Accessibility links

თუ ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის სულ ახლახან გამოქვეყნებულ პოლიტიკურ შედეგებს შევხედავთ, როგორც ცალკე აღებულს, მაშინ ასეთი სურათი იქმნება: მმართველი კოალიციის რეიტინგი სწრაფად და კატასტროფულად ეცემა, დღეს არსებულ ოპოზიციურ პარტიებს პოლიტიკური „წონა“ არ ემატება, ამომრჩეველი გაბრაზებული და იმედგაცრუებულია, საზოგადოება ახალი პოლიტიკური ძალის მოლოდინშია…

თუმცა, გვაძლევს კი ეს კვლევა ასეთი დასკვნის დამაჯერებლად გაკეთების საფუძველს? ამ ეჭვიან შეკითხვას ცოტა ხნის წინ, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები ამაგრებს.

რა მაქვს მხედველობაში?

სანამ პრობლემის არსზე გადავიდოდე, ერთ მცირე თეორიულ შენიშვნას გავაკეთებ: ადამიანთა განწყობები და დამოკიდებულებები ცვალებადია, ისინი დამოკიდებულია კონტექსტზე, სიტუაციაზე. თუმცა, ზოგიერთი განწობა უფრო გამძლეა სიტუაციური ცვლილებების მიმართ, იქამდე, სანამ დადგება ორი ვითარება: ა) განწყობის შეცლაზე მიმართული კონტექსტი არ გახდება განმეორებადი და ბ) თუ სიტუაცია იმდენად შოკური აღმოჩნდა, რომ მთელი წინა გამოცდილება გადაწონა. მაგალითად, მე შეიძლება ჩემი კოლეგის მიმართ დადებითი განწყობა არ შემეცვალოს, თუ მან იშვიათად, თანაც „ზომიერად“ მაწყენინა. მაგრამ ჩემი დამოკიდებულება მის მიმართ ნეგატიური გახდება. თუ ასეთი წყენა დროში ხანიერი გახდა, ან თუ მან ერთხელ, მაგრამ ისე ძლიერ მაწყენინა, რომ უპატიებლად ჩავთვალე. პოლიტიკური განწყობები, თავისი არსით, სწორედ ისეთია, რომ მათ შეცვლას ან განმეორებადი პრაქტიკები სჭირდება, ან - შოკური ფონი.

ახლა უშუალოდ საქმეზე.

მასობრივ სოციოლოგიურ გამოკითხვებს ბევრი ხიბლი აქვს. მათ შორის ერთი უთუო ხიბლი ისაა, რომ თუ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევები ტარდება პროფესიული სტანდარტების დაცვით, ერთსა და იმავე თემაზე, დროის ერთსა და იმავე შუალედში და მსგავსი მეთოდების გამოყენებით, შედეგებმა ერთმანეთი უნდა გაიმეოროს (ცხადია, დასაშვები ცდომილების ფარგლებში).

საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა (IRI) საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2015 წლის 3-28 თებერვლის შუალედში ჩაატარა, ხოლო ეროვნულ-დემოკრატიულმა ინსტიტუტმა (NDI) – 27 მარტი-19 აპრილის შუალედში. ანუ „მანძილი“ აღნიშნულ კვლევებს შორის დაახლოებით ერთი თვეა. თუ გავითვალისწინებთ, რომ პოლიტიკურ განწყობებს და პოლიტიკური ძალების მიმართ მხარდაჭერას ყოველთვიური და ყოველკვირეული ცვალებადობა არ ახასიათებს, შეიძლება შევჯერდეთ, რომ ეს ორი კვლევა თვისებრივად დროის ერთსა და იმავე პერიოდშია ჩატარებული.

კვლევის აუდიტორიაც, შერჩევაც და კითხვარის შინაარსიც მსგავსია: გამოკითხვები ჩატარდა საქართველოს მოსახლეობაში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდით, რესპონდენტთა შემთხვევითი შერჩევით, ცდომილების მნიშვნელობით და ა.შ. შესაბამისად, აბსოლუტურად გამართლებულია მოლოდინი იმისა, რომ ამ ორი კვლევის შედეგები დაუახლოვდება ერთმანეთს.

რა ხდება სინამდვილეში? შევადაროთ აღნიშნული ორი გამოკითხვის რამდენიმე ძირითადი და „ცხელი“ შედეგი:

არჩევნებში მონაწილეობა

შეკითხვაზე: „მიიღებთ თუ არა მომავალ (2016 წლის) არჩევნებში მონაწილეობას?“ საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევაში დადებით პასუხს სცემს 85% (აქედან 51% აუცილებლად წავა არჩევნებზე, ხოლო 34% პასუხობს, რომ „ალბათ წავა“). დიამეტრულად განსხვავებული მონაცემებია ეროვნულ–დემოკრატიული ინსტიტუტის კვლევაში: არჩევნებზე წასვლას აპირებს (გადაწყვეტილად ან სავარაუდოდ) 56%.

როგორც ვხედავთ, სხვაობა ლამის 30%-ია. ეს უზარმაზარი სხვაობაა ორ კვლევას შორის დროის ასეთი მცირე შუალედის ფონზე. ამ სხვაობის რაციონალური ახსნა პრაქტიკულად შეუძლებელია.

პოლიტიკური რეიტინგები და იმედგაცრუებული რესპონდენტები

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) და ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევებში პოლიტიკურ ძალთა რეიტინგები ასე ნაწილდება:

IRI

2015 წლის თებერვალი

NDI

2015 წლის მარტი-აპრილი

კოალიცია „ქართული ოცნება“

36%

24%

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“

14%

16%

„თავისუფალი დემოკრატები“

10%

5%

„პატრიოტთა ალიანსი“

5%

4%

„ლეიბორისტული პარტია“

6%

3%

„გაერთიანებული დემოკრატები“

5%

< 3%-ზე

(სხვა ნებისმიერმა პარტიამ 3% მოაგროვა ჯამში)

არ ვიცი/უარი პასუხზე

11%

39%

(არ ვიცი – 27%; უარი პასუხზე – 12%)

არცერთს

12%

6%

ამ მონაცემებში ყველაზე შთამბეჭდავი განსხვავებაა პოზიციებში: „არ ვიცი“ და „უარი პასუხზე“. ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) კვლევაში ამ პოზიციათა წილი 3,5-ჯერ (ანუ 250%-ით!) მეტია საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევასთან შედარებით. ანუ, უფრო შინაარსობრივად თუ ვიტყვით, 2015 წლის მარტი-აპრილისთვის, თებერვალთან შედარებით, 350%-ით გაიზარდა იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, რომლებიც არსებულ პოლიტიკურ სპექტრში მათ მოსაწონ პარტიას ვერ პოულობს ან თუ პოულობს, არ ასახელებს (არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლაპარაკია იმ ამომრჩევლებზე, რომლებიც მომავალ არჩევნებში მონაწილეობის მიმართ დადებითად არიან განწყობილნი).

კვლავ ვკითხულობ: შესაძლებელია ასეთ მოკლე დროში (ერთ თევში) საქართველოში არსებული პოლიტიკური სპექტრისადმი გაუცხოებას ასეთი მასშტაბებისათვის მიეღწია? თანაც, საინტერესოა, რომ ამომრჩეველთა გაუცხოება პრაქტიკულად ყველა პოლიტიკურ ძალას ეხება (პირველ რიგში, მმართველ კოალიციას), ერთადერთი გამონაკლისით - ეს გამონაკლისი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობაა“.

არსებობს ორ კვლევაში პარტიულ რეიტინგებთან დაკავშირებული მონაცემების არაბუნებრივი განსხვავების ახსნის სხვა პერსპექტივაც : მონაცემები ერთმანეთს არ ერგება არა იმიტომ, რომ პოლიტიკური განწყობები და სიმპათიები შეიცვალა რადიკალურად, არამედ იმიტომ, რომ ამ ერთთვიან შუალედში შეიცვალა გარემო ასეთი განწყობების გამოსამჟღავნებლად. კერძოდ, რესპონდენტები არ არიან გულწრფელები გამოკითხვისას, არ ამხელენ საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიებს („უარი პასუხზე“), ან უბრალოდ იოლ გამოსავალს პოულობენ რომელიმე პოლიტიკური ძალის მიმართ საკუთარი სიმპათიის დასაფარად (პასუხი „არ ვიცი“). თუმცა, აქაც ჩნდება ეჭვნარევი კითხვები: როგორც წესი, საკუთარ პოლიტიკურ სიმპათიას ამომრჩეველი მალავს ავტორიტარულ გარემოში, რომლის წყაროც ხელისუფლებაა. შესაბამისად, ასეთ გარემოში რესპონდენტი მოტივირებულია, რომ დამალოს არა სახელისუფლო, არამედ ოპოზიციური პარტიის მიმართ მხარდაჭერა (საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების უახლეს ისტორიაში ასეთი პრაქტიკის სანიმუშო პერიოდია დაახლოებით ერთწლიანი მონაკვეთი 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე).

თუ ამ ლოგიკას გავყვებით, უნდა ვივარაუდოთ, რომ რესპონდენტების ის დიდი ჯგუფი, რომელიც თავს არიდებს პასუხს შეკითხვაზე, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერდა მხარს (პოზიციები: „უარი პასუხზე“ და „არ ვიცი“ – ჯამში 39%) ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია, რომელიც ხმას მომავალ არჩევნებში რომელიმე ოპოზიციურ პარტიას მისცემს. ასეთი ოპოზიციური პარტია კი შეიძლება სხვადასხვა იყოს და თუ ეს ლოგიკა, ვთქვათ, „თავისუფალი დემოკრატების“ მიმართ მუშაობს (ამ პარტიას ამომრჩეველი ორჯერ შეუმცირდა წინა კვლევასთან შედარებით), მაშინ რატომ არ მუშაობს იგივე კანონზომიერება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ მიმართებაში? („ნაციონალური მოძრაობის“ რეიტინგი NDI-ის კვლევაში არათუ არ შემცირებულა, არამედ ოდნავ გაიზარდა კიდეც). რა ხდება: „თავისუფალი დემოკრატების“ ამომრჩეველი მალავს თავის პოლიტიკურ სიმპათიას და „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი – არა? ასეთი დასკვნა ხომ აბსურდულად გამოიყურება?

ამასაც რომ თავი დავანებოთ, არის კი დღეს საქართველოში იმ ტიპის ავტორიტარული გარემო, რომ ოპოზიციურად განწყობილი რესპონდენტები საკუთარი პოზიციის გამჟღავნებას უფრთხოდნენ? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის გაცემა ნამდვილად გამიჭირდება.

განწყობები ევროკავშირის და ნატოს მიმართ

NDI-ის კვლევის მიხედვით, მოსახლეობის 65%-ისთვის მისაღებია საქართველოს მთავრობის მისწრაფება, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდეს (20%-ისთვის ეს მიუღებელია, ხოლო 14%-ს უჭირს პასუხის გაცემა). რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, ამ სტრატეგიას მხარს უჭერს 68% (16% წინააღმდეგია, ხოლო 16%-ს უჭირს პასუხის გაცემა).

რა ხდება ამ თვალსაზრისით IRI-ის კვლევებში? ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს 78%, ხოლო ევროკავშირში გაწევრიანების მიმართ მხარდაჭერა კიდევ უფრო დიდია - 85%.

მაშ ასე, საგარეო ორიენტაციასთან დაკავშირებულ განწყობებშიც ამომრჩევლებშისერიოზული განსვლაა ნეგატიური მიმართულებით: ნატოსთან მიმართებაში განსხვავება მინუს 13%-ია, ხოლო ევროკავშირთან მიმართებაში უფრო შთამბეჭდავი - მინუს 17%.

ვერაფრით ვიხსენებ 2015 წლის მარტში ნატოს ან ევროკავშირის მაღალჩინოსნების არაორდინარულ განცხადებებს ან მოქმედებებს საქართველოს მისამართით, რასაც მოსახლეობის განწყობებში ასეთი უარყოფითი ბალანსი შეეძლო გამოეწვია თებერვლიდან აპრილამდე.

(აქ არ ვეხები ევრაზიულ კავშირში გაერთიანების მსურველთა 31%-იანი შედეგის კონცეპტუალურ შეუთავსებლობას ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების სურვილთან, რადგან ასეთი დისონანსური ცნობიერების მატარებელი ადამიანები რეალურად არსებობენ).

* * *

ვიღაცა იკითხავს - რატომ ვიღებთ ათვლის წერტილად საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევას, იქნებ ისაა არაობიექტური? აქ არ აქვს მნიშვნელობა იმას, თუ რომელ კვლევას ავიღებთ ათვლის წერტილად – IRI-ს თუ NDI-ს. ამ წერილის მთავარი პათოსი, როგორც აღინიშნა, ისაა, რომ კვლევებმა, რომლებიც დროის ასეთ მცირე შუალედში ტარდება, ერთმანეთი უნდა გაიმეოროს და თუ ეს ასე არ ხდება, მაშინ ან ერთი კვლევა „ცოდავს“, ან – მეორე, ან ორივე ერთდროულად.

სწორედ ახლა მივადექით მთავარ შეკითხვას: რა არის ზემოაღნიშნული შეცდომის („ცოდვის“), ანუ ამომრჩეველთა განწყობების არაბუნებრივი და დაუსაბუთებელი ცვლილების მთავარი წყარო?

თავიდანვე ვიტყვი, რომ მე ასეთ წყაროდ არ განვიხილავ ოდიოზურ ვითარებას, როდესაც რომელიმე დონორი ორგანიზაცია ან კვლევითი კომპანია ზის და „აცხობს“ იმ შედეგებს, რომლებიც ვინმეს - ქვეყნის შიგნით თუ გარეთ - აწყობს. არ განვიხილავ არა იმიტომ, რომ ასეთი თვითნებობა პრინციპულად შეუძლებლად მიმაჩნია, არამედ იმიტომ, რომ ასეთი დევიაცია არ ტოვებს არანაირ სივრცეს არა მხოლოდ რაციონალური არგუმენტაციისათვის, არამედ რაიმე კონსენსუსისთვის ვითარების გამოსასწორებლად. ამდენად, თუ ასეთი კოშმარი დავიჯერე, მაშინ ყველანაირ მსჯელობას აზრი ეკარგება.

ჩემი აზრით, მთავარი „დამნაშავე“, რომელიც ხელს უშლის ობიექტური შედეგების მიღებას, სოციოლოგიური კვლევების მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური ხარვეზებია. მთელი ქვეყნის მასშტაბით მასობრივი გამოკითხვა თავისუფლად შეიძლება შევადაროთ კომპლექსურ წარმოებას, რომლის თითოეულ რგოლს თავისი ჩაუნაცვლებელი ღირებულება აქვს მთელი პროცესისთვის. შესაბამისად, თუ რომელიმე რგოლი „ჩავარდა“ ან უხარისხოდ შესრულდა, ეს აზარალებს მთელ წარმოებას და მის საბოლოო პროდუქტს. მაგალითად, თუ მოხდა ისე, რომ საველე სამუშაოების დროს დაირღვა ოჯახებში რესპონდენტთა შემთხვევითი შერჩევის პროცედურა (ვთქვათ, ინტერვიუერმა გამოკითხა ის, ვინც ოჯახში იმ მომენტისთვის დახვდა ან კარები გაუღო და არა ის, ვინც სპეციალური ინსტრუქციის მიხედვით უნდა შეერჩია), ეს თავს მოუყრის ერთგვაროვან, მაშასადამე, ტენდენციურ რესპონდენტებს (მაგალითად, დიასახლისებს, პენსიონერებს ან უმუშევრებს), რაც კვლევის საბოლოო შედეგზეც ტენდენციურად აისახება (მაგ., მოსალოდნელია, რომ პენსიონერებს, რომლებიც საბჭოთა წარსულიდან მოდიან, ევრაზიული კავშირი ურჩევნოდეთ ნატოს; საჯარო სექტორში განხორციელებული რეორგანიზაციის მსხვერპლი „უმუშევრები“ ხელისუფლების წინააღმდეგ იყვნენ განწყობილები და ა.შ.). ასეთი დეტალები კვლევაში ბევრია და მათ სათანადო გათვალისწინება და ზედამხედველობა სჭირდება.

მეთოდოლოგიური და ტექნოლოგიური დეტალები კვლევის „სამზარეულოს“ ნაწილია, რომელშიც არცერთი დონორი ორგანიზაცია თუ კვლევითი კომპანია არ ჩაგახედებს, თუ ამის ინსტიტუციური ლეგიტიმაცია არ გაქვს. და ვის აქვს ასეთი ლეგიტიმაცია? პროფესიულ ასოციაციებს. ამ შემთხვევაში, სოციოლოგთა ან სოციალურ მეცნიერთა ასოციაციას, რომლის წევრები დარგის წამყვანი სპეციალისტები იქნებიან. ამ ასოციაციის წევრობა ნებისმიერი მკვლევრისთვის თუ კვლევითი კომპანიისთვის პრესტიჟული უნდა იყოს და წარმოადგენდეს პროფესიონალიზმის დემონსტრირების სავიზიტო ბარათს. ამგვარ ასოციაციას, გლობალური მასშტაბით, წარმოადგენს, მაგალითად „საზოგადოებრივი აზრისა და მარკეტინგული კვლევის ევროპული საზოგადოება“ (ESOMAR), რომელიც აერთიანებს მსოფლიოს 130 ქვეყნის 5000 წევრს. ამ ორგანიზაციას აქვს ლეგიტიმური უფლება, „ჩაიხედოს“ მისი წევრის მიერ განხორციელებული კვლევის „სამზარეულოში“, მოიძიოს დეტალური ინფორმაცია, გააკონტროლოს ველი და ა.შ. შესაბამისად, დაწესებულია მკაცრი სანქციები ყველა იმ წევრისთვის, ვინც დაუშვებს პროფესიული სტანდარტებისგან გადახვევას.

საერთაშორისო ასოციაციის წევრობას ვინ ჩივის, საქართველოში არ არსებობს ლოკალური პროფესიული ასოციაცია, რომელიც ასეთ საპასუხისმგებლო ფუნქციას აიღებს თავის თავზე და საქართველოში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების და სხვა (მაგ., მარკეტინგული) კვლევების პროფესიონალიზმის მეტ-ნაკლებად ეფექტიანი ზედამხედველი იქნება.

უკვე წლებია ვსაუბრობ ასეთი პროფესიული ასოციაციის შექმნის აუცილებლობაზე. თუმცა, ისიც ვიცი, რომ მხოლოდ ლაპარაკი არ არის საკმარისი, მოქმედებაა საჭირო. მოკლედ, გვჭირდება სოციოლოგთა ასოციაცია in action.

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG