Accessibility links

logo-print

დაუპირისპირდება თუ არა ირაკლი ალასანია ბიძინა ივანიშვილს?


Georgia -- Giorgi Tskhadaia, blogger

Georgia -- Giorgi Tskhadaia, blogger

NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ საზოგადოებრივი განწყობების კვლევაში, რომელზეც წინა ბლოგპოსტში უკვე ვისაუბრე, არის ქართველი პოლიტიკოსების რეიტინგიც. ამ რეიტინგში თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია პირველ ადგილს იკავებს.

ალასანია გამოკითხულთა 60% მოსწონს. მას კვალდაკვალ მისდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელიც 54% მოსწონს. ეს დიდი ალბათობით გულისხმობს არა მხოლოდ პიროვნულ სიმპათიას, არამედ ალასანიას პოლიტიკური შეხედულებებისადმი სიმპათიასაც. ალასანიას პოლიტიკური შეხედულებები კი ორი მთავარი ნიშნით განსხვავდება „ქართული ოცნების“ გენერალური ხაზისგან:

  1. საგარეო პოლიტიკური თვალსაზრისით, ალასანია უფრო მეტად პროდასავლურია, ვიდრე „ქართული ოცნება“ - გაცილებით უფრო მეტი ახლო კავშირი აქვს ამერიკელ და ევროპელ კოლეგებთან (განსაკუთრებით მაინც ალბათ უფრო ამერიკელებთან);
  2. შიდაპოლიტიკური თვალსაზრისით, ალასანია უფრო მეტად შეგვიძლია მივიჩნიოთ რეფორმებზე ორიენტირებულ პოლიტიკოსად, რომლისთვისაც საგარეო პოლიტიკური მიზანი - დასავლეთთან დაახლოება - გულისხმობს ქვეყანაში გარკვეული ტიპის რეფორმების გატარებას. ეს რეფორმები ზოგ შემთხვევაში მოსახლეობის გარკვეული ფენებისთვის მტკივნეულია (მაგალითად, როგორც პოლიციის და განათლების რეფორმა იყო წინა ხელისუფლების დროს), მაგრამ აუცილებელია იმისთვის, რომ საზოგადოება განვითარდეს.

ის ფაქტი, რომ ალასანიას „ქართული ოცნების“ წევრებს შორის ყველაზე მაღალი რეიტინგი აქვს, ჩემი ღრმა რწმენით, სწორედ იმაზე მიუთითებს, რომ საქართველოს მოსახლეობას ახლა ყველაზე მეტად სურს იხილოს ისეთი პოლიტიკოსი, რომელიც რეფორმებზეც იქნება ორიენტირებული და „ნაციონალური მოძრაობის“ დანაშაულებებს და შეცდომებსაც არ გაიმეორებს. NDI-ის რეიტინგის მიხედვით თავად „ნაციონალურ მოძრაობას“ ღიად მხოლოდ გამოკითხულთა 11% უჭერს მხარს.

ერთი სიტყვით, დღესდღეობით ალასანია იდეალურად ასახავს ქართველი ამომრჩევლის უმრავლესობის შეხედულებებს: პროდასავლურია, რეფორმებზეა ორიენტირებული და დემოკრატია. ახლა მხოლოდ ისღა დარჩა საკითხავი, რამდენად აქვს მას რესურსი იმისთვის, რომ მომავალში საკუთარი ძალებით მიაღწიოს წარმატებას არჩევნებში.

პირველ რიგში, აქ საუბარი მაქვს ფინანსურ რესურსზე. ასეთი ალასანიას არ გააჩნია და დამატებით პრობლემას ის ქმნის, რომ ის, ვისაც ფინანსური რესურსები გააჩნია, - ბიძინა ივანიშვილი, - ირაკლი ღარიბაშვილზე აკეთებს ფსონს. ქართული დემოკრატიის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გამოცდა იქნება ის, თუ რამდენად შესაძლებელია ხალხის გაერთიანებულმა ნებამ მსხვილი კაპიტალის ინტერესები დაამარცხოს. ამ თვალსაზრისით, მთავარი ბრძოლები ჯერ კიდევ წინ არის.

მეორე პრობლემა, რაც ალასანიას შეექმნება, არის ის, რომ გაუჭირდება კოალიციის ზუსტად შერჩევა. ამ რეიტინგებიდან კარგად ჩანს, რომ ამომრჩეველს ალასანია მხოლოდ გარკვეული პირობით მოსწონს: როგორც „ქართული ოცნების“ წევრი (ირაკლი ღარიბაშვილი გამოკითხულთა ნახევარზე მეტს მოსწონს, ასევე, კარგი რეიტინგი აქვთ დავით უსუფაშვილს და დავით ბაქრაძესაც). თუ ალასანია ოდესმე გადაწყვეტს, რომ დამოუკიდებლად იყაროს კენჭი არჩევნებზე, ეს აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს.

მესამე და, ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანი პრობლემა უკავშირდება თავად ირაკლი ალასანიას პიროვნებას. ჯერჯერობით მას ლიდერის თვისებები არ გამოუვლენია. მართალია, იგი დღესდღეობით საქართველოში ყველაზე პოპულარული პოლიტიკოსია, მაგრამ ამას არანაირი მნიშვნელობა არ ექნება, თუ კრიტიკულ მომენტში თავად არ გადაწყვეტს ამ მხარდაჭერის გამოყენებას პოლიტიკურ ასპარეზზე.

ასეა თუ ისე, ეს საკითხი დღის წესრიგში აუცილებლად დადგება. ამ დროისთვის ალასანია (ან რომელიმე სხვა პოლიტიკოსი, რომელიც მის მსგავს სიტუაციაში აღმოჩნდება, მაგალითად, მარგველაშვილი), მზად უნდა იყოს ურთულესი ბრძოლისთვის. „ქართული ოცნების“ და ბიძინა ივანიშვილის რეიტინგი დღითიდღე ეცემა და, როგორც უკვე ერთხელ აღვნიშნე, ეს რამე ერთჯერადი მოვლენების მიმართ კი არა, ზოგადად სისტემის მიმართ არსებული უკმაყოფილებაა. ადრე თუ გვიან ასეთი უკმაყოფილება ძალიან ძლიერ რყევებს გამოიწვევს კოალიციაში. ამ რყევების შედეგი კი უკვე პიროვნულ ქარიზმაზე, პოლიტიკურ უნარებზე და ორგანიზაციულ თუ ფინანსურ რესურსებზე იქნება დამოკიდებული.

XS
SM
MD
LG