Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მარადიულობის ილუზია


„თავისუფალ ერთა მძლე კავშირი ძმური, შეუკრავს მუდმივად დიდ რუსეთის ხალხს...“ – 1943 წელს, მეორე მსოფლიო ომის დროს დაწერილი საბჭოთა კავშირის ჰიმნის ამ პირველ ორი სტრიქონში საბჭოთა იმპერიულობის არსია განცხადებული, თანაც სრულიად ღიად და არაორაზროვნად: ესაა რუსეთით გაერთიანებული „თავისუფალი ერების“ (რუსულ ორიგინალში: რესპუბლიკების) მარადიული კავშირი. ამ ფრაზაში რუსეთის როლზე მეტად მნიშვნელოვანია თავად სიტყვა „მუდმივად“ (რუს. навеки), რომელიც რუსეთით შეკრულ კავშირს მარადიულს ხდის. სწორედ რელიგიური წარმომავლობის ტერმინი „მარადისობა“ ანიჭებდა ამ სახელმწიფოს ერთგვარ საკრალურ შინაარსს, რამდენადაც იმპერიულობის იდეა მარადიულ, არაწარმავალ წესრიგს გულისხმობს. მარადისობის მეშვეობით ძალაუფლება მისი ღვთაებრიობის რწმენას თუ ილუზიას ქმნის, რაც ამავე დროს ძალაუფლების მიერ ჩადენილი ყველა სისასტიკისა და დანაშაულებრივი ქმედების გამმართლებელიცაა.

ძალაუფლების ღვთაებრიობისა და, ამდენად, მარადიულობის იდეა ძალაუფლების გაჩენისთანავე დაიბადა და თავის სრულყოფას ქრისტიანულ იმპერიაში მიაღწია, სადაც II საუკუნიდან მოყოლებული „ქილიაზმის“, ანუ ქრისტეს ათასწლოვანი ხელმწიფების იდეა იქადაგებოდა, ხოლო IV საუკუნიდან მოყოლებული ქრისტიანული იმპერიები საკუთარ თავს ამ იდეის მიწაზე განსხეულებად წარმოსახავდნენ. ამ იმპერიების გაქრობის შემდეგ, უკვე ახალ დროებაში საკუთარი მარადიული ხელმწიფების რწმენა მხოლოდ ორ ყველაზე ტოტალიტარულ და სასტიკ რეჟიმში - ნაცისტურ გერმანიასა და საბჭოთა კავშირში - გაცოცხლდა, თუმცა სამარადჟამოდ შექმნილი ნაცისტური გერმანიის მესამე რაიხმა 12 წელი გაძლო, ხოლო „მძლე კავშირი ძმური“ 69 წლის შემდეგ იქცა ისტორიის კუთვნილებად.

არც საბჭოთა სახელმწიფოს შემქმნელებს და მეთაურებს, რომლებიც ხალხზე ძალადობდნენ და არც საბჭოთა ხალხს, რომელიც ერთდროულად ამ ძალადობისა და უკანონობის მსხვერპლიც იყო და თანამონაწილეც, მცირე გამონაკლისების გარდა, ეჭვი არ ეპარებოდა საბჭოთა სისტემის მარადიულობაში. სისტემასთან მორგება და კონფორმიზმი მის მარადიულობასთან შეგუებითაც იყო ნაკარნახები.

მარადიულობის ილუზია ხელისუფლებას თუ სისტემას ყოვლისმომცველსა და ტოტალიტარულს ხდის, სადაც მისი ყოველ წევრი საერთო უკანონობისა და დანაშაულის თანამონაწილეა. დემოკრატიულ წესრიგში კი პოლიტიკოსებს და პარტიებს გაცნობიერებული აქვთ, რომ მათი ხელისუფლების მანდატი დროებითია და სალეგისტლატურო ვადით რეგლამენტირებული. აქედან გამომდინარე, დემოკრატიისათვის „მარადიული ხელმწიფობის“ ილუზიებიც უცხოა. თანაც, სამართლებრივ სახელწიფოში კანონის უზენაესობისგან ვერც თანამდებობა თუ სხვა სახის ავტორიტეტული პოზიცია ვერ დაიცავს უკანონო ქმედებისაგან. ძალაუფლების ქონის დროებითობის ცნობიერება კი ადამიანებს აიძულებს ბოროტად არ გამოიყენონ მათთვის დროებით მინიჭებული მანდატი. ამის საპირისპიროდ, ტოტალიტარული ცნობიერება, რომელიც საკუთარი ძალაუფლების მარადიულობის რწმენაზე დგას, პირდაპირ უბიძგებს ადამიანებს, მათთვის მინიჭებული უფლებების გადამეტებისაკენ, რამდენადაც მარადიული ძალაუფლება თუ მისი ილუზია დაუსჯელობის გარანტიაცაა.

საბჭოთა მოქალაქეთა უმეტესობისათვის დაუჯერებელი იყო ის ფაქტი, რომ საკუთარი არსებობის 69 წლისთავამდე ხუთი დღით ადრე – 1991 წლის 25 დეკემბერს ამ სახელმწიფომ არსებობა შეწყვიტა. თუმცა რაც არ შეწყვეტილა, ეს ხელისუფლების მარადიულობის რწმენა-ილუზიაა, რომელიც ყოფილ საბჭოთა ადამიანებს ინერციით გამოჰყვათ აღარარსებული წყობილებისაგან და დღემდე მათი ცნობიერების განმსაზღვრელია. ეს ეხება უკლებლივ ყველა იმ ხელისუფლებას, რომელიც საქართველოში საბჭოთას შემდეგ მოვიდა, მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი სამადლობელო თაიგულებით ხელში არ გამომშვიდობებია დიდების კვარცხლბეკებზე დგომას. საკუთარი ძალაუფლების მარადიულობის ილუზია იმდენად ძლიერი და დამაბრმავებელი აღმოჩნდა, რომ მან ძალაუფლების მფლობელებს რეალობის გრძნობა და კეთილგონიერება დააკარგვინა. ამ ილუზიის პირველი მსხვერპლი საქართველოს პირველი პრეზიდენტი აღმოჩნდა, რომელსაც შეიარაღებულ გადატრიალებამდე რამდენიმე დღით ადრე საკუთარი გენერალური პროკურორი მისი მმართველობის მომავალი 25 წლის სადღეგრძელოთი აწონებდა თავს.

საკუთარი ძალაუფლების მარადიულობის რწმენა არც იმ იარაღიან ხალხს აკლდა, რომელიც გამსახურდიას დამხობის შემდეგ განაგებდა ქვეყანას. ალბათ ეს რწმენა აძლევდა მათ იმის ძალას, რომ ეძარცვათ, ეხოცათ, ადამიანები ეუთოებინათ. მაგრამ მათი თარეშიც თითქოს უეცრად, ერთი ხელის მოსმით დასრულდა, როდესაც 1995 წელს შევარდნაძეზე წარუმატებელი ტერაქტის შემდეგ, მაშინ ჯერ ისევ პარლამენტის თავმჯდომარემ და სახელმწიფოს მეთაურმა შევარდნაძემ შეიარაღებულები განაიარაღა და დილეგებში უკრა თავი.

1995 წლის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ, დაიწყო შევარდნაძის მარადიული პრეზიდენტობის ეპოქა, რომელიც, მიუხედავად პრეზიდენტის ასაკისა, უსასრულო ხანად აღიქმებოდა და დიდსა თუ პატარას კონფორმიზმისა და მორგების უნიკალურ საშუალებებს აძლევდა. შევარდნაძის მთავარი დევიზი – „სტაბილურობა“ - სტაბილურ და ყოვლისმომცველ კორუფციად განხორციელდა. შევარდნაძე, რომელმაც, როგორც სსრკ-ს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მსოფლიოს დემოკრატიზაციის ისტორიაში მოიპოვა საპატიო ადგილი, საქართველოშიც კორუფციის ყველაზე დემოკრატიული ფორმა შექმნა, სადაც სახელმწიფოს ყველა ეშელონი და უჯრედი თანაბრად კორუმპირებული შეიძლება ყოფილიყო. პრეზიდენტის მარადიულობის თემა კი შევარდნაძის მმართველობის პერიოდის ყველაზე პოპულარულ და სალაღობო პოლიტიკურ ფოლკლორად იქცა და მისი უკვდავ-უბერებლობის მითის ნგრევაც დააჩქარა.

სააკაშვილის ხელისუფლებისგან საკუთარი მარადიულობის რწმენა, რომელიც ხელისუფალთა ასაკითაც შეიძლება ყოფილიყო განპირობებული, ამ ხელისუფლების იდეოლოგთა საყვარელი ავტორის, ავსტრიელი ეკონომისტის, ფრიდრიხ ფონ ჰაიეკის ერთი წიგნის სათაურით შეიძლება შეფასდეს: „დამღუპველი თვითდაჯერებულობა“. ამ რწმენით გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ბირთვი რელიგიურ გაერთიანებას დაემსგავსა, რომელიც თანაბრად იყო დარწმუნებული როგორც საკუთარ ქმედებათა უცდომლობაში, ასევე თავისი მმართველობის მარადიულობაშიც. ასეთი რწმენა ძალაუფლებას „ეკონომიისგან“, მისი რაციონალურად გამოყენებისგან ათავისუფლებს და ძალმომრეობად გარდასახავს. ნაციონალურ მოძრაობას მისივე შექმნილ და დაჯერებულ მარადიულობის ილუზიაში გამოეცალა ძალაუფლება.

2012 წლის ოქტომბრიდან მოყოლებული, როდესაც მმართველი ქართული ოცნება და ოპოზიციური ნაციონალური მოძრაობა კოჰაბიტაციის საქმეების გარჩევით იყვნენ დაკავებული, საქართველოს ძალაუფლების რეალურ პრეტენდენტად მართლმადიდებელი ეკლესია და მისი ზეკანონიერი საპატრიარქო მოევლინა. საპატრიარქო, რომელიც შევარდნაძისა და სააკაშვილის ხელშეწყობით მძლავრ ფეოდალურ ორგანიზმად ჩამოყალიბდა, ქართული ოცნების გამარჯვება საკუთარი მარადიული ხელმწიფების დადგომად აღიქვა და ხელისუფლებაზე გეგმაზომიერ ზეწოლას შეუდგა.

2013 წლის 17 მაისის ძალადობრივი ფარსით ეკლესიამ ძალაუფლების ფაქტობრივი უზურპაცია მოახდინა. სახელმწიფო უძლური აღმოჩნდა წინააღმდეგობა გაეწია მოძალადე სამღვდელოებისა და მისი ეგზალტირებული მრევლისათვის და ვერც სამართლებრივი პასუხისმგებლობა შეჰკადრა ზესახელმწიფოებრივი ძალაუფლების მქონე ანაფორიანებს. ამით სახელმწიფო ხელისუფლება დე ფაქტო იქცა საპატრიარქოს სურვილების აღმასრულებელ ორგანოდ. ამასთანავე სრულიად ნათელი გახდა ის ფაქტიც, რომ ეკლესია არა სასულიერო დაწესებულება, არამედ ძალაუფლების უმაღლესი ორგანოა. საქართველოში, ფაქტობრივად, რეალობად იქცევა ის მოდელი, რომელიც ისლამური რევოლუციის შემდეგ მოქმედებს ირანში, სადაც საბოლოო სიტყვის უფლება არც პარლამენტს და არც პრეზიდენტს, არამედ სასულიერო პირთაგან შემდგარ „ზედამხედველთა საბჭოს“ ეკუთვნის. თუ ეს სისტემა ირანში დაკანონებულია, საქართველოში მას არაფორმალური სახე აქვს.

დღეს საქართველოს პოლიტიკური ლიდერი კათალიკოს-პატრიარქი ილია II-ა, რომლის ავტორიტეტიც ისეთივე მაღალია, როგორიც თავის დროზე ქვეყნის „ქარიზმატული“ პრეზიდენტებისა იყო. ძალაუფლების არაფორმალურობა ეკლესიას პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს, ანუ არსებულ მოუგვარებელ პრობლემებზე მას პასუხს არავინ მოსთხოვს. სამაგიეროდ ნებისმიერი მეტნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ საპატრიარქოს ლოცვა-კურთხევითა მიიღება, რაც სახელმწიფოს აცლის კონსტიტუციურ საფუძვლებს.

საპატრიარქოს ზეკანონიერება და მისი დაუოკებელი სწრაფვა პოლიტიკური ძალაუფლებისაკენ საბჭოური ტოტალიტარიზმის რეანიმაციის ბოლო მცდელობაა. საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესის ღიად გამოხატული ანტიდასავლურობა დემოკრატიისა და სამართლებრივი სახელმწიფოს შიშითაა ნაკარნახები, რომელსაც საპატრიარქო ქვეყნის დასავლური „გარყვნილებებისგან“ და მისივე შეთხზული „ეროვნული იდენტობის“ დაცვის წმინდა მისიით ნიღბავს. ამ ისტერიის უკან კი მხოლოდ საკუთარი პოლიტიკური გავლენისა და მოხვეჭილი სიმდიდრის შენარჩუნების ინსტინქტი იმალება, რადგანაც ქვეყნის დემოკრატიზაცია და სამართლებრივი სახელმწიფოს შექმნა მათ მიერ მიტაცებული ძალაუფლების აღსასრულს მოასწავებს. ამდენად, ის კვლავაც კიდევ უფრო ენერგიულად შეეცდება წინ აღუდგეს საქართველოს გადასავლურებას, განათლების დონის ამაღლებას და ეკონომიკურ წინსვლას, რადგანაც სამღვდელოების ბატონობა მხოლოდ ეკონომიკურად სუსტ, სამართლებრივად განუვითარებელ და გაუნათლებელ ქვეყანაშია შესაძლებელი.

აგრესია, სიძულვილისა და შეუწყნარებლობის ქადაგება, წამქეზებლობა და მუქარა, ქსენოფობია და ობსკურანტიზმი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად იდეოლოგიურ ხაზს წარმოადგენს, რაც საპატრიარქოს ტოტალური ძალაუფლების აგონიის გამოხატულებაცაა, რამდენადაც მარადიულობის ილუზია, რომელსაც ძალაუფლების ამგვარი მოდელი ემყარება, იმდენად ამოვარდნილია თანამედროვე სამყაროს რეალობიდან და იმდენად დრომოჭმულ და უგემოვნო ზღაპრებსა და მასკარადებზე დგას, რომ მისი გარდაუვალი კრახის შეჩერება თავად ისეთ ზეავტორიტეტსაც კი არ შეუძლია, როგორიც კათალიკოს-პატრიარქია.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG