Accessibility links

logo-print

გადაწყვეტილების მიმღებებს, რომლებიც მხოლოდ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე ქმნიან პოლიტიკას, „ტექნოკრატებს“ უწოდებენ. „ტექნოკრატი“ ბევრ კონტექსტში უარყოფითი მნიშვნელობის მატარებელი სიტყვაა და ამის მიზეზი ის არის, რომ ტექნოკრატია, გარკვეული თვალსაზრისით, პოლიტიკის არსის უარყოფას ნიშნავს. ჩვენ ვიცით, რომ პოლიტიკაში თითქმის შეუძლებელია არსებობდეს მდგომარეობა, როდესაც აბსოლუტურად ყველა მხარე მოგებიან მდგომარეობაში იქნება. მაშინ, როდესაც იდეალური თავისუფალი ბაზარი გულისხმობს, რომ მყიდველიცა და გამყიდველიც კმაყოფილნი უნდა დარჩნენ განხორციელებული ტრანსაქციით (თუმცა ასე, ცხადია, ყოველთვის როდი ხდება), პოლიტიკაში, სადაც საქმე რესურსების განაწილებას ეხება, რომელიმე მხარე, დანარჩენებთან შედარებით, არასახარბიელო მდგომარეობაში ვარდება.

პოლიტიკის ასეთი კონფლიქტური ბუნებიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე ხშირად ვერ გვაძლევს სასურველ შედეგს. თუ მეცნიერულ ცოდნას წინ არ უძღვის გარკვეული საზოგადოებრივი კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, თუ რომელმა მხარემ უნდა დათმოს (მაგალითად, მაღალშემოსავლიანმა მოქალაქემ თუ საშუალო ფენამ, ავტომანქანის მფლობელმა თუ ფეხით მოსიარულემ, მსხვილმა თუ მცირე ბიზნესმა, გარემოს დამაბინძურებელმა თუ გარემოს დამცველმა, დამსაქმებელმა თუ დასაქმებულმა და ა.შ.), მიზანი, როგორც წესი, მიუღწეველი დარჩება. მეტიც, შესაძლოა ისეთი სიტუაციაც შეიქმნას, რომ ტექნოკრატმა ვითომ ობიექტური მეცნიერული ჭეშმარიტების სახელით, მიიღოს კონკრეტულ ინტერესთა ჯგუფების სასარგებლო გადაწყვეტილებები. სწორედ ამიტომ, სიტყვა „ტექნოკრატის“ მნიშვნელობა ზოგჯერ ორმაგად უარყოფით დატვირთვას ატარებს.

ამავე დროს, პრობლემების უმრავლესობა ვერც მხოლოდ პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღებით გადაიჭრება. მართალია, გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია გარკვეული სახის პოლიტიკური ნებისა და საზოგადოებრივი თანხმობის არსებობა, მაგრამ მეცნიერული შესწავლის გარეშე, მიღებული გადაწყვეტილება, დიდი ალბათობით, პრობლემას ვერ გადაჭრის.

საქართველოში ბევრ სფეროში მოწმენი ვართ სწორედ მეცნიერული ცოდნის საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილებების ნაკლებობისა. არც არასამთავრობო სექტორია მაინცდამაინც მოწოდებული იმისთვის, რომ ამ მიმართულებით მეტი იმუშაოს (მისი წარმომადგენლები მეტ აქცენტს აკეთებენ ადამიანის უფლებათა დაცვაზე, მმართველობის სისტემის რეფორმასა და ბიუჯეტის მონიტორინგზე). ის მცირერიცხოვანი გამოკვლევებიც კი, რომლებიც ტარდება და ქვეყნდება, ხშირად მოკლებულია მეცნიერულ სტანდარტებს (ვინაიდან არ არის შესრულებული სპეციალისტების მიერ და არ გადის გარე შეფასების პროცესს).

არადა, არსებობს უამრავი ისეთი პრობლემა, რომელთა გადაჭრაც აუცილებლად მოითხოვს გადაწყვეტილების მიღების პროცესში სპეციალისტთა ჩართვასა და მეცნიერული მეთოდების გამოყენებას (განსაკუთრებით, სოციალური კვლევის რაოდენობრივი და თვისებრივი მეთოდებისა). საქართველოში ერთი ასეთი სფეროა სატრანსპორტო მოძრაობა, რომელსაც სათანადოდ არ იკვლევენ (თუ რამდენიმე გამონაკლისს არ ჩავთვლით). ასევე, დაწყებითი, საშუალო და უმაღლესი განათლების სისტემა, სოციალური დახმარების მექანიზმები, ჯანდაცვასთან დაკავშირებული მომსახურება, შრომითი უფლებები, დასაქმების ბაზარი და ა.შ. რა თქმა უნდა, იმის არ ვამტკიცებ, რომ ამ საკითხებს საერთოდ არ იკვლევენ. ცხადია, ასე არ არის. მაგრამ, ამავე დროს, აღსანიშნავია, რომ ასეთი გამოკვლევების უმრავლესობა არც ოფიციალური სამთავრობო არხებით ვრცელდება, არც მათი ხარისხი მოწმდება და მათ საწარმოებლად არც ადგილობრივ აკადემიურ რესურსებს იყენებენ.

ხშირად ისეც ხდება, რომ გამოკვლევის შედეგები ქვეყნდება, მაგრამ ეჭვს იწვევს მათი სანდოობა. ამის მიზეზია ის, რომ გამოკვლევების შემსრულებლებად თავად სამთავრობო უწყებები გვევლინებიან. რეალობის გაცილებით უფრო ობიექტურ სურათს მივიღებთ, თუ კვლევას ჩაატარებენ არა სამთავრობო უწყებები, არამედ ნომინალურად დამოუკიდებელი ორგანოები, რომელთა რეპუტაცია არავითარ ეჭვს არ იწვევს. საქართველოში ამის განსახორციელებად ოპტიმალური გზა იქნება ასეთ კვლევით საქმიანობაში აკადემიური რესურსების ჩართვა. მაღალი ხარისხისა და მიუკერძოებლობის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია უცხოელი ექსპერტების მოწვევა და გარე შეფასების მექანიზმების ამოქმედება (მაგალითად, საყოველთაოდ ცნობილია, რომ ურბანული პრობლემების გადასაჭრელად რამდენიმე წლის წინ მოსკოვში მიიწვიეს ურბანული დაგეგმარების დანიელი გურუ, იან გელი.

ცხადია, ამგვარი გამოკვლევების ჩატარების შემდეგ მთავრობას მაინც ექნება შედეგების მანიპულირების საშუალება. ამისგან დაზღვეული არასოდეს ვართ, ყველაზე ნაკლებად კი მაშინ, როდესაც საკითხის გადაჭრა გავლენიან ინტერესთა ჯგუფების მოთოკვას საჭიროებს. ამის მიუხედავად, უარი არ უნდა ვთქვათ მეტი ცოდნის დაგროვებაზე; პირიქით, რაც უფრო მეტ ექსპერტულ ცოდნას შევიძენთ, მით უფრო მაღალ დონეზე ავა საჯარო დისკუსიები და, გაიზრდება მიღებული გადაწყვეტილებების ეფექტიანობა.

თანამედროვე სამყაროში შეუძლებელია გადაწყვეტილებების მიღება საკითხის სათანადოდ შეუსწავლელად. ნებისმიერი ახალი ინიციატივა თუ მასშტაბური რეფორმა უნდა დაეფუძნოს სწორედ ამგვარ წინასწარ გამოკვლევებსა და ექსპერტებისგან მიღებულ ცოდნას. პოლიტიკის წარმოების საჭიროებას სამეცნიერო გამოკვლევები, მართალია, ვერ გააუქმებს, მაგრამ მეცნიერების გარეშე თანამედროვე პოლიტიკა არათუ ვერ მოაგვარებს ქვეყნის წინაშე მდგარ პრობლემებს, არამედ კიდევ უფრო დაამძიმებს ვითარებას.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG