Accessibility links

logo-print
არამც და არამც არ უნდა ვიფიქროთ, რომ პატრიარქის საშობაო ქადაგებაში გამოთქმული აზრები სხვა ქრისტიანული ეკლესიების პოზიციების ანალოგიურია. მსგავსება თითქოს არსებობს - მაგალითად, კათოლიკური ეკლესიაც ეწინააღმდგება ხელოვნურ განაყოფიერებას. მაგრამ ეს მსგავსება ზედაპირულია.

კათოლიკური ეკლესია ხელოვნური განაყოფიერების შესახებ გადაწვეტილებას რწმენის საქმედ აქცევს. ცოლ-ქმრის ინდივიდუალური არჩევანია, ეკლესიის მოძღვრება უფრო მნიშვნელოვანი იქნება მათთვის, თუ ბავშვის ყოლა. პრობლემატური მათი გადაწყვეტილება იქნება და არა ამ გადაწყვეტილების შედეგი - ანუ ბავშვი.

რა ქნა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა? მან არ დატოვა არჩევანი. გამოვიდა, რომ ეს გადაწყვეტილების კი არა, ობიექტური რეალობის საკითხია. პრობლემას წარმოადგენენ არა ის ადამიანები, ვინც უნდა მიიღოს გადაწყვეტილება - ანუ მშობლები. პრობლემას წარმოადგენს ამ გადაწყვეტილების უდანაშაულო შედეგი - ანუ ბავშვი.

განსხვავების მიზეზი მარტივია - კათოლიკურმა ეკლესიამ გაიარა მოდერნიზაციის პერიოდი და მიიღო თანამედროვე ეპოქა. ის შეიძლება ეწინააღმდეგებოდეს ამ ეპოქის ცალკეულ გამოვლინებებს, როგორებიცაა გეების ქორწინება, ხელოვნური განაყოფიერება, კონტრაცეპტივები და ა. შ. მაგრამ კათოლიკურმა ეკლესიამ მიიღო ამ ეპოქის ფუნდამენტური დაშვება - რომ რწმენა ინდივიდის საქმეა. შეგიძლია მხოლოდ იმ ინდივიდს მოსთხოვო, ვინც რწმენა აირჩია, ის არაა მოვლენა, რომელიც სტიქიური უბედურებასავით განსაზღვრავს მთელს სივრცეს.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია არ იღებს მოდერნს მთლიანად. აქედან გამომდინარეობს მისი შესატყვისი ცნობიერების ტიპი - მაგიური. აქედანვე გამომდინარეობს ცრურწმენების მოძალება, რომელმაც ლამის მთლიანად ჩაანაცვლა რაციონალური მსჯელობის უნარი.

არ უნდა ვიფიქროთ, თითქოს ჩვენ ყველანი ცრუმორწმუნეები ვართ და ამიტომ დიდი განსხვავება არ არის, სამჯერ გადავაფურხებთ შავი კატის დანახვისას თუ გაბრიელის საფლავზე ავალთ ორი სურვილის ჩასათქმელად. სინამდვილეში ამ ორ ქმედებას შორის ფუნდამენტური სხვაობაა.

ჩვენს ყოველდღიურ ფეტიშიზმებს ასეთი სტრუქტურა აქვს: „არ მჯერა, მაგრამ მაინც“. მე, ცხადია, არ მჯერა, მაგრამ ხეზე სამჯერ მაინც ვაკაკუნებ, საქმე რომ არ „დაითარსოს“. ამისგან განსხვავებით, ადამიანს, ვინც ფოთიდან მცხეთაში ჩავიდა გაბრიელის საფლავზე, სჯერა, რომ შეიძლება სურვილები აუხდეს.

განსხვავება მარტივია: ფეტიშიზმის მატარებელი ადამიანი არასოდეს შეიწუხებს თავს ძალიან. ხეზე დააკაკუნებს, მაგრამ თუ შავმა კატამ მის მანქანას გადაურბინა, ის ამის გამო უკან ნამდვილად არ მიბრუნდება და საქმეზე ხელს ნაღდად არ აიღებს. და, რაც მთავარია, არასოდეს, არასოდეს ჩავა ფოთიდან მცხეთაში საფლავზე სურვილების ჩასათქმელად.

განსხვავება აქ არსებითია და არა ხარისხობრივი. ფეტიშიზმი და ცრურწმენა სხვადასხვა რაღაცებია. ფეტიშისტს არ სწამს, მაგრამ მაინც აკეთებს. ცრუმორწმუნეს სწამს, ოღონდ ცრუ და არასწორი რაღაცისა.

პრობლემა ცრურწმენების ცნობიერებაა, რომელიც ერთნაირად ახასიათებს ეკლესიის მსახურებსაც და მათ მრევლსაც. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ იმ ადამიანს შორის, ვინც თვლის, რომ ხელოვნურად ჩასახული ბავშვები დაწყევლილები არიან და იმას შორის, ვინც გაბრიელის საფლავზე ადის სურვილების ასასრულებლად. ვინც წყევლის, მას სწამს, რომ სამყაროს ისეთი სტრუქტურა აქვს, რომელზეც შელოცვა გავლენას ახდენს. „ღმერთი დაგსჯის“ არის საკუთარი უძლურების და ბოღმის პროექცია სამყაროზე. როგორც მინიმუმ დავით კლდიაშვილის შესანიშნავი მოთხრობის („შერისხვა“) წაკითხვის შემდეგ ვიცით, რომ რაციონალურ ადამიანს ასეთი წყევლა არ უნდა აშინებდეს. მაგრამ რა ვუყოთ მათ, ვისაც დავით კლდიაშვილი არ აქვს წაკითხული და მხოლოდ პატრიარქის ეპისტოლეებს უსმენს? წავაკითხოთ მას იმავე პატრიარქის მიერ 25 წლის წინათ დაწერილი ეპისტოლეები, სადაც ის შესაშურ ლიბერალიზმს ავლენდა და ადამიანის უფლებების მნიშვნელობაზე საუბრობდა?

არა მგონია, ამან იმუშაოს. დაცინვა? ცრურწმენების დაცინვა კარგია, ოღონდ როდესაც ამას ისინი აკეთებენ, ვისაც იუმორის განსაკუთრებულად კარგი გრძნობა აქვს. ლაშა ბუღაძემ და ქეთი დევდარიანმა შეიძლება სწორედაც რომ დასცინონ, მაგრამ რა ვქნათ ჩვენ, ვინც ამ ნიჭით არ გამოირჩევა? ჩემი აზრით, ყველაზე ეფექტიანი იქნება, სისტემატურად, რაციონალურად და ოდნავ გულგრილად ვაკრიტიკოთ ეკლესიის მესვეურები. სისტემატურად - რომ არ მოვადუნოთ ყურადღება და არ მივცეთ მათ კარტ-ბლანში; რაციონალურად - რათა დავამკვიდროთ მსჯელობის სტანდარტი, რომელთან შეუსაბამობასაც განსაკუთრებულად მძაფრად იგრძნობენ რელიგური ფუნდამენტალისტები; ოდნავ გულგრილად - რათა თავადაც კი არ ჩავებათ წყევლა-კრულვის მაგიურ რიტუალში, არამედ გავაქარწყლოთ ამ მაგიის გავლენა.

მე კი ზუსტად ვიცი, როდის გახდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია თანამედროვე და როდის შეგვეძლება ჩვენ, შევასუსტოთ ან საერთოდ შევწყვიტოთ მისი კრიტიკა - როდესაც პატრიარქისა და ეკლესიის სხვა მესვეურების ძირითადი იარაღი აღარ იქნება წყევლა.

რაც შეეხება მაგიას, ის ჩვენს ცხოვრებაში მაინც დარჩება: მეტაფორულად, გადატანითი მნიშვენლობით. როგორც ლიტერატურა, კინო, ფერწერა, მუსიკა, სიყვარული, მოულოდნელი თანაგრძნობა, დაუგეგმავი შეხვედრის სიხარული, პატარა ბავშვის სიცილი. როგორი წესითაც არ უნდა იყოს ის ჩასახული.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG