Accessibility links

logo-print

11 აპრილს გამოქვეყნდა აშშ-ის ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის, NDI-ს, კიდევ ერთი გამოკვლევის შედეგები. გამოკვლევა მიზნად ისახავდა საზოგადოებრივი განწყობის დადგენას, რაც ხშირად ინტერპრეტაციის საგნად იქცევა ხოლმე. ამ წერილში ჩემს ინტერპრეტაციას შემოგთავაზებთ.

დავიწყებ იმით, რომ, გავრცელებული მოსაზრების საპირისპიროდ, გადაჭრით ვერ ვიტყოდი, რომ ტერიტორიული მთლიანობის საკითხი მოსახლეობის თვალში ღირებულებითი თვალსაზრისით „ჩამოქვეითდა“. მართალია, 2015 წლის ნოემბრის გამოკვლევაში უმნიშვნელოვანეს ეროვნულ საკითხებს შორის ტერიტორიულ მთლიანობას მესამე ადგილი ეკავა, ხოლო 2016 წლის მარტის გამოკითხვაში მეხუთეზე გადაინაცვლა, სინამდვილეში ეს, ვფიქრობ, იმის შედეგია, რომ დროებით წინა პლანზე გადმოვიდა ინფლაციის საკითხი (პენსიების საკითხი კი, შესაძლოა, ლოგიკურად მიება ინფლაციას). ეკონომიკური პრობლემები ისედაც ყოველთვის იყო ამ ჩამონათვლის სათავეში, სხვა საქმეა, რომ ინფლაცია აქამდე მაინცდამაინც მწვავე ეკონომიკურ პრობლემას არ წარმოადგენდა. შესაბამისად, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი კვლავაც რჩება ყველაზე მნიშვნელოვან „არაეკონომიკურ“ პრობლემად.

რაც შეეხება საგარეო პოლიტიკურ-ეკონომიკურ კავშირებში გაწევრიანების საკითხს, აქ მართლაც შეინიშნება გარკვეული ცვლილება წინა წელთან შედარებით. 2015 წლის აგვისტოში ევროკავშირში გაწევრიანებას მხარს უჭერდა გამოკითხულთა 50%-ზე ნაკლები, ახლა კი ეს მაჩვენებელი 61%-ს შეადგენს. შესაბამისად, შემცირდა ევრაზიულ კავშირში გაწევრიანების მომხრეთა რიცხვიც (ერთი ინტერპრეტაციის თანახმად, მოსახლეობის გარკვეულმა ნაწილმა არც იცის, რომ ევრაზიული კავშირი რუსეთის დაფუძნებულია და კითხვას გაუაზრებლად პასუხობს; სინამდვილეში, თავად კითხვაშია განმარტებული, რა არის ევრაზიული კავშირი და თითქმის გამორიცხულია, ამ კითხვას ვინმე გაუაზრებლად პასუხობდეს). ამდენად, ცვლილების მთავარი მიზეზი, ჩემი აზრით, ევროკავშირთან სავიზო ლიბერალიზაციაა, რომელსაც, ევროკომისიის დადებითი დასკვნის წყალობით, მიმდინარე წლის მეორე ნახევარში ველით.

მოსახლეობა ისევ და ისევ დადებითად აფასებს ამ მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვან სოციალურ მიღწევას: უფრო ხელმისაწვდომ სამედიცინო მომსახურებას. გამოკითხულთა 51% თვლის, რომ ამ მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა. ამავე დროს, 92%-ის აზრით, ინფლაციის კუთხით მდგომარეობა გაუარესდა, 70% მიიჩნევს, რომ სიღარიბის დონემ მოიმატა, ხოლო 55%-ის აზრით, გაიზარდა უმუშევრობის დონე. ამ ყველაფერში მოსახლეობის უდიდესი ნაწილი (81%) ახლანდელ მთავრობას ადანაშაულებს. ამასთანავე, 59% ადანაშაულებს წინა მთავრობასაც, ხოლო 53% − გლობალურ ეკონომიკურ პრობლემებს. ერთი სიტყვით, მოსახლეობის გარკვეული ნაწილი სამივეს აკისრებს პასუხისმგებლობას, თუმცა უმრავლესობა მაინც ამჟამინდელი მთავრობის დადანაშაულებისკენ იხრება.

სტატიის მეორე ნახევარში ყურადღებას სამ რამეზე გავამახვილებ: საგარეო პოლიტიკური ორიენტაციის კუთხით, თაობებს შორის განსხვავებაზე; განსხვავებულ მონაცემებზე რეგიონებსა და თბილისში მცხოვრებ მოსახლეობას შორის; და ეთნიკურ უმცირესობათა საგარეოპოლიტიკურ პრიორიტეტებზე.

თაობათა შორის განსხვავება ყველაზე გამოკვეთილია საგარეო პოლიტიკის საკითხებთან მიმართებით. 18-35 წლის მოქალაქეთა 71% მიიჩნევს, რომ ქვეყნის საგარეოპოლიტიკური კურსი დასავლური უნდა იყოს, ხოლო 56 წელს გადაცილებულთაგან ასე მხოლოდ 59% ფიქრობს. ამ სხვაობის მიზეზი, სავარაუდოდ, ის არის, რომ ახალგაზრდა თაობას არ აქვს საბჭოთა გამოცდილება, რომელიც, თავის მხრივ, მათ რუსეთთან დააკავშირებდა როგორც კულტურულ, ისე პოლიტიკურ დონეზე. ამავე დროს, სულაც არ არის უმნიშვნელო, რომ უფროსი ასაკის გამოკითხულთა თითქმის 60% პროდასავლური კურსის მომხრეა. საბჭოთა გამოცდილების მიუხედავად (ან, იქნებ, სწორედ მისი მიზეზით), მათ უმრავლესობას დასავლეთთან ინტეგრაცია სურს.

რაც შეეხება ამ მხრივ რეგიონალურ განსხვავებებს, დედაქალაქში მცხოვრებთა დიდი ნაწილი (77%) პროდასავლური ორიენტაციის მომხრეა, სოფლად კი მხოლოდ ეს რიცხვი გაციდებით დაბალია − 57 %. ამის ერთ-ერთი მიზეზი, შესაძლოა ის იყოს, რომ სოფლის მეურნეობის პროდუქციის გასაღების ბაზრად უწინარესად რუსეთია მიჩნეული. ეს პარადოქსად შეიძლება ჩაითვალოს, რადგან ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების შემთხვევაში, სარგებელს ყველაზე მეტად სწორედ სოფლის მეურნეობაში დასაქმებული ხალხი ნახავს: ევროკავშირი თავის წევრ ქვეყნებში სუბსიდირებას უწევს სოფლის მეურნეობის სფეროს (თუმცა, რა თქმა უნდა, ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა ჯერ კიდევ ბუნდოვანია, ხოლო სავიზო ლიბერალიზაცია სოფლად მცხოვრები ღარიბი მოსახლეობის ნაწილის თვალში, შესაძლოა, დიდი შეღავათი არ იყოს).

დაბოლოს, ეთნიკურ უმცირესობებით დასახლებულ რაიონებში, სხვა რეგიონებთან შედარებით, გაცილებით მაღალია პრორუსული განწყობა. იქაური მოსახლეობის 45% პრორუსულ საგარეოპოლიტიკურ კურსს ემხრობა. ეს სამწუხარო მაჩვენებელია და, გარკვეულწილად, რეგიონული კონფლიქტების (უპირველესად კი ყარაბაღის კონფლიქტის) გამოძახილად შეიძლება ჩაითვალოს. მეორე მხრივ, ეს მეტყველებს იმაზეც, რომ ჯერაც პრობლემად რჩება ეთნიკურ უმცირესობათა ინტეგრირება ერთიან ნაციონალურ პროექტში. ეს რთული საკითხია და საფუძვლიან ანალიზს იმსახურებს. ამჯერად ყურადღებას იმაზე გავამახვილებ, რომ აუცილებელია ეროვნული პროექტის ისე გარდაქმნა, რომ მასში მონაწილეობით ეთნიკური უმცირესობები კმაყოფილი დარჩნენ.

საზოგადოებრივი განწყობის გამოკვლევას მოჰყვება NDI-ს გამოკითხვების პოლიტიკური ნაწილი. არსებულ მონაცემებზე დაყრდნობით, პროგნოზების გაკეთება სარისკო საქმეა, თუმცა ინფორმაცია მოსახლეობის განწყობის შესახებ პოლიტიკური პრიორიტეტების გაანალიზებაშიც უთუოდ გამოგვადგება.

XS
SM
MD
LG