Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შევარდნაძიზმი, მიშიზმი და მათი ნარევი


საქართველოში არსებული პოლიტიკური რეჟიმების შეფასების დროს ზოგჯერ იღებენ ხოლმე მათ რაიმე ერთ დადებით მახასიათებელს და ამბობენ, რომ ესა და ეს რეჟიმი კარგი იყო მხოლოდ იმიტომ, რომ ამ ერთი პარამეტრით სხვებს სჯობდა. სინამდვილეში თუ მართლა გვინდა, რომ რეჟიმის დემოკრატიულობა ან არადემოკრატიულობა აღვიქვათ, ისინი მთლიანობაში უნდა განვიხილოთ. ქვემოთ უფრო ვრცლად შევეცდები ავხსნა, რასაც ვგულისხმობ და იმედი მაქვს, რომ შევარდნაძისტები, მიშისტები, ბიძინისტები და სხვები წაიკითხავენ ამას და კიდევ ერთხელ დაფიქრდებიან იმაზე, თუ რა არის ის, რაც უნდა გადავხარშოთ და გამოვასწოროთ. ასევე, დიდი იმედი მაქვს, რომ წაიკითხავენ ისინი, ვინც არც ერთი მთავარი პარტიის მხურვალე მხარდამჭერი არ არის (ჩემი დაკვირვებით, ასეთი ადამიანები საქართველოს უმრავლესობას შეადგენენ) და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან, რომ საჭიროა ფართომასშტაბიანი დემოკრატიული ცვლილებები.

პირველ რიგში, შევარდნაძის რეჟიმით დავიწყებ. მისი მთავარი დამახასიათებელი ნიშანი ის იყო, რომ ქვეყანა ნახევრად ანარქიულ მდგომარეობაში იმყოფებოდა. ხელისუფლება არ იყო ცენტრალიზებული და სხვადასხვა ტერიტორიული თუ ინსტიტუციური ერთეული ცენტრალურ ხელისუფლებას პირდაპირ და უპირობოდ არ ემორჩილებოდა. ასეთი მდგომარეობის შედეგი ის იყო, რომ საზოგადოების ის ფენები იკავებდნენ გაბატონებულ პოზიციებს, რომლებსაც შეეძლოთ კლანური, არაფორმალური და არაპოლიტიკური კავშირების უკეთ შენარჩუნება. ასეთები იყვნენ: ძალოვნები, ქურდები და საბჭოთა ელიტები (ინტელექტუალური და არაინტელექტუალური). მაგალითად, იმაზე, თუ რამხელა არაფორმალურ ძალაუფლებას ფლობდნენ ინტელექტუალური ელიტები მახსენდება ჩემი ერთი ნაცნობის მონაყოლი, რომელიც 90-იან წლებში თბილისის ერთ-ერთი პრესტიჟული უნივერსიტეტის პრესტიჟულ ფაკულტეტზე სწავლობდა. ამას წინათ სწორედ ეს ადამიანი მიყვებოდა, რომ მის დროს, ამ ფაკულტეტზე მხოლოდ ამ ელიტარული კლანების წევრები სწავლობდნენ, რომლებიც უნივერსიტეტში პირადი კონტაქტებით, ან ქრთამით ხვდებოდნენ. ცხადია, აბსოლუტურად ყველა პროფესორზე და სტუდენტზე ეს არ ვრცელდებოდა, მაგრამ გაბატონებული ნორმა სწორედ ეს იყო და არა სამართლიანი გამოცდები. ქურდების და ძალოვნების კლანებზე (რომელთა ერთმანეთისგან გარჩევა ზოგჯერ ძალიან ძნელი იყო) აღარ გავაგრძელებ - მოსახლეობის უმრავლესობას, ვინც ამ პერიოდს მოესწრო, კარგად ემახსოვრება.

მეორე მხრივ, ასეთ ნახევრად ანარქიულ რეჟიმს, რომელსაც კლანები მართავდნენ, ახასიათებდა ის, რომ ძნელი იყო მოსახლეობის ფართო ფენებზე რეპრესიის განხორციელება. ეს ფართო ფენები პროტესტს გამოხატავდნენ რამდენიმე თავისუფალი მედიასაშუალების მეშვეობით, რომელთა შორისაც ყველაზე მნიშვნელოვანი იყო „რუსთავი 2“ და „რადიო 105“. ორივე მათგანი პროტესტს არა მხოლოდ უშუალოდ მთავრობის წინააღმდეგ გამოხატავდა, არამედ აკრიტიკებდა სწორედ ზემოთხსენებულ კლანებსაც, რომლებსაც საზოგადოებაში გაბატონებული პოზიცია ეკავათ. რეჟიმის უკვე გვიან პერიოდში წარმოიშვა სტუდენტური მოძრაობა „კმარა“, რომელმაც ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ძველი ელიტების ძალაუფლების შერყევაში.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით, მტკიცება, რომ „შევარდნაძის დროს მედია თავისუფალი იყო“ თავისთავად ვერაფერს გვეტყვის ამ რეჟიმის ბუნებაზე. მედია ნამდვილად იყო თავისუფალი, მაგრამ ეს იყო სწორედ იმ რეჟიმის დამახასიათებელი თვისება, რომელიც ცენტრალიზებულად არ იმართებოდა. შესაბამისად, შევარდნაძის რეჟიმის შეფასების დროს, სწორედ იმას უნდა დავაკვირდეთ, რომ სიტყვის თავისუფლება იყო სისტემის გვერდითი დადებითი შედეგი და არა გამიზნულად დაშვებული სიკეთე. თავად პოლიტიკური სისტემა კი არსებითად არადემოკრატიული იყო.

სააკაშვილის რეჟიმის შესაფასებლადაც მსგავსი სისტემური მიდგომა გვჭირდება. შევარდნაძის რეჟიმისგან განსხვავებით, მას ახასიათებდა ის, რომ ხელისუფლება იყო ცენტრალიზებული. როგორც სხვადასხვა ტერიტორიული ერთეული, ასევე სხვადასხვა სახელისუფლებო ინსტიტუცია პირდაპირ და უპირობოდ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას, რომელსაც რამდენიმე ყველაზე მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა მართავდა. ასეთ პირობებში საზოგადოებაში გაბატონებული პოზიციის დასაკავებლად მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური კავშირები. შესაბამისად, მოსახლეობის ის ფენები იკავებდნენ გაბატონებულ პოზიციებს, რომლებსაც ყველაზე მყარი პოლიტიკური კავშირები ჰქონდათ ცენტრალურ ხელისუფლებასთან: პოლიტიზებული ძალოვნები (რომლებიც, შევარდნაძის ეპოქისგან განსხვავებით, ყოველდღიურ კორუფციაში კი არ იყვნენ ჩართულები, არამედ ერთი პოლიტიკური ძალის ინტერესებს ემსახურებოდნენ) და პარტიის ყველაზე აქტიური და ერთგული მხარდამჭერები. გასათვალისწინებელია ის, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ იყო საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი პირველი თანამედროვე პოლიტიკური პარტია, რომელიც წევრების რეკრუტირებას არა არაფორმალური, არამედ პოლიტიკური ნიშნით ახდენდა. შესაძლოა, საერთოდ არანაირი ნათესაური ან რამე სხვა სახის კავშირი გქონოდა „ნაციონალური მოძრაობის“ გავლენიან წევრებთან, მაგრამ მაინც „გაქაჩულიყავი“, თუ პარტიის ინტერესებს ემსახურებოდი.

შესაბამისად, იმის თქმა, რომ „მიშას დროს მეტი სოციალური მობილობა იყო“ (მეტად გახსნილი იყო სისტემა ყველა სოციალური ფენისთვის წარმატების მისაღწევად) თავისთავად არაფერს გვეუბნება. სოციალური მობილობა ნამდვილად უფრო მეტი იყო, ვიდრე შევარდნაძის დროს, მაგრამ ამავე დროს, ამ სხვადასხვა სოციალური ფენიდან რეკრუტირებულ მხარდამჭერებს „ნაციონალური მოძრაობა“ იყენებდა თავისი პირადი პარტიული ინტერესებისთვის. სახელმწიფო ბიუროკრატიულ აპარატში დასაქმება და დაწინაურება ხდებოდა პოლიტიკური ერთგულების დონის მიხედვით; უნივერსიტეტებში „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაახლოებული თვითმმართველობა აშინებდა და სცემდა ოპოზიციურად განწყობილ სტუდენტებს; ბიზნესები იყვნენ პოლიტიკური წნეხის ქვეშ და ემსახურებოდნენ „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესებს (როგორც არჩევნების დროს, ასევე არჩევნებს შორის პერიოდშიც); მედია იყო მკაცრი კონტროლის ქვეშ და ბიზნესები, რომლებიც ოპოზიციურ მედიასაშუალებებში რეკლამების მიტანას ბედავდნენ, ხშირად სახელმწიფო სადამსჯელო ოპერაციების მსხვერპლი ხდებოდნენ; საჯარო სამსახურში და საგანმანათლებლო დაწესებულებებშიც პოლიტიკური ნიშნით დევნიდნენ ხალხს. ერთი სიტყვით, ცენტრალიზებული სახელმწიფო რეპრესიული აპარატი პოლიტიკური და იდეოლოგიური მხარდამჭერების მობილიზებას ახდენდა ერთი პარტიის ინტერესების გასატარებლად.

შესაბამისად, მთლიანობაში ორივე სისტემა იყო უსამართლო, მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული ელემენტები ამ რეჟიმებში სრულებითაც არ იყო არაპროგრესული. ორივე რეჟიმის მამოძრავებელი პრინციპები ანტიდემოკრატიული და რეპრესიული იყო. დღეს, როდესაც მათ შეფასებას ვცდილობთ, მათი მთავარი სისტემური მახასიათებლები არც ერთ შეთხვევაში არ უნდა დაგვავიწყდეს.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ „ქართული ოცნება“ ჯერჯერობით ამ ორი რეჟიმის ერთგვარ ჰიბრიდს წარმოადგენს. ერთი მხრივ, საჯარო სამსახურში არაფორმალური კავშირები და „ბიძაშვილმამიდაშვილობა“ დაბრუნდა, მეორე მხრივ, ძალოვანი უწყებები ისევ პოლიტიზებულია და პოლიტიკურ ოპონენტებს მთავრობა ისევ „ნაციონალური მოძრაობის“ მეთოდებით დევნის; ერთი მხრივ, პარტიები პოლიტიკური ნიშნით იბრძვიან, მეორე მხრივ, არაფორმალური გზით, „ქართულ ოცნებას“ ოლიგარქი და მისი კლანი მართავს (რომელიც ქვეყნის დემოკრატიულად არჩეულ პრეზიდენტს სახალხოდ ამცირებს).

ასეთ პირობებში მნიშვნელოვანია იმის გააზრება, რომ ჩვენ თვალწინ ყალიბდება ახალი, არანაკლებ უსამართლო სისტემა, რომელსაც ჯერჯერობით ისეთი გამოკვეთილი კონტურები არ აქვს, როგორც წინა სისტემებს. ამ ახალი რეჟიმის შეფასებაც სწორედ ისევე უნდა მოვახდინოთ, როგორც წინა რეჟიმების - მთლიანობაში და მთავარი მამოძრავებელი ლოგიკის გათვალისწინებით. ეს მთავარი ლოგიკა კი, ჩემი დაკვირვებით, იმაში მდგომარეობს, რომ არაფორმალური გზებით თუ ფორმალური პოლიტიკური მობილიზაციით, სისტემა ერთი მილიარდერი ოლიგარქის ირგვლივ ტრიალებს და მის კაპრიზებს ემსახურება.

ბლოგერები

ყველა ბლოგერი
XS
SM
MD
LG