Accessibility links

logo-print

13 აგვისტოს, სუპერმარკეტების ქსელების - „იოლის“, „ფუდმარტისა“ და „სპარის“ წინააღმდეგ, ამ სუპარმარკეტების თანამშრომლებმა და „თბილისის სოლიდარობის ქსელმა“ დაიწყეს საპროტესტო კამპანია შრომის პირობების დაცვისა და გაუმჯობესებების მოთხოვნით. მათ ამ სუპერმარკეტების წარმომადგენლებს საპროტესტო წერილი გადასცეს. მიმართვაში ოთხი მთავარი მოთხოვნა ჰქონდათ ჩამოყალიბებული:

1. მოლარე-კონსულტანტებისთვის დამლაგებლის, დაცვისა და საწყობის მტვირთავის ფუნქციების არდაკისრება;

2. კვირაში 40 საათზე მეტი სამუშაო დროის ზეგანაკვეთურ სამუშაოდ ჩათვლა;

3. დასაქმებულებისთვის კუთვნილი ანაზღაურების გაცემა და ჯარიმების და დანაკლისების სახით თანხის არჩამოჭრა;

4. მენეჯერებისა და ადმინისტრატორების მხრიდან თანამშრომლებისთვის შეურაცხყოფის მიყენების შეწყვეტა.

სუპერმარკეტებში არსებული მძიმე სამუშაო პირობების შესახებ თანამშრომლები სოციალური ქსელების მეშვეობით ჰყვებიან. მაგალითად, „იოლის“ მოლარე-კონსულტანტი ლიკა ჯანაშია სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში ჰყვება, რომ „იოლში“ ცხადი არ იყო, როგორ და რა პრინციპებით უნაზღაურდებოდა სამუშაო, მათ შორის, ზეგანაკვეთური სამუშაო. ასევე, ხშირად უწევდა იმ მოვალეობების შესრულება, რაც მას წესით არ უნდა ეკისრებოდეს (ვიდეოს ნახვას აუცილებლად გირჩევთ, იმისთვის, რომ ჯეროვნად შეაფასოთ ამ პრობლემის ადამიანური განზომილება). ერთ-ერთი ზემოთნახსენები სუპერმარკეტის ყოფილი თანაშმრომელი, ხვიჩა ყაზაიშვილი „ფეისბუკში“ წერს, რომ მოლარე-თანამშრომლის ანაზღაურება არაადამიანურად დაბალი იყო, მისი პოზიციისთვის შეუსაბამო სამუშაოს შესრულება ხშირად უწევდა, არ იყო დაცული სავალდებულო 12-საათიანი შესვენება ცვლებს შორის, ზეგანაკვეთური მუშაობა სათანადოდ ანაზღაურებული არ იყო და არსებობდა სხვა უამრავი დარღვევა.

თანამშრომლების თქმით, ეს კომპანიები არღვევენ ყველა იმ უფლებას, რასაც დასაქმებულებს საქართველოს შრომის კოდექსი ანიჭებთ, რომ აღარაფერი ვთქვათ არაადამიანურად დაბალ ანაზღაურებაზე.

უფრო გასაგები რომ იყოს, კონკრეტულად რა სახის დაღვევებზეა ლაპარაკი, ქვემოთ მოკლედ ჩამოვწერ იმ ძირითად უფლებებს, რაც შრომის კოდექსის მიხედვით აქვთ დასაქმებულებს:

1) გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ ერთხელ არაუმეტეს 6 თვის ვადით და იგი უნდა იყოს ანაზღაურებადი. გამოსაცდელი ვადით შრომითი ხელშეკრულება უნდა დაიდოს მხოლოდ წერილობითი ფორმით (მუხლი 9).

2) შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობები უნდა იყოს შემდეგი: მუშაობის დაწყების თარიღი და შრომითი ურთიერთობის ხანგრძლივობა, სამუშაო დრო და დასვენების დრო, სამუშაო ადგილი, თანამდებობა და შესასრულებელი სამუშაოს სახე, შრომის ანაზღაურების ოდენობა და გადახდის წესი, ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულების ხანგრძილობა და შვებულების მიცემის წესი (მუხლი 6, პუნქტი 9).

3) შრომითი ხელშეკრულების არსებითი პირობების შეცვლა შეიძლება მხოლოდ მხარეთა შეთანხმებით (მუხლი 11).

4) დამსაქმებლის მიერ განსაზღვრული სამუშაო დროის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს კვირაში 40 საათს, ხოლო სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოში – კვირაში 48 საათს. სპეციფიკური სამუშაო რეჟიმის დარგების ჩამონათვალს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა (მუხლი 14, პუნქტი 1).

5) ზეგანაკვეთურ სამუშაოდ მიიჩნევა დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება დროის იმ მონაკვეთში, რომლის ხანგრძლივობა სრულწლოვნებისთვის აღემატება კვირაში 40 საათს (მუხლი 17, პუნქტი 4).

P.S.: ამ მუხლში არ არის მითითებული, სპეციფიკურ/ სამუშაო რეჟიმის მქონე საწარმოზე მოქმედებს თუ არა ზეგანაკვეთური სამუშაოს განსაზღვრების განსხვავებული წესები; ერთი შეხედვით, ისე გამოდის, რომ ასეთ საწარმოებშიც ზეგანაკვეთურ მუშაობად ითვლება კვირაში 40 საათზე მეტი.

6) ზეგანაკვეთური სამუშაო უნდა ანაზღაურდეს ხელფასის საათობრივი განაკვეთის გაზრდილი ოდენობით (მუხლი 17, პუნქტი 5).

7) დასაქმებულს უფლება აქვს, ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით – წელიწადში სულ მცირე 24 სამუშაო დღით, ასევე, ანაზღაურების გარეშე შვებულებით- წელიწადში, სულ მცირე, 15 კალენდარული დღით (მუხლი 21, პუნქტი 1 და 2).

8) უქმე დღეებში დასაქმებულის მიერ სამუშაოს შესრულება მიიჩნევა ზეგანაკვეთურ სამუშაოდ და უნდა ანაზღაურდეს, როგორც ზეგანაკვეთური სამუშაო (მუხლი 20, პუნქტი 3).

ერთი სიტყვით, ბევრი რომ აღარ გავაგრძელო, თუ ის მართალია, რასაც თანამშრომლები ამ სუპერმარკეტებზე ჰყვებიან, ეს შრომის კოდექსის ძალიან უხეში დარღვევებია. ყველამ ვიცით, რომ მსგავსი ბრალდებები მხოლოდ სუპერმარკეტების ქსელების წინააღმდეგ არ ისმის და საქართველოში ხშირად უჩივიან იმავე მიზეზებით თითქმის ყველა ბიზნესს. თითქმის ყველა ბიზნესი საქართველოში ეჭვმიტანილია შრომით ექსპლუატაციაში.

ამას გარდა, თავად შრომის კოდექსშიც არ არის გათვალისწინებული ბევრი რეგულაცია, რაც დამატებით პრობლემებს ქმნის დასაქმებულების უფლებების დასაცავად.მაგალითად, არ არის გათვალისწინებული ღამის ცვლისთვის განსხვავებული ანაზღაურების საჭიროება, უწყვეტად მუშაობის შემთხვევაში სავალდებულო შესვენების აუცილებლობა (დასავლური ქვეყნების შრომის კოდექსებში ესეც გაწერილია) და უამრავი სხვა.

საკითხავი ახლა ის არის, სად არის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მიერ დაპირებული შრომის ინსპექცია. სერგეენკომ 2015 წლის 25 თებერვალს პრესკონფერენცია მოაწყო და განაცხადა, რომ მის სამინისტროში დაფუძნდა შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი. მას მერე დაახლოებით ექვსი თვე გავიდა, მაგრამ ეს დეპარტამენტი ჯერჯერობით არსად ჩანს.მისი არსებობის შესახებ მხოლოდ სამინისტროს საიტზე მითითებული ნახაზიდან ვიცით. აქაც მხოლოდ ის არის აღნიშნული, რომ ეს დეპარტმენტი არსებობს, მაგრამ რას საქმიანობს და საერთოდ, მართლა საქმიანობს თუ არა, მითითებული არ არის.

ქმედუნარიანმა შრომის ინსპექციამ უნდა შეამოწმოს, რამდენი ხანი ამუშავებენ ადამიანებს დამსაქმებლები; რამდენად უსაფრთხოა სამუშაო პირობები; როგორია ზეგანაკვეთური სამუშაოს ანაზღაურება; ხდება თუ არა ხელშეკრულების არსებითი პირობების დარღვევა; დაცულია თუ არა ცვლებს შორის 12-საათიანი ინტერვალი; დაცულია თუ არა დასაქმებულის უფლება, აიღოს ანაზღაურებადი და ანაზღაურების გარეშე შვებულება; დაცულია თუ არა დასაქმებულის უფლება, დაისვენოს უქმე დღეებში (ან უქმე დღეებში მუშაობა ჩაეთვალოს ზეგანაკვეთურ სამუშაოდ) და ა.შ. სახელმწიფო ასევე უნდა დაეხმაროს დასაქმებულებს, რომლებიც უსაფუძვლოდ გაუშვეს სამსახურიდან (მათ შორის, პროფკავშირების წევრობის გამო, ან კომპანიაში არსებული შრომითი პირობების საჯაროდ გაკრიტიკების გამო), ან რომელთა დისკრიმინაციაც მიმდინარეობს სხვადასხვა მიზეზებით.

ბოლო პერიოდში საქართველოს პროფკავშირები უფრო და უფრო მეტად აქტიურდება. დასაქმებულებიც სულ უფრო და უფრო ხშირად ბედავენ და აპროტესტებენ დასაქმების პირობებს. ახლა საჭიროა, რომ სახელმწიფო მყისიერად და აგრესიულად ჩაერიოს შრომითი ურთიერთობების დარეგულირებაში და არ მისცეს არავის საშუალება, ადამიანების ჯანმრთელობის და ღირსეული ცხოვრების ხელყოფის ფასად გამდიდრდეს.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG