ორაზროვანი პოზიცია, რომელიც ერთი მხრივ ქვეყნის დემოკრატიულ სამართალწესრიგს აღიარებს, მეორე მხრივ კი მოძალადე და შუღლის გამაღვივებელ მღვდლებს ახალისებს, ნიგვზიანის მსგავს პრობლემას კი არ მოაგვარებს, არამედ მსგავსი პრობლემების წარმოშობის უშრეტ წყაროდ გადაიქცევა.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG