Accessibility links

logo-print

სამი დაპირება, რომელიც არ გვესმის ძირითადი პოლიტიკური ძალებისგან


არჩევნები დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორც წესი, არა მხოლოდ კანდიდატებს და პარტიებს შორის, არამედ იდეებს შორის ჭიდილია. საქართველოში, როგორც უკვე არა ერთხელ აღვნიშნეთ, ამგვარი არჩევნები თითქმის არ ჩატარებულა. წარსულში არჩევნები ყოველთვის ფორსმაჟორულ სიტუაციებში იმართებოდა და მასში გამარჯვებული უკვე წინასწარ იყო განსაზღვრული. 2016 წლის 8 ოქტომბერს (დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ) ჩატარდება პირველი ისეთი არჩევნები, რომელსაც რევოლუციური პერიოდი არ უძღვის წინ. შესაბამისად, ეს უნდა იყოს არჩევნები, რომელში მონაწილეობის მიღების დროსაც, წესით, გაცილებით მეტად უნდა ვენდოთ ჩვენს რაციონალურ განსჯას, ვიდრე ემოციას.

ამავე დროს ძნელია იმის არშემჩნევაც, რომ ქართული პარტიები, როგორც წესი, არ ლაპარაკობენ იმ იდეებსა და იდეოლოგიურ პლატფორმებზე, რომლებსაც იზიარებენ. მაგალითისთვის: მმართველ პარტიას, რომელიც არჩევნებში ფავორიტად მიიჩნევა, ჯერ თავის ოფიციალურ საიტზე არ აქვს ატვირთული განახლებული წინასაარჩევნო პროგრამა. „ნაციონალურ მოძრაობას“ თავისი პროგრამა წარმოდგენილი აქვს, მაგრამ მას აქტიურად არც მედიაში განიხილავენ და პოლიტიკოსებიც იშვიათად აკეთებენ მასზე აქცენტს. იგივე შეიძლება ითქვას „რესპუბლიკურ პარტიაზეც“, „თავისუფალ დემოკრატებზეც“ და სხვა შედარებით მცირე პარტიებზე, რომელთა იდეოლოგიური პლატფორმებისა და იდეების შესახებ ფაქტობრივად მინიმალური ინფორმაცია გვაქვს. ერთი სიტყვით, როგორც ერთ-ერთ წინა ბლოგშიც აღვნიშნე, ქართული პოლიტიკური სივრცე იდეებისგან თითქმის მთლიანად დაცლილია.

ამავე დროს, იმ მცირე რაოდენობის დაპირებებში, რომელთაც ძირითადი ქართული პარტიები წინასაარჩევნოდ გასცემენ, როგორც წესი, ერთი და იგივე იდეები მეორდება: უცხოური ინვესტიციების მოზიდვა (უმთავრესად, საგადასახადო რეჟიმის უფრო მეტად ლიბერალიზაციის გზით), ტურიზმის განვითარება და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში გაწევრიანება. ეს სამი იდეა აერთიანებს თითქმის ყველა პროდასავლურ პარტიას საქართველოში და ამის გამო მათ შორის იდეური განსხვავებების დანახვა და გამოკვეთა თითქმის შეუძლებელია. ეს ფაქტი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში არსებულ მძიმე ინტელექტუალურ და იდეურ კრიზისზე მიუთითებს.

ქვემოთ ჩამოვთვლი მინიმუმ სამ ისეთ იდეას, რომელზეც საქართველოში თითქმის არც ერთი ძირითადი პარტია არ ლაპარაკობს და რომელიც პირდაპირ არის კავშირში ჩვენი ქვეყნის სოციოეკონომიკურ განვითარებასთან.

პირველ რიგში დავიწყებ განათლების სისტემის რეფორმით და განათლების სფეროში ინვესტირებით. ეს არის თემა, რომელსაც, როგორც წესი, ყველა პოლიტიკური პარტია უგულებელყოფს. მასზე საჯარო დისკუსიებში ძალიან იშვიათად საუბრობენ. არადა, “მსოფლიო ბანკის“ მონაცემებზე დაყრდნობით ვიცით, რომ საქართველო ხარჯავს ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ-ს) გაცილებით მცირე პროცენტს განათლებაზე, ვიდრე რეგიონის ან მსოფლიოს წარმატებული ქვეყნები. 2012 წელს საქართველო განათლების სფეროზე ხარჯავდა მშპ-ს 1.98 %-ს, მაშინ, როდესაც ლატვია ხარჯავდა 3.2 %-ს, ესტონეთი ხარჯავდა 4.79 %-ს და ლიტვა ხარჯავდა 17.1 %-ს. ბოლო 40 წლის განმავლობაში ეკონომიკურად ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქვეყანა, სამხრეთი კორეა 2012 წელს განათლების სფეროზე ხარჯავდა მშპ-ს 4.62 %-ს, ხოლო განვითარების დასაწყისში, 1980 წელს - 3.34 %-ს. განათლების სფეროს მიმართ ასეთი უყურადღებობა, როგორსაც ჩვენი მთავრობები იჩენენ, არც ერთი სტანდარტით არ არის გამართლებული. ასეთი გულგრილობა განათლების მიმართ მით უმეტეს გაუმართლებელია XXI საუკუნეში, როდესაც ეკონომიკაში მცირდება ინდუსტრიული სექტორის წილი და მომსახურების სფეროს წილი იზრდება.

მეორე მნიშვნელოვანი დაპირება, რომელიც ასევე თითქმის არ გვხვდება ქართული პოლიტიკური პარტიების რიტორიკაში, არის წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკის წარმოება. რა თქმა უნდა, უცხოური ინვესტიციების მოზიდვა მნიშვნელოვანია, მაგრამ მხოლოდ უცხოური ინვესტიციებით ეკონომიკა ვერ განვითარდება. ამ მიმართულებით მუშაობის პარალელურად, ქვეყანას უნდა გააჩნდეს საკუთარი ინდუსტრიული პოლიტიკა. როგორც ლონდონის ეკონომიკისა და პოლიტიკური მეცნიერების სკოლის პროფესორი, რობერტ ვეიდი შენიშნავს თავის სტატიაში, საქართველოში ჯერ კიდევ არ ესმით, თუ რას ნიშნავს „ინდუსტრიული პოლიტიკა“ და იგი საბჭოთა გადმონაშთი ჰგონიათ. ქართველ პოლიტიკის მგეგმავებს არც „აზიური ვეფხვების“ განვითარების შესახებ გაუგიათ და ისინი მაინცდამაინც არც ფრანგული „დირიჟიზმის“ გამოცდილებას იცნობენ. არადა, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ლარის კურსი საგრძნობლად დაეცა დოლართან და ევროსთან მიმართებაში, ქართული ექსპორტის ინდუსტრია განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს.

მესამე მნიშვნელოვანი თემა, რომელიც პირდაპირ კავშირშია საქართველოს მოსახლეობის კეთილდღეობასთან, არის შრომის კოდექსი. მართალია, ახალი მთავრობა წინანდელთან შედარებით უკეთეს შრომის კოდექსს გვიტოვებს, მაგრამ მისი აღსრულება ქვეყნის მასშტაბით თითქმის არ ხდება. არადა, ყოველდღე ირღვევა განსაკუთრებით მაღაროებსა და სუპერმარკეტების ქსელებში მომუშავე ადამიანების შრომის უფლებები. მათ დამამცირებელ, პატივისა და ღირსების შეურაცხმყოფელ პირობებში უწევთ მუშაობა. საქართველოში არავინ ითხოვს იმას, რომ გვქონდეს ისეთივე შრომის კოდექსი, როგორიც სკანდინავიის სოციალური საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყნებში აქვთ. ისედაც ცხადია, რომ განვითარების ამ ეტაპზე ამგვარი მკაცრი რეგულაციები საქმეს არ წაადგება, მაგრამ ამავე დროს კატეგორიულად მიუღებელი უნდა იყოს ის, რომ XXI საუკუნეში ხალხს მონურ პირობებში ამუშავებენ. შრომის ინსპექციის მექანიზმის ამოქმედება და ელემენტარული შრომითი პირობების დაცვა არის ის ერთ-ერთი მთავარი დაპირება, რომელსაც ქართული პოლიტიკური პარტიები უნდა გასცემდნენ (ვიტყოდი მემარცხენე პარტიები-მეთქი, მაგრამ ასეთი პარტია ფაქტობრივად არ გვყავს).

რა თქმა უნდა, ამ სამი იდეით არ ამოიწურება სასურველი პოლიტიკური ნაბიჯების სია, რომლებიც ქართულმა პარტიებმა უნდა გადადგან. ამ სტატიით უფრო მეტად იმის ჩვენება მინდოდა, რომ არსებობს მინიმუმ სამი სხვა დაპირებაც, რომელიც არსებულ სამს შეიძლება დაემატოს ისე, რომ ისინი რადიკალურად არ შეიცვალოს (მაგალითად, წარმატებული ინდუსტრიული პოლიტიკის წარმოება აუცილებლად უცხოურ ინვესტიციებზე უარის თქმას არ გულისხმობს). ქართველი პოლიტიკოსები ერთსა და იმავე, ძირითადად მემარჯვენე დაპირებებზე „ჩაციკვლით“ ქვეყანას განვითარების რეალურ შესაძლებლობებს უკარგავენ.

XS
SM
MD
LG