Accessibility links

logo-print

10 მარტიდან მოყოლებული თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში (თსუ-ში) სტუდენტების ერთი ნაწილის საპროტესტო აქცია მიმდინარეობს (ამ სტატიაში მათ „თავისუფალ სტუდენტებად“ მოვიხსენიებ). ვითარება ისე დაიძაბა, რომ სტუდენტური თვითმმართველობის წევრები ფიზიკურად დაუპირისპირდნენ თავისუფალ სტუდენტებს. ასევე, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ჟურნალ „ლიბერალის“ ჟურნალისტსაც. თვითმმართველობის წევრები შეიჭრნენ თსუ-ს რექტორის, ლადო პაპავას კაბინეტში, სადაც დაიწყეს შიმშილობა პაპავას გადადგომის მოთხოვნით. თავისუფალი სტუდენტების განცხადებით, თვითმმართველობის გვერდით დგანან ამოუცნობი პირები ნიღბებით, რომლებიც აგრესიული ქცევით გამოირჩევიან. ადგილზე მყოფი პოლიცია ხელს უშლიდა თსუ-ს შენობაში თავისუფალი სტუდენტების შესვლას, თუმცა შენობაში თავისუფლად შეჰყავდა ილიას უნივერსიტეტის თვითმმართველობის წევრები თსუ-ს თვითმმართველობისთვის სოლიდარობის გამოსაცხადებლად.

მე შევეცდები მკითხველს გავაცნო ის წინარე კონტექსტი, რომელშიც ეს დაპირისპირება მიმდინარეობს. ასევე, მსურს ჩემი აზრი გამოვთქვა თვითმმართველობის ინსტიტუტის და მისი რეფორმირების შესახებ. ქვემოთ ჯერ ქრონოლოგიურად ჩამოვუყვები იმას, თუ რა მოხდა აქამდე და შემდეგ ჩემს აზრსაც მოგახსენებთ.

საპროტესტო ტალღა იმ მოთხოვნით დაიწყო, რომ სტუდენტები თსუ-ს აკადემიური საბჭოს მიერ ამავე უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის (იმავე კანცლერის) პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის წარდგენას აპროტესტებდნენ. ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, ანუ კანცლერი არის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი, რომელიც ხელმძღვანელობს უნივერსიტეტის ადმინისტრაციას, ნიშნავს და ათავისუფლებს ადმინისტრაციის წევრებს და ასრულებს სხვა ადმინისტრაციულ მოვალეობებს. ადმინისტრაციის ხელმძღვანელს აკადემიური საბჭოს წარდგინებით ნიშნავს უნივერსიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო (იგივე სენატი).

უნივერსიტეტის კანცლერის პოსტზე გიორგი გაფრინდაშვილის კანდიდატურას სტუდენტების ერთი ნაწილი იმ მიზეზით იწუნებს, რომ მათი თქმით, გაფრინდაშვილი წინა ხელისუფლების დროს იყო სტუდენტური თვითმმართველობის და უნივერსიტეტის ადმინისტრაციის აქტიური და გავლენიანი წევრი. ამ დროს კი თვითმმართველობის წევრები ძალადობდნენ სტუდენტებზე და ცდილობდნენ ჩაეხშოთ ნებისმიერი საწინააღმდეგო აზრი.

სტუდენტების აქციაზე მყოფი ნაწილის თქმით, თვითმმართველობა ღიად უჭერს მხარს გაფრინდაშვილის კანდიდატურას და თუ უნივერსიტეტის სენატი მას კანცლერის თანამდებობაზე აირჩევდა (აღსანიშნავია, რომ გაფრინდაშვილი ამ პოსტზე წარდგენილი ერთადერთი კანდიდატი იყო), ამითი თვითმმართველობა კიდევ უფრო მეტ პრივილეგიას მოიპოვებს უნივერსიტეტში, ვიდრე ახლა აქვს.

აქციის მონაწილე სტუდენტები ითხოვდნენ გაფრინდაშვილმა მოხსნას თავისი კანდიდატურა. ამ მოთხოვნას შეუერთდა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კვირიკაშვილიც (რაც ბევრმა სავსებით მართებულად აღიქვა პრემიერ-მინისტრის მხრიდან უნივერსიტეტის შიდა საქმეებში ჩარევად).

ამ დროისთვის გაფრინდაშვილმა კანდიდატურა მოხსნა და შესაბამისად, ეს მოთხოვნაც უკვე აღარ დგას დღის წესრიგში.

სტუდენტების კიდევ ერთი მოთხოვნა დასაწყისიდანვე ის იყო, რომ უნივერსიტეტიდან გასულიყო უშიშროების ოფიცერი, ე.წ. „ოდეერი“. ჟარგონზე „ოდეერად“ მოიხსენიებენ უშიშროების სამსახურის თანამშრომელს, რომელიც სხვადასხვა დაწესებულებებში არის ჩანერგილი. „ოდეერის“ ყოფნა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაადასტურა თავად უნივერსიტეტის რექტორმა ვლადიმერ პაპავამაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ამის შესახებ სტუდენტური აქციების დაწყებამდე არაფერი იცოდა. „ოდეერად“ პაპავამ დაასახელა უნივერსიტეტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ანუ კანცლერის თანაშემწე ივა კავსაძე.

ის ფაქტი, რომ უნივერსიტეტში მართლაც მუშაობდა უშიშროების ოფიცერი, არ უარყო საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა. სესიაშვილის განცხადებით, უშიშროების ოფიცერს ხელშეკრულება უკვე შეუწყდა. მისი თქმით, „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობა გამართლებული იყო იმით, რომ ისეთ ტერორისტულ ორგანიზაციებს, როგორიცაა დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“, სტუდენტები არ გადაებირებინათ.

თავისუფალი სტუდენტების დანარჩენი ძირითადი მოთხოვნები ასე გამოიყურება: მოხდეს კანცლერის არჩევის სისტემის რეფორმირება; შეწყდეს თვითმმართველობის პრივილეგიების წახალისება ადმინისტრაციისა და რექტორატის მხრიდან; ანაზღაურდეს უნივერსიტეტის დაცვის თანამშრომელთა ზეგანაკვეთური შრომა.

თავისუფალ სტუდენტებს ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტთა ნაწილიც შეუერთდა. მათ მხარდაჭერა გამოუცხადა „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელმა ანა ნაცვლიშვილმაც, რომელმაც შეშფოთება გამოთქვა „ოდეერის“ ინსტიტუტის არსებობის გამო და იმის გამოც, რომ, მისი ინფორმაციით, აქტიური სტუდენტების ნაწილს უშიშროების სამსახურები ეწვივნენ ოჯახებში.

115-ე აუდიტორიაში გამაგრებულ სტუდენტებს ასევე შეუერთდნენ ტყიბულში გაფიცული მაღაროელების წარმომადგენელი და რკინიგზელთა ახალი პროფკავშირების წარმომადგენლები, რომლებმაც სტუდენტებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მომიტინგე სტუდენტების მთავარი მოთხოვნა - თვითმმართველობისთვის პრივილეგიების ჩამორთმევა და ადმინისტრაციის პოლიტიკური კონტროლისგან გათავისუფლება - დიდი ხანია, რაც იმ აქტუალურ მოთხოვნათა შორისაა, რომლებსაც სტუდენტებისა და აკადემიური პერსონალის უკმაყოფილო წევრები ახმოვანებენ ხოლმე.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობა, დიდი ხანია, რაც კრიტიკის ერთ-ერთი მთავარი ობიექტია. უნივერსიტეტის წესდების მიხედვით, თვითმმართველობა ირჩევს წარმომადგენლებს ფაკულტეტების საბჭოებში. იმავე წესდების მიხედვით, თვითმმართველობის წარმომადგენლები ფაკულტეტის საბჭოში არ უნდა იყვნენ საბჭოს ¼-ზე ნაკლები. ფაკულტეტის საბჭო ის ორგანოა, რომელიც ამტკიცებს ფაკულტეტების ბიუჯეტს და ირჩევს ფაკულტეტის დეკანს. სტუდენტური თვითმმართველობა ამ თვალსაზრისით, ფორმალურ დონეზე გავლენიანი ორგანიზაციაა.

ამასთან ერთად, ძალიან ბევრი კითხვა ჩნდება იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მიზნობრივად იხარჯება სტუდენტური თვითმმართველობისთვის უნივერსიტეტის ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები. გარდა იმისა, რომ არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თანხების გაფლანგვა ხდება, თვითმმართველობის ხელში ფულადი რესურსების მობილიზება იწვევს იმასაც, რომ მის წევრებს აქვთ არაჯანსაღი გავლენა სტუდენტურ ცხოვრებაზე. ამ გავლენას კი ისინი, როგორც წესი, არ იყენებენ იმისთვის, რომ წარმოადგინონ სტუდენტების ინტერესები. პირიქით, ამის ნაცვლად, თვითმმართველობის წევრები უფრო ხშირად დაკავებულნი არიან პარტიული ინტერესების ლობირებითა და თავიანთი ორგანიზაციის კიდევ უფრო მეტად გაძლიერებით (ზოგიერთი სტუდენტი ლაპარაკობს იმაზეც, რომ არსებობს ერთგვარი „კლანი“, რომელიც თვითმმართველობის წევრებს, აკადემიურ პერსონალსა და ადმინისტრაციის წევრებს აერთიანებს).

„ბოლონიის პროცესის“ (ევროპის ქვეყნების განათლების სამინისტროებს შორის დადებული შეთანხმებების სერია უმაღლესი განათლების სტანდარტების გაუმჯობესების შესახებ) კომუნიკეების და ანგარიშების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს სტუდენტების ჩართულობის გაზრდა საუნივერსიტეტო პროცესებში. თსუ-ს და საქართველოს სხვა უნივერსიტეტების თვითმმართველობები, როგორც ზემოთ აღვნიშნე, ამ მიზანს ვერ უზრუნველყოფენ და ამის ნაცვლად ხელს უშლიან სტუდენტების ჩართულობას. ამ ფონზე სტუდენტური პროტესტი, რომელიც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაიწყო, სრულიად მართებულად აყენებს თვითმმართველობის რეფორმის მოთხოვნას.

შემთხვევითი არ არის ისიც, რომ „ოდეერების“ თემა და თვითმმართველობის რეფორმირების თემა ერთმანეთს დაუკავშირდა. ორივე შემთხვევაში, დღის წესრიგში დგება პოლიტიკური გავლენისგან უნივერსიტეტის გათავისუფლების საკითხი. ამასთან ერთად, აღსანიშნავია ისიც, რომ უნივერსიტეტებიდან „ოდეერების“ გასვლა (თსუ-ს შემთხვევაში - „ყოფილი ოდეერის“ თანამდებობიდან გათავისუფლება და ახალი უშიშროების ოფიცრის არშეშვება) დაუყონებლივ უნდა მოხდეს და ეს უფრო მნიშვნელოვანი და გადაუდებელი საკითხია ამ ეტაპზე მოსაგვარებლად, ვიდრე თვითმმართველობის რეფორმა.

თვითმმართველობის რეფორმას რაც შეეხება, ამ თემაზე დისკუსიები უნდა გაიმართოს ისე, რომ მასში ჩაერთონ როგორც სტუდენტური და აკადემიური საზოგადოება ყველა სახელმწიფო საგანმანათლებლო ინსტიტუტიდან, ასევე ფართო საზოგადოებაც.

ყველამ უნდა მოვითხოვოთ ის, რომ თვითმმართველობას ჩამოერთვას ყველა პრივილეგია, რაც მას უნივერსიტეტის წესდებით ენიჭება. ასევე, აუცილებელია, რომ თვითმმართველობას შეეზღუდოს დაფინანსება იმისთვის, რომ აღარ იყოს პარტიული ინტერესის გამტარებელი, ფინანსური მაქინაციების ბუდე და ძალადობისა და ტერორის წყარო. საკითხის უფრო რადიკალურად დაყენების შემთხვევაში შეგვიძლია მოვითხოვოთ ამ ორგანოს მთლიანად გაუქმებაც, ვინაიდან ის ხელს უშლის თავისუფლებას უნივერსიტეტში.

ბოლოს აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ თსუ-ს სტუდენტების ეს მოთხოვნები უფრო ფართო კონტექსტში უნდა განვიხილოთ. მთლიანად საუნივერსიტეტო სისტემების რეფორმის გარეშე მხოლოდ თვითმმართველობის რეფორმა ვერაფერ ხელშესახებს ვერ მოგვცემს. უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმაზე საუბარი კი, ფიზიკოს გია დვალის მიერ შემოთავაზებულ იდეებთან ერთად, რატომღაც მთლიანად გაქრა საჯარო სივრციდან. დროა, უმაღლესი განათლების რეფორმის თემა ისევ გავხადოთ აქტუალური და ამისათვის, პირველ რიგში, დავუჭიროთ მხარი აქციის მონაწილე სტუდენტებს, რომლებსაც არა მხოლოდ უნივერსიტეტის ისტებლიშმენტის, არამედ ძალოვანი უწყებების არალეგიტიმური ინტერესების წინააღმდეგაც უწევთ წასვლა.

XS
SM
MD
LG