Accessibility links

logo-print

აქვს თუ არა „ქართულ ოცნებას“ ეკონომიკური განვითარების სტრატეგია?


„ქართულმა ოცნებამ“ დაიწყო ეკონომიკური რეფორმების გატარება, რომლებიც ჯერჯერობით გაურკვეველია, ემსახურება თუ არა რაიმე ერთიან მიზანს. ერთი მხრივ, იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ს გადახდის წესი გამკაცრდა (თუ აქამდე დღგ-ს გადამხდელი მსხვრილი ბიზნესი იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ს მხოლოდ წლის ბოლოს იხდიდა, ახლა საქონლის შემოტანისასვე გადაიხდის); მეორე მხრივ, საგადასახადო კოდექსის ლიბერალიზაციის ფარგლებში საგადასახადო შეღავათები დაუწესდა საექსპორტო საქონელსაც. გარკვეული შეღავათები დაუწესდა ტურისტულ ბიზნესსაც.

ამ ყველაფრის მიუხედავად, მაინც ცოტა გაუგებარია, არსებობს თუ არა განვითარების ერთიანი სტრატეგია. ასეთი სტრატეგია უნდა ჰქონდეს სახელმწიფოს, რომელიც იდეალურ შემთხვევაში თავისუფალი უნდა იყოს ინტერესთა ჯგუფების გავლენისგან. ჩვენს შემთხვევაში, ბოლომდე ცხადი არ არის, თავისუფალია თუ არა სახელმწიფო ინტერესთა ჯგუფების გავლენისგან. მაგალითად, იმპორტირებულ საქონელზე დღგ-ს დაუყონებლივ გადახდის ინიციატივა ადგილობრივ ბიზნესმენებს - გოგი თოფაძეს და ზურაბ ტყემალაძეს ეკუთვნით. ეს კი იმას გვაფიქრებინებს, რომ ისინი თავიანთი ბიზნესების ლობირებას შეიძლება ეწეოდნენ და ეს გრძელვადიან პერსპექტივაში ქვეყნისთვის მომგებიანი შეიძლება სულაც არ იყოს.

რა თქმა უნდა, ის, რომ „ქართული ოცნება“ შეიძლება კონკრეტული ბიზნესების ლობირებას ეწეოდეს, სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ იმავეს არ აკეთებდა „ნაციონალური მოძრაობა“. თავის დროზე გახმაურებული ამბავი იყო ის, რომ წინა ხელისუფლება სწორედ იმ ბიზნესებს უფრო სწყალობდა, რომლებიც იმპორტირებული საქონლით შოულობდნენ ფულს.

როგორც უკვე აღვნიშნე, იდეალურ შემთხვევაში, სახელმწიფო ასეთი გავლენებისგან სრულიად თავისუფალი უნდა იყოს. ცხადია, არის შემთხვევები, როდესაც კონკრეტული ჯგუფის ინტერესები ქვეყნის საერთო ინტერესებს ემთხვევა, მაგრამ ეს, როგორც წესი, ძალიან იშვიათად ხდება. ჩვენს შემთხვევაში, სიტუაციის ანალიზი ცხადყოფს, რომ არც ერთ ზემოთჩამოთვლილ შემთხვევაში მოქალაქეთა საერთო ინტერესი გათვალისწინებული არ არის.

დავიწყოთ თოფაძის და ტყემალაძის ინიციატივის განხილვით. ეს ინიციატივა ცხადია, რომ ადგილობრივი ბიზნესებისთვის უცხოური პროდუქციის მხრიდან კონკურენციის შემცირებას ემსახურება. დღგ-ს გადახდის წესის შეცვლის შემდეგ, იმპორტირებულ საქონელზე ფასები მოიმატებს და ეს ადგილობრივ პროდუქციას ადგილობრივ ბაზარზე გარკვეულ უპირატესობას მისცემს. ჯერჯერობით, ასეთმა ინიციატივამ შეიძლება მსხვილი იმპორტიორები განსაკუთრებით ცუდ პირობებში არ ჩააყენოს, მაგრამ მომავალში, თუ იგივე პოლიტიკა გაგრძელდება, იმპორტიორები სერიოზული დარტყმის ქვეშ აღმოჩნდებიან. ამ ფონზე ადგილობრივი ბიზნესი იხეირებს, მაგრამ საკითხავია, რამდენად გრძელვადიანი იქნება ამგვარი წარმატება. საბოლოოდ ისე გამოვა, რომ ადგილობრივ ბიზნესს განვითარების საშუალება არ ექნება, რადგან მცირე ბაზრის ჩარჩოებში იქნება გამოკეტილი. შესაბამისად, ტექნოლოგიურ განვითარებაზე და ხარისხის ამაღლებაზეც ნაკლებად მოუწევს ფიქრი. განვითარების ამ სტრატეგიას სპეციალურ ლიტერატურაში „იმპორტის შემცვლელ ინდუსტრიალიზაციას“ უწოდებენ და მისი სისუსტეები კარგად არის დოკუმენტირებული და გაანალიზებული.

რაც შეეხება იმპორტზე დამოკიდებულ ეკონომიკას, ალბათ ისედაც ცხადია, რამდენად წამგებიანია ამგვარ მდგომარეობაში ყოფნა. იმპორტზე დამოკიდებულ ქვეყანას ადგილობრივი მრეწველობა არ აქვს და უმუშევრობის დონე ასეთ ქვეყანაში ძალზე მაღალია. მხოლოდ მომსახურების სფერო მოსახლეობის დასაქმების მოთხოვნილებებს, ცხადია, ვერ აკმაყოფილებს. შესაბამისად, ქვეყნები ცდილობენ, რომ განავითარონ მრეწველობა, რომელსაც გაფართოების და გაუმჯობესების პერსპექტივაც ექნება და ქვეყანას მხოლოდ მომსახურების სექტორის ამარა არ დატოვებს. ამგვარი სტრატეგიის კლასიკური მაგალითი ე.წ. „აზიური ვეფხვების“ შემთხვევაა. ამ ქვეყნებმა (სამხრეთმა კორეამ, ტაივანმა, სინგაპურმა და ჰონკონგმა) თავის დროზე საექსპორტო ინდუსტრიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგეს და შედეგად, ოთხივე მათგანმა წარმოუდგენელ წარმატებას მიაღწია მოკლე დროში.

სამხრეთი კორეა ექსპორტზე ორიენტირებული განვითარების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო შემთხვევაა. ქვეყნის მთავრობამ გასული საუკუნის 70-იანი წლებიდან საექსპორტი ინდუსტრიის ხელშეწყობის სახელმწიფო სტრატეგიის განხორციელება დაიწყო, რომელიც იმით დასრულდა, რომ ქვეყანაში ერთ სულ მოსახლეზე საერთო შიდა პროდუქტი 1962-დან 1989 წლამდე 60-ჯერ გაიზარდა.

ამავე დროს, აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ ამ ტექსტით იმის თქმა ნამდვილად არ მინდა, რომ რომელიმე ქვეყნის განვითარების სტრატეგია პირდაპირ უნდა გადმოვიღოთ. ცხადია, საქართველოს, ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ქვეყნის შემთხვევა უნიკალურია და, შესაბამისად, იგი უნიკალურ განვითარების სტრატეგიას საჭიროებს. მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ რომელიმე მსხვილი ინტერესთა ჯგუფის კარნახით კი არ დაიწეროს განვითარების სტრატეგია, არამედ პირიქით - თავად სახელმწიფომ აიძულოს ეკონომიკური მოთამაშეები, მის მიერ შემუშავებულ განვითარების სტრატეგიას მიჰყვნენ. ჯერჯერობით ისე ჩანს, რომ „ქართულ ოცნებას“ რაიმე მსგავსი სტრატეგია არ აქვს და მმართველი ძალა ბრმად მიჰყვება ამა თუ იმ ინტერესთა ჯგუფებისგან წამოსულ ინიციატივებს. ეს კი არავინ იცის, რა შედეგებამდე მიგვიყვანს.

XS
SM
MD
LG