Accessibility links

logo-print
მიმდინარე წლის 15 სექტემბრის ქადაგებაში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურმა, კათალიკოს-პატრიარქმა ილია შიოლაშვილმა განაცხადა: „უფლებები კარგია და უფლებები დაცული უნდა იყოს, მაგრამ პასუხისმგებლობაც უნდა იგრძნოს ყოველმა ჩვენთაგანმა, ძალიან ხშირად ლაპარაკობენ მოსახლეობის უმცირესობის დაცვაზე, რომ უმცირესობას გააჩნია თავისი უფლებები, ძალიან იშვიათად ფიქრობს ვინმე, რომ უმრავლესობასაც უნდა დაცვა. უმრავლესობა ხშირ შემთხვევაში უფრო დაჩაგრულია, ვიდრე უმცირესობა.“

მე ამჯერად აღარ შევუდგები უმცირესობების და, ზოგადად, ადამიანის უფლებებსა და თანასწორუფლებიანობის იდეალებსა თუ პრობლემებზე მსჯელობას, რომლებზე აპელაციაც საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებაში არსობრივად იგივე იქნებოდა, რაც შუა საუკუნეების კათოლიკური ინკვიზიციისათვის „კუდიანთა“ და „მწვალებელთა“ უფლებების დაცვისაკენ მოწოდება. პირიქით, მინდა დავეთანხმო კათალიკოს-პატრიარქის განაცხადს და ორიოდე სიტყვით განვავრცო კიდეც მისი მოსაზრება.

დიახ, საქართველოში ირღვევა და ფეხქვეშ ითელება მოსახლეობის უმრავლესობის მრავალი უფლება:

საქართველოს მოსახლეობის შემზარავად მაღალი პროცენტი სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იმყოფება და სოციალურად დაუცველია.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა იძულებულია მაშინაც „იმარხულოს“, როცა მარხვა არაა.

უმრავლესობა დადის გადაჭედილი საზოგადოებრივი ტრანსპორტით ან ფეხით და რამდენიმე ათეულ, ზოგჯერ ასეულ ათასად ღირებული ავტომანქანები მათთვის ისეთივე შორიდან საცქერი სანახაობაა, როგორც ამ ძვირადღირებული ტრანსპორტში მსხდომი სამღვდელოების, პოლიტიკოსებისა თუ ბიზნესმენებისათვის ფეხით მოსიარულე ხალხი.

უმრავლესობა, თუკი საერთოდ შეძლო თვითმფრინავის ბილეთის შეძენა, არ მგზავრობს ბიზნეს-კლასით.

უმრავლესობას არ შეუძლია დაბადების დღის ხუთვარსკვლავიან სასტუმროებში გადახდა, არც საქართველოში და არც მსოფლიოს რომელიმე ქალაქში, მაგალითად, პარიზში. მათ საიუბილეო ღონისძიებებზე არ იხარჯება მილიონები სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, საერთოდაც, უმრავლესობისათვის ფუფუნება და განცხრომა მხოლოდ ფილმებიდან და ტელერეპორტაჟებიდანაა ცნობილი.

უმრავლესობა საერთოდ ვერ ახერხებს წვეულებების მოწყობას და სავალდებულო ზეიმები – ქორწილი თუ ქელეხი – მძიმე ტვირთად აწვება ოჯახის ბიუჯეტს და ზოგჯერ ვალების გადახდა თვეებისა და წლების მანძილზე უწევს.

უმრავლესობას არც რამდენიმე ათას დოლარად ღირებული საათის ჩუქება შეუძლია ვინმესათვის, განსხვავებით ეკლესიისგან, რომელიც სწორედ ამ უმრავლესობის გადასახადებითა და შემოწირულობებით იძენს და გასცემს ძვირფას ძღვენს რჩეულ უმცირესზე უმცირესთ.

უმრავლესობას არ აქვს ხარისხისხიანი სამედიცინო მომსახურება და არც საჭიროების შემთხვევაში შეუძლია მსოფლიოს საუკეთესო კლინიკებით სარგებლობა. საავადმყოფოებში მედიკამენტებსა და აპარატურაზე მეტი ხატებია. ამიტომაც, უმრავლესობას სხვა არაფერი დარჩენია გარდა იმისა, რომ მკურნალობის ნაცვლად ილოცოს.

არც საქართველოს სტუდენტების უმრავლესობა არ სწავლობს უცხოეთის უმაღლეს სასწავლებლებში, არა იმიტომ, რომ, პატრიარქმა როგორც გააფრთხილა, იქ მათ გადაგვარების საფრთხე ელით და ამიტომ თავს იკავებენ ხარისხიანი ცოდნის მიღებისგან, არამედ ამისი მატერიალური საშუალება არა აქვს და იძულებულია, საქართველოში მიღებული სწავლის სუროგატით შეიქმნას ნასწავლობის ილუზია. საქართველოში მიღებული „უმაღლესი“ განათლება კი ხშირ შემთხვევაში, მსოფლიო სტანდარტების საშუალო განათლებას ჩამორჩება. სამაგიეროდ, როგორც განათლების მინისტრმა ახალი სასწავლო წლის დაწყების საზეიმო ცერემონიაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს აუწყა, „პატრიარქმა დაგვლოცა, ამაზე კარგი რა უნდა გვენახა დღეს?!“

სკოლის მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა, რომელთა ოჯახებსაც არ აქვს იმის ფინანსური საშუალება, რომ შვილები ძვირად ღირებულ კერძო სკოლებში ატარონ, ვერ იღებს საშუალო განათლებასაც კი, თუნდაც იმიტომ, რომ, როგორც ამ ზაფხულს გამოირკვა, მასწავლებელთა უმრავლესობა არაკომპეტენტურია და საკუთარ საგანში ჩაიჭრა.

საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობა ვერ ფლობს არათუ რომელიმე უცხო ენას, არამედ არ შეუძლია გამართული ქართულით წერა და მეტყველება.

ანალიტიკური აზროვნების უნარი, რომლის აუცილებლობაზეც სამართლიანად ისაუბრა ეკლესიის მეთაურმა, მნიშვნელოვანწილად იმის გამო დაუქვეითდა საქართველოს მოსახლეობას, რომ საკუთარი აზროვნება „მოძღვართა“ დამოძღვრას დაუქვემდებარა. სამღვდელოების აბსოლუტური უმრავლესობის აზროვნება კი, არათუ ანალიზის უნარსაა მოკლებული, არამედ პრელოგიკურია, - აი ისეთი, პირველყოფილ საზოგადოებებში რომ პოულობენ და აღწერენ ეთნოლოგები.

სამაგიეროდ, საქართველო თითო სულ მოსახლეზე მღვდელ-მოძღვართა რაოდენობით ალბათ მსოფლიოში პირველ ადგილზეა, რაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილის არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ სულიერ და მენტალურ მდგომარეობაზეც მძიმედ აისახება.

ამდენად, შეგვიძლია მხოლოდ დავადასტუროთ, რომ საქართველოში ყველაზე მეტად სწორედ უმრავლესობა იჩაგრება და თუ სააქაოში არ გაუმართლათ, ეკლესია მათ ნათელ და ბედნიერ მომავალს ჰპირდება ზეციურ საქართველოში.

კომენტარების ჩვენება

XS
SM
MD
LG