Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საერო და სასულიერო ინსტიტუტების განცალკევების შესახებ


პარადოქსულია, მაგრამ ქვეყანა, რომლის მმართველი პოლიტიკური ძალა და მთავარი ოპოზიციური პარტია, იწოდებიან პროევროპულებად (ყოველ შემთხვევაში, თავად ასე აცხადებენ), უეცრად დადგა სეკულარიზმის კრიზისის სერიოზული საფრთხის წინაშე. სეკულარიზმი არის მმართველობის პრინციპი, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო და რელიგია გამიჯნულია ერთმანეთისგან - სახელმწიფო არ ერევა რელიგიური ინსტიტუტების საქმიანობაში და პირიქით, რელიგიური ინსტიტუტები არ ერევიან სახელმწიფოს საქმიანობაში.

ამ პრინციპს 5 დეკემბერს საფრთხე შეექმნა მას შემდეგ, რაც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქმა, ილია მეორემ გამოთქვა სურვილი, რომ მასაც ჰქონდეს პატიმრების შეწყალების უფლება. მოგვიანებით, საპატრიარქომ ამ თემაზე განმარტება გააკეთა და აღნიშნა, რომ არც ერთ შემთხვევაში პატრიარქს საკანონმდებლო ცვლილებები არ მოუთხოვია.

სანამ პატრიარქის განმარტებას მოისმენდნენ, მმართველი გუნდის მაღალ ეშელონებში პატრიარქს განზრახვა ძირითადად მოუწონეს. პრემიერ-მინისტრმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ „უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე ქართველი ერის სულიერი წინამძღვარია და მისი რჩევა ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანი და ღირებულია.“ ასევე, მან მოუწოდა საქართველოს პრეზიდენტს და პარლამენტს, რომ დაიწყონ ამ საკითხზე მსჯელობა.

არანაკლებ შოკისმომგვრელი გამოსვლა ჰქონდა სასჯელაღსრულების მინისტრს, კახა კახიშვილს, რომელმაც შემდეგი განცხადება გააკეთა:

“მეც მიმაჩნია, რომ პატრიარქს უნდა ჰქონდეს ნამდვილად უფლება, ერის წინამძღვარია, მასზე ბრძენი ადამიანი არ ვიცი ახლა, ვინ არის, ამიტომაც, მე ვფიქრობ, რომ ნამდვილად უნდა ჰქონდეს მას შეწყალების უფლება”.

უფრო შორს წავიდა პარლამენტარი, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მოადგილე, ელისო ჩაფიძე, რომელმაც წამოაყენა წინადადება, რომ „ქართველმა ხალხმა გადაწყვიტოს“ (სავარაუდოდ, რეფერენდუმის გზით) სეკულარულ სახელმწიფოში გვინდა ცხოვრება, თუ თეოკრატიულში.

ერთი სიტყვით, ერთ დღეში დღის წესრიგში დადგა ის, გვინდა თუ არა ვიცხოვროთ სახელმწიფოში, სადაც რელიგიური პირი მიიღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს. ცხადია, ამის ნიშნები აქამდეც არსებობდა, მაგრამ პირველად ქვეყნის მმართველმა ძალამ სერიოზულად დააყენა საკითხი, გვინდა თუ არა სეკულარული სახელმწიფო.

შეუიარაღებელი თვალითაც კარგად ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ ლეგიტიმაციის კრიზისი აქვს, მაგრამ ამ კრიზისის გადასატანად ასეთი ხერხების გამოყენება, საბოლოო ჯამში, მათ მდგომარეობას კიდევ უფრო გაამწვავებს. ავანტიურა, რაზეც დღეს ჩვენი ქვეყნის მმართველი გუნდი წავიდა, შეიძლება მისთვისვე სავალალოდ დასრულებულიყო. მომავალში, თუ რამე მსგავსს გაიმეორებენ, აუცილებლად კატასტროფული შედეგების წინაშე დავდგებით.

რაც შეეხება საპატრიარქოს, მას აქვს მისია - წარმართოს მართლმადიდებელი მრევლის სულიერი ცხოვრება. სახელწმიფოს მსგავსი მისია არ აქვს. ეს სახელმწიფოს ნაკლი არ არის. სახელმწიფოს მიზანია, რომ ძალით აღასრულოს კანონი; ასევე, თანაბრად დაიცვას თავისი მოქალაქეების უფლებები, განურჩევლად მათი სულიერი სტატუსისა და სარწმუნოებისა. დასჯის დროს სახელმწიფომ უნდა იხელმძღვანელოს არა იმით, თუ როგორია კონკრეტული მოქალაქის დამსახურებები ღმერთის წინაშე (მაგალითად, აქვს თუ არა ცოდვები), ან გულწრფელად მოინანია თუ არა მან ჩადენილი დანაშაული (ამას სახელმწიფო ვერაფრით განსაზღვრავს), არამედ იმით, დაარღვია თუ არა ამ კონკრეტულმა მოქალაქემ კანონი, მიაყენა თუ არა სხვებს ზიანი.

სახელმწიფო არ არის მაცხოვნებელი ინსტიტუტი და ეს ნორმალურია. სახელმწიფო არის ძალადობრივი ინსტიტუტი და დემოკრატიული სახელმწიფო თანაბრად და ლეგიტიმურად ძალადობს ყველა მოქალაქეზე, ვინც კანონს არღვევს.

თუ საპატრიარქო გახდება ინსტიტუტი, რომელიც ჩაერევა სახელმწიფო საქმეებში, ის ოფიციალურად გახდება ასევე ძალადობრივი ინსტიტუტი. მაშინაც კი, თუ საპატრიარქო გადაწყვეტს, რომელი პატიმარი შეიწყალოს და რომელი პატიმარი არ შეიწყალოს, ეს იქნება ძალის აღსრულება იმათზე, ვისაც არ შეიწყალებს. საპატრიარქო ვერ დააკმაყოფილებს ყველა პატიმრის სურვილს, მოინანიოს დანაშაული და დააკმაყოფილებს მხოლოდ იმათ სურვილს, ვისაც ჩათვლის შეწყალების ღირსად. საპატრიარქო ოფიციალურად გახდება სადამსჯელო სისტემის ნაწილი.

როდესაც ვწერ, რომ ეკლესია ოფიციალურად გახდება სადამსჯელო ინსტიტუტი, ვგულისხმობ იმას, რომ არაოფიციალურად ეკლესიის ზოგიერთი წევრი უკვე იქცა მოძალადედ. პირველ რიგში, ვგულისხმობ იმათ, ვინც ორგანიზება გაუკეთა 17 მაისს მიტინგის დარბევას, მონაწილეობდა მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის მიერ ჩატარებულ სადამსჯელო ოპერაციებში და ა.შ. მათ უკვე გადადგეს ნაბიჯები იმისთვის, რომ ეკლესიის სასულიერო ძალაუფლება გავრცელდეს საერო სფეროზეც, თუმცა ეს გააკეთეს არა კანონის სახელით, არამედ არაფორმალურ დონეზე.

ეკლესიის ძალაუფლების ფორმალიზება გამოიწვევს იმას, რომ წაიშლება ზღვარი კანონსა და ეკლესიის მიერ დადგენილ დოგმებს შორის. კანონი თავის თავში არ მოიცავს ცოდვების გამოვლენისა და ცოდვილების დასჯის მექანიზმებს. კანონი თანაბრად უდგება რელიგიური თვალსაზრისით ცოდვილებსაც და არაცოდვილებსაც. კანონი თანაბრად მიესადაგება არარელიგიურ პირებსაც და რელიგიურ პირებსაც, ასევე, სხვადასხვა რელიგიის წარმომადგენლებს. სახელმწიფოსა და ეკლესიის გაიგივებით, საქართველოში საკანონმდებლო დონეზე მეტი პრივილეგია მიენიჭება იმათ, ვისაც ეკლესია ჩათვლის ჭეშმარიტ მართლმადიდებელ ქრისტიანებად და ცოდვების მონანიების ღირსად.

ჩვენ ბოლო ორი საუკუნის მანძილზე თითქმის არ გვქონია სახელმწიფოებრიობის გამოცდილება. ჩვენი ქვეყნის უმაღლესი კანონი - კონსტიტუცია დაახლოებით ოცი წლის ისტორიას ითვლის. თავის დროზე იგი მივიღეთ არა გააზრებულად, არამედ სპონტანურად - იმ პირობებში, როდესაც მისი გააზრების თავიც არც გვქონდა, ვინაიდან უმწვავეს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში ვიყავით. დღეს ნელ-ნელა ვიწყებთ მსჯელობას კონსტიტუციის ფუნდამენტურ პრინციპებზე. თუ ახლა მყარად არ დავდგებით სეკულარული ლიბერალურ-დემოკრატიული სახელმწიფოს სადარაჯოზე, თავისუფლება შეიძლება ისევ დიდი ხნით და შეიძლება სამუდამოდაც დავკარგოთ.

საპატრიარქომ იმით, რომ უარყო სახელმწიფო საქმეებში ჩარევა, გადადგა ისტორიული ნაბიჯი და თავისი ნებით თქვა უარი ისედაც მოფამფალებული სახელმწიფო ინსტიტუტების უარესად მორყევაზე. ამის საპირისპიროდ, საქართველოს ხელისუფლება და მმართველი გუნდი (მათი უმრავლესობა, რამდენიმე გამონაკლისის გარდა) მოიქცა სამარცხვინოდ; პირველივე ჯერზე ფეხქვეშ გაუწვა ქვეყნის ყველაზე ძლევამოსილ რელიგიურ ინსტიტუტს, უარი თქვა კონსტიტუციისა და სახელმწიფოს დაცვაზე. ჩვენი სირცხვილია, რომ ქართული სახელმწიფო ასეთი პოლიტიკოსების ხელშია. ყველა უნდა ვეცადოთ, რომ მომავალში ჩვენი ქვეყანა უფრო მყარ საფუძვლებზე დავაყენოთ.

დაწერეთ კომენტარი

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG