Accessibility links

logo-print
1968 წელს ჩეხეთის ოკუპაციის შესახებ მილან კუნდერა ორ ამბავს იხსენებდა.

პირველი ამბავი ასეთია: ოკუპაციის მერე უმუშევრად დარჩენილს მეგობარმა რეჟისორმა კუნდერას შესთავაზა, სცენისთვის დოსტოევკის „იდიოტი“ გადაეკეთებინა. მწერალს ძალიან სჭირდებოდა სამუშაო, მაგრამ გადაიკითხა რომანი და ვერ შეძლო მასზე მუშაობა, რადგან იყო ტექსტში რაღაც, რაც უცნაურ ჰარმონიაში მოდიოდა ოკუპაციისას განცდილ რეალობასთან. ეს არ იყო პროტესტი რუსული კულტურის წინააღმდეგ ზოგადად - ჩეხოვი მის საყვარელ ავტორად რჩებოდა; ეს იყო კონკრეტულად დოსტოევსკის მიერ გამოწვეული უარყოფითი ემოცია.

იმისათვის, რომ დოსტოევსკისადმი ეს ემოცია ახსნას, კუნდერა მეორე ამბავს ჰყვება:

იმავე 1968 წელს, ოკუპაციიდან რამდენიმე დღეში, რუსმა ჯარისკაცებმა მისი მანქანა გააჩერეს და გაჩხრიკეს. ჩხრეკის დროს რუსმა ოფიცერმა დაუწყო ლაპარაკი - ეს რაღაც გაუგებრობაა, ჩვენ, რუსებს, თქვენ, ჩეხები, ძალიან გვიყვარხართო. აი, სწორედ აქ პოულობს კუნდერა გადაკვეთის წერტილს ამ ორ ამბავს შორის: ესაა კლიმატი, რომელიც გაჯერებულია უმაღლეს ღირებულებაში აყვანილი გრძნობებით. რუსი ოფიცრის სიტყვები იმდენად სადისტური სიამოვნებით კი არა, რამდენადაც ცალმხრივი სიყვარულითაა გამოწვეული: ქვეყნის ლიდერები - დაპატიმრებული, ქვეყნის დამოუკიდებლობა - წართმეული, მაგრამ რუსებს ჩეხები გულწრფელად უყვართ! და მზად არიან, მათ ეს სიყვარული ტანკებითაც ასწავლონ.

ეს ორი ამბავი, ჩაწნული რუსეთისა და ევროპის შესახებ რეფლექსიებში, კუნდერამ 1985 წელს „ნიუ-იორკ ტაიმსში“ შესანიშნავი ესეის სახით გამოაქვეყნა.

იოსიფ ბროდსკი ვერანაირად ვერ იქნებოდა ჩეხეთის ოკუპაციის მხარდამჭერი საბჭოთა რეჟიმის მიერ; რეჟიმისა, რომელმაც იმავე წელს, როცა ტანკები პრაღაში გაგზავნა, ლონდონის პოეტურ ფესტივალს, ბროდსკის მიწვევაზე პასუხად, განუცხადა: „ასეთი პოეტი სსრკ-ში არ არსებობს“. მაგრამ იყო რაღაც, რაც ბროდსკის გულზე მოხვდა - საბჭოთა პოლიტიკისა და რუსული კულტურის, ტანკებისა და დოსტოევსკის ერთმანეთზე მიბმა. ეს წუხილი მისი კუნდერასადმი მიწერილი საპასუხო ტექსტის სათაურშივე ჩანს: „რატომ ცდება მილან კუნდერა დოსტოევსკის შესახებ“.

ბროდსკის ნამდვილად შეეძლო შესანიშნავი პროზის წერა. შესაძლოა მის ესეებს აკლია მათემატიკური სიზუსტე და ერუდირებული ფრივოლურობა, ასე რომ გვხიბლავს კუნდერას ესეისტიკაში, მაგრამ ბროდსკიც საუცხოოდ ფლობდა აფორიზმის ხელოვნებასა და ფანტაზიის ლაღი ვარირების უნარს. ოღონდ კუნდერას პასუხად დაწერილი ესეიდან ამას ვერ მიხვდებით. მასში არ იგრძნობა სტილი: არც კუნდერას იმპროვიზებული თამაშისა და არც თავად ბროდსკის სხვა ტექსტებისა. ესაა ნაწვალები და არცთუ ლოგიკურად აწყობილი ტექსტი, რომლის არგუმენტია, რომ მარქსიზმი რუსული კი არა, დასავლური წარმონაქმნია, ხოლო დოსტოევსკი კომუნიზმის წინააღმდეგი იყო და ამას თავის პროზაშიც ნათლად ამბობდა. მაგრამ კუნდერას ეს არ აინტერესებს: მისთვის ჩეხოსლოვაკიის ოკუპაცია სწორედაც რომ რუსული ფენომენია, გამოწვეული რუსეთის ისტორიული განვითარების განსაკუთრებული, არაევროპული გზით. თანაც, როგორც ვნახეთ, ის იმდენად ოკუპაციის ფაქტზე კი არ წერს, არამედ იმ ატმოსფეროზე, რომელშიც ეს ოკუპაცია ხორციელდება.

რაც კუნდერასათვის ამაზრზენი და მიუღებელია, არის კლიმატი, როდესაც გრძნობა თავისთავადი ღირებულება ხდება. სენტიმენტალიზმი - ესაა არა გრძნობა, არამედ გრძნობა, რომ გრძნობ. ისევე როგორც კიტჩი - ეს არის არა ის ცრემლი, რომელიც ჩამოგივარდა, არამედ მეორე ცრემლი, რომელიც ჩამოგივარდა იმიტომ, რომ აღტაცებული დარჩი პირველი ცრემლის ჩამოვარდნით.

ქართული კონტექსტიდანაც შეიძლება მსგავსი მაგალითის მოყვანა - ელენე თევდორაძემ ერთხელ პარლამენტის სხდომაზე თავისდა უნებურად შესანიშნავი სიტყვა გამოიგონა: „აღშფრთოვანება“. აღშფოთებაა ის ბუნებრივი გრძნობა, რომელსაც რაღაც მორალურად მიუღებელი მოვლენა იწვევს. აი, აღშფრთოვანებას კი მაშინ აქვს ადგილი, როდესაც აღფრთოვანებული რჩები იმით, რომ აღშფოთდი. ესაა ექსტაზი, გამოწვეული საკუთარი მორალური უპირატესობის განცდით.

ევროპა კუნდერასათვის არის ის იდეა, რომლის მიხედვითაც გრძნობების ეს მოძალება კონტროლდება გონების მიერ. რაციოსა და გრძნობის სინთეზი, კუნდერას მიხედვით, არის რენესანსისა და განმანათლებლობის მემკვიდრეობა, რომელიც ევროპას ერგო წილად და რომელიც, მაგალითად, რუსეთმა ვერ აითვისა.

ყურადღება მინდა მივაქციოთ - დოსტოევსკის გადაბმა რუსეთის საგარეო პოლიტიკაზე ევროპის ერთ-ერთ უდახვეწილეს ინტელექტუალს ეკუთვნის. ის ქართველი სნობები, რომლებსაც, მოზღვავებული კულტურა თავში აუვარდათ და ოკუპაციას სერიოზულად ვერ აღიქვამენ, რადგან ორიგინალში ზედმიწევნით წაიკითხეს დოსტოევსკის ორნახევარი რომანი, კუნდერასაგან განსხვავებით, ვერც ხუთ ევროპულ ენას ფლობენ და ვერც ბეთჰოვენის სიმფონიების წაკითხვას მოახერხებენ პარტიტურიდან. და, იმავე კუნდერასგან განსხვავებით, მათ არც დოსტოევსკის ნებისმიერი პერსონაჟის ასაკი იციან ზეპირად. მაგრამ ფრონტის ხაზი მათთვის სწორედ „დასტაევსკიზე“ გადის და არა - 1921 ან 2008 წლებზე. ეს ნამდვილად ტრაგიკული იქნებოდა, ასე სასაცილო რომ არ იყოს.

ოღონდ იუმორიც ხომ რაღაცაა, რაც უნდა გამოიგონო, აღმოაჩინო, ისწავლო. მისი ყველა განზომილების დაფასება კუნდერას სერვანტესისა და დიდროსაგან, ჰაშეკისა და ოქტავიო პასისაგან აქვს შეძენილი. კუნდერასათვის რაციოსა და გრძნობის სინთეზს გარდა, თანამედროვე ევროპას კიდევ ერთი ელემენტი სჭირდება: იუმორი, თამაში, სილაღე, ლაზღანდარობა. ესაა საკუთარი თავისაგან დისტანცირების უნარი. ესაა უნარი, სრულად არ გადაგყლაპოს მოძალებულმა კიტჩმა, სენტიმენტალიზმმა, „აღშფრთოვანებამ“. უნარი, გარედან შეხედო შენს თავს, შენს სიტუაციას, შენს შეზღუდულობას.

შეიძლება ამიტომაც, 1968 წლის შესახებ კუნდერა მესამე ამბავსაც ჰყვებოდა ხოლმე თავისი ცხოვრებიდან. ცნობილმა მექალთანემ ერთ დილას კარზე კაკუნი და ქალის ძახილი გაიგონა. იფიქრა რა, რომ მორიგმა საყვარელმა მიაკითხა და ოჯახურ სკანდალს ვერ გადარჩებოდა, სააბაზანოში ჩაიკეტა და ცოლს შეატოვა მოულოდნელ სტუმართან საქმის გარჩევა. ცოტა ხანში ახლა უკვე ცოლმა დაიწყო კაკუნი - სააბაზანოს კარზე. „მილან, გამოდი, რუსის ტანკები შემოვიდნენ პრაღაში“ - უძახდა მეუღლე. დილის ვიზიტორი მიტოვებული საყვარელი კი არა, მეგობარი აღმოჩნდა, რომელმაც ოკუპაციის შესახებ ახალი ამბავი მიიტანა.

„როგორ გამიხარდა, რომ მხოლოდ და მხოლოდ რუსის ტანკები იყვნენ“ - იხსენებს კუნდერა ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ ამბავს თავის ცხოვრებაში, რომელმაც ის, საბოლოოდ, ემიგრანტად აქცია.

ჰოდა, სანამ გონებასა და იუმორს არ აღმოვაჩენთ და მოვუხმობთ, სანამ შიშველი და გაუშუალებელი ემოციების ამარა დავიტოვებთ საკუთარ თავს, ჩვენი ადგილი ევროპაში ვერ მოინახება. თუმცა, როგორც ცნობილ ანეკდოტშია, ერთი გამოსავალი მაინც იარსებებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG