Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლარის კურსი და ქვეყნის კურსი


„მეჭიაური, მეჭიაური!“.

ექიმის მოსაცდელშიც რომ მეჭიაურზე დაიწყეს მსჯელობა, საბოლოოდ მივხვდი რომ ამ რეალობას უკვე ვეღარასდროს გავექცეოდი. მორჩა, გათავდა, მისჯილი გვაქვს უკვე: დღეს „ალი და ნინო“, ხვალ თინა ხიდაშელის ჩაცმულობა, ზეგ ინგა, მერე ისევ „ალი და ნინო“... „მეჭიაური, მეჭიაური!“. არადა იმედი მქონდა, ექიმის რიგში ხალხი საერთო გასაჭირზე იმსჯელებდა - ვის როგორ ავნებს კონდიციონერი, ვის უჭირს დილით ცხვირით სუნთქვა... არა, მხოლოდ „მეჭიაური!“.

გამსინჯა. რა ეშველება, თქვენი აზრით, ქართულ კინოსო, მკითხა. რა ეშველება ამ ქვეყანას-მეთქი, შევუბრუნე კითხვა და ექიმისგან სრულიად დაიმედებული გარეთ გამოვედი.

სავალუტო ჯიხური ვაგზლის მოედანთან. დოლარის კურსი! უიმე. გამიკვირდა, რომ რამდენიმე დღეა, ამ თემაზე არაფერი მომისმენია. არადა, ზაფხულში, როცა „ალი და ნინო“ თავის ადგილზე იდგა და ბატონი მეჭიაური შვებულებაში ბრძანდებოდა, ლარის ვარდნა მედიის მთავარი თემა იყო. ეჭვი მაქვს, ექიმის მოსაცდელებშიც „მეჭიაურივით“ განიხილებოდა. განიხილებოდა იმიტომ, რომ ასე უნდოდა მედიას. იმიტომ, რომ სხვა არაფერი იყო განსახილველი. მეჭიაური და ჯაჭვლიანი ისვენებდნენ.

ახლა გავიხსენოთ, როგორ განიხილებოდა.

„ოცნებამ“ ძალიან ადვილად გამოიყვანა დამნაშავე - ეროვნული ბანკი, რომელიც, როგორც „ოცნების“ აქტივისტები ბრძანებდნენ, „ჩვენში დარჩეს და ნაცების ხალხითაა დაკომპლექტებული“... ჩვენში დარჩა, ცხადია. კამერების წინ კი საუბრობდნენ არა მარტო ქადაგიძეზე, არამედ პანიკაზე, რომელსაც პირველ რიგში „სიცრუის მანქანა“, რუსთავი-2 თესავს ქვეყანაში. ოპოზიცია? ნუ, ოპოზიცია რის ოპოზიციაა, ყველაფერი ხელისუფლებას რომ არ დააბრალოს - „ოცნების” „უგუნურ ეკონომიკურ პოლიტიკას“. ამ დოლარმა თუ ლარმა, უკვე მერამდენედ გახლიჩა ქართული საზოგადოება. არა, თავი დავანებოთ ჯერ საზოგადოებას. შუაზე გახლიჩა ქართული პოლიტიკური სივრცე და მედიას საზაფხულო დაძაბულობის შექმნის არაჩვეულებრივი საშუალება მისცა - ორი პოლიტიკური ძალა ერთმანეთს აბრალებდა ქვეყანაში შექმნილ სავალუტო კრიზისს, მაშინ როცა ეროვნული ვალუტა დოლართან შედარებით მთელ მსოფლიოში ეცემოდა.

სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ხელისუფლებამ ლარის ვარდნის პირველ ეტაპზე სწორედ „რეგიონში შექმნილი ვითარება“ გაგვახსენა (თუმცა კრიზისი არ ახასიათებდა მხოლოდ რეგიონს), მაგრამ როგორც კი დარწმუნდა, რომ ეს არგუმენტი არ მუშაობს და, რაც მთავარია, როგორც კი აუცილებელი გახდა პოლიტიკურ ოპონენტზე შეტევა, ისევ ეროვნული ბანკი და „ცრუ ექსპერტების“ თემა წამოწია წინ. გადასარევად მიხვდა, რომ ხელისუფლების შესანარჩუნებლად მტრის ხატები აუცილებელია, სამი წლის გამოცდილებაც ჰქონდა - ლაპარაკობდა ნაციონალების „კრიმინალურ რეჟიმზე“, ლაპარაკობდა გაუთავებლად, თუმცა ამ საქმეების უმრავლესობა ისევ გამოუძიებელი დარჩა. და არა იმიტომ, რომ ვერ იძიებდა, როგორც ამას გულუბრყვილოდ იმეორებს ზოგიერთი. უბრალოდ, საჭირო იყო ეს ხატი, რომელსაც ყველაფერს დააბრალებდი - 13 ივნისის ტრაგედიით დაწყებული, ფინანსური კრიზისით დამთავრებული. და ამას იმიტომ მიხვდა, რომ დისკურსი იყო ასეთი, თუ გნებავთ - „დაკვეთა“. არა მარტო ეკონომიკური, არამედ კულტურულიც. საუკუნეების მანძილზე თავის თავში ჩაკეტილი კულტურული სივრცე, რომელიც წყეულმა ოკუპაციამ და სტალინიზმმა კიდევ უფრო ჩაკეტა და დააშორა მსოფლიოს, მიჩვეული იყო ასეთ არსებობას.

„ვენაცვალე უწინდელ დროს! ყველაფერი მაშინ თავის დონეზედ იყო მოყვანილი, ყველა თავის ქერქში იყო, ვენაცვალე“... ცდებოდა ლუარსაბი. ასეთი დრო სულ იყო. ასეთი დრო სულ არის საქართველოში.

რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ხელისუფლებას თუ არა, თუნდაც იმავე „სიცრუის მანქანას“ ნორმალურად რომ აეხსნა ჩვენთვის, რა ხდება დღეს მსოფლიო ეკონომიკაში, ვისზე ვართ მიბმული და რატომ არ შეიძლება არ ეცემოდეს ლარი საქართველოში? რა შეიცვლებოდა იმ შემთხვევაში, თუკი ქართული ტელევიზიები საინფორმაციო გამოშვებებს არა მეჭიაურით, არა ”ალი და ნინოს” დაზიანებული ქანდაკებით, არამედ იმ სირიელი ბავშვის გვამით დაიწყებდნენ, ზღვამ რომ გამორიყა ბოდრუმის სანაპიროზე? იმ ასი ათასი დევნილის სახეებით დაიწყებდნენ, არც ერთი სივრცე რომ არ იღებს - არც ევროპა და არც აზია? სისასტიკეზე, გულგრილობაზე, სიხარბეზე, ადამიანურ მსხვერპლშეწირვაზე, სოლიდარობაზე მსჯელობით რა შეიცვლებოდა?

„დონე შეიცვლებოდა“. უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც. შანსი გაჩნდებოდა“ „უძველეს ევროპელს“ ანუ ქართველს თავისი თავი მსოფლიოს ნაწილად ეგრძნო და აღარ დარჩენილიყო შვებულებიდან გამოსული მეჭიაურის ამარა. „დონე“ რომ იცვლება მერე არის შანსი ყველაფერი შეიცვალოს - ლარიც გამყარდეს და ძეგლიც არ გაუვარდეთ ხელიდან. რაც მთავარია, არის შანსი, იმის ძეგლები აღარ დაიდგას, ასე მარჯვედ რომ ჩაგვკეტა და დაალპო ყველაფერი თავის დროზე.

* * *

ეს ტელევიზიაა და ადამიანთა ვიწრო წრე, მშრომელ კაცს კი სულ არ აინტერსებს არც „ალი და ნინო“ და არც მეჭიაურიო - იტყვით თქვენ.

ჰო, მეც ასე მეგონა, სანამ საავადმყოფოდან გამოსულმა ბაზრობას ჩავუარე და ჩურჩხელის ყიდვა მომინდა:

„გიცანით. ჯაჯანიძის შოუში გნახეთ ამას წინათ, ბატონო!“ - მითხრა უსაყვარლესმა კახელმა ქალმა. მართალია, სახელი არ ახსოვდა. ერთი ჩურჩხელა მაინც მუქთად მომცა.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG