Accessibility links

logo-print
არანაირი აზია და აღმოსავლეთი დღეს ჩვენთან აღარ არსებობს. დასავლეთს ერთადერთი მოწინააღმდეგე ჰყავს - ეს ანტიდასავლეთია.

ანტიდასავლეთი უცნაური მოვლენაა. ესაა აფექტებისა და აზრების ერთობლიობა, რომელიც იბადება ყველგან, სადაც ჩაკეტილ სივრცეში მოდერნული ცივილიზაცია შედის. საინტერესო ისაა, რომ ერთმანეთისაგან სრულიად განსხვავებული კულტურები ძალიან მსგავს რეაქციას იძლევიან. თითქოს განსაცვიფრებელია, არა? რა უნდა ჰქონდეს საერთო მე-19 საუკუნის იაპონიას, მე-20 საუკუნის აფრიკულ ქვეყნებსა და 21-ე საუკუნის რუსეთს? არც არაფერი. მაგრამ რეაქცია მოდერნულ ცივილიზაციაზე ყველა ამ ეპოქასა და რეგიონში ერთნაირი იყო. პასუხი მარტივია: მოდერნულობა იმდენად ძლიერია, რომ საკუთარ თავზე რეაქციის ფორმებსაც კი ის განსაზღვრავს. მეტიც, ძირითადად ისე ხდება ხოლმე, რომ სხვა რეგიონები დასავლურ ცივილიზაციას იმავე არგუმენტებით აკრიტიკებენ, რომლებიც თავად დასავლეთის შიგნით შემუშავდა. მაგალითისათვის, სლავიანოფილობა იყო რუსული ფილოსოფიური მიმდინარეობა, რომელიც რუსეთის ცივილიზაციის უნიკალურობას ამტკიცებდა, მაგრამ ყველა არგუმენტი და ძირითადი ცნება, რომელსაც ის იყენებდა, სინამდვილეში გერმანული რომანტიკული თეოლოგიიდან ჰქონდა აღებული. ანტიდასავლეთის თვითმყოფადობა ფიქციაა, რომლის უკანაც დასავლეთზე აბსოლუტური დამოკიდებულება იმალება.

რაც შეეხება ჩვენს ქვეყანას, ვისაც ჰგონია, რომ მედასავლეთეობისა და ლიბერალიზმის (ეს ორი კი საქართველოში ერთი და იგივეა) დისკრედიტაცია ბოლო ათწლეულის განმავლობაში მოხდა, მას უბრალოდ 90-იანი წლები დაავიწყდა. რამდენად არაპოპულარული იყო ლიბერალური იდეები ნოემბრის რევოლუციამდე, შეგვიძლია გადაცემა „ფსიქოზე“ რეაქციებისა ან იეღოველების დევნის ფაქტების მიხედვით გავიხსენოთ. ის კი არა, პრეზენტაციებზე უწყინარი ალაფურშეტის გავრცელება ბევრის მიერ გაგებულ იქნა, როგორც ქართული სუფრის დასამარების პროექტი. ძველბიჭური და მამულიშვილური დისკურსების სინთეზი, რომლითაც ლაპარაკობდნენ 90-იანი წლები, ვერაფრით იქნებოდა შემწყნარებლური ლიბერალიზმის მიმართ, თუმცა, რაც მართალია, მართალია - ეს დისკურსები სრულიად არაეფექტიანი აღმოჩნდა ლიბერალიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

ბოლო ათწლეულის განმავლობაში წვრილმანი ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობისაკენ მიდრეკილი, მაგრამ სახელმწიფოს რეპრესიული აპარატით შეშინებული ანტიდასავლეთი დაიმალა (პრობლემა ის იყო, რომ ამ რეპრესიულმა აპარატმა დასავლური ცხოვრების წესის დასაყრდენი - საშუალო კლასი - იმაზე კიდევ უფრო მეტად შეაშინა, ვიდრე ანტიდასავლური ჯგუფები). ერთადერთი სივრცე, რომელიც ანტიდასავლეთმა საქართველოში თავშესაფრად აღმოაჩინა, ეკლესია იყო. მაგრამ თავად ეს სივრცე ბოლო ათი წლის განმავლობაში განუზომლად და განუხრელად იზრდებოდა; ეკლესიის რეიტინგი ტოვებდა ადამიანურ განზომილებებს და აღწევდა ღვთაებრივ სიმაღლეებს. ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ანტიდასავლეთი ღიად გამოვიდა საჯარო ასპარეზზე; საგრძნობი ადგილი დაიკავა მან პოლიტიკურ სისტემაშიც. ახლა ის ძლიერ მოკავშირესთან ხელშეკრულების დადების პროცესშია, და ეს მოკავშირე ქვეყნის გარეთ მდებარეობს.

მახსოვს, წლების წინ ერთ უცხოელ დიპლომატს ვუთხარი: რუსეთის პრობლემა ისაა, რომ მას არ აქვს რბილი ძალა, მიზიდულობა-მეთქი. სამაგიეროდ, მას აქვს უნარი, თუ არ დამორჩილდებით, ტანკებით გადაგიაროთო - მომიგო ცინიზმნარევი გონებამახვილობით. „ეს არაა საკმარისი“ - ვუპასუხე მე. დღესაც მგონია, რომ ჩემი ბოლო პასუხი მართალი იყო, მაგრამ ჩემი თავდაპირველი დაშვება თვალსა და ხელს შუა არასწორი ხდება. რუსეთი, რომელსაც დღეს საკუთარი თავი მხოლოდ როგორც ანტიდასავლეთი ესმის, მიზიდულობასა და მომხვიბვლელობას იძენს. ეს მიზიდულობა მათზე მუშაობს, ვინც ცხოვრება ვერ ააწყო (და კიდევ მათზე, ვისაც ამ წარუმატებელი ადამიანებით მანიპულირება სურს). მათ რიგებში ადვილად ვრცელდება მითოლოგია, რომლის მთავარი უწყებაა: შენ ცუდი ცხოვრება გაქვს, მაგრამ კაცი ხარ იმიტომ, რომ „კაცს მაინც არ აღოღდები“; გაუნათლებლები ვართ, მაგრამ სამაგიეროდ მე-12 საუკუნეში...; ჯანდაცვა არ გვივარგა, მაგრამ სულიერების საბადოები ხომ გვაქვს; გული უნდა გტკიოდეს, აბა... ასე თვალსა და ხელს შუა იქცევა ჩავარდნა მთავარ და, საბოლოოდ, ერთადერთ ღირსებად.

ამ მითოსურ წარმოდგენებთან ბრძოლის საუკეთესო საშუალება ცხოვრების გაუმჯობესებაა. ქვეყანაში, სადაც ყველა მოტივირებული ადამიანი სამუშაოს იპოვის, ხოლო ყველა დაუცველს ქმედითი დახმარების იმედი აქვს, ამ მითოლოგიის ვირუსის გავრცელების ნაკლები შანსია. ამიტომ, პირველ რიგში, ძლიერი ეკონომიკა და ეფექტიანი სახელმწიფო გვჭირდება. ესაა პოზიტიური ამოცანა.

მაგრამ ამ მარტივი პასუხით ქვეშიდან ვერ გამოვალთ. პრობლემაც სწორედ ისაა, რომ ამ მითოლოგიის გავრცელება შეუძლებელს ხდის განვითარებას. ადამიანები, რომლებსაც სწამთ, რომ ამქვეყნიური ცხოვრების თამაში აპრიორი წაგებული აქვთ, ვერასოდეს ააშენებენ თანამედროვე ქვეყანას.

რაც იმას ნიშნავს, რომ საჭიროა ამ მითების წინააღმდეგ ბრძოლა. რელიგიურ ფუნდამანტალიზმსა და პოლიტიკურ კონსპიროლოგიას ახალი განმანათლებლობა უნდა დაუპირისპირდეს. ახალი ეს განმანათლებლობა ჯერ იმიტომ იქნება, რომ ჩვენ ის თავის დროზე გამოვტოვეთ. დიახ, ჩვენ ევროპული, დასავლური ცივილიზაციის ნაწილი ვართ, მაგრამ მისი ყველა ეტაპი არ გაგვივლია და მათ შორის მთავარი „გაუვლელი“ ეტაპი სწორედაც რომ განმანათლებლობაა. მაგრამ ახალი ეს განმანათლებლობა იმ აზრითაც უნდა იყოს, რომ ის ვერ იქნება ევროპული, მე-18 საუკუნის განმანათლებლობის უბრალო გამეორება. საბოლოო და აბსოლუტური ჭეშმარიტებების დღეს აღარ გვჯერა. ჩვენ ვეღარ მივიღებთ იმას, რომ „ეს ჭეშმარიტებები არის თავისთავად ცხადი“. ჩვენ უკვე ვიცით, რომ თავისთავად ცხადი ჭეშმარიტებები არ არსებობს.

ოღონდ სკეპტიციზმი სულაც არ ნიშნავს იმას, რომ არ შეგვიძლია დავინახოთ შეცდომა, იდიოტიზმი, ტყუილი, მავნე პროპაგანდა. სწორად რომ პირიქით: აბსოლუტური ჭეშმარიტებების რომ არ გვჯერა, ეს სწორედ კრიტიკული აზროვნების დამსახურებაა, რომელიც შეცდომებს ბევრად უფრო სწრაფად აღმოგვაჩენინებს.

სწორედ ესაა ნეგატიური ამოცანა: არ დავუშვათ მითოლოგიის გავრცელება, რომელიც მოკლავს განვითარების შანსს. შევქმნათ რაციონალობის ანკლავები მტრულ გარემოში, მოვახდინოთ კრიტიკული აზრის ინსტიტუციონალიზაცია მედიაში, უნივერსიტეტებში, ენ-ჯი-ოებსა თუ პოლიტიკურ პარტიებში.

და კიდევ ერთი: დასავლეთთან დაახლოება სულაც არ ნიშნავს თვითმყოფადობაზე უარის თქმას. სულ პირიქით: ყველა დასავლური ქვეყანა სხვადასხვანაირია. დასავლეთი მრავალფეროვანია და სხვადასხვაგვარი.

ერთმანეთს ყველაზე მეტად ანტიდასავლური ქვეყნები ჰგვანან.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG