Accessibility links

logo-print

„ჯვრით, ცულით და მათრახით,
ლოცვით და დედის გინებით.“

აკაკი წერეთელი

თანმიმდევრულობა მნიშვნელოვანია, ამასთან მნიშვნელოვანია როგორც მთელი ერის, ასევე მისი ცალკეული მოქალაქეებისა. სწორი არჩევნის შემდეგ, თანმიმდევრულობა ალბათ ყველაზე მეტი სიქველეა! მე თუ მკითხავთ, თანმიმდევრულობა გონივრულობის აუცილებელი პირობაც კია! თანმიმდევრვულობის გარეშე, ვაბნევთ მოყვარეს და ვახარებთ მტერს, რომელიც, ბედის ირონიით, ჩვენს მიმართ, ზედმიწევნით თანმიმდევრულია! თანმიმდევრული იყო მაშინ, როცა 95 წლის წინ, 1921 წლის 25 თებერვალს მისმა მე-11 წითელმა არმიამ არაფრად ჩააგდო საბჭოთა რუსეთსა და საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკას შორის 1920 წლის 7 მაისს დადებული ხელშეკრულება და დაიკავა თბილისი. თანმიმდევრული იყო იმიტომ, რომ ლამის ერთი საუკუნით ადრე, 1801 წლის 12 სექტემბერსაც იგივე გააკეთა, როცა იმპერატორმა ალექსანდრე პირველმა გვერდზე გადადო გეორგიევსკის ტრაქტატი (რომელიც ზღუდავდა, მაგრამ არ აუქმებდა ქართლ-კახეთის სამეფოს სუვერენიტეტს) და ხელი მოაწერა უმაღლეს მანიფესტს - ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმებისა და რუსეთის იმპერიასთან მიერთების აქტს:

„ჩვენ აღსრულთა ყოვლისა რუსეთისა საყდარსა ზედა ვჰპოვეთ სამეფო საქართველოისა შეერთებული რუსეთისადმი, რომლისთვისაცა გამოცხადება იყო უკვე 18 იანვრის დღესა 1801 წელსა... ერთმორწმუნე ხალხის განსაცდელში მხარდაჭერის ვალდებულებამ გვაიძულა თქვენი მფარველობაში მიღება. ისედაც ვრცელი იმპერიის საზღვრების კიდევ უფრო გაფართოებისათვის კი არ ვიტვირთეთ საქართველოს მმართველობის სიმძიმე“ და ა.შ.

ამასთან იმპერატორი და თვითმპყრობელი ყოვლისა რუსეთისა და სხვათა, და სხვათა, და სხვათა მანიფესტის ბოლო აბზაცში შეახსენებდა „ყოველთა საქართველოსა სამეფოსა შინა მყოფთა“, რომ საქართველოს რუსეთთან შეერთება ქართველთა საკეთილდღეოდ მოხდა, „რათა სცნათ თქვენ ფასი კეთილად მმართველობისა“ (Наконец, да познаете и вы цену доброго правления).

რუსეთის იმპერია ალექსანდრე პირველის ამ მანიფესტამდე თანმიმდევრული ნაბიჯებით მივიდა, წესით, შესაბამისი თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა დაპირისპირებოდა მას საქართველოს სამეფო კარიც, თუმცა პლატონ იოსელიანის გადმოცემით („ცხოვრება გიორგი მეცამეტისა“), ამაოდ მოუწოდებდა გონზე მოსვლას დავით მემკვიდრეს იოანე სარდალი: „ბატონიშვილო და ბიძავ! ნუ ჰკარგავ მეფობას, მიბრძანე და გამოუცხადებ რუსსა აქა ჯარსა წარვიდეს რუსეთად და თუ არა იქმს რუსისა ღენერალი, ადვილია მისი აქედან განდევნა. დავიცვათ მეფობა და განვამტკიცოთ მეფობითი სახელი ჩვენი. როგორც გვიმეფნია, ისევე ვიმეფოთ“.

და რა გააკეთა დავითმა?

„მეფის ძემან დავით მიუთხრა ესე ამბავი ღენერლებსა ლაზარევსა და კოვალენსკის“!

სწორედ დავითის ამ და სხვა არაერთმა საქციელმა ათქმევინა სოლომონ ლიონიძეს გლოვითა: „დავითმან დაღუპა ოჯახი მეფეთა, გამოსჭრა ყელი მეფობასა და დაამცრო ერი თვისი და თვით თავი თვისი“.

დავით მემკვიდრემდე ბევრად უფრო ადრე გიორგი მეთორმეტემაც არ შეისმინა მასთან დაახლოებული კათოლიკე პატრის ნიკოლა რუტილიანოს დაჟინებული რჩევა, არ მინდობოდა უცხო ხელმწიფეს და ქვეყანა არ დაექვემდებარებინა რუსეთისათვის (დ. შველიძე „საქართველოს მფარველობა და დაპყრობა რუსეთის მიერ“):

„სხვათაგან დამოკიდებული ქვეყანა იქმნება დაცინებული და საკიცხველი. უცხო ნათესავი, პატრონად ქვეყნისა მოყვანილი, შეექმნება ერსა მტერად და მდევნელად, და მაწუხებლად. მამაშვილური მთავრობა მეფეთა, - გარდაიქცევა მამინაცვლისა და დედინაცვლისა სახედ სიყვარულისა უგვანისა და ბუნებისაგან არასოდეს აღსარებულისა. რუსნი შემოიტანენ პირველადვე მძიმესა უღელსა და ქვეყნისა კისერსა. მოითხვენ დიდთა ხარკთა, რომელთაცა თქვენ ვერ შესძლებთ. მაშინ თქვენი მამულნი და ყმანი გაისყიდებიან ბარაბანითა და მკვდარნი თქვენი დაიმარხებიან მუსიკითა“ .

ქართველები გონს დაახლოებით სამი ათეული წლის შემდეგ მოეგნენ: დაიწყო შეთქმულებრივი პატრიოტული მოძრაობა და მზადება სახალხო აჯანყებისთვის, რომლის გზითაც რუსის ჯარი უნდა განედევნათ და ქვეყნის დამოუკიდებლობა უნდა აღედგინათ. კავკასიის გრენადერთა საარტილერიო ბრიგადის პოლკოვნიკ ცებრიკოვს სოფელ ხაშმთან სწორედ ამგვარი ინფორმაცია მიუტანეს. მან კი, როგორც გ. გოზალიშვილი წერს თავისი ნაშრომის, „1832 წლის შეთქმულების“ პირველ ტომში, სწრაფად მოახსენა მთავარმმართებელ გრიგორი როზენს, რომ „საქართველოს სოფლებს აზრად ჰქონდათ აჯანყებულიყვნენ, რათა რუსის ჯარი ნაწილობრივ ამოეჟლიტათ, ნაწილობრივ კი საქართველოდან გაეძევებინათ“.

1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობის ერთ-ერთი სულისჩამდგმელი იყო ალექსანდრე („პუპლია“) ორბელიანი, ერეკლე მეორის შვილიშვილი, რომელმაც სიყმაწვილეში, „ვიდრე თვალი აეხილებოდა“ იმერეთში აჯანყებულთა წინააღმდეგ ბრძოლაში „გამოიჩინა“ თავი, თუმცა სულ მალე მოიძულა დამპყრობელი და სიცოცხლის ბოლომდე აღარ შეუცვლია მრწამსი. აკი სიჭარმაგეში იხსენებდა კიდეც: „მთელი კავკასია შავი ზღვიდან მოკიდებული კასპიის ზღვამდისინ, სრულიად მთებისა და ბარის ხალხი, უნდა გავერთიანებულიყავით და ერთიანი აღრეულობა უნდა მოგვეხდინა. ან უნდა გავწყვეტილიყავით სულ ერთიან ან არადა მამული გამოგვეხსნა, საშინელის ჩვენის მტრის რუსეთისგან“.

ასევე ბოლომდე თანმიმდევრული იყო სიმონ მაჩაბელიც, 1832 წლის შეთქმულებრივი მოძრაობის კიდევ ერთი მონაწილე (ვანო მაჩაბლის პაპა), რომელიც გადასახლებიდან დაბრუნების შემდეგ თავის მამულში - თამარაშენში ჩაიკეტა და ყოველ ცისმარე დღეს აგზავნიდა მოსამსახურეს ცხინვალში იმის გასაგებად, „წავიდნენ რუსები თუ ისევ იქ დგანან“, მოსამსახურე კი თურმე უპასუხებდა: „არა, ბატონო, რუსები ჯერ კიდევ არ წასულანო“.

ცხადია, სიმონ მაჩაბელი, პუპლია ორბელიანი და კიდევ რამდენიმე მამულიშვილი, თავიანთი თანმიმდევრულობით გამონაკლისი იყვნენ. მთლიანობაში მე-19 საუკუნის ქართველობამ (ქართველი თავად-აზნაურების თითქმის მთელმა გვაროვნულმა და ინტელექტუალურმა ზედაფენამ), შეთქმულების კიდევ ერთი მონაწილის გრიგოლ ორბელიანის „ოქროს ბორკილების“ გზა აირჩია (არაფერს ვიტყვით, იასე ფალავანდიშვილზე - პეჩორის თავადად წოდებულზე, რომელმაც შეთქმულებრივი მოძრაობა გასცა) და ყოვლისა რუსეთის იმპერატორისა და თვითმპყრობლის სამსახურში ჩადგა.

XX საუკუნის 20-იან წლებში რუსეთმა (ამჯერად უკვე საბჭოთა რუსეთმა) ასევე შესაშური თანმიმდევრულობით გააგრძელა იმპერიის პოლიტიკა, საქართველომ კი კვლავ არათანმიმდევრულობით უპასუხა. არადა, 1921 წლის 25 თებერვალს გამოსული ქართული პრესა გვაფიქრებინებს, რომ მტერ-მოყვარე მკაფიოდ იყო გამორჩეული ერთმანეთისგან.

25 თებერვლის გაზეთმა „საქართველომ“ გამოაქვეყნა კათალიკოზ პატრიარქის, ლეონიდის სიტყვა თქმული 20 თებერვალს თბილისის მცხოვრებლებისადმი სამხედრო ტაძრის ეზოში. ცნობილია, რომ 19 თებერვალს თბილისის დამცველებმა „წითელი არმიის“ მასშტაბური შეტევა მოიგერიეს. ფრაგმენტი პატრიარქის სიტყვიდან:

„თვითეულს აქ მდგომთაგანს ნათლად და ცოცხლად გვეხატება თვალწინ ის ბნელი ჯოჯოხეთი და ყოველ ზომას აღმატებული უბედურობა, რომელიც თავს დასტრიალებდა ჩვენს დედაქალაქს და მასთან ერთად ჩვენს სამშობლოს. მყრალი მტერი გვექადოდა აოხრებას, განადგურებას, გაუპატიურებას და სამარცხვინო უღლის დადგმას. ...მომენტი მოითხოვს, რომ მოხდეს ყოველი ძალების მობილიზაცია. მთავრობა მეთაურობას გვიწევს თავდაცვის საკითხებში და ჩვენც ყველანი მოვალენი ვართ, მჭიდროდ გავერთიანდეთ მის გარშემო, დავივიწყოთ პარტიული განსხვავება, ყოველგვარი განხეთქილება, უსიამოვნება, თუ გნებავთ, ცხადი უსამართლობაც. ჯერ მტრის დამარცხება და ჩვენი დამოუკიდებლობის განმტკიცება, მერე შინაური საქმეების მოგვარება.

ზეციურო ჩვენო მამაო, მუდმივი ძლევა გამარჯვების ბრწყინვალე შარავანდედს ნუ მოაკლებ ქართველ ჯარს!

იესო ტკბილო, აღაყვავე, გააძლიერე და განამტკიცე ჩვენი ნორჩი დემოკრატიული რესპუბლიკა!“

„ერთობა“ კი წერდა:

„რუსის ბარბაროსულმა ქუსლებმა უნდა სთელონ ჩვენი კარმიდამო, თუ ევროპის ნათელმა სხივმა უნდა გააბრწყინოს ჩვენი ცხოვრების მომავალი ბაღნარი? - აი, რა წყდება დღეს!“

25 თებერვალს გამოსული კიდევ ერთი გაზეთი „საქართველოს რესპუბლიკა“ მკითხველს შეახსენებდა, თუ როგორი ვერაგი მტერი უტევდა სამშობლოს:

„ზოგმა [დამპყრობელმა] ქუდი დაგვიტოვა თავისი, ზოგმა ტანსაცმელი, ზოგმა ცბიერება, ზოგმა თვალთმაქცობა, ზოგმა უზნეობა, ზოგმა ენა შეგვირყვნა და ზოგმა რჯული, მაგრამ იმდენი ზარალი, ზნეობრივ-გონებრივი ზარალი, არავის არ მოუყენებია, როგორიც მოგვაყენა რუსეთმა. სხვა მტერი რომ შემოვიდოდა ხოლმე საქართველოში, მიანგრ-მოანგრევდა, ააწიოკებდა მას და კვლავ გარბოდა. საქართველო რჩებოდა ისევ თვითარსად, თვითმმართველად, თავის თავის გამგებლად და ავად თუ კარგად თვითვე უვლიდა თავის შინაურსა და გარეშე საქმეებს. რუსები კი, მოვიდნენ თუ არა საქართველოში, მაშინვე სწვდნენ ქართველ ერს სულის სიღრმეში და მოინდომეს მისი გადაგვარება, მისი თავისებურობის მოსპობა. მათ თანდათანობით მოსპეს ჩვენი ეროვნული სკოლა, სამართალი, შემოიტანეს თავისი კანონები, სატუსაღოები, სკოლები, ყაზარმები და მონღოლურ-სლავური ვერაგობით იქამდე გაგვიხადეს საქმე, რომ დღესაც კი - რუსეთის დანგრევის შემდეგაც კი არამც თუ ძველი თაობა, არამედ ახალი თაობაც კი ჯერაც გონს ვერ მოსულა და ისევ რუსულად აზროვნებს, მღერის, ჟღმურტულებს. მარტო ბრმა და ყრუ ან ჯიუტი და მოღალატე ქართველი - მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპისა, თუ ვერ დაინახავს იმ უფსკრულს, რომელსაც უმზადებს ქართველ ერს დღევანდელი რუსეთი.“

თუმცა, საქმეც ისაა, რომ მახარაძე-ორჯონიკიძის ტიპის ქართველები ბევრნი აღმოჩნდნენ. მე-11 წითელმა არმიამ და შულავერში შემდგარმა საქართველოს რევკომმა, რომელსაც ფილიპე მახარაძე თავმჯდომარეობდა, იოლად გააწითლეს საქართველო, რომელმაც მალევე დაივიწყა „რუსის მტრობა“ და შემდგომი 70 წლის განმავლობაში ერთგულად და სიყვარულით (დათვი რომ მოგერევა, ბაბაია დაუძახეო) ემსახურა ერთმორწმუნე მეზობელს.

რუსეთის დამოკიდებულება საქართველოსადმი ასევე თანმიმდევრული იყო გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა საბჭოთა კავშირის ნანგრევებიდან საქართველოს გამოსვლის მცდელობას სისხლში ახშობდა და ასეთად რჩება დღესაც, როცა საქართველოს ევროპული არჩევნის პასუხად ოკუპირებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო. წესით, ამგვარ თანმიმდევრულ მტრობას საქართველოც თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა პასუხობდეს, მაგრამ ამის სანაცვლოდ რაც დრო გადის, სულ უფრო მრავლდებიან და ძლიერდებიან დავით მემკვიდრის, იასე ფალავანდიშვილის და შულავერის რევკომის სულიერი მემკვიდრეები ახალი საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და პოლიტიკური მოძრაობების სახით, რომ არაფერი ვთქვათ სტალინის ქართველობითა თუ რუსეთის ერთმორწმუნეობით გაბრიყვებულ თანამოქალაქეებზე.

შეიძლება მტერს ვერ მოერიო, ვერც დაამარცხო და ვერც თავი შეაკლა, მაგრამ ამის გამო მისი მოკავშირე არ უნდა გახდე!

არ შეიძლება წყალში გადაყარო შენი წინაპრების ლამის სამასწლიანი გამოცდილება, ბრძოლა და თავგანწირვა!

როგორ შეიძლება იყო ასეთი არათანმიმდევრული, როცა საქმე სამშობლოს თავისუფლებას და მის მომავალს ეხება? მით უფრო, რომ ჩვენგან არავინ მოითხოვს ისეთ თანმიმდევრულობას, როგორითაც ისტორიას შემორჩა ძველი წელთაღრიცხვის პირველ საუკუნეში მცხოვრები რომის მოქალაქე, ციცერონის მეგობარი ტიტუს პომპონიუს ატიკუსი (Titus Pomponius Atticus ), რომელმაც მას შემდეგ, რაც წყალმანკით დაავადდა, ხოლო ექიმების ძალისხმევამ შედეგი ვერ გამოიღო, გადაწვიტა შიმშილით მოეკლა თავი და ამგვარად მოეღო ბოლო ტანჯვისათვის. დაემშვიდობა მეგობრებს, ნათესავებს და უარი თქვა საკვების მიღებაზე, მაგრამ მოხდა „სასწაული“: გარკვეული დროის შემდეგ შიმშილობის შედეგად დაავადებამ უკან დაიხია, რამაც ძალზე გაახარა ავადმყოფის ახლობლები, თუმცა არა თავად ატიკუსი, რომელმაც არ შეწყვიტა შიმშილობა.

„როცა ასე ახლოს მიხვალ სიკვდილთან, სირცხვილია უკან დაბრუნება“, თქვა და შიმშილით მოიკლა თავი.

ცხადია, ჩვენგან ასეთ თანმიმდევრულობას არავინ ითხოვს! სულ ცოტა ის მაინც უნდა შევძლოთ, რომ ერთმანეთისგან მტერი და მოყვარე გავარჩიოთ! თუ არ ვიბრძოლებთ, სიმონ მაჩაბელივით ყოველ დილით ის მაინც ვიკითხოთ, წავიდნენ ცხინვალიდან რუსები თუ ისევ იქ დგანან?

ძვირფასო მეგობრებო, რადიო თავისუფლების ფორუმში მონაწილეობისთვის გთხოვთ, გამოიყენოთ თქვენი Facebook-ის ანგარიში. კომენტარები მოდერაციის შემდეგ ქვეყნდება და საიტზე მათ გამოჩენას გარკვეული დრო სჭირდება. გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ღამის საათებში კომენტარები არ ქვეყნდება.

XS
SM
MD
LG