Accessibility links

„პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობა“

როდესაც საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის გენერალური მდივანი ლეონიდ ბრეჟნევი გარდაიცვალა, მის ნეკროლოგში ნათქვამი იყო, რომ ბრეჟნევს არა მხოლოდ საბჭოთა ხალხი, არამედ მთელი „პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობა“ გლოვობს. საბჭოთა იდეოლოგიურ ლექსიკონში „პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობა“ ადამიანთა იმ კატეგორიას აღნიშნავდა, რომლებიც არ იყვნენ საბჭოთა კავშირის მოქალაქეები, მაგრამ თანაუგრძნობდნენ და გულშემატკივრობდნენ საბჭოთა ხალხს, ან იმ იდეალებს, რომლებიც ამ ხალხს და მათ სახელმწიფოს აერთიანებდა. ამდენად, საბჭოთა პროპაგანდა ადამიანებს პროგრესულად და არაპროგრესულად მოაზროვნეებად ყოფდა. არაპროგრესულები ის კატეგორია გამოდიოდა, რომელიც „ცივი ომის“ პირობებში არასწორ და მტრულ იდეოლოგიურ მხარეს იდგა. საბჭოთა კავშირთან ერთად, ეს გამოთქმაც დაიკარგა, მაგრამ არა თავად ადამიანების პროგრესულად და რეგრესულად დაყოფის პრინციპი, რომელიც არც საბჭოთა პროპაგანდას გამოუგონია და არც მას მიუტოვებია ოდესმე მსოფლიო ისტორიის არენა. ცვლილებას მხოლოდ ვექტორი განიცდის, ანუ სხვადასხვა ისტორიულ ვითარებაში „პროგრესულად მოაზროვნეობის“ ეპითეტით ის კატეგორია აღინიშნება, რომელიც ჰეგემონ ძალას წარმოადგენს, ან მისი მოპოვებისთვის ემზადება. ასეთი იყო, მაგალითად, ადრექრისტიანული ხანის „ორთოდოქსი“, ანუ „სწორი აზრის მქონე“ და „ერეტიკოსი“, ანუ „თავისუფლად (ან თვითნებურად) ამრჩევი“; მოგვიანებით, მე-17 საუკუნეში ევროპელმა ჰუმანისტებმა უკვე ამ „სწორი აზრის მქონეებს“ უწოდეს ობსკურანტები, ანუ „ბნელები“. მათგან გამიჯნულები კი სიბნელის დამთრგუნველი „განმანათლებლები“ იყვნენ. მოკლედ, ყველა ეპოქას ჰყავს თავისი „პროგრესულად მოაზროვნე კაცობრიობა“, რომელიც იმდენად არსებობს, რამდენადაც მას თან ახლავს მისი დიალექტიკური წყვილი - არაპროგრესული, რეაქციონერი, ჩამორჩენილი, გაუნათლებელი და ბნელი კაცობრიობა. თანამედროვე სამყაროში „პროგრესულად მოაზროვნე“ ნაწილი ერთმნიშვნელოვნად ლიბერალური საზოგადოება მიიჩნევა (თუ თავს მიიჩნევს), ისაა ჰეგემონი ქვეყნების ჰეგემონი ნაწილი და მასთან საკუთარი თავის გაიგივება, იმავე ღირებულებებისა და სააზროვნო პრინციპების საკუთარ ცნობიერებაში ინსტალაცია, ჰეგემონიაში თანამონაწილეობის განცდას ანიჭებს მათაც, ვისაც განგებამ არაჰეგემონ ქვეყანაში ცხოვრება არგუნა წილად.

ლიბერალურობა ერთ კონკრეტულ, ცენტრისტულ იდეოლოგიამდე არ დაიყვანება, რამდენადაც ამ პოლიტიკურ ცენტრს მარცხნივაც (სოციალ-დემოკრატები, სოციალისტები, ლეიბორისტები, მწვანეები) და მარჯვნივაც (ქრისტიან-დემოკრატები, კონსერვატორები, ლიბერალ-დემოკრატები) თავისი გრადაციები აქვს. ამ ლიბერალურ ბირთვშია დასავლეთის ძალაუფლების ცენტრი, რომლის ხელითაც ხორციელდება დასავლეთის ჰეგემონიური პოლიტიკა მთელ გლობალიზაციის პროცესში მყოფ სამყაროში. დასავლეთის ქვეყნების შიგნითაც ეს ლიბერალური ბირთვი ადგენს კულტურულ და ეთიკურ ნორმებს, ნებადართულის საზღვრებს და კულტურულ ტაბუებს, საყოველთაო ფასეულობებს, მოკლედ, „თამაშის წესებს“ და თავადვე ზრუნავს იმაზე, რომ თამაში ნებადართულის ფარგლებს არ გასცდეს, ანუ უკიდურეს მემარჯვენეობასა და მემარცხენეობაში არ გადაიზარდოს. რამდენადაც დასავლეთის მედიასივრცე ლიბერალურია, ის ღიაა პოლარულად განსხვავებული აზრების მიმართ, მაშინაც კი, როდესაც ის საწინააღმდეგო პოლუსიდან მოდის, მაგრამ ამ ლიბერალური ბირთვის არეალში თავსდება. ლიბერალიზმი ინტერნაციონალურია და სოლიდარული საერთო ფასეულობების მიმართ, რომლებსაც ყველგან ერთი და იგივე სოციალური ფენა ახმოვანებს.

ლიბერალური ბირთვი - ესაა განათლებული ბიურგერული საზოგადოება. განათლება, ცოდნის ფლობა თავისთავადი ფასეულობაცაა და ლიბერალური საზოგადოების უპირატესობისა და წარმატებულობის საფუძველიც. განათლებას და საგანმანათლებლო იდეალებისადმი ერთგულებას იმდენად საკულტო და იდენტობის განმსაზღვრელი მნიშვნელობა აქვს, რომ ლიბერალური საზოგადოება, ნებით თუ უნებლიედ, გაუცხოებული აღმოჩნდა სხვა, ნაკლებად განათლებული, ან განათლებაზე ხელმიუწვდომელი სოციალური ფენებისგან. 8-9 ნოემბრის ღამეს, როდესაც ხმების დათვლის პროცესი ახალი დაწყებული იყო და თანდათანობით ნათელი ხდებოდა ტრამპის უპირატესობა, არა მხოლოდ კლინტონის შტაბის წევრები, არამედ ევრონიუსის კომენტატორებიც იმედად იმას იტოვებდნენ, რომ ფლორიდის მოსახლეობის 48% უმაღლესი განათლების მქონე ამომრჩეველი იყო და, შესაბამისად, ხმაც კლინტონისთვის უნდა ჰქონოდა მიცემული.

რამდენადაც ლიბერალური საზოგადოება ყველაფერს საკუთარი განმანათლებლური პრიზმიდან ხედავს, ყველა მოვლენას ამ ფასეულობათა შკალით აფასებს, მან „სიბნელეში მყოფთა“ ხმის აღქმის უნარი დაკარგა, რადგანაც მას უკვე დიდი ხნის შემუშავებული და ამოქმედებული აქვს ტოლერანტობისა და მშვიდობიანი თანაარსებობის საგანმანათლებლო პროგრამები და „ტრეინინგები“, რომლებმაც სწორი, პროგრესული აზროვნება და იდეალები უნდა დანერგონ. უკვე ათწლეულებია, ლიბერალური ბირთვი ამ გლობალური ლიბერალურ-დემოკრატიული წესრიგის მშენებლობაშია და ამ წესრიგის არამყარობა და ბზარები მაშინ ხდება ხილვადი, როდესაც არა რომელიმე „მესამე სამყაროში“, არამედ ლიბერალური ჰეგემონიის ცენტრში ეუფლება ძალაუფლებას ლიბერალური ფასეულობების მიმართ მტრულად განწყობილი ძალა.

ტრამპი და ლიბერალური დემოკრატიის აპოკალიფსი

დონალდ ტრამპის მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს პრეზიდენტად არჩევამ საყოველთაო შეშფოთება და განგაშიც კი გამოიწვია არა მხოლოდ იმ ამერიკელებში, რომლებმაც ხმა ჰილარი კლინტონს მისცეს და დარწმუნებული იყვნენ, რომ ტრამპი მალე ცუდი სიზმარივით დავიწყებას მიეცემოდა, არამედ მთელი მსოფლიოს მოსახლეობის იმ ნაწილში, რომელიც შფოთვით თუ არა, ირონიით მაინც უყურებდა პრეზიდენტობის კანდიდატობამდე ტრამპის აღზევებას. მილიარდერი ტრამპის გარდაუვალი მარცხის იმედს იძლეოდა მისი პოლიტიკურად არაკორექტული, ღიად რასისტული, ჰომოფობიური, ქალთმოძულე განცხადებები, რომლებიც სრულ შეუსაბამობაშია თანამედროვე სამყაროში, ყველაზე მეტად თავად ამერიკის შეერთებულ შტატებში დომინანტი ლიბერალური დემოკრატიის პრინციპებთან. ბოლო წინასაარჩევნო სიტყვაში ჰილარი კლინტონმა მთელი აქცენტი სწორედ ამ ღირებულებებზე გააკეთა და ამომრჩევლებს მათი დაცვისა და ერთგულებისკენ მოუწოდა, მაშინ, როდესაც ტრამპმა პრეზიდენტად მის არჩევას უწოდა „მშრომელი კლასის საპასუხო დარტყმა“, რომელიც „კორუმპირებული პოლიტიკოსების“ დიქტატისგან თავს გაითავისუფლებს. თუ დემოკრატ კლინტონის ადრესატი ლიბერალური ღირებულებების დამცველი ბიურგერული კლასი იყო, მულტიმილიარდერი კაპიტალისტი ტრამპი მშრომელთა კლასის წინამძღოლად გამოჩნდა.

ტრამპი თავისი რიტორიკითა თუ თავისი „არაკონვენციურობით“ განსახიერებაა იმისა, რასაც დასავლური მედია „მემარჯვენე პოპულიზმს“ უწოდებს. მემარჯვენე პოპულიზმი ტრადიციული კონსერვატორული ღირებულებების უტრირებული ფორმით ფართო მასებისთვის მიწოდებას გულისხმობს და ამისათვის ის კვლავაწარმოებას ახდენს ფართო მასებში გავრცელებული სტერეოტიპებისა, რომელთა მეშვეობითაც ტრადიციული ღირებულება და მისი დაცვის აუცილებლობა არატრადიციულისა და განსხვავებულის მიმართ სიძულვილად გადაიქცევა. მაგალითად, ოჯახის სიმტკიცის დაცვა იგივდება ჰომოფობიასა და ანტიფემინიზმთან, კრიმინალი - ემიგრანტებთან, ტერორიზმი - ისლამთან და ა.შ. ამასთანავე, მემარჯვენე პოპულიზმის სამიზნე ლიბერალური ელიტებია, მათი ძალაუფლებრივი პოზიციები, რომელთან დასაპირისპირებლადაც ყველა ლიბერალური ფასეულობის დისკრედიტაცია უნდა მოხდეს, განსაკუთრებით ისეთების, რომლებიც ანტიდისკრიმინაციული შინაარსისაა.

ამა თუ იმ ნიშნით გამოყოფილი ადამიანთა ჯგუფების დისკრიმინაციის უფლება კომპენსაციის ის ნაცადი საშუალებაა, რომლითაც სოციალური უკმაყოფილებიდან ყურადღების გადატანა ხერხდება. ლიბერალური ბირთვის მხრიდან, რომელიც სოციალური თვალსაზრისით მოსახლეობას ვერაფერს რეალურად ვერ სთავაზობს, ამ საკომპენსაციო უფლების ნებისმიერი შეზღუდვა - იქნება ეს პოლიტკორექტულობა თუ ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობა - უმცირესობების მიერ უმრავლესობის ჩაგვრად ითარგმნება. შესაბამისად, უმცირესობები ავტომატურად იგივდება ლიბერალურ ელიტასთან და უმრავლესობაზე უმცირესობების გაბატონების შეთქმულების თეორიის სახეს იღებს. ეს ტენდენცია უკვე ბოლო ათწლეულებია სულ უფრო მეტი წარმატებით იკრებს ძალას და სულ უფრო ეფექტურად გამოიყენება ულტრაკონსერვატორებისა და მემარჯვენე პოპულისტების მხრიდან. ლიბერალურმა ელიტებმა, უმცირესობათა უფლებების დაცვასა და ანტიდისკრიმინაციაზე მთელი აქცენტით, სოციალური და ეკონომიკური პრობლემების მოუგვარებლობის ფონზე უმცირესობები ფაქტობრივად რადიკალი მემარჯვენეებისათვის სამიზნედ და განტევების ვაცად აქციეს. უმცირესობები, ლტოლვილები თუ ემიგრანტები, მთელი „მესამე სამყარო“ - ულტრამემარჯვენე, ნეოფაშისტური და რელიგიური ფანატიკოსებისთვის მთავარი მტრის ხატებია, რომლებთანაც ბრძოლა ამ პოლიტიკური მიმდინარეობების „ხსნის“ პროგრამაა.

მემარჯვენე პოპულიზმი, რომელსაც კრიზისის დაძლევის არანაირი რეალური გეგმა არ გააჩნია, ძალას იკრებს იქ, სადაც მოუგვარებელი სოციალური პრობლემებია, რომლებსაც მმართველი ელიტები ვერ, ან არ უმკლავდებიან. შემთხვევითი არ უნდა იყოს, რომ ტრამპის აღზევება ობამას მიერ ვერგანხორციელებული სოციალური რეფორმების პირობებში გახდა შესაძლებელი.

დასავლური ლიბერალური დემოკრატია უკვე ბოლო ათწლეულებია, რაც შემაშინებელ რყევებს განიცდის და მისი მთავარი სიმპტომი მემარჯვენე პოპულისტური ძალების აღზევებაა, პირველ რიგში, ევროპაში, სადაც უნგრეთში ვიქტორ ორბანის გამარჯვებით პირველი ავტორიტარული სისტემა შეიქმნა; მარინ ლე პენი და მისი „ნაციონალური ფრონტი“ საფრანგეთში უკვე დიდი ხანია მესამე პოლიტიკური ძალაა, რომელიც თანაბრად უპირისპირდება მემარჯვენე გოლისტებსაც და სოციალისტებსაც; ავსტრიასა და შვეიცარიაში მემარჯვენე პოპულისტებს ანგარიშგასაწევი საპარლამენტო ფრაქციები აქვთ, ხოლო გერმანიაში ახლახან შექმნილი მემარჯვენე რადიკალური „ალტერნატივა გერმანიისათვის“ ფედერალურ პარლამენტში შესასვლელად ემზადება.

თანამედროვე მსოფლიოში მემარჯვენე რადიკალიზმის გაძლიერება იმითაცაა გამოწვეული, რომ ცივი ომის დამთავრებამ დაასუსტა მემარცხენე ფლანგი და სოციალისტური ბანაკის კრახმა საფუძვლიანად შეარყია არა მხოლოდ უკლასო საზოგადოებაზე ოცნება, არამედ სოციალიზმის საპირწონე დასავლური სოციალური სახელმწიფოც, რომლის ნეოლიბერალიზმით ჩანაცვლებამ ყველაზე მძიმე დარტყმა სწორედ იმ მუშათა კლასსა და სოციალურად დაუცველებს მიაყენა, რომელთა მხსნელებადაც ტრამპი თუ სხვა მემარჯვენე პოპულისტები ასაღებენ თავს. დასავლური მემარცხენე პოლიტიკა კი იმდენად შესუსტებულია ნეოლიბერალიზმთან ფლირტისა და კომპრომისების გამო, რომ მას პოლიტიკური ალტერნატივის შექმნის რეალური უნარი ამ ეტაპზე აღარ გააჩნია და ის აკადემიური თუ სხვა ინტელექტუალური სიმაღლეებიდან აკვირდება და აანალიზებს წაგებულ თამაშს.

თუმცა, ვისაც ყველაზე უკეთ შეუძლია ტრამპის აღზევებით შემოქმედებითად იხეიროს, ეს არიან სწორედ ინტელექტუალები და ხელოვანები, რომლებზეც ყოველთვის შთამაგონებელი ზეგავლენა ჰქონდა სამყაროს აღსასრულის ფანტაზმებს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG