Accessibility links

logo-print

საქართველოს სჭირდება ძლიერი სოციალურად ორიენტირებული ლიბერალური პოლიტიკური ძალა


NDI-ის ახალი კვლევის მიხედვით, რომელიც 27 მარტიდან 19 აპრილის დროის შუალედში ჩატარდა, „ქართულ ოცნებას“ საგანგაშოდ დაბალი რეიტინგი - 24 % აქვს. რა თქმა უნდა, ის 27 %, რომელმაც კითხვას „არ ვიცი“ უპასუხა, მართლა არ ვიცით, თუ ვისი მხარდამჭერია და შეიძლება ორივე ძირითადი პარტიის ან რომელიმე მესამე პარტიის ამომრჩეველი აღმოჩნდეს; ამის მიუხედავად, მაინც თამამად შეგვიძლია განვაცხადოთ (უფრო - გავიმეოროთ), რომ საქართველოში პოლიტიკური კლასის კრიზისია. პოლიტიკური კლასის კრიზისი გულისხმობს იმას, რომ მხოლოდ რომელიმე კონკრეტული პარტიის მიმართ კი არ არის ნდობა დაკარგული, არამედ მთლიანად პოლიტიკური ელიტის მიმართ. „ნაციონალური მოძრაობის“ ღია მხარდამჭერები, ამ მონაცემებით, მხოლოდ და მხოლოდ 16 %-ს შეადგენენ. ამ ფონზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამომრჩეველს სჭირდება რამე თვისებრივად ახალი, ან იმის განახლებული ვარიანტი, რამაც ერთხელ უკვე გაამართლა. ჩემი აზრით, ამომრჩეველს დღეს სჭირდება სოციალურად ორიენტირებული ლიბერალური პარტია - ისეთი, როგორიც „ნაციონალური მოძრაობა“ იყო თავისი მმართველობის პირველ ხანებში.

წყარო: https://www.ndi.org/files/NDI%20Georgia_April_2015%20Political%20Poll%20Results_GEO_VF.pdf

წყარო: https://www.ndi.org/files/NDI%20Georgia_April_2015%20Political%20Poll%20Results_GEO_VF.pdf

„ნაციონალური მოძრაობა“ იყო დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე წარმატებული პოლიტიკური მოძრაობა. მმართველობის პირველ ხანებში განხორციელებული რეფორმები - განსაკუთრებით განათლების, ენერგეტიკის, პოლიციის, ბიუროკრატიის და სხვ. - იყო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი. შესაბამისად, სააკაშვილის და მისი პარტიის მხარდაჭერა თავის დროზე იყო უპრეცედენტო და სრულიად ლოგიკური. იდეოლოგიური პლატფორმა, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობა“ იდგა, იყო ეკლექტური (შერეული), მაგრამ ამავე დროს მკვეთრად უფრო მეტად ლიბერალური, ვიდრე „ქართული ოცნების“. ამ შემთხვევაში, „ლიბერალიზმში“ ვგულისხმობ კულტურული და სოციალური მოდერნიზაციის სურვილს, რაც „ქართულ ოცნებას“ სრულიად არ გააჩნია. პირიქით, „ქართული ოცნების“ ამჟამინდელი დევიზი არის უძრაობა - რეფორმების შეჩერება და საზოგადოების ტრადიციული სტატუს კვოს შენარჩუნება.

ამავე დროს „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა ორი ძალიან სერიოზული ჩავარდნა: პირველი იყო ის, რომ კულტურული რეფორმაციის სახელით ახორციელებდა ე.წ. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკას და ასევე პოლიტიკური მოწინააღმდეგეების დევნას. და მეორე - იმავე კულტურული რეფორმაციის სახელით ცდილობდა მემარჯვენე ეკონომიკის წახალისებას. მემარჯვენე ეკონომიკა არის ეკონომიკა, სადაც თავისუფალი ბაზარი არ არის დარეგულირებული (არ არის დარეგულირებული როგორც დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის ურთიერთობები, ასევე გარემოს დაბინძურებაც), სოციალური დახმარებები მინიმუმამდეა დაყვანილი და ადამიანები სრულიად არიან მინდობილი ე.წ. ბაზრის „უხილავ ხელს“.

ორივე შემთხვევაში, კულტურული რეფორმაცია კრახით დამთავრდა. ლელა რეხვიაშვილის ბრწყინვალე ანალიზის მიხედვით, რომელიც „მსოფლიო ბანკის“ მონაცემებს ეყრდნობა, ამგვარმა მემარჯვენე ეკონომიკურმა პოლიტიკამ სიღარიბე რიგ შემთხვევებში უფრო მეტად გაზარდა და გაამწვავა (თუმცა ამის პარალელურად, რა თქმა უნდა, შეიქმნა „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერი საშუალო კლასი, რომელსაც სახელმწიფო რეგულაციების ბუნებრივად ნაკლები მოთხოვნილება გააჩნდა). რაც შეეხება „ნულოვან ტოლერანტობას“, ეს არის კრიმინალისადმი ამერიკული მიდგომა, რომელიც იდეოლოგიურად, ასევე ველურ კაპიტალიზმთან არის წილნაყარი. „ნულოვანი ტოლერანტობის“ პოლიტიკამ მოიტანა ის, რომ მოსახლეობის დაბალმა ფენებმა ჩათვალეს, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ სოციალური პრობლემების - კრიმინალის - მთავარი გამომწვევი მიზეზის აღმოფხვრა კი არა, დაბალი სოციალური ფენების ფიზიკური განადგურება ჰქონდა მიზნად.

ერთი სიტყვით, თუ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პირველ ხანებში განხორციელებული რეფორმები მოსახლეობის ფართო მასებს შეეხო, მმართველობის მეორე ხანაში უკვე აქცენტი ეკონომიკური ელიტის გაძლიერებაზე კეთდებოდა. ამგვარმა მიდგომამ „ნაციონალურ მოძრაობას“ დაუკარგა არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ ინტელექტუალური მხარდაჭერაც. ბოლო ხანებში „ნაცმოძრაობის“ მთავარ აპოლოგეტებად გამოდიოდნენ უკიდურესი მემარჯვენე ლიბერალები - ჟურნალი „ტაბულა“, პოლიტიკური ექსპერტები მიშა თავხელიძე და გიგა ნასარიძე და სხვები. იქამდე არსებული ლიბერალური კონსენსუსი, რომ ქვეყანას კულტურული რეფორმაცია სჭირდებოდა, დაირღვა.

არადა, სოციალური და კულტურული რეფორმაცია ქვეყანას დღეს, როგორც არასდროს ისე სჭირდება. ამგვარ რეფორმაციას მხოლოდ სოციალურად ორიენტირებული ლიბერალური ძალები თუ განახორციელებენ. მას ვერ განახორცილებენ მხოლოდ ტრადიციული მემარცხენეები, რომლებიც „აღიარებაზე“ უფრო მეტად „რედისტრიბუციაზე“ არიან ორიენტირებული და კულტურულ ასპექტებს ნაკლებ ყურადღებას უთმობენ, და ვერც მემარჯვენეები, რომლებსაც სოციალური რიტორიკა საერთოდ არ გააჩნიათ.

ერთი სიტყვით, საჭიროა იმ ადამიანებს, ვისაც ესმით სოციალური და კულტურული რეფორმაციის საჭიროება, ასევე ესმოდეთ რესურსების რედისტრიბუციის და ღარიბების დახმარების საჭიროებაც. სხვა შემთხვევაში, საქართველოში ვერასდროს შეიქმნება ისეთი ძლიერი ლიბერალური კონსენსუსი, რომელიც იმ რეფორმებს გააგრძელებს, რომლებიც თავის დროზე „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დაიწყო. კულტურული და სოციალური რეფორმების და აგრესიული სოციალური პოლიტიკის გარდა კი ჩვენს ქვეყანას სხვა გამოსავალი არ აქვს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG