Accessibility links

logo-print

(ანონსის ნაცვლად)

შევარდნაძის ეპოქის განათლების მინისტრის მოადგილე გამახსენდა. “რუსთავი 2”-ის რომელიღაც ტოკ-შოუში იყო მიწვეული. ბევრი ილაპარაკა და ბოლოს თქვა, რა ვქნა, ასეთია ეს ოხერი განათლებაო.

აბა, “ოხერიო”, ვის არ გვითქვამს საყვარელ ადამიანზე? მაგრამ მაინც მომხვდა ყურში და აი, რამდენი წელი გავიდა მას შემდეგ, ვერ ვივიწყებ - ადამიანი, რომელსაც ქვეყნის განათლება ევალება, “ოხერიო” ამბობს თავის საქმეზე.

წამოცდენა იყო, ცხადია. ისე, იცოცხლე: განათლების მნიშვნელობაზე უკვე ყველა საუბრობს, მათ შორის ისიც, ვისთვისაც განათლების რეფორმა პირდაპირი ტყვიაა შუბლში; მანიპულაციის მოყვარულებიც საუბრობენ, ანუ ხალხი, ვინც კარგად იცის, ძალაუფლება თუ გინდა შეინარჩუნო, ადვილად სამართავი მასები უნდა გყავდეს. თუკი პურს და სანახაობას გაიმეტებ ამ მასებისთვის, მთლად უკეთესი, შენი იქნება!

შეიძლება სიკვდილამდე არა, რადგან ბოლოს და ბოლოს მოვა სხვა და უფრო მეტ პურს დაარიგებს, უფრო წარმტაც სანახაობას დაუდგამს, მაგრამ ძალაუფლების სიტკბოს ცოტა ხნით მაინც აგრძნობინებს იმას, ვინც, თავის მხრივ, გამუდმებით ამტკიცებს, ხალხი ბნელიაო.

ამტკიცებს და, გარკვეული თვალსაზრისით, მიზანს აღწევს კიდეც.

აი, მაგალითად, თბილისის კინოთეატრებში გამოვიდა რუსუდან ჭყონიას ფილმი ”გაიღიმეთ”, სოციალური უსამართლობის ერთ-ერთი ყველაზე მძაფრი, მე ვიტყოდი, რადიკალური კრიტიკა, თანაც საავტორო კინოსთვის დამახასიათებელი ზედმეტი ესთეტიზმის გარეშე - სადად, გასაგებად წარმოდგენილი ამბავი, დასამახსოვრებელი და ცოცხალი ხასიათებით. თუკი საზოგადოებას მართლაც აღელვებს სოციალური უსამართლობა და თუკი მართლაც ამიტომ აირჩია 1 ოქტომბერს ახალი ხელისუფლება, მას, ამ საზოგადოებას, ოდნავ მაინც უნდა განეცადა საშინელი ძალადობის მსხვერპლთა ბედი, თავისი თავი დაენახა ტრაგედიაში, რომელიც თამაშდება რუსიკო ჭყონიას ფილმში. მაგრამ, როგორც მითხრეს, თანაგრძნობის ნაცვლად, სულ სხვა რეაქცია მივიღეთ - ირონიული ღლიცინი და შეძახილები მაყურებლის დარბაზიდან, ”მიდი გაიხადე!”, ”გვიჩვენე ერთი რა გაქვს!”... ეს მაყურებელი უკვე იმდენად გამოთაყვანდა, რომ თავისი თავი არა უსამართლობის მსხვერპლს, არამედ მოძალადეს გაუტოლა.

კინო იქით იყოს და ბოლო დროს ”ხალხი ბნელიას” თეორიის მომხრეებს მართლაც დაუგროვდათ მასალა, როგორც არგუმენტი. აჰა, შეხედეთ ამ გოგო-ბიჭებს, სტუდენტებს, რომელთა რეაქცია პატრიარქის სიტყვებზე, ერს დღეს განათლება სჭირდებაო, პოეტურზე პოეტური აღმოჩნდა. პატრიარქი ამბობს განათლება და გამწვანებაო, სტუდენტი გოგონა კი პასუხობს: ”ო, როგორ მინდა გემთხვიოთ და დაგიკოცნოთ მარჯვენა!”.

ვიმეორებ, განათლების აუცილებლობაზე დღეს ყველა საუბრობს. აგერ ნინო ჟიჟილაშვილის ”პოლიტმეტრში”, "აიდიბარათების" მოწინააღმდეგემ, ბატონმა ზაზა ნანობაშვილმაც გვითხრა, სპეციალური ლაბორატორიებია მთელ მსოფლიოში, რომლებიც აპოკალიფსურ მოვლენებს სწავლობს, საქართველოში კი ამას ”ჩამორჩენილობას” უწოდებენო. ანუ "აიდიბარათების" მოწინააღმდეგეებიც კი ქვეყნის ხსნას განათლებაში ხედავენ.

ეს გადაცემა რადგან გავიხსენე, მწერალ ერეკლე დეისაძესაც დავესესხები. სწორედ აქ დაემდურა ერეკლე მედიას, მეორეხარისხოვან პრობლემებზე ამახვილებთ ყურადღებას, როცა ბავშვები შიმშილით იხოცებიანო... ანუ ამ ზღვარგადასული გულგრილობის, ამ ცინიზმის, ამ აგრესიის და - თუ გნებავთ, ასე ვთქვათ - ამ სიბნელის მიზეზად მწერალმა ისევ და ისევ მედია დაასახელა. ერთ ექსპერიმენტს შევთავაზებდი ერეკლეს და თუნდაც ნინო ჟიჟილაშვილს: მოვამზადებდი გადაცემას სოციალურ თემაზე და ვნახავდი, რომელ ტოკ-შოუს ექნებოდა რეიტინგი - ჩემსას თუ იმავე დროს, სხვა არხზე, ეთერში გასულ სხვა ტოკ-შოუს, დავუშვათ, იმავე "აიდიბარათების" თემაზე, სადაც ”ბნელი ხალხის” იდეა დამკვირდებოდა... წინასწარ შემიძლია გითხრათ, რომ სოციალურ თემაზე გაკეთებულ გადაცემას რეიტინგი დაბალი ექნება. ამას პირადი გამოცდილებითაც ვამბობ - დიდი ხნის წინ, სწორედ სოციალურ თემას, კონკრეტულად კი, შეზღუდული შესაძლებლობების ადამიანების პრობლემას შეეწირა ჩემი გადაცემა ”თავისუფლების თეორემა” ტელეკომპანია ”იმედის” ეთერში. დაგვიბარეს და გვითხრეს, რეიტინგი დაგივარდათ და უნდა დავხუროთ პროგრამაო.

დასკვნა? მკითხველი იფიქრებს, გვახარია ამტკიცებს, რომ ხალხი და საზოგდოებაა გულგრილი, ეგოისტი, ემპათიას მოკლებული. შეიძლება ადამიანის ბუნება არაა ასეთი, მაგრამ ქართული საზოგადოება ნამდვიალად ბნელიაო.

სულაც არაა ასე.

ხალხი ასეთი ბნელი იქნება, თუკი მას სიბნელეში დატოვებ - ელექტროენერგიით მოამარაგებ, ცოტა პურს დაურიგებ, სანახაობასაც არ მოაკლებ, მაგრამ განათლებას ”ოხერს” დაუძახებ.

”ოხერი” იყო განათლება შევარდნაძის ეპოქაში და ასეთი ”ოხერი” დარჩა სააკაშვილის მმართველობის წლებშიც. მიზეზი შეიძლება იყოს ობიექტურიც და სუბიექტურიც. თუმცა მთავარი მაინც ეს მგონია:

1. არ სჯერათ, რომ ადამიანთა ნაწილს (“გოიმებს”?) განათლება უშველის, უფრო მარტივად რომ ვთქვათ, არ სჯერათ და არ უყვართ ადამიანები.

2. არ აწყობთ განათლება, რადგან “სიბნელეში”დარჩენილი მასების მართვა უფრო ადვილია.

3. პროფესიონალი მასწავლებლების დეფიციტს განიცდიან და ჩიხში არიან, არ იციან ვისგან დაიწყონ - მასწავლებლებით თუ მოსწავლეებით.

მიზეზი შეიძლება სხვაც იყოს. თუმცა ამ შემთხვევაში მართლაც შედეგია მთავარი: სააკაშვილის ხელისუფლებას პასუხი აი იმ სტუდენტი გოგონას გამოც უნდა მოვთხოვოთ, სტალინის ეპოქაში რომ გადავყავართ თავისი ლექსით ”ო, როგორ მინდა გემთხვიოთ!”, რადგან ამ ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა ამ გოგონას და კიდევ მრავალი ასეთი სტუდენტის გასანათლებლად

განათლების უფლება ჩვენში სიცოცხლის უფლებას არ გაუტოლეს. რაღაც რეიტინგულ და არარეიტინგულ მეცნიერებებზე დაგვიწყეს ლაპარაკი. აგერ, 2 წლის წინ, თეატრალურ უნივერსიტეტში მოსულმა კომისიამ (”აკრედიტაციის კომისია” ჰქვია მგონი) გვაიძულა პასუხი გაგვეცა კითხვაზე, რაში გამოადგება, მაგალითად, სტუდენტს კინომცოდნის განათლება, სად იშოვის სამსახურს, შეძლებს თუ არა იცხოვროს ამ პროფესიით?

რაღაც სისულელეები ვუპასუხეთ, რადგან ამ ხალხს მაინც ვერ გავაგებინებდით მთავარს - ”განათლების ბაზარი” არ არსებობს. ამ ბაზრის იდეა იმ ადამიანების ტვინში დაიბადა, რომელთაც ჰგონიათ, რომ ”ხალხი ბნელია”. ვერ გავაგებინებდით, რომ თუნდაც, მაგალითად, ერიკ რომერის რომელიმე ერთი ფილმის ანალიზის სწავლა თვალის, ყურის და ტვინის ვარჯიშია. ნავარჯიშევი ტვინი კი თავისუფლების პირობაა. ნავარჯიშები ტვინისთვის განათლება, კვლევა - სიამოვნებაა!

კვლევის აუცილებლობაზე საუბრობს გია დვალი ”წითელი ზონის” მორიგ გადაცემაში. იმას გვახსენებს, რომ 21-ე საუკუნეში საღი აზრი მეცნიერების გარეშე ვერ ვითარდება.. მეცნიერებას თუ გამოვრიცხავთ, ამ სიცარიელეს შეავსებს დოგმები, ტაბუ. ამ სიცარიელეს შეავსებს ”ო, როგორ მინდა გემთხვიოთ!” და "აიდიბარათების" ნევროტული შიშები. ფობიები, რომლებიც ყველაფერთან ერთად მგრძნობელობას უკარგავს ადამიანს და მართლაც ”ბნელად” აქცევს, უკარგავს უნარს, გამოყოს რაიმე მოვლენაში მთავარი და შეძლოს მოდელირება დროსა და სივრცეში, შეძლოს განზოგადება და დაინახოს განსხვავება.

შეძლოს დახვდეს პროგრესს და არ გაუწიოს მას წინააღმდეგობა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჭკუა და ”ოხერი განათლება” დაუხვედროს იმას, რასაც პროგრესი ჰქვია.

ამის მიღწევა რთულია, მაგრამ არ არის შეუძლებელი. ამისათვის, უბრალოდ, აუცილებელია განათლება პრიორიტეტად გამოვაცხადოთ და ხელი შევუწყოთ კვლევებს. თუნდაც იმ კვლევებს, რომელთაც არანაირი პრაქტიკული გამოყენება არ ექნება. მით უმეტეს, რომ სწავლა, შესაძლებელია, მოსაწყენი იყოს. კვლევა კი ყოველთვის სასიამოვნოა!

ამისათვის აუცილებელია გამოვიყენოთ, მაქსიმალურად გამოვიყენოთ ისეთი ხალხი, როგორიც გია დვალია. გადავაქციოთ უნივერსიტეტები კვლევით ცენტრებად და ერთად ვავარჯიშოთ ჩვენი ტვინები; ”ოხრად” მონათლული განათლებით დაბნელებული და გამოთაყვანებული.

მერე ეგება, ერიკ რომერის ერთი კარგი ფილმისა არ იყოს, ”მწვანე შუქიც” დავინახოთ ჩვენი ბედრკული ქვეყნის მოღუშულ ცაზე!

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG