Accessibility links

logo-print

ერთდროულად მოხდა ეს:

რუსთავი-2 გვთავაზობს პირდაპირ ჩართვას ბრალდებულ თენგიზ ერისთავის სახლიდან იმის საჩვენებლად, რომ საქართველოს ხელისუფლება უდანაშაულო ადამიანებს ნარკოტიკებს უდებს და ციხეში ამწყვდევს. მაგრამ ყველასათვის მოულოდნელად ერისთავის ოჯახის წევრებთან ერთად კადრში ვხედავთ, ქართულ მედიაში დამკვიდრებულ ტერმინს თუ გავიხსენებთ, “ცნობილ სახეებს” - მსახიობებს, მომღერლებს და “ცნობილი სახეების” შვილებს. ყველასთვის, და პირველ რიგში რუსთავი-2-ის ჟურნალისტებისთვის, მოულოდნელად, ეს ხალხი თენგიზ ერისთავის დაპატიმრებაში ადანაშაულებს არა დღევანდელ ხელისუფლებას (მგონია, რომ ჭიკაიძემ არაფერი იცის ამ ფაქტის შესახებო, გვეუბნება თამარ ჭოხონელიძე, “სტალინმა არაფერი იცის”... ამ სტილში), არამედ ნაციონალურ მოძრაობას, მათ შორის “ბლანჟეიან ხაჩიძეს”. ჩართვაში ასწრებენ და გვესაუბრებიან ოჯახურ ტრადიციებზე, ნამდვილ თბილისელობაზე, ვაჟკაცობაზე, ადათზე და, შეიძლება ითქვას, პირდაპირ ესხმიან თავს “ბლანჟეიან ნაციონალურ მოძრაობას”... 2003 წელს, ვარდების რევოლუციის დროს უყვარდათ ეს მიზანსცენა - ჩაამწკრივებდნენ ასე “ცნობილ სახეებს” რომელიმე ასევე “ცნობილის” ინტერიერში “ბროლების ფონზე” და სათითაოდ ალაპარაკებდნენ იმაზე, რომ ასე ცხოვრება არ შეიძლება, ხელისუფლება უნდა შეიცვალოს. ამჯერად ჩანაფიქრმა არ გაამართლა. კამერა სხვა მიზნით დააყენეს, მაგრამ მიიღეს სხვა შედეგი, რომელმაც პირველ რიგში ნაცმოძრაობა უნდა დააფიქროს პოლიტიკის და ტაქტიკის შეცვლაზე.

იმავე დღეებში (თუ იმავე დღეს) საქართველოს პრეზიდენტი ეწვია რუსთაველის თეატრს, სადაც “უცნობის” ახალი წარმოდგენა “უცნობი ტაია” დაიდგა (ტაя, როგორც გვითხრეს ეკა ხოფერიას შოუში). აქაც შეიკრიბა ხალხი (ვიღაცები დღეს “ვაკე-ვერას სასტავს” რომ ეძახიან) - კაი ოჯახის შვილები, ის ხალხი, ვინც ამტკიცებს, რომ “თბილისი იყო ურთიერთობა” და რომ ქართველი კაცი კანონს არც არასდროს იცავდა... პრეზიდენტ მარგველაშვილის ხილვა ამ გარემოში სტილის სრული დაცვა იყო. ყოველ შემთხვევაში, ორგანული გაგრძელება სიუჟეტისა, რომელიც ცოტა ადრე დაიწყო აქციით “ხელოვნება მართავს”. გარემოში, რომელსაც “ქართული კულტურა” ჰქვია. შთაბეჭდილება იქმნება, რომ ის ხალხი, რომელიც წლების მანძილზე ცხოვრობდა ბატონი ივანიშვილის ხელფასი-პენსიით (ამბობენ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა მათ დაფინანსება შეუწყვიტა), ნელ-ნელა გადაბარგდა ფილოსოფოსი-პრეზიდენტის სივრცეში და არც ეპითეტები “ინტელიგენტი”, “წიგნიერი”, “კულტურის მოამაგე” და, რაც მთავარია, “ნამდვილი თბილისელი” დაიშურა მისთვის.

სოციალურ ქსელებში არაერთმა ადამიანმა გამოთქვა ეჭვი, რომ “უცნობის” დაბრუნება და პრეზიდენტ მარგველაშვილის ეს ვიზიტი რუსთაველის თეატრში ქმნის ორი დიდი ჯგუფის შექმნის მოლოდინს ქართულ პოლიტიკაში - ბატონი ღარიბაშვილი (რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში გამგზავრებამდე განსაკუთრებით აქტიურობდა, რეგიონებში გადიოდა და ხალხს ხვდებოდა) შეეცდება დასაყრდენს მიაგნოს იმ ხალხში, ვისაც “თბილისი იყო ურთიერთობა” ყოველთვის ქედმაღლურად უყურებდა და ქალაქის მერად ბატონი ნარმანიას არჩევას დიდი ენთუზიაზმით არ შეხვდა. ბატონი მარგველაშვილი კი დაეყრდნობა “ცნობილ სახეებს”, მათ შორის იმ ხალხს, ვინც საყვარლად ამბობს ასე “ტაя”, “კომфორტი” და “კონфორმიზმი”... და დარწმუნებულია, რომ “ხელოვნება გვმართავს”.

უკვე იმასაც ამტკიცებს ზოგიერთი ეჭვიანი ქართველი, რომ ეს დაყოფა ერთი დიდი გეგმის შემადგენელი ნაწილია პირველ რიგში “ბლანჟეიანი ნაცმოძრაობის” ჩასაძირად. და შესაძლებელია საკმაოდ ჭკვიანურად მოფიქრებული გეგმისა. მით უმეტეს, რომ გვაქვს ასეთი დაპირისპირება-დაყოფის გამოცდილება. თავის დროზე ედუარდ შევარდნაძემ და ასლან აბაშიძემ მოახერხეს პოლიტიკური ფუგის გათამაშება. ეგაა, რომ მეტისმეტად მარტივი აღმოჩნდა ეს მუსიკა. დაპირისპირება გათამაშდა, მაგრამ ქართულ პოლიტიკაში სულ სხვა, მესამე ძალა მოვიდა.

ყურადღებით რომ დავაკვირდეთ, არ შეიძლება არ დაგვებადოს კითხვა - რამდენად დამაჯერებელია ის მიზეზები, რომლებმაც საქართველოს მთავრობისა და პრეზიდენტის დაპირისპირება გამოიწვია. პრეზიდენტის სასახლე არ დატოვა და ნიუიორკში წასვლა მოინდომა? არ გეჩვენებათ, რომ, ცოტა არ იყოს, არასერიოზულია ამ მიზეზით რაიმე სერიოზულ დაპირისპირებაზე საუბარი? იქნებ ეჭვიან ხალხსაც უნდა დავუჯეროთ ხანდახან და დავფიქრდეთ, რომ ქართული პოლიტიკა ნელ-ნელა რობერტ სტურუას გვიანდელ სპექტაკლებს დაემსგავსა და თუ ფუგა “თბილისელი -დედოფლისწყაროელი“ (თუ „ჭორვილელი“) გათამაშდა ახალი პოლიტიკური ძალების შექმნის მიზნით მოახლოებული არჩევნების წინ (პრეზიდენტმა გაგვახსენა, რომ ახლანდელი პარლამენტის დათხოვნა შეუძლია), იმას, ვისაც ასეთი მუსიკა მთქნარების გარდა არანაირ სხვა გრძნობას არ უქმნის, ისღა რჩება, ილოცოს მაინც ქართულ პოლიტიკაში ახალი ძალის, პირველ რიგში ახალგაზრდობის მოსვლაზე.

არც ეჭვიან ხალხს უნდა ვენდოთ მაინცდამაინც და სხვა შესაძლებლობაც დავუშვათ. სხვათა შორის, ქვეყნის პირველმა მოქალაქემ ცოტა ხნით ადრე, სანამ პოლიტიკას “დატოვებდა”, გვითხრა, რომ სამოქალაქო კულტურის დონე ქვეყანაში ძალიან დაბალია. პოლიტიკიდან წავიდა და მედიის აღზრდა-გამოსწორებას დაგვპირდა, რადგან თვლის, რომ გამოსავალი პირველ რიგში მედიის პროფესიონალიზმის სრულყოფაშია, იმ მედიისა, რომელსაც სიტყვა “მიჯირყვნა-მიჭირხვნა” ვერ დაუმახსოვრებია...

მაგრამ გამოსავალი სხვა რამეშია და ეჭვი არ მეპარება, რომ როგორც პირველი, მეორე, ასევე მესამე ძალის შიგნით არიან ადამიანები, რომლებიც ჩემს მოსაზრებას გაიზიარებენ. დიახ, ქართულ პოლიტიკურ სივრცეში, საბედნიეროდ, ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომლებიც ქვეყნის მომავალზე ფიქრობენ. უფრო მომავალზე და არა (ან ნაკლებად) ძალაუფლების შენარჩუნებაზე.

“კარგი ოჯახის შვილი”. ნამდვილად არ მეგონა ამას თუ გავიგონებდი ისევ საქართველოში. ეს გამოთქმა, იმას გულისხმობს, რომ შვილს ნაკლები პასუხისმგებლობა მოეთხოვება, როცა “კარგი ოჯახიდანაა”. კარგი ოჯახის შვილის სტატუსი მას კლასობრივი იერარქიის ყველაზე მაღალ საფეხურზე ათავსებს, ქართულ კულტურულ-პოლიტიკურ გარემოს კი არ აძლევს განვითარების საშუალებას, ქმნის კომფორტის ილუზიას, რომელიც სინამდვილეში მხოლოდ და მხოლოდ ჭაობია, საიდანაც ვერა და ვერ ახერხებს გამოსვლას ჩვენი საზოგადოება.

“საბჭოთა მენტალობა დაინგრევა, როცა მოვა ახალი თაობა” - რამდენჯერ გამიგია ეს უსაფუძვლო ოპტიმიზმი ჯერ კიდევ 90-იან წლებში. არა და არ მოვიდა ეს თაობა. და ვერც მოვა, სანამ ამის პირობებს არ შეუქმნის ახალგაზრდებს მთელი ჩვენი საზოგადოება - მამები, დედები და პირველ რიგში საქართველოს ხელისუფლება (პირველი თუ მეორე, არა აქვს მნიშვნელობა).

მახსოვს, ვაშინგტონში ყოფნისას როგორ გაგვაფრთხილეს მოვრიდებოდით ქალაქის, თუ არ ვცდები, სამხრეთ-აღმოსავლეთ რაიონებში მოხვედრას იქ გამეფებული კრიმინალის გამო. თუმცა როცა ამერიკელებთან პრობლემის გადაჭრის გზებზე ვისაუბრეთ, ისიც გვითხრეს, რომ ამ რაიონში აპირებენ ახალი სახლების მშენებლობას სტუდენტებისთვის, მათთვის ძალიან იაფად, რათა დაიწყოს “კრიმინალურ ფენებთან” მოსახლეობის ინტეგრაცია და ეს უბანი საბოლოოდ არ იქცეს გეტოდ.

მაშინ დავფიქრდი პირველად ასეთი საცხოვრებელი უბნების მშენებლობაზე ქართველი ახალგაზრდებისთვის.

“საბჭოთა მენტალობა” არაა გენეტიკური დაავადება და ის, რომ დღევანდელი ქართველი ახალგაზრდები “ადათზე” და “კაი ოჯახის შვილობაზე” გველაპარაკებიან, ხოლო პოპულარული რეპერი თავის ძლევამოსილ მშობლებს მიმართავს “დედიკო” და “მამიკოთი”, პირველ რიგში არაა ამ ახალგაზრდების ბრალი. ქართული პოლიტიკური ინფანტილიზმი, დღეს ასე აშკარად გამოვლენილი სტურუას გვიანდელი დადგმების სტილში, კულტურის პროდუქტია. კულტურას კი გარემო ქმნის პირველ რიგში. ჩვენს ახალგაზრდებს, რომლებმაც ცუდი ქართული საშუალო სკოლა დაამთავრეს, რომელთა უმრავლესობას არა აქვს ფული პრესტიჟულ უმაღლეს სასწავლებლებში სწავლის გასაგრძელებლად, რომელთაც არ იციან, უბრალოდ არ იციან დამოუკიდებლობის (და თავისუფლების) გემო, მეტისმეტს ნუ მოვთხოვთ. სანამ არ მივცემთ შანსს, იცხოვრონ თავიანთი ცხოვრებით. არანაირი “განათლების სისტემის დახვეწა” არ უშველის ამ საქმეს, თუკი ახალგაზრდებმა თავად არ შექმნეს საკუთარი გარემო და არ ისწავლეს მთავარი - არ ისწავლეს მარტოობა.

წრეზე ვბრუნავთ ისევ. ისევ ადათზე და “ნამდვილ თბილისელობაზე” ვმსჯელობთ. და ამ წრეში ვითრევთ ახალ თაობას, რომელსაც არც კომუნისტი მამიკოების და დედიკოების დროს უცხოვრია, არც მხედრიონი ახსოვს - ინტერნეტის, სოციალური ქსელების თაობას, რომელსაც არაფერი უნდა თავისუფალი სუნთქვის გარდა. სააკაშვილის ხელისუფლებამ ამ თაობისთვის “პატრიოტული ბანაკები” გახსნა. ახალ ხელისუფლებას შეუძლია მათთვის “საცხოვრებელი უბნები” ააშენოს და მშობლებზე დამოკიდებულებისგან იხსნას, მშობლებთან ყოველდღიური ჩაის სმისგან იხსნას. რათა აღარ ისმინონ მომაბეზრებელი მონოლოგები “კარგი ოჯახის შვილებზე”, "ნამდვილ თბილისელებზე” და აღარ მოხვდეთ ყურში ეს ყოვლად გულისამრევი “ф”. სწორედ ხელისუფლებამ უნდა აიღოს თავის თავზე ამ ქვეყნის მომავლის განთავისუფლება ყველაზე მთავრისგან - წარსულის ბორკილებისგან, უნდა მისცეს ახალ თაობას საშუალება თვითონ მოაწყოს თავისი ცხოვრება.

აი, მაშინ და მხოლოდ მაშინ ჩამოყალიბდება საქართველოში მესამე (თუ მეოთხე?) პოლიტიკური ძალა და ბატონი ივანიშვილი აღარ იტყვის, ქართული საზოგადოების სამოქალაქო ცნობიერება ძალიან დაბალიაო.

მით უმეტეს, რომ სახელგანთქმული რეპერიც კი მოსწყდა მშობლის სასახლეს და შესაძლებელია ახლა სულ სხვა ტექსტებს წერს თავისი სიმღერებისთვის.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG