Accessibility links

logo-print
მე-20 საუკუნის ერთ-ერთმა უდიდესმა მწერალმა ვარლამ შალამოვმა, რომელმაც მთლიანობაში 22 წელი გულაგში გაატარა, სიცოცხლისადმი ყველაზე მტრულ პირობებში ადამიანის ყოფიერების გამოსახვა შეძლო. შალამოვის მიერ აღწერილ სამყაროში ადამიანი ჩავარდნილია მდგომარეობაში, რომელსაც გერმანულ ენაში ხატოვანი გამოთქმა das nackte Leben გადმოსცემს და ქართულად სიტყვასიტყვით „შიშველ სიცოცხლედ“ ითარგმნება. „შიშველი სიცოცხლე“ ნიშნავს ადამიანური ყოფიერების ბიოლოგიურ არსებობამდე დაყვანას, ანუ ადამიანისგან ყოველგვარი მორალური, ესთეტიკური თუ ამაღლებული იდეალების ჩამოცილებას და მის ბიოლოგიურ მასად ქცევას, რომელსაც არაფერი, გარდა თვითგადარჩენისა, აღარ ამოძრავებს. ბიოლოგიური არსებობა მთლიანად საკვების მიღებასა და მოპოვებაზეა დამოკიდებული, რაც არა მხოლოდ ყველანაირ საკვებს მისაღებს ხდის, რომელსაც შიმშილის დაოკება შეუძლია, არამედ ამ საკვების მოპოვების ყველა საშუალებასაც ამართლებს. ასეთ დროს ადამიანი, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ მორალურ კანონებთან შედის კონფლიქტში, მაგრამ შალამოვის მიერ აღწერილი სრულიად ბიოლოგიური შინაარსის მეტაფიზიკური კანონი ისაა, რომ შიმშილის პირობებში ყოველგვარი მორალური კანონი წყვეტს არსებობას და „შიშველი სიცოცხლე“ ფიზიკური გადარჩენის ინსტინქტებს ემორჩილება.

ჩემი თაობის წარმომადგენლებს ბებია-ბაბუებისგან საყვედურად გაგვეგონა, თქვენ შიმშილი და გაჭირვება არ გინახავთო. შიმშილის თემაზე პირველად ალბათ 1988 წელს დავფიქრდი, როდესაც ახლადაგორებული ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთ თავყრილობაზე ერთმა ლიდერმა გამოაცხადა: საქათველოს თავისუფლებისთვის ათი წელი რომ დაგვჭირდეს, უნდა ვიშიმშილოთო. ამ პათეტიკურ შეძახილს რამდენიმე ათასი ადამიანის ხანგრძლივი ოვაციები მოჰყვა. შეიძლება იმიტომაც, რომ იმ დროს ადამიანთა დიდ უმრავლესობას შიმშილი მხოლოდ პროტესტის ფორმა და თავისუფალი პოლიტიკური ნების გამოხატულება ეგონა, ხოლო რეალური, იძულებითი შიმშილის წარმოსადგენად უბრალოდ ფანტაზია არ გვეყოფოდა.

მაგრამ „განებივრებული ბავშვების“ ამგვარი გმირული პათოსი 90-იანი წლების დადგომისა და საქართველოს დამოუკიდებლად გამოცხადებისთანავე დაიწყო, თითქოს საქართველო თავადვე შეუდგა შიმშილის, როგორც საკუთარი თავისუფლების აუცილებელი პირობის შესრულებას: 1991 წლის აპრილში, დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან სულ რამდენიმე დღის შემდეგ, საქართველომ გადაკეტა სამტრედიის რკინიგზა და ეკონომიკური ბლოკადა გამოუცხადა რუსეთს, რომელზეც საქართველოს ეკონომიკა 90 პროცენტზე მეტით იყო დამოკიდებული. ეს ოპერაცია იმ დროს სამტრედიის პრეფექტმა ზვიად ძიძიგურმა პირნათლად შეასრულა, რის შედეგადაც მხოლოდ ის მივიღეთ, რომ ამ „ბლოკადიდან“ სამიოდე კვირაში თბილისში პირველი პურის რიგები გაჩნდა. რამდენიმე თვის შემდეგ კი პურის რიგები, უშუქობა, უგაზობა, უგათბობობა და შიმშილის ზღვარზე ყოფნა - სულ ცოტა, ლარის შემოღებამდე, ანუ 1995 წლამდე - საქართველოს ყოველდღიურ რეალობას გამოსახავდა.

მიუხედავად იმისა, რომ 90-იანი წლების გაჭირვებამ ადამიანებში მანამდე თითქმის უხილავი სოლიდარობის ერთგვარი პრეფორმა – ურთიერთდახმარება გააჩინა, რამაც ბევრს უბრალოდ სიცოცხლე შეუნარჩუნა, ამასთანავე აქამდე კიდევ უფრო უცნობი და არახილვადი ყოფიერების ფორმებიც გამოააშაკარავა, როგორიცაა მომხვეჭელობა, ქვეყნის და ადამიანების ძარცვა, ტოტალური კორუფცია, გამომძალველობა. სახელმწიფო მოხელეები, რომლებიც საკუთარი მოსახლეობისთვის განკუთვნილ უცხოურ კრედიტებს იჯიბავდნენ, ჰუმანიტარულ დახმარებას ითვისებდნენ და „შავად“ ყიდდნენ; პური, ნავთობპროდუქტები, ელექტროენერგია ასევე გაჭირვებულ მეზობელ ქვეყნებში გაჰქონდათ და საქართველოს მოქალაქეებს ცივ და ბნელ ბინებში აშიმშილებდნენ; ბიზნესმენები, რომლებიც „სააქციო საზოგადოებებს“ აარსებდნენ, ადამიანებს უკანასკნელ ფულად დანაზოგს ართმევდნენ მაღალი პროცენტებით დაბრუნების პირობით და მერე უჩინარდებოდნენ; იპარავდნენ და ძირითადად თურქეთში ეზიდებოდნენ ყველა სახის ფერად ლითონს, საფლავებზე მდგარ ბრინჯაოს ქანდაკებებსაც კი; უკანონოდ, მოხელეების მოქრთამვით იტაცებდნენ სახელმწიფო ქონებას... მოკლედ, სხვების, უმეტესობის ძარცვისა და გაღატაკების ხარჯზე თვითონ მდიდრდებოდნენ.

შიმშილის „მეტაფიზიკური“ კანონი მორალისგან არა მხოლოდ მოშიმშილე ადამიანების გათავისუფლებას, არამედ მოშიმშილეთა ხარჯზე გამდიდრებულების დაუოკებელ მომხვეჭელობას და სხვების ძარცვის ინსტინქტების სრულ და შეუზღუდავ თავისუფლებას გულისხმობს. ამ კანონის უმნიშვნელოვანესი ასპექტი კიდევ ერთი კანონზომიერებაა: ადამიანთა ერთი ნაწილის შიმშილი მეორე ნაწილის უსაზღვროდ გამდიდრებას ნიშნავს. როგორც სტალინური აღმშენებლობა იდგა მილიონობით ადამიანის დამონებასა და ფიზიკურ განადგურებაზე, ასევე პოსტსაბჭოთა ოლიგარქიებიც საკუთარი თანამოქალაქეების დამშევითა და ძარცვით შეიქმნა.

როდესაც ძარცვით გამდიდრებულთა ერთი ნაწილი შეიძლება სინდისის ქენჯნის სიმპტომებმა შეაწუხა, 90-იანი წლების შუაში ისინი საკუთარი სულების გათეთრებასაც შეუდგნენ და ეკლესიების მშენებლობას მიჰყვეს ხელი და ამ ახალ ფენომენს „ქველმოქმედება“ ეწოდა. „ქველმოქმედების“ ლოგიკით, ხალხისათვის წართმეულ-მოპარული „ღმერთს“ მიერთმევა, რაც სასუფეველში ადგილის შეძენის გარანტიაცაა. ამით „ქველმოქმედი“ სინდისსაც ისუფთავებს და საკუთარ თავსაც უდგამს ძეგლს. ეკლესიისათვის შენაწირი თითქოს ქველმოქმედების არაოფიციალურ ბეგარადაც იქცა და პარადოქსული სახეც მიიღო, როდესაც საქველმოქმედო ფონდმა, როგორიცაა პაატა ბურჭულაძის მიერ დაარსებული „იავნანა“, რომლის ფუნქციაც უსახლკარო ბავშვთა დახმარებაა, ფული მახათას მთაზე ეკლესიის ასაშენებლად შეაგროვა და ესეც გულის ამაჩუყებელ საქველმოქმედო აქციად შეირაცხა.

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც უკვე გამსახურდიას მმართველობის დროიდან მოყოლებული მრავალი პრივილეგიით სარგებლობდა, თანდათანობით ყველაზე დიდ და მდიდარ მესაკუთრედ იქცა. 2002 წლის საკონსტიტუციო შეთანხმებამ ეკლესია ყოველგვარი სახელმწიფო გადასახადისგან გაათავისუფლა და მას გამდიდრების შეუზღუდავი პირობები შეუქმნა. ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში კი უკვე სახელმწიფო იწყებს ეკლესიის როგორც ბიუჯეტიდან დაფინანსებას, ასევე სახელწიფო ხაზინიდან სამღვდელოების გულუხვი დასაჩუქრებების უსასრულო პროცესს, რომელიც არა მხოლოდ ძვირადღირებული ავტომანქანებითა და „შემოწირულობებით“ შემოიფარგლება, არამედ სახელმწიფო საკუთრების - შენობების, მიწების საეკლესიო მფლობელობაში გადაცემასაც გულისხმობს. არც ისეთი ფაქტები ყოფილა შემთხვევითი, როდესაც საეკლესიო მფლობელობაში გადასულ მიწებზე მცხოვრებ ადამიანებს საკუთარი ადგილ-მამულების დატოვება მოუხდათ, ხოლო ზოგიერთი მონასტერი ადგილობრივი მოსახლეობის შევიწროების ხარჯზე, ფაქტობრივად, მაღალი კლასის სასტუმროს დაემსგავსა. ამით ეკლესია თანდათანობით 21-ე საუკუნის ლეგალურ ფეოდალად ჩამოყალიბდა. მოოქროვილი გუმბათები, ძვირფასი თვლებით შემკული ოქროს ხატები, ფუფუნებაში მცხოვრები სამღვდელოება – ეს ყველაფერი ლტოლვილების, უსახლკაროდ დარჩენილების, შიმშილის პირას და ყოველდღე არსებობისათვის ბრძოლაში მყოფი ადამიანების ფონზე და მათივე ფულით.

საეკლესიო ფეოდალიზმი მხოლოდ ერთი ნაწილია სოციალური უსამართლობისა და ჩაგვრის სისტემისა, რომელიც თანამედროვე საქართველოში შეიქმნა და მისი წამყვანი ძალა „ლიბერტარიანელ ბიზნესმენთა“ იდეოლოგიაა, რომელიც მნიშვნელოვანწილად პოლიტიკური სისტემის მორალურ და ზნეობრივ შინაარსს განაპირობებს. ამ იდეოლოგიის მიხედვით, ადამიანი თავადაა საკუთარ სიღარიბეში დამნაშავე და არანაირად არაა სახელმწიფო ვალდებული, რომ მას დაეხმაროს. „რატომ უნდა ვარჩინო უსაქმურები საკუთარი ჯიბიდან?“ – ესაა ლიბერტარიანული იდეოლოგიის მთავარი პრინციპი. თუმცა მსგავს კითხვას არ ბადებს ის ფაქტი, რომ მინისტრის ხელფასი 50-ჯერ აღემატება საარსებო მინიმუმს, რომლითაც მოსახლეობის საკმაოდ დიდ ნაწილს უწევს არსებობა. ამას ემატება ერთი სრულიად მანკიერი პრაქტიკა, რომელიც მინისტრებს და, ზოგადად, მაღალი რანგის სახელმწიფო მოხელეებს საშუალებას აძლევს საკუთარი შემოსავალი თვითნებურად პრემიებით გაზარდონ, ანუ ის, რასაც კორუფცია და სახელმწიფო ქონების მითვისება ერქვა, ახლა კანონიერ ქმედებადაა მიღებული. გარდა ამისა, რაც 90-იან წლებში „წილში ჩაჯდომით“ იყო ცნობილი, ახლა ამასაც ლეგალური სტატუსი აქვს და სამეთვალყურეო საბჭოს წევრობა ჰქვია, რომლითაც ძირითადად ასევე პოლიტიკური ელიტა სარგებლობს და ყოველთვიურად ათასობით ლარს ისაკუთრებს.

სააკაშვილის ეპოქის აღმშენებლობები და გართობა-მხიარულება „ლიბერტარიანული“ საქართველოს არა მხოლოდ ბრწყინვალების, არამედ მისი სიღატაკის სიმბოლოებიცაა, რომელთა მოპირკეთებული ფასადების მიღმა სიდუხჭირე და ექსპლუატაცია იმალება. თბილისის კაფეები, სადაც ერთი ფინჯანი ყავა საშუალოდ 6 ლარი ღირს (ორჯერ უფრო ძვირი, ვიდრე ბერლინში), მიმტანის დღიური ხელფასი 10-15 ლარია. მშენებლობებზე მუშების დღიური ხელფასი კი ზოგჯერ 5 ლარს არ აღემატება. შესაბამისად, მომსახურეთა უმრავლესობას არ შეუძლია იყოს მომხმარებელი. ახალ-ახალი სასტუმროები, რესტორნები, ბარები, კაფეები, სამორინეები – ყველა ის სიკეთე, რითიც ამაყობს ლიბერტარიანული საქართველო, არ არის მისი მოსახლეობის დიდი უმრავლესობისათვის განკუთვნილი. მათთვის განკუთვნილია ოქროთი და მარმარილოთი მოპირკეთებულ ეკლესიებში სიარული და იქ საიქიო ცხოვრებაში უკეთესი მომავლის ნუგეში.

როდესაც საქართველოში პოლიტიკოსთა ერთი ნაწილი ისეთი სტრატეგიული მნიშვნელობის თემებითაა დაკავებული, როგორიცაა პარლამენტში ჩოხა-ახალუხით სიარული, მეორე ნაწილი იუსტიციის მინისტრის დიპლომის მის თანამდებობასთან შესაბამისობას არკვევს, მესამე „არა ოკუპაციას“ შელოცვით აფრთხობს თბილისიდან 40 კილომეტრში ჩასაფრებულ ოკუპანტებს, ყველანი ერთად კი ევროპისა და ნატოს იდეალებისადმი ერთგულებაში ერთმანეთს ეჯიბრებიან, არსებული, შეულამაზებელი რეალობის გამომხატველი არის შიმშილით მკვდარი ერთი წლის ბავშვი. ასეთ რეალობასთან „გაგებით მოკიდება“ მაძღართა მორალური დეგრადაციის ნიშანია, რომელიც თავისუფლებასა და გაბრწყინებაზე ნაღაღადევი მგზნებარე სიტყვების უხამს და თვალთმაქცურ შინაარსს ააშკარავებს.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG